მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„რუსეთი რომ თავს დაგვესხას, მზად ხართ თუ არა თავდაცვითი ომი აწარმოოთ?“ - 06 ოქტომბერი 2022

ისინი მპასუხობენ - არა, ქვეყანას არ დავანგრევინებთო“

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რა მდგომარეობაშია ჩვენი თავდაცვის ძალები, რამდენად მზად არის შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რატომ არ გასცემს ხელისუფლება ამ საკითხებზე მოთხოვნილ ინფორმაციას, რას ემსახურება ბოლოდროინდელი ნარატივიომი გინდათ?“ ამ და სხვა საკითხებზე უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ აკია ბარბაქაძეს ვესაუბრეთ.

- როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს ვუსმენთ, ჩვენი თავდაცვის ძალები ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაშია და ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია. მაგრამ ჩემი არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, რომ განემარტათ რამხელა მტრის შეკავება შეუძლიათ და რა დროით, პასუხი ექვს თვე ნახევრის განმავლობაში ვერ მივიღე. ამიტომ დღევანდელ შეიარაღებულ ძალებს სათანადოდ ვერ შევაფასებ, იქიდან დიდი ხანია წამოსული ვარ და არც მარაგებზე, რიცხოვნობაზე და .. წვდომა არ მაქვს.

ამაზე უნდა ჰკითხოთ დევი ჭანკოტაძეს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნდობის ჯგუფის წევრს, ასევე თეონა აქუბარდიას. მათაც არაერთხელ მივმართე ღია წერილით, პასუხი ვერ მივიღე. ოპოზიციის წარმომადგენლებზე მოგახსენებთ, თორემ ხელისუფლებიდან ყველას გეტყვით, რომ ყველაფერი წესრიგშია და კარგადაა.

ტრიბუნა არ მაქვს, რომ ხელისუფლებას კითხვები დავუსვა. ტელევიზიით რომ ვეკითხები, არ მპასუხობენ. მითხარით ამის შემდეგ რა გავაკეთო? კონკრეტული ინდიკატორები რომ მქონდეს, შევაფასებდი კიდეც. ხელისუფლება ამ ინდიკატორებს არ იძლევა, არც სადმე წერია. მაგალითისთვის, ქაღალდზე შეიარაღებული ძალები 36 ათასი კაცი უნდა იყოს, რეალურად რამხელაა? არის ეს 36 ათასი, თუ არ არის? ღია წყაროებით ეს ვერ დგინდება, დასმული კითხვები კვლავ უპასუხოდ რჩება.

- ნახევარი წლის განმავლობაში დასმულ კითხვებზე პასუხები რატომ ვერ მიიღეთ?

- ეს დახურული ინფორმაციები არ არის, წესითა და რიგით ღია განცხადებები უნდა გააკეთონ. უბრალოდ, ამას არ იძლევიან. გამოდის პრემიერ მინისტრი და იძახის ომი გინდათო, აი ასე მპასუხობენ. რეალურად კი ვეკითხები, რუსეთი რომ თავს დაგვესხას, მზად ხართ თუ არა თავდაცვითი ომი აწარმოოთ? ისინი მპასუხობენ - არა, ქვეყანას არ დავანგრევინებთო.

- რეალურად თუ არიან მზად საფრთხეებს რომ გაუმკლავდნენ?

- ისევ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს რომ დავეყრდნოთ  - დასავლეთი მეორე ფრონტის გახსნაზე გვაწვება და ჩვენ ამას არ ვაკეთებთო - .. ქართულ შეიარაღებულ ძალებს იმის თავი აქვს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ჯარებს შეუტიოს; უბრალოდ, ხელისუფლებას ამის ნება არ აქვს. ისევ მათივე განცხადებებიდან გამომდინარე ვამბობ ამ ყველაფერს - არ უთქვამთ, რომ ჩვენ სამხედრო ძალებს არ ძალუძთ აღნიშნული ამოცანის შესრულება.

- არის თუ არა დასავლეთიდან მსგავსი სიგნალები, რომ მთავრობამ ასეთი ნაბიჯები გადადგას?

- თითიდან გამოწოვილი სისულელეა. ჯერ როდის იყო დასავლეთი ვინმეზე მსგავს ზეწოლას ახორციელებდა? ეს რუსული აზროვნება და მოდელია, დასავლეთი მსგავს ნაბიჯებს არასდროს არ მიმართავს.

- მაშინ მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან მუდმივადომი გინდათზეაპელირება რას ნიშნავს?

- რუსული პროპაგანდაა. ეს არის რუსული ხელისუფლება და სწორედ მათ პროპაგანდას ემსახურებიან.

- პროცესი სადამდე შეიძლება გაგრძელდეს?

- იქამდე, სანამ რუსეთი საქართველოს ოკუპაციას არ განახორციელებს.

- პროცესები ამ სცენარისკენ მიემართება?

- მე ვამბობ, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება, მათი ლაპარაკი ერთი ერთზე რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებს ემთხვევა - სიმონიანის, სალავიოვის და მათ მსგავსთა აგიტაცია-პროპაგანდას ერთი-ერთში იმეორებს... ისინი იძახიან, რომ საქართველოს თუ ვინმე თავს დაესხა, არ დაიცავენ და ქვეყანას არ დაანგრევინებენ და, მეორე მხრივ, დასავლეთს, სტრატეგიულ პარტნიორებს ეომებიან. საინფორმაციო ომია გამოცხადებული ამერიკის, ევროკავშირის ელჩზე (აქედან წასვლისას ელჩი ცალკე გამოლანძღეს), ამ რეჟიმში არიან უკრაინის ხელისუფლებასთან და .. რეალურად, ჩვენი ხელისუფლება ამ უკუღმართობით არის დაკავებული.

ამ ფონზე, ვერ ვხედავ მაგალითად თავდაცვის ძალების (სამინისტროს) რიცხოვნობის გაზრდას, შეიარაღების შეძენას, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების შესყიდვას და ..  

- დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ესენი აუცილებელი ნაბიჯებია?

- მთელი მსოფლიო, ნატოს ქვეყნებიც კი თავიანთ ბიუჯეტს აორმაგებენ და ჩვენი ქვეყანა კიდევ რუსი მოსახლეობით გაივსო - რომლებიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოს ტერიტორიად არ აღიარებენ; რომლებსაც აქეთ პრეტენზიები აქვთ ქართველებთან. აგერ მედვედევი გამოდის და იძახის, რომ საქართველო მხოლოდ რუსეთის გუბერნიად წარმოუდგენია; რაღაც არარსებულ გენოციდებს გვაბრალებენ და .. ასევე, კობახიძე გამოდის და რუსოფობიაში გვადანაშაულებს, ეს ყველაფერი მტრის წისქვილზე წყალს ასხამს.

მაგალითად, დღეს საქართველოში არ იძახიან, რომ რუსეთი მტერია, ოკუპანტია, ხელისუფლება ამაზე ღიად არ საუბრობს - აბა, თქვე მიპასუხეთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

- უკრაინის ომის ფონზე, ხელისუფლებას რამდენად უნდა გადაედგა ნაბიჯები ცხინვალისა და სოხუმის მიმართულებით?

- ვიმეორებ სისულელეა და ეს ჩვენგან არავის მოუთხოვია. ეს ვალდებულება არ არის. მაგრამ ამ ფონზე შენი თავდაცვის ძალები რომ გაზარდო და თავდაცვა გააძლიერო, ეს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯია. მაგ; ყაზახეთი უკრაინას არ ეხმარება, მაგრამ თავდაცვის ბიუჯეტი მილიარდი დოლარით გააძლიერა. აგერ თურქული ბაირაქტარების წარმოებას იწყებს. მთლიანად ყაზახური არმია დასავლურ ყაიდაზე გადაჰყავს. ანუ, რეალურად ყაზახეთი იძახის, რომ რუსეთიდან საფრთხე მომდინარეობს. ნატოს წევრმა პოლონეთმა გაწვევა გააძლიერა და შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა გაზარდა. ასევე, ჯარების შესაძლებლობები ხარისხობრივად გაზარდა. უფრო მეტი იარაღი შეიძინა კორეული ტანკებით დაწყებული, ზალპური სისტემებით, თანამედროვე ამერიკული თვითმფრინავებით გაგრძელებული. ანუ, ნატოს წევრი პოლონეთი ემზადება და თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს. ფინეთი და შვედეთი შეწუხდნენ და ნატოში შევიდნენ, რუსეთისგან რეალური საფრთხე იგრძნეს. ბალტიის ქვეყნებმა გააძლიერეს ეს ყველაფერი.

ერთადერთი ქვეყანა საქართველოა, რომელიც საკუთარი თავდაცვის ძალების შესაძლებლობას არ ზრდის. მეტსაც გეტყვით, საქართველო რუსეთის უზრუნველყოფაში ერთვება. აგერ ბორანი დანიშნეს უკვე. ამით სანქციებს გვერდს უვლიან. სტრატეგიული პარტნიორებისგან ეჭვია, რომ აქ რაღაც სქემები არსებობს. იმის მაგივრად, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ამაზე პასუხი გასცეს, კიდევ უფრო საეჭვოდ იქცევიან და სტრატეგიულ პარტნიორებთან დაპირისპირებაში შედიან. ამით კიდევ უფრო რუსეთთან ახლოვდებიან.

- უკრაინის საომარ ფრონტზე პროცესები საით მიდის?

- უკრაინა იმარჯვებს და თანაც სერიოზულად. კიევი ყოველდღე ძლიერდება, რუსეთი სუსტდება. ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკვე ყირიმშიც დაუცველია - უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები უკვე ყველგან მოწყვლადია. ისინი ყველგან სწვდებიან როგორც ავიადარტყმებით, ასევე პარტიზანული შენაერთებით და .. იმას ნიშნავს, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ რუსეთი კიდევ უფრო დასუსტდება და უკრაინა გაძლიერდება. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი რუსეთის სამხედრო პოტენციალის განადგურებით დამთავრდება.

და ის, რომ რუსეთიდან უკვე 25 მილიონი ლტოლვილია და სხვაგან გარბის, ესეც  სერიოზული მაჩვენებელია, რომ რუსეთში საქმე კარგად არ არის.

- ამ ფონზე, საქართველოს ადგილი და როლი რაში მდგომარეობს?

- არსად, ამ ყველაფერში ჩვენ რუსეთის ბოლო მოკავშირე ვიქნებით. ბელორუსი უფრო ადრე მიხვდება და გვერდზე გახტება, ვიდრე ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება. ესენი ჩაჰყვებიან პუტინს საფლავში და ამ ქვეყანასაც მასვე ჩააყოლებენ.

- გამოსავალი სად არის?

- რიგგარეშე არჩევნებსა და ამ ხელისუფლების შეცვლაში, მეტი გამოსავალი არაფერია. ეს არის რუსული ხელისუფლება და არაფერს არ გააკეთებენ.

- ამის რესურსი თუ არის?

- რა თქმა უნდა არის - რეფერენდუმის კონსტიტუციური გზა და ხალხის ნება - როგორც ძალაუფლების წყაროსი. თუ მოითხოვს რეფერენდუმს, ნება იქნება გამოხატული რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, ჩატარდება კენჭისყრა და ხალხის ნაბა ამ ხელისუფლებას დაამარცხებს. ხელისუფლება, რომელიც გაკოტრებულია და მხარდაჭერა არ აქვს.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია