“სოლიდარობის ქსელის” პროფკავშირის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ექთნების კადრების საგანგაშო ნაკლებობაა, რაც განპირობებულია საშუალოდ 300 ლარიანი ხელფასებითა და კაბალური სამუშაო პირობებით. “სოლიდარობის ქსელის” პროფკავშირის ექთნები საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჰოსპიტალური სექტორში ხელფასის გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მიმართვენ.
„ჰოსპიტალურ სექტორში დასაქმებული მედმუშაკების მჩაგვრელი შრომითი პირობების აღმოსაფხვრელად და არსებული სერიოზული კრიზისის თავიდან ასაცილებლად ექთნებს გვჭირდება:
1. სახელმწიფოს დონეზე გადაიხედოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო პოლიტიკა და სამედიცინო სექტორისთვის განისაზღვროს მინიმალური/საცხოვრებელი ხელფასის ოდენობა, რომელიც ამ სფეროში დასაქმებულისთვის უზრუნველყოფს ღირსეულ საცხოვრებელ პირობებისთვის საჭირო შრომის ანაზღაურებას.
2. სახელმწიფომ მკაცრი ზედამხედველობა განახორციელოს სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მოპარული ხელფასის პრაქტიკასთან დაკავშირებით: აღიკვეთოს ხელფასის დაგვიანებები, შემოწმდეს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დანამატების გაცემა საავადმყოფოში;
3. დარეგულირდეს სამედიცინო პერსონალის სამუშაო საათები, მკაცრად აღირიცხოს სამუშაო დრო, ღამით მუშაობა, ზეგანაკვეთური შრომა და სამედიცინო პერსონალისთვის მოხდეს მათი კუთვნილი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება გაზრდილი ტარიფით. მედმუშაკებს მიეცეთ კანონით გათვალისწინებული ცვლაში დასვენებისა და შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა.
4. სახელმწიფომ განისაზღვროს პაციენტებისა და ექთნების თანაფარდობის სტანდარტი და უზრუნველყოს ამ სტანდარტის პრაქტიკაში აღსრულების ზედამხედველობა.
5. შეიქმნას შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩვენი პროფესიული კავშირის ჩართულობით იმუშავებს ამ განცხადებაში მითითებული პრობლემების აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნულია განცხადებაში.