„ერთი ჩემნაირი ადამიანის გამოჯანმრთელება-გამოსწორება იმას ნიშნავს, რომ მომავალში ერთით ნაკლები დანაშაული მოხდება, დამეთანხმებით ეს რამდენად მნიშვნელოვანია“
განუმეორებელია ადამიანის ცხოვრება. ჩვენი მორიგი რესპონდენტი მერაბი (გვარს არ ვასახელებთ) ოჯახში მესამე შვილია და მისივე თქმით, „კარგ ჯანზეც“ იზრდებოდა. ერთია, მისი გაჩენის შემდეგ მამამისმა სმას კიდევ უფრო უმატა. ხოლო ასეთ დროს ჯერ საკუთარ ოჯახს დაერეოდა, თქვენ რამე ხომ არ გეშლებათო და მერე უკვე მთელ დაუხარჯავ ბოღმას უბანზე იყრიდა.
მერაბს მოვუსმინოთ:
- ხშირად მამა და უმცროსი ბიძა ერთად სვამდნენ. ამ დროს იქვე შორიახლოს დავრბოდი ხოლმე. მოქეიფეთა საყვარელი ნომერი ჩემი გამოძახება იყო, აბა ერთი თუ კაცი ხარ, შენი „პასპორტი“ გვანახეო. სადღაც 13-14 წლის ასაკამდე გრძელდებოდა ეს უაზრო პასპორტომანია, უკვე ყელში მქონდა ამოსული ეს სისულელე.
ჰოდა, ერთხელაც გალეშილმა ბიძაჩემმა რომ დამიღრიალა, აბა ერთი „პასპორტი“ გვაჩვენე, შენ რა კაცი ხარო. ჯიბიდან პურის საჭრელი დანა ამოვაძვრე და უხერხულ ადგილზე მოვუქნიე. მოულოდნელობისგან ღრიალი მორთო სასწაული, მომკლა ამ შობელძაღლმაო. მამაჩემმაც გამჩენი მიგინა გაქცეულს, შორს სად წავიდოდი?
- პირველად მაშინ დაგიჭირეს?
- ასე იყო, მამის სიმთვრალე და ოჯახის დარბევები იმდენად მქონდა ყელში ამოსული, რომ მგონი მის მაგივრად თანამეინახე უმცროსი ბიძა შემომეჭრა. მიჩივლა და სასამართლომ პირველ „სროკზე“ გამიშვა არასრულწლოვანებში. მაშინ ყველგან მერჩივნა სახლის გარდა, რომელიც ჩემთვის ჯოჯოხეთად იყო გადაქცეული.
- ციხეში რა დაგხვდათ?
- კარგი არაფერი, მაგრამ „ნიადაგი“ უკვე მქონდა, იქაც სწრაფად გავიზარდე. ძველი კოლმეურნეობის თავმჯდომარეებივით ჯანი მომდევდა, ამიტომ ე.წ. „მალალეტკებში“ (მცირეწლოვანი მსჯავრდადებულები) „მაყურებლად“ დამნიშნეს. ყველას დაჩაგვრა შემეძლო და იმიტომ; ხოლო ვინც ჩემ წინააღმდეგ ხმას ამოიღებდა ვცემდი, ვასისხლიანებდი, დანდობა არ მქონდა!
- ესენი ციხეში დაგეწყოთ, თუ მანამდეც გამოირჩეოდით მაგ დაუნდობლობით?
- სიმართლე გითხრათ ზუსტად ვეღარც ვიხსენებ, ალბათ ციხემდე უფრო ვაგროვებდი ბოღმას გულის სიღრმეში. აბა, ყოველ დალევაზე ოჯახის დამტერორებელ მამას ხომ ვერ დავუპირისპირდებოდი? ის თავის დროზე ძალოსანი იყო, პატარა ქალაქში მოჭიდავეობით, ყველაზე მძიმე საგნების აწევით იყო სახელგანთქმული, ჯანი ლოთობის დროსაც შენარჩუნებული ჰქონდა, აბა რას გავხდებოდი? ერთიცაა, ჩემი უფროსი ძმა სულ მახსენებდა, პატარაობისას შენზე გაბრაზებულმა თავში არმატურის „ჯოხი“ ჩაგარტყი და მას მერე შეუქცევადად დარეტიანდი, მგონი ჩემს თავს ესეც უნდა იყოს.
- ციხეში ცხოვრება როგორ გაგრძელდა?
- მოკლედ, დავაყენე „პალაჟენია“ თანატოლებში და, აბა, ჩემი ნებართვის გარეშე ვინმეს ზედმეტი აეღო თავის თავზე - მიტყეპა არ ასცდებოდა. „საქმის გარჩევაც“ უკვე არ მეშლებოდა, როცა ექვს თვეში გარეთ გამომაგდეს.
სწავლა, სკოლაში სიარული ჩემთვის წარმოუდგენელი რამ გახდა. არეულობაც იყო ქვეყანაში და ხეტიალის მეტი რა გზა მრჩებოდა. მეორედ ისევ დაჭრაზე შემაგდეს ციხეში და ახლა უკვე 5 წელი მომისაჯეს. ორ წელში ვადაზე ადრე გამათავისუფლეს. ცოტა გავიზარდე, დანას აღარ ვიკარებდი. მესამეჯერ მაინც დამაპატიმრეს, უკვე ქურდობაზე. ვიღაცის ნაქურდალი ტექნიკა შევინახე სახლში, ნახეს და თანამონაწილეობაში დამდეს ბრალი, ისევ ხუთი წელი მომისაჯეს. მესამეჯერ ვინღა გაითვალისწინებდა ჩემს ერთხელ გამრუდებულ მდგომარეობას და სრული ხუთი წელი მოვიხადე.
- მთელი ამ დროის განმავლობაში მხარში ვინ გედგათ?
- ერთადერთი ადამიანი, ვინც ოჯახის წევრებიდან ბოლომდე გამყვა ამ უბედურებაში, ჩემი უფროსი დაა. რა სიკეთე აღარ გაუკეთებია ჩემთვის, ყოველთვის უმადურობით ვუპასუხებდი. რამდენჯერმე აზარტული თამაში წავაგე ციხეში და „თავანი“ დამ ჩამომიტანა, რეალური „გაფუფლოებისგან“ მიხსნა. თავის მეგობრებში კარ-კარ დადიოდა, თანხას აგროვებდა და ჩემთვის ორთაჭალაში ჩამოჰქონდა.
უფროს ძმასთან ერთად, ბოლო პატიმრობისას დედამაც თითქმის ზურგი მაქცია, მაგრამ ერთადერთმა დამ ბოლომდე არ გამწირა. ბოლოს, ჩემთვის ყურადღების მოქცევით ისე გადაიღალა, როცა სანახავად მიდიოდა, წესიერად ვეღარ მელაპარაკებოდა, მხოლოდ მიყურებდა ამ დაქცეულ მდგომარეობაში მყოფს და ტიროდა, ვერაფრით ვამშვიდებდი. ჩვენ შორის 11 წელი სხვაობაა და, ფაქტობრივად, მისი გაზრდილიცა ვარ, ამიტომ როგორც საკუთარ შვილს, ისე მივლიდა.
- გამოსვლის მერე რა გააკეთეთ?
- გამოვედი, ისევ დის ოჯახში მივედი. მესამე პატიმრობის შემდეგ გონება კიდევ უფრო „ჩაბნელებული“ მქონდა. თავიდან, თავისუფლების ეიფორიაში ვიყავი, მაგრამ ციხეზე არც თუ უკეთესი რეალობა რომ დამხვდა, ჩემში ისევ აგრესიულობამ დაისადგურა. ვისზე უნდა მენთხია უბედური ცხოვრების კომპლექსები თუ არა უახლოეს ადამიანებზე, ისევ დაზე და მის ოჯახზე.
ამას გარდა, დაპატიმრებას რამდენჯერმე გადავურჩი. სხვაგანაც იგივე ხდებოდა, დავლევდი, „გავჭედავდი“ და ისევ ნათესავ-ახლობლებს დავერეოდი. ალბათ გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ ისინი ბოლომდე არ გამწირავდნენ. ასეთ ვითარებაში სადმე პოლიციას თუ შევეფეთებოდი, გამოსაფხიზლებელში მივყავდი, აბა ჩემი ციხეში ყოფნა უკვე აღარავის სჭირდებოდა, ისედაც პირამდე სავსე იყო იმ დროისთვის. წინა ხელისუფლების დროს სისხლის სამართლებრივ დევნას როგორღაც გადავურჩი, მაგრამ ადმინისტრაციული მაინც შემიფარდეს, წვრილმანი ხულიგნობისთვის.
- ამჯერად რისკენ ისწრაფოდით?
- ჩემნაირ ადამიანს ელემენტარული დახმარება, მკურნალობა სჭირდება, სხვანაირად ნორმალურ ცხოვრებას ვეღარ დავუბრუნდებოდი. დაც სულ მიმეორებს, ექიმ-ფსიქოლოგებთან ვიზიტის გარეშე არ გეშველებაო.
ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის პროგრამების შესახებ თქვენგან გავიგე. ტელევიზორს არ ვუყურებ, გაზეთებს არ ვკითხულობ, „განათლებულ ხალხთან“ ურთიერთობა არ მაქვს, - აბა, საიდან რას გავიგებ? რამდენია ჩემნაირი ციხიდან გამოვიდა და ცხოვრების ჯურღმულში გადაიკარგა.
მე რაღაც საქმე მაინც გამოვნახე, მობილური ტექნიკა შევისწავლე და ვარემონტებ, თითო-ოროლა ლარს ვშოულობ, დრო ამაში მაინც გამყავს. სულ მეუბნებიან დაოჯახდიო, - იქნებ ცოლმა მაინც ჭკუაზე მოგიყვანოსო. გამოჩნდა კიდეც პოტენციური პატარძალი, ჩემივე უბნელი გოგოს სახით. იმანაც თანდაყოლილ კეკლუცობას მოუმატა. სულ ჩემი სახლის წინ აივლიდა-ჩაივლიდა და აქეთ, ჩემკენ იყურებოდა მაცდურად. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ქალის მიმართ სუფთა მამრული ინტერესიც დაკარგული აქვს (ვიმედოვნებ, მხოლოდ ამ ეტაპზე). ექიმთან სიარული და მკურნალობაც ჯერ აქედან დასაწყები მაქვს.
ამასობაში წლებიც გავიდა, რაც თავისუფლებაზე ვარ. ღვთის წყალობით გარეთ ამდენი „გავქაჩე“, მაგრამ იმასაც ვხვდები, ცხოვრება მეტ-ნაკლებად ასატანად რომ გავაგრძელო, ექიმების დახმარება მჭირდება. რეაბილიტაციის შესაძლებლობითაც აუცილებლად დავინტერესდები. უკეთესი იქნება, თუ ასეთი სამსახურები არ დაელოდებიან და ადამიანებს თვითონვე მიაკითხავენ წინადადებით, რომ ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამებში. სხვანაირად, მე და ჩემნაირებს ნაკლებად გვეშველება.
ჩვენ ხომ ყველას თავი ისე მოვაბეზრეთ, რომ ციხეშიც კი აღარავის ვჭირდებით, არათუ თავისუფლებაზე. ერთი ჩემნაირი ადამიანის გამოჯანმრთელება-გამოსწორება იმას ნიშნავს, რომ მომავალში ერთით ნაკლები დანაშაული მოხდება. ეს კი დამეთანხმებით, დღევანდელ ჩვენ საზოგადოებაში რამდენად მნიშვნელოვანია.
- მთელი ამ ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა თუ გიცდიათ?
- როგორ არა, ომამდე უკრაინაში მინდოდა, ბათუმიდან ოდესაში ბორნით ჩავედი. იქ სასაზღვრო კონტროლზე მგზავრებიდან ყველა გაატარეს, ჩემ გარდა. თავი გავიგიჟე, რა გინდათ-მეთქი. რა გვინდა და, შენი დოკუმენტაცია გადავამოწმეთ, რამდენჯერმე ხარ ნასამართლევი და ამის გამო ჩვენი ქვეყნისთვის არასასურველი სტუმარიო. რა არ ვიჩალიჩე, საწინააღმდეგო დამემტკიცებინა, არ გამომივიდა.
- კი მაგრამ, თქვენ რუსულიც ხომ არ იცით?
- მგონი სწორედ ამან დამღუპა. რომ მელაპარაკებოდნენ, კითხვებს მისვამდნენ, წესიერად პასუხებს ვერ ვცემდი, ბლუკუნა წყაროსავით ვიყავი, რა. მერე ცოტა თავიც ვეღარ შევიკავე, აგრესიულობა გამოვიჩინე და ფეხებზე დამიკიდეს; სადღაც ოთახში მიმაგდეს, ხმასაც კი აღარ მცემდნენ. უკვე განწირულ გინებაზე გადავედი, როცა მუჯლუგუნებით ბორნის უკანა რეისზე შემაგდეს და გამომაგდეს. ასე დასრულდა ჩემი პირველი მცდელობა ქვეყნის გარეთ მემუშავა და ორი კაპიკით მეტი მეშოვა.
- მაგის მერე ხელი ჩაიქნიეთ?
- აბა, რა უნდა მექნა? ოდესაში სულ უპატრონოდ კი არ ჩავედი, იქ ჯერ კიდევ „მალალეტკებიდან“ გამოყოლილი მეგობარი უნდა დამხვედროდა, სამუშაოზეც მოვეწყვე. მაგრამ სასაზღვრო ზონაში ისე მყარად ჩამკეტეს, მეგობარმა ჩემამდე შემოღწევა ვერც კი შეძლო. იმან გარედან ატეხა ერთი ამბავი, საქართველოს საელჩო-საკონსულოს ჩავრთავ, ამ თქვენს უკანონობაზე დედას გიტირებთო. ფეხებზე დაიკიდეს, როცა მეგობარი ბორნის მისადგომებთან იდგა და ყვიროდა.
- ასეთი გამოცდილების შემდეგ გერმანიაში გამგზავრების იმედი როგორღა გაქვთ?
- კაცი იმედით ცოცხლობს ხომ იცით. ისიც მშვენივრად ვიცი, ნასამართლევი ხალხი იქაურ პლანტაციებსა თუ საწყობებში ასე ადვილად ვერ მოვხვდებით, ამაზე დასაქმების გვერდზეც გვაფრთხილებენ; ნასამართლობის პუნქტი არ დამალოთ, აზრი არ აქვს, მერე ცნობის მოსატანად მაინც გაგიშვებთო. ჰოდა, ეს მეც არ დავმალე, მიუხედავად იმისა, რომ ვადა გასული მაქვს და სიღრმისეული შემოწმების გარეშე უკვე არც ვითვლები ნასამართლევად. ვნახოთ, ბედი გამიღიმებს თუ არა.
- ასე რატომ გინდათ გერმანიაში გამგზავრება?
- სამ თვეში ასეთ ანაზღაურებას ჩვენ ქვეყანაში ვერსად მიიღებ. თანაც, ისე არ მინდა მოვკვდე, სხვა ქვეყანაც მინდა ვნახო, რა არის ამაში მიუღებელი? განვლილი უბედური ცხოვრებისგან ვატყობ სწრაფად ვბერდები და მეც რაღაც განსხვავებული სათქმელი ხომ უნდა მქონდეს? თუ იქ წავიმუშავებ, ნაშოვნი ფულით ცოტას ვიმკურნალებ, დავოჯახდები ბოლოს და ბოლოს, გასართობად ერთ შვილს მაინც გავაჩენ და მისთვის რამე წესიერი მოსაყოლი ხომ უნდა მქონეს იმ ოხერ-ტიალი ციხის გარდა? მითხარი ერთი, არ ვარ ამ ამბავში მართალი? მუშაობა კი არ მეზარება, დედას ვუტირებ, ისეთი მონდომებული ვარ.
- მეუბნებოდით, ციხეში წიგნების კითხვა მიყვარდაო...
- ჰო, ასეც იყო, დოსტოევსკიზე და ნიცშეზე ვგიჟდებოდი. დოსტოევსკის - „ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი ნებადართულია“ - ჩემს ავადმყოფ ტვინსა და სხეულს კიდევ უფრო აგიჟებდა, ნორმალური მდგომარეობიდან გამოჰყავდა. ყველა ჩემ უკეთურ საქციელს მაგ ფილოსოფიით ვხსნიდი, ამით ერთხელ ამღვრეულ სინდისთან მორიგებას ვცდილობდი, სხვა საქმეა, ეს რამდენად გამომდიოდა. არ იყო საქმე მთლად ასე მარტივად.
- რას გულისხმობთ?
- ბოლო პატიმრობისას „არარსებული ღმერთის“ რწმენაზე ფიქრები ამეკვიატა ისევ ავადმყოფურად. ეს გადავსებულ საკანში, ერთ-ერთი უძინარი შუაღამისას დამეწყო. თუ მანამდე მთელი დღე თანამესაკნე პატიმრები მეზიზღებოდა, დღისით მზად ვიყავი თითოეული მათგანი ნებისმიერი სიტყვის შემობრუნებაზე დაუნდობლად ჩამექოლა, უცბად დავრეტიანდი, სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი!
- ეს როგორ მოხდა?
- მამის სულს გეფიცებით თუ რამეს ვამატებდე! ვეგდე ასე ბინძური საკნის კუთხეში, შუაღამეულ ზმანებებში და მოულოდნელად... მეორე კუთხეში დასვენებული ღვთისმშობლის ხატიდან თვით წმინდა მარიამი წამოიმართა, მსუბუქად ჩემკენ წამოვიდა, დაიხარა, ხელი ჩამკიდა და მითხრა, - მერაბ, შენ ბევრი იტანჯე შვილო, შენ ეს არ დაგიმსახურებია, ამიერიდან მე გიპატრონებ, მოგივლი შვილო, ოღონდ შენ ქრისტეს რწმენა არ დაკარგო, ბოლომდე გაუძელიო. ვიწექი ასე დედა ღვთისმშობელთან ხელჩაკიდებული და ვტიროდი გულამოსკვნილი; თან წანწკარა წყაროსავით ვბლუკუნებდი, როგორც ამას დაწყებით კლასებში დამრიგებელ-მასწავლებლის წინაშე ვაკეთებდი. - მერაბ, შვილო, შენ ნუღარ ტირი, ბოლომდე გამოგყვები, ამ ჯოჯოხეთიდან ცოცხალი გაგიყვან, ოღონდ შენ ქრისტეს რწმენა არ დაკარგოო...
- დაიბრუნეთ იმ ღამით დაკარგული რწმენა?
- გეფიცებით მეორე დღეს სულ სხვა ადამიანმა გამოვიღვიძე. მესაკნე დამნაშავეებმა ეს ჩემს თვალებში ამოიკითხეს ეგრევე, რას გამოაპარებ მაგ სულით „რეციდივისტებს?“ მერაბ, უფალი ხომ არ ჩაგისახლდა წუხელ ღამითო, - მამის სულს ვფიცავ, თუ ეს არ ეკითხოს ერთ-ერთ მათგანს. მე კი ისევ ვეგდე საკნის კუთხეში და ავადმყოფურად გაცისკროვნებული თვალებით ვუცქერდი ამ ჩემნაირ საცოდავ არსებებს. წინა შუაღამისას წმინდა მარიამის სტუმრობისთანავე დამეწყო ეს მათი შეცოდება, კი აღარ მეზიზღებოდნენ, უკვე მზად ვიყავი თითოეული მათგანისთვის დაუფიქრებლად მომკვდარიყავი; ასეთ წარმოუდგენელ დღეში ვიყავი და იმ ღამით ვიწამე ის, რაზე მანამდე მხოლოდ მეცინებოდა.
ხის ჯვრების კეთება, ლოცვა დავიწყე. ბიჭებსაც მეტი წესიერებისკენ მოვუწოდებდი, ამ „საინტერესო ადამიანებიდან“ სამოთხეში მაინც ვერავინ მოვხვდებოდით. „ღმერთის სიკვდილით“ გამოწვეული ნიჰილიზმი მეც ბოლოს მომიღებდა, ცოტა ჭკუაზე რომ არ მოვსულიყავი. ადამიანი ხომ უფსკრულს გადებული ხიდია ცხოველსა და ზეკაცს შორის...