გელა მამულაშვილი
* * *
ფელინის „კინო“ ვაგზლის მოედნიდან
ადრე, კომუნისტების მმართველობის პერიოდში, სტუდენტებმა მეგობარი კინოთეატრში ვერაფრით მიიყვანეს. ყოველ თხოვნაზე პასუხობდა, - რად გინდათ, ბიჭო, კინო, აგერ გადით ვაგზლის მოედანზე, იქვე მეტროს წინ გაჩერდით და ხალხის ქცევას დააკვირდით; მე როცა ნამდვილი (ფელინისებური) ფილმის ნახვა მომინდება, სწორედ იქ მივდივარ, თქვენც იმავეს გირჩევთო, - თავისას არ იშლიდა „ნეორეალიზმის“ დაუდგრომელი მიმდევარი.
გადავწყვიტე, მისთვის მიმებაძა და აღნიშნული ტერიტორიიდან სახელდახელო რეპორტაჟი მომემზადებინა. თან, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ათწლეულებია, „კინო“ კიდევ უფრო გახურდა. მიუხედავად იმისა, რომ შუაგულში ძველი „დეზერტირების“ ბაზარი აღარ არსებობს, სამაგიეროდ, ირგვლივ ყველგან ვაჭრობაა, სადაც კი ეს ფიზიკურად შესაძლებელია.
სადგურის მოედნისკენ მიმავალ ავტობუსს სირბილით მივუსწარი და მარდად შევახტი. ფეხი შევდგი თუ არა, ინსტინქტურად პირბადე ამოვიღე, მაგრამ გარშემო მიმოვიხედე, არავის ეკეთა და ჯიბეში დავაბრუნე.
ბოლო სკამზე ქალბატონი ხმამაღლა ლაპარაკობს. გოგო, 400 ლარს არაფერში მიხდიან, თვეში ერთხელ ტრენინგზე ერთი დამატებითი ადამიანი მიმყავს და ამაში მაძლევენ; წამო, შენც წაგიყვან, ხომ გინდა მუქთა ფულიო. ეტყობა, მორიგი თაღლითურ-პირამიდული (თუნდაც ბოლო, ე.წ. ბოტასისებური) სატყუარის მომსწრე გავხდი, ოღონდ ეს უახლესი პირამიდა ჩანს, ფულს აღარ ითხოვს, პირდაპირ ადამიანებზე (მათ სულებზე) ნადირობს.
ვაგზლისკენ მიმავალ თამარ მეფის გამზირზე წლებთან ერთად, ყველა და ყველაფერი იცვლება, კინოსტუდია „ადამი და ევას“ (გზისპირა ვაშლებიანი ჭიშკარ-ფასადის) გარდა. ცოცხალი „კინოც“ დაახლოებით ამ ადგილიდან იწყება და ზემოთ „ნახალოვკამდე“ ვითარდება.
დღესაც ცხელა და ადამიანები ტაატით გადაადგილდებიან. „დინამოსკენ“ მიმავალ თევდორეს ქუჩის პატარა ბაზრიდან გამოსული ძველი ნაცნობი მხვდება, აქვე ნიგოზს ვყიდიო, მეუბნება.
- კარგია, რომ მუშაობ, მაგრამ დღეს ბაზარში თუ არ გამოხვალ და რამით არ ივაჭრებ, ისე ამ ქვეყანაში ცხოვრება გაგიჭირდება; გამოდი ჩემთან ნიგვზებში და მცირედით დაიწყე, ასე, ხელფასზე ცოდვა ხარო, - მარიგებს. - მადლობა, მეგობარო, შენც კაი ჯანზე ხარ და ასე გააგრძელე-მეთქი.
მეორადი წიგნების განყოფილებაში გადავდივარ, ერთ-ერთი იშვიათი გამოცემით ვინტერესდები. ასაკოვან მამაკაცს ვეკითხები, მუშაობა როგორ მიდის-მეთქი?
- აქ ძირითადად სახელმძღვანელოებზე ვმუშაობთ, მასწავლებლები ავალებენ მოსწავლეებს საჭირო ლიტერატურას და ისინიც ყიდულობენ; აბა, რა გითხრათ, ვაჭრობა ჩავარდნილია, რადგან ხალხს ფული არა აქვს. შენი წიგნი ვისღა აინტერესებს, როცა ერთი ჭიქა ზეთის ფასი ლამის ათ ლარამდე ავარდა. დღეში შეიძლება 20-30-40 ლარი ვიშოვო, მაგრამ ჯიბიდან ისე ქრება, მიჩვევასაც ვერ ვასწრებ... რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა განვითარებულ ევროპაში უნდა წავიდეს, იქ ფული იშოვოს, წესრიგი, კანონების დაცვა ისწავლოს და მერე ჩამოვიდეს, ქვეყანას გამოადგეს; მოსემ ებრაელები 40 წელი რომ ატარა უდაბნოში, ჩვენც მაგ დღეში ვართ და ასე მალე არაფერი გვეშველება.
- მაგრამ აქ დარჩენილები ვერ შევძლებთ რეალობის შეცვლას?
- ვერა, რადგან დღეს აქ წარმოუდგენელი მონობაა გამეფებული! ადამიანები უთავმოყვარეო არსებებად არიან გადაქცეულები და მთავრობისაც უკვე აღარავის სჯერა. კი ბატონო, მე თუ არ მენდობით, აგერ შემოიარეთ მთელი ეს ტერიტორია და თუ ვინმეს დღევანდელი ხელისუფლების მადლიერს აღმოაჩენთ, არ დაგეზაროთ, მოდით და მახარეთ ეს ამბავი. ჯერ წინაზე უარესი მოვიდა სათავეში, მერე - მასზე კიდევ უვარგისი, ახლა ესენი რომ გაყარო, უფრო აბდალი მოვა და ჩვენი საშველი არაფერია - სანამ წასული ახალგაზრდები უკან არ დაბრუნდებიან, ქვეყნის ევროპულ თარგზე მოწყობას არ დაიწყებენ. ამისთვის რაც შეიძლება მეტი უნდა წავიდეს, თორემ ამ მონების მთავრობისგან ხეირს არავინ უნდა ელოდოს. აგერ, სამი შვილიშვილი მყავს და არც ერთი არ მუშაობს. მეც რომ ყოველდღიურად არაფერი შემქონდეს ოჯახში, მშივრები ვიქნებოდით. შემხედეთ, რა მაცვია, აქვე მეორადებში შევდივარ და ერთ-ორ ლარად ვყიდულობ ჩასაცმელს, რომ ოჯახში ელემენტარული მაინც არ მოგვაკლდეს. აბა, ეს ცხოვრებაა?!.
- წიგნებს რომ თავი დავანებოთ, დღევანდელ მთავრობას მაინც რას ერჩით?
- გეტყვით და, კარგად მომისმინეთ. დღევანდელ მთავრობაში, უფრო სწორად, მონები კი არა, პატრონის ჩვეულებრივი ვასალები არიან, რადგან ამაში (დამოკიდებულებაში) მათ ფულს უხდიან, ხოლო მონას, მოგეხსენებათ, ფულსაც არ აძლევენ, ისე ამუშავებენ. მაგრამ ამ ვასალებმაც პატრონისგან ფული რომ არ მიიღონ თავის დროზე, დაძიძგნიან ეგრევე; აი, ასეთი მახინჯი სისტემაა ჩამოყალიბებული და ამ დაუნდობელ ძიძგილაობაში შენი უბრალო ხალხი ვის აინტერესებს?! შეხედეთ, როგორი აღრენილები არიან ეს ვასალები; ვინმესგან განსხვავებულ აზრს რომ მოისმენენ, ოპოზიციიდან ან უბრალოდ რიგითი ადამიანებისგან, დასაგლეჯად გამზადებული არიან. ჰო, მათთვის ხომ საქართველო აყვავებული ქვეყანაა, რადგან თვითონ კარგად არიან. ამიტომ არ მჯერა, რომ ამ ქვეყანაში მორიგი არჩევნებით რამე შეიცვლება. აი, ნახავთ, ისევ დაირაზმებიან პატრონ-ვასალები და ბოლოს და ბოლოს, დანარჩენებისგან ხმებს იყიდიან ისევ; რა, სულ ასე არ ხდება?
- კი, მაგრამ ასე სულ ესენი იქნებიან სათავეში? - სიცხეს უმატებს, მაგრამ კითხვას მაინც ვუსვამ.
- იქნებიან, სანამ ევროპაში წასული თაობა ცოტა მომძლავრებული და განათლებული უკან არ დაბრუნდება და სამარცხვინო მონურ ცხოვრებაზე უარს არ იტყვის, - მეუბნება წიგნების გამყიდველი.
დამწვარი „ბავშვთა სამყაროს“ წინა მოედანზე ასაკოვანი ქალბატონი საბნების, ბალიშების, თეთრეულისა და მსგავსი საქონლის კლიენტს ელოდება დიდი მოთმინებით.
- ამ შენობის საეჭვო ვითარებაში დაწვის შემდეგ მოედანზე გადმოვედით. გავნაწილდით, ზოგი აქვე ახლოს ოქროს ბირჟაზე გადავიდა, ზოგი - პროდუქტების ბაზარში, შეძლებისდაგვარად ყველამ თავს უშველა; "ბავშვთა სამყაროს" ადგილზე მიწა ამოთხრილია და რაღაცას აშენებენ, ჩვენ ამას არავინ გვეკითხება, პატარა ხალხი ვართ. გლეხებმა საკუთარ თავს თუ არ მივხედეთ, არავის ვაინტერესებთ, შვილო. მთავრობა თავისთვის, სულ სხვაგან იმყოფება და ჩვენ, უბრალო ხალხი - სხვაგან. მთელი დღე აქ თუ არ ვიმუშავეთ, კარგი დღე არ დაგვადგება, - შემომჩივის.
- მაინც რას დამაბარებთ მთავრობასთან?
- ვერაფერს დაგაბარებთ, მათ თავიანთი საქმის თვითონ იციან, ჩვენ - ჩვენი. ვაჭრობა ხან არის, ხან - არა; ზოგჯერ ზედიზედ გაყიდი, შეხედავ, ზიხარ მთელი დღე და მყიდველი არავინაა. ამიტომ, მოლა ნასრედინის არ იყოს, მთავარია, ადამიანი შრომა-ვაჭრობაში იყო და ასე გადარჩე, სხვა გამოსავალი არაა. გლეხისთვის არც ერთი მთავრობა არ ყოფილა და არც იქნება, ამიტომ მათთვის სათქმელიც არაფერი მაქვს, - ღიმილით მემშვიდობება.
აფხაზეთიდან დევნილი შუახნის მამაკაცი პრესასა და ჩანთებს ყიდის:
- ჩემი დღევანდელი გადასახედიდან, ნეტავ იქვე, აფხაზეთში მომკვდარიყავი და აქეთ საერთოდ არ ჩამოვსულიყავი, ეს რა ცხოვრება დავინახე!.. - მაქსიმალურად ხმადაბლა, მაგრამ ღიმილიანი გამომეტყველებით შემომჩივის.
- მეგობარო, ასე ნიჰილისტურად რატომ ხართ განწყობილი?
- მთლად ასეც არ ვარ, ძმაო, იმედს მაინც არ ვკარგავ, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და ჩვენი ხსნა მხოლოდ ამ რწმენაშია. მე პირადად, ამ რწმენით ვცოცხლობ და ეს მასულდგმულებს! პოლიტიკას რაც შეეხება, არჩევნებით აქ არაფერი შეიცვლება, რადგან ალბათ თქვენც ხედავთ, ყველაფერს დედა აქვს ნატირები. ან არჩევნები რას შეცვლის, როცა ყველა თავის ჯიბეზე იყურება?! თანაც, იცით რა არის?.. გვარგადაკეთებული ვაი ქართველები ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანენ; შეიძლება ეს არ დაბეჭდოთ, მაგრამ ამას მაინც გეუბნებით. აბა, რომელია მთავრობაში ნამდვილი ქართველი, შეამოწმეთ. სანამ ნაღდი ქართველები არ იქნებიან სათავეში, ჩვენი საშველი არაფერია. შეხედეთ, ადამიანები გაბრაზებულ-გაბოროტებული დადიან, ნამდვილი ზომბებივით არიან. აბა, ეს რა ნორმალური ცხოვრებაა?! გაყიდვები შემცირებულია, მაგრამ სად წავიდე, რა გავაკეთო?..
გაჩიანელი (აზერბაიჯანელი) ქალბატონი ძველი "დეზერტირების" წინ ბოსტნეულს (მწვანილს) ყიდის. აქეთ შემომჩივის, - ხალხს ფული რატომ არ აქვს, ასე რატომ უჭირთ, ათ და ოც თეთრზე მევაჭრებიან, დაკლებას მთხოვენ, ადრე ასეთები ნაკლებად ხდებოდაო.
- აბა, მე რა ვიცი, ბებო, მიზეზი თქვენ უფრო გეცოდინებათ.
- მე რა უნდა ვიცოდე, დილიდან დაღამებამდე აქ ვმუშაობ, რომ ჩემი ტკივილი დავივიწყო - 42 წლის ბიჭი გარდამეცვალა...
- როგორ, რა მოხდა?
- ყველაფერი ღმერთის ბრალია; მაგაზე ფიქრის თავი სად მაქვს, ჩემ მაგივრად აქ ვინ იმუშავებს, ოჯახში ფულს ვინ შეიტანს?.. - თავისთვის ამბობს თითქოს.
გზად კიდევ ერთი ნაცნობი მხვდება, რაიონიდან ჩამოსული. მახსოვს, ადრე მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობდა.
- კარგა ხანია, თავი დავანებე, ძველი ვალები წლების შემდეგაც ვერ ამომიღია. იაფი მეორადი ტანსაცმელიც კი ყველას „პოსლეზე“ უნდოდა. შენ აზრზეც არ ხარ, რაიონებსა და სოფლებში რა მდგომარეობაა - ახალგაზრდები უკვე სანთლით უნდა ეძებო და ვინც დარჩა, ისიც ამ ქვეყნიდან გაქცევაზე ფიქრობს... ახლა კლინიკაში ჩამოვედი ექიმთან, გეგმურ შემოწმებაზე, იმედია, კარგად მექნება ყველაფერი, - მემშვიდობება.
ამ ფონზე რაიმე ოპტიმისტურ ნოტს ვეძებ და ისევ ძველი ნაცნობი, წიგნებით მოვაჭრე (ქალბატონი იზო) მხვდება დასუფთავების სამსახურის უნიფორმაში.
- უპერსპექტივო წიგნებს თავი დავანებე და აგერ, "დასუფთავებაში" დავიწყე მუშაობა. აქვე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას ვაკრიალებთ დღეში ორჯერ. რომ იცოდე, თვითონ კალაძემ დამაჯილდოვა, ამის დამადასტურებელი სიგელიც მაქვს. შენ ხომ იცი, უბინაო ვარ და ბატონ კახას ეგეც ვთხოვე. იმედია, განიხილავენ და ადრე თუ გვიან, მეც მეღირსება სადმე გარეუბანში ერთი ოთახი, თორემ ნაქირავებში წანწალით დავიღალე, - მეუბნება.
ეს ბოლო რესპონდენტი რომ არ შემხვედროდა, რეპორტაჟში დამრჩებოდა ვაგზალი და მოვაჭრეები, რომელთაგან მთავრობის აღარავის სჯერა...
უიმედობა, უპერსპექტივობა, რწმენის დაკარგვა და ინერციით შრომა - ვაღიარებ, ასეთი რეალობა მოედანზე აქამდე არ მინახავს. კინო გრძელდება, მაგრამ სცენარი შესაცვლელია - მთელ უზარმაზარ ტერიტორიაზე ამის მძაფრი სურნელება დგას.
* * *
რა ეშველება ჩვენში გამეფებულ გულგრილობას
სულის სიღრმემდე შემძრა მეგობარი უკრაინელების თავს დატეხილმა უბედურებამ, იქ „მოსკოვის ურდოს“ შეჭრამ და უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ბავშვების, ქალებისა და მოხუცების მკვლელობამ. ომის დაწყებიდან ამ ერთ თვეში დავბერდი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით; ადამიანების ამდენი ტანჯვის ნახვით უკვე ყველაფერზე მეტირება.
სულ მახსენდება 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდი ჩვენთან, როდესაც ერთ-ერთ გასამხედროებულ სტრუქტურაში ვმსახურობდი. ისე მოხდა, რომ ომში წამსვლელთა პირველ ჯგუფში ვერ ჩავეწერე და მეორეში კი მოვხვდი. სანამ ჩვენც წაგვიყვანდნენ სამაჩაბლოში, ომი უკვე დამთავრდა (როგორ, ამაზე აღარ შევჩერდები) და ჩვენ, სამსახურის ეზოში მომლოდინენი აღარ წავუყვანივართ - ისევ ყაზარმულ რეჟიმზე დაგვაბრუნეს. ძალიან კარგად მახსოვს, ყველაზე მტკივნეული ტელევიზორთან ჯდომა და ყურებაა, თუ როგორ შემოდის შენს მიწაზე მტერი ცეცხლით და მახვილით და გზად ყველაფერს ანადგურებს. შენ კი ზიხარ ტელევიზორთან, მორიგ „კურიერს“ უყურებ და ... ცუდად ხარ, რადგან ვერაფერი გიღონია ამ თავს დატეხილი უბედურების წინააღმდეგ. ახლაც დაახლოებით იგივე განწყობაა, ქართველებს ხომ ისედაც მოუშუშებელი იარა თავიდან გაგვიახლდა.
ახლა მე რა შემიძლია და შევაგროვე სახლში ვარგისიანი ტანსაცმელ-ფეხსაცმელი და დიდი ჩანთით ზ. ფალიაშვილის ქუჩაზე, უკრაინის დახმარების ცენტრს მივაკითხე. ჩანთის უკან წამოღებას ვაპირებდი, რადგან სამსახურში სიარულისთვის სხვა წესიერი აღარ მქონდა. შევდივარ მიმღებ პუნქტში და უკრაინელი მოხალისე თანამშრომელიო მეკითხება - მაგ ჩანთის დატოვებასაც ხომ არ აპირებთო. - ამის დატოვებაც შეიძლება-მეთქი? - კიო. - ჰოდა, რა თქმა უნდა, ჩანთიანად ვტოვებ, გამარჯვება და მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, დიდება უკრაინას-მეთქი. გულითადი მადლობით გამომისტუმრეს. მიმღებ პუნქტში ჩვენებურ მომსვლელთა რიგები არ წყდებოდა, კარგია, რომ ამ მოკრძალებული წვლილით მაინც შეგვიძლია ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატოთ. ფაქტია, დღეს უკრაინაში ყველაფერი უჭირთ და ნებისმიერი სახის თანადგომა მათთვის სიცოცხლის გაგრძელების ტოლფასია.
ჰო, ამასაც რა დამავიწყებს. სავსე ჩანთით კორპუსის კიბეებზე ჩავდივარ და მეზობელი მხვდება, - ასე საით გაგიწევია, ამ უდროო დროს სოფელში ხომ არ მიდიხარო. - არა, ჩვენი ძმები უკრაინელებისთვის შევკრიბე რაღაცები და ფალიაშვილზე უნდა ჩავიტანო-მეთქი, - მაგას კარგ საქმეს აკეთებ, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილებით უკრაინელების საქმე მაინც ხელიდან წასულიაო, - მადევნებს ჩემთვის მოულოდნელად.
- რას ნიშნავს ხელიდან წასულია, მთელი ერი გმირულად დადგა და დამპალ იმპერიას მედგრად ებრძვის-მეთქი. - მერე რა, ამხელა რუსეთთან უკრაინა მაინც წაგებულია, ომი ხომ ნებისმიერ შემთხვევაში მათ მიწაზე მიმდინარეობს და უბრალო ხალხიც ადგილობრივი ეწირებაო.
- ბიჭო, შენ რანაირად მსჯელობ, მით უმეტეს, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენმა ქვეყანამაც ეს უბედური გზა გავიარეთ, ასე რა გალაპარაკებს-მეთქი.
- არა ძმაო, არც მაშინ ვიყავით საკუთარ თავთან მაინც ბოლომდე მართლები, ვიცოდით დათვი მოგვერეოდა, ამიტომ ბაბაია უნდა დაგვეძახა, რუს ვანიას ვერც ჩვენ და ვერც უკრაინელები წინ ვერ აღვუდგებითო.
- ახლა რომ მოიგოს ომი უკრაინამ და ერთ უხერხულ ადგილას დაჭრილი ვანია დათვი ბინძურ სოროში რომ დააბრუნოს, მერე რაღას იტყვი-მეთქი.
- არა, ეგ არ მოხდება, ეს ყველაფერი ხომ დასავლელი მასონების გამოწვეულია და მოძმე სლავებიც მათ დაატაკეს ერთმანეთს, აქ „ურდო“ და უკრაინელთა თავისუფლებისთვის ბრძოლა არაფერ შუაშიაო; შეაყარე კედელს ცერცვი. - კარგი, კარგი-მეთქი და გზა ფალიაშვილისკენ უკანმოუხედავად გავაგრძელე.
ეზოში ახლა მეზობელ კორპუსელი ნაზი დეიდა მხვდება. - ასე ჩქარა საით გაგიწევია, უკრაინის ამბებზე აზრი უნდა გკითხოო, მეუბნება. მკითხე-მეთქი. როგორ გაგრძელდება ეს ომი შენი აზრითო. - როგორ და გმირულად მებრძოლი უკრაინა დასავლეთის, მთელი წესიერი მსოფლიოს დახმარებით აუცილებლად გაიმარჯვებს-მეთქი. - შენ კი გჯერა ამის, მაგრამ არ მგონია ასე მოხდეს, ახლა რუსეთი რომ გაბრაზდეს და ატომური ბომბი გამოიყენოს, მერე სადღა მიდიანო. - რუსეთი მაგ გზას თუ დაადგება, პასუხსაც შესაბამის მიიღებს, ეს ქვეყანა რუსული ჩალით დახურული კი არაა-მეთქი.
ამაზე ნაზი დეიდა ცოტა კი ჩაფიქრდა, მაგრამ არ დანებებულა - არა, ეს ომი დასავლელმა მასონებმა გამოიწვიეს, რომ მოძმე სლავები ერთმანეთს ჩაახოცვინონ, მანდ ასევე რაღაც ებრაული შეთქმულების ბრალია და ა.შ.
კიბეებზე მსგავსი საუბრის შემდეგ აქ ვეღარ მოვითმინე და ხმის ტემბრს ცოტა ავუწიე, - რა ზღაპრებს მიყვებით, მარტო ასზე მეტი (ახლა ოთხასამდეა გაზრდილი, რედ.) ბავშვია დაღუპული-მეთქი... მაგრამ აქაც საუბრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. შთაბეჭდილება შემექმნა, რომ უბანში თუ ქუჩაზე ყველას პირი ჰქონდა შეკრული და რაღაც „მასონურ შეთქმულებაზე“ საუბრობდნენ უკრაინაში; მათთვის რომ ჩაგეკითხა, თუ ვინ არიან მასონები, წესიერ პასუხს ვერავინ გაგცემდა, აი ვერავინ. სამაგიეროდ, ჩვენში კვლავ სახეზეა დამპალი რუსული პროპაგანდის შედეგი და ... შიშველი გულგრილობა.
კიდევ გეტყვით. ცივ, წვიმიან დღეს, ვაკეში, აბულაძის ვიწრო ქუჩაზე აჩქარებული ნაბიჯით მივდივარ. უცბად წინ ვხედავ ასაკოვანი მამაკაცი ბუჩქის ძირას წაქცეულია და ქალები თავზე ადგანან, გულწასულის მოსულიერებას ცდილობენ. მივედი, ქალბატონს ჩავენაცვლე და ხელები შევაშველე, შევეცადე მძიმე მამაკაცს თავი ბეტონის ბორდიურზე არ დაედო, შედარებით თბილად ყოფილიყო. იქვე ორ ნაბიჯში მცირეწლოვანი გოგონა დგას და ტირის. ვინ არის-მეთქი, ვიკითხე. - ამ კაცთან ერთად მოდიოდნენ, ეტყობა პაპას აქვე საბავშვო ბაღში მიჰყავდაო. ვთხოვე ქალებს, რომ ბავშვი ცოტა მოშორებით გაეყვანათ, რათა ზედმეტად აღარ ენერვიულა. მერე იქვე ახლოს ბაღშიც მიიყვანეს, რათა იქ გაერკვიათ მისი მშობლების ვინაობა და დაჰკავშირებოდნენ.
ამასობაში სასწრაფო დახმარება როგორც ყოველთვის აგვიანებს, არადა ხომ იცით, ორ ნაბიჯში არიან იქვე, ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე. კაცი გათიშულია, ხრიალებს, აბა ჩვენ დილეტანტებს მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა. ერთ-ერთი გაიქცა და იქვე აბულაძეზე ორ ნაბიჯში კლინიკიდან (სახელწოდებას შეგნებულად არ ვასახელებ, იქ მომუშავე სხვა პროფესიონალ დასტაქრებს ჩრდილი რომ არ მივაყენო) ექიმი მოიყვანა, ახალგაზრდა მამაკაცი. დგას ეს ჯეელი, სიგარეტს ეწევა და ბრძანებებს იძლევა, - მე ბატონო, სასწრაფოს ექიმი კი არა, ქირურგი ვარ, აბა მე რა შემიძლიაო. - ის მაინც მითხარით, როგორ მოვიქცე კაცი არ მოკვდეს-მეთქი, - ვცდილობ თავი შევიკავო. - გვერდზე მოაბრუნე, რადგან აღებინებს და არ დაიხრჩოსო. კიდევ კარგი ეს მაინც მითხრა, სასწრაფოდ შევაბრუნე და ამოიღო, - მიდი ამოიღე ძია, არ შეგეშინდეს, სასწრაფო ახლავე მოვა-მეთქი. არ ვიცი, ჩემი ნათქვამი ესმოდა თუ არა, ერთია, რომ რასაც ვაკეთებდი ყველაფერში მემორჩილებოდა და მომყვებოდა. ნელ-ნელა გრძნობა დაუბრუნდა; ამ დროს ექიმმა დაიხარა მისკენ და ავადმყოფმა ხელი არ ჰკრა? ამაზე ხომ გადაირია ექიმი, - ხელს რატომ მკიდებო, ჩხუბი დაუწყო გათიშულ კაცს, თვალებგადმოკარკლულს გრძნობა რომ სრულად არც კი ჰქონდა დაბრუნებული. წამოდგა ეს ექიმი და თავისთვის ბუტბუტებდა რაღაცას.
კიდევ კარგი ამ დროისთვის უკვე სასწრაფოს ექიმებიც მოვიდნენ, თორემ ეს კლინიკის ექიმი სალანძღავი გაგვიხდებოდა, უკვე მოთმინების ყველა ლიმიტი ამოწურული იყო. საღოლ ჩვენ, თუ ეგეთი ქირურგები გვყავს. ეს კაცი ხალხის თვალწინ ასე უგვანად რომ იქცეოდა, ჩაკეტილ პალატაში როგორღა მოიქცევა. ასე თუ ისე, მამაკაცი „ხეჩინაშვილში“ გადაუდებელში წაიყვანეს და იმედია გადარჩებოდა. იქვე მდგარი ბავშვის ტირილი რამდენიმე დღე თავს მახსენებდა.
არ ვიცი ამ გულგრილობას რა ეშველება, რეცეპტი არ მაქვს. ერთი შემთხვევა კი არაა. ბოლო დროს რამდენიმედღიანი სიცხეები მქონდა. სურდო-ხველა არაფერი, მარტო სიცხეები. რის გამოც სამსახურში ვერ მივედი და საოჯახო პოლიკლინიკიდან ცნობა დამჭირდა. მივედი ასე სიცხიანი, კარი შევაღე და შორიდანვე მიმღებში გოგონებს დაველაპარაკე - აღარ შემოვდივარ და სასწრაფო ტესტზე მოსული ვარ-მეთქი. - რამე ნიშნები თუ გაქვსო, - მკითხეს. ცოტა სიცხე-მეთქი და... ამ დროს იქვე მისაღებში ცოტა მოშორებით ასაკოვანი ქალბატონი ზის, - უიმეეო, ერთი საზარლად შეჰყვირა და ჩემთან ზურგით შებრუნდა კიდევ უფრო საშინლად და დემონსტრაციულად; თითქოს არნახულად კეთროვანი ვყოფილიყავი, გამონაყარებით დაფარული თავიდან ფეხებამდე. შოკში ჩავვარდი, ეს ადამიანი როგორ იქცევა-მეთქი. ხმამაღლა არ მითქვამს, რა თქმა უნდა, შევწყვიტე გოგონებთან შორიდან საუბარი და ხელი ჩავიქნიე. მოვხურე კარები სიცხიანმა, მსგავსი ქცევის შემყურეს სიცოცხლის სურვილი რომ გეკარგება.
უკანა მხრიდან შევედი სწრაფი ტესტის ოთახში და ახალგაზრდა ლაბორანტს ვეკითხები - აი, იქნებ თქვენ მიპასუხოთ, როგორ შეიძლება ადამიანმა 60-70 წელი იცოცხლოს ამ ცოდვილ ქვეყანაზე და მაინც ტაქტისგან ასე დაცლილად დარჩეს-მეთქი. მიყურა მიყურა სიცხიან თვალებში თეთრხალათიანმა ქალბატონმა და ხმამაღლა მთელი გულით გაიცინა. ისე, რომ ეს ბავშვურად სუფთა სიცილი მეც გადმომედო და ორივე გიჟებივით ვხარხარებდით, - არა, ბატონო ჩემო, ღმერთმა კიდევ დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ ასე მოქცევა მაინც არ შეიძლებაო, - მიპასუხა ისე, რომ სიცილს ისევ ვერ იკავებდა.
სიცხიანობის მიუხედავად, სწრაფი ტესტის ლაბორატორია ბედნიერმა დავტოვე (ცოტა ხნის წინ ხომ სიცოცხლე აღარ მინდოდა), კოვიდიც აღარ დამიდასტურდა; ან რად მინდა, უკვე ორჯერ მაქვს გადატანილი.
* * *
დაბოლოს, როგორ ჩავაქრეთ ხანძარი ყვარლის მთებში
აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში ქვეყანას ხანძრების სერიამ გადაურბინა. სვანეთიდან დაწყებული ყვარლის მთებამდე, უნალექობისგან გამომშრალი ბუნება იწვოდა და შველას ითხოვდა. სხვა სამსახურებთან ერთად, სტიქიასთან ბრძოლაში თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის რეზერვისტებიც აქტიურად ჩავერთეთ.
ძირითად სამსახურთან ერთად, სამი წელია ეროვნული გვარდიის რეზერვისტი ვარ. მარტივი და ქმედითი იდეა დევს მასში - ქვეყანას სადმე რამეში თუ გაუჭირდა, ჩვენ იქ უნდა გავჩნდეთ. აგვისტოს ბოლოსთვის საწვრთნელ ბაზაზე გეგმური შეკრება არ გვიწევდა და სოფელში ვაპირებდი წასვლას, მშობლებისთვის სეზონურ სამეურნეო საქმეებში მისახმარებლად.
ჯერ კიდევ ბორჯომის ხანძარზე ჩვენი ოცეულის სამაგალითო მებრძოლი რობაქიძე მირეკავს ზესტაფონის სოფლიდან: აქედანაც კარგად ვხედავ, იწვის ბორჯომის მთები, კვამლი ჩვენამდე აღწევს. რას აპირებენ, ჩასაქრობად არ გვეძახიანო? - დაველოდოთ, ალბათ დაგვირეკავენ-მეთქი. ასეთივე განწყობა იყო მთელ ოცეულში, ბიჭებმა დასასვენებლად წასვლა გადაიფიქრეს ეროვნული გვარდიიდან ზარის მოლოდინში.
ბორჯომში ხანძრის ლოკალიზება ადგილობრივი ძალებით მოხერხდა. ყვარელში, შილდის მთებში ხანძრის გაჩენისთანავე კი ზარს აღარ დაუხანებია. ღამის თერთმეტ საათზე შეგვატყობინეს, რომ დილით სამგორის მეტროსთან უნდა ვყოფილიყავით. თავდაცვის სამინისტროს ავტობუსით პალდოს საწვრთნელ ბაზაზე გადავედით, 202-ე ბატალიონიდან საკმაო ხალხი შეიკრიბა.
თუ მანამდე სამდღიან შეკრებაზე იყო საუბარი, მეთაურმა გვითხრა, რომ სავარაუდოდ, ერთი კვირა მაინც მოგვიწევდა. ცეცხლი უკვე დიდ ფართობზე იყო მოდებული და ყველაფერი მაინც ამინდზე უფრო გახლდათ დამოკიდებული. განრიგის ოპერატიულად შეცვლაზე ხმა არავის ამოუღია - სასწრაფოდ სამხედრო ფორმა ჩავიცვით და საგარეჯო-ბაკურციხის გავლით ყვარლის გზას დავადექით.
ჩვენს ბატალიონში (მეორე ასეულიდან) უკვე გოგოებიც გვყავს. ერთ-ერთმა მათგანმა ავტობუსის სალონში ვიდეო ჩართო და კითხვა დასვა: აბა, მთებიდან დაბრუნებისას, ყველაზე ბინძური ვინ იქნებაო. - ბინძური კი არა, კაცური კაცის კაცური სუნით დავბრუნდებით ყველა სახლში, - ასეთი იყო სახალისო პასუხების რეზიუმე.
ბაკურციხის გადასახვევიდან სამხრეთით, ახლად გაყვანილი გზით შემთხვევის ადგილისკენ გადავუხვიეთ. გზად მწვანე ვენახები ისე ბობოქრად ბიბინებს, რომ ირგვლივ სულ “ბარაქა”, “ბარაქა” გაისმის. ზოგან ადრეული რთველი უკვე დაწყებულია, გლეხები ჭირნახულს იმკიან. შრომისა და ლხინის ამ ზეიმში ხანძარსა და უბედურებას რა უნდა?..
მოგეხსენებათ, კახეთში და თითქმის ყველგან საქართველოში, ორ თვეზე მეტხანს ნალექი არ მოვიდა. შხაპუნა წვიმა თითქმის დაგვავიწყდა, სამაგიეროდ, ქუჩები და ორღობეები მტვერს მიჰქონდა. მიწა უდაბნოსავით გამომშრალია და ერთი ნაპერწკალიც საკმარისია ცეცხლის ასაგიზგიზებლად. ამ დროს მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ყველას ხომ ერთნაირად ვერ მოსთხოვ ელემენტარულ გონიერებას, მით უფრო, საკუთარი ქვეყნის სიყვარულს და ა.შ.
გზისპირა ვენახებისა და ღვინის საწარმოთა ოაზისების გავლის შემდეგ, შორიდანვე დავინახეთ აგიზგიზებული მთების ფერდობები. დიდი ილიას ყვარლის მთები დაუნდობლად იწვის და მას უნდა ვუშველოთ - ეს გახდა ჩვენი საზრუნავი...
მთელი აღმოსავლეთ საქართველოს სამაშველო სამსახურები ადგილზე დაგვხვდნენ, ბიჭები მზად იყვნენ ჩვენთან ერთად სტიქიას გამკლავებოდნენ. გამთენიიდან უჭმელებს მშრალი საველე საკვები დაგვირიგეს. ცოტა დავნაყრდით თუ არა, სატვირთოებით მთების შუაგულისკენ გზას დავადექით ნიჩბებით, გერმანული წარმოების აირწინაღებითა და რკინის ჩაფხუტებით შეიარაღებულები.
ჩვენამდე ტრაქტორებმა მთის მწვერვალამდე და მის შემდეგაც, მეორე მხარეს დაბოლოებამდე სპეციალური ახალი გზა გაიყვანეს - სხვანაირად ხანძრის უამრავ კერასთან მიდგომა ფიზიკურად შეუძლებელი გახდებოდა ან როგორ მიუდგები, როცა ძირიდან მწვერვალამდე თითქმის ხუთი კილომეტრია გასავლელი. თუმცა, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ, ვერაფრით დარწმუნდები სირთულეებში, შორიდან ყველაფერი მეტისმეტად მარტივად გამოიყურება.
მთების შუაგულში გავარვარებულ ცეცხლის ენებთან მორიგი პირობა დავდე, რომ ხანძრის თემაზე ზერელედ აღარ ვილაპარაკებდი და სხვასაც იმავეს ვურჩევდი. ადვილია ხმამაღალი განცხადებების კეთება შორიდან, როცა ადგილზე ლამის განწირული შრომა გიწევს ბუნებრივი სტიქიის წინაშე და ხშირად მარცხდები კიდეც; მაგრამ იმედის ნაპერწკალს არ კარგავ, რომ ხვალ დილით უფრო კარგად იმუშავებ, ბუნების ფერისცვალების ღვთაებრივი მადლიც დაგეხმარება და ცეცხლს ჩააქრობ...
ვებმებით ბრძოლაში, რადგან ესეც თავისებური ომია შენი ქვეყნის დასაცავად. სახანძროს გამოცდილ ბიჭებთან ერთად პერიმეტრის გაკონტროლება გვევალება, მაგალითად, გაყვანილი გზის აქეთ მხარეს ცეცხლის არგადმოშვება. საშინლად გამოიყურება დამწვარი ტყე, უზარმაზარი ხეები და ბუჩქნარ-ბალახები, ფოთლები... კიდევ კარგი, ნედლი ხეები ნაწილობრივ იწვის და მერე აღდგება აუცილებლად, მაგრამ მასზე ჩამხმარ-ჩაჩუტული ფოთლებიც საზარლად გამოიყურება, რასაც ამ სეზონზე აღარაფერი ეშველება...
რეზერვისტი გოგოებიც კარგად მომზადებული არიან. ზემოაღნიშნულ გზას თამარი (სხვებთან ერთად) ჩვენთან ერთად მწვერვალიდან მთისძირამდე ისე გადის, წუწუნებს კი არა, ზედმეტად ხმასაც არ იღებს. მაინც არ მესმის, ასე რატომ დაგვჩაგრეს პირველი ასეული და გოგოები ჩვენთანაც არ მიიღეს. მეორე და მესამე ასეულები უკეთეს მდგომარეობაში არიან - გვერდით ისეთი თანამებრძოლი გოგოები ჰყავთ, მაგალითს რომ იძლევიან ყველაფერში. ისინი ხომ ყველგან მაგრები არიან - სახალისო “ტიკტოკის” გადაღებაშიც და ცეცხლის ქრობაშიც.
მათგან განსხვავებით, მეორე დღეს ფეხის თითების მცირედ დაზიანებას მაინც ვერ გადავურჩი. ჩექმებმა დაღმართზე ცოტა მიმტყუნა და მომიჭირა, ეგ არაფერი. ღამით საველე მედპუნქტში მივედი, ბეტადინის მალამო გამოვართვი და შევიხვიე. მეორე დღეს უკვე აღარ მაწუხებდა - შემდეგ ქორწილამდე მომირჩება.
სამაშველოს ბიჭებს, ჩვენგან განსხვავებით, მიწაზე გაშლილ საძილე ტომრებში სძინავთ - მთელი მთის ძირი უზარმაზარი სასტუმროა ღია ცის ქვეშ.
ჩვენ და ვერტმფრენებმა (პროფესიონალმა მფრინავებმა) უზარმაზარ ტერიტორიაზე მოდებული ხანძარი მეტ-ნაკლებად შევაჩერეთ, დანარჩენი სტიქიის წინააღმდეგ კი ისევ ბუნებამ იმოქმედა - მეოთხე დღეს შხაპუნა წვიმა მოვიდა და სტიქიას წერტილი დაუსვა. ჩვენც, ერთი კვირის ნაცვლად, ოთხი სრული დღე დაგვჭირდა პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად. ავკეცეთ კარვები, დავალაგეთ, დავასუფთავეთ ბანაკი და ცეცხლი-კვამლის ნაცვლად, ნისლის ბურუსში გახვეული მთები დავტოვეთ.
ჰო, თქვენ უნდა გენახათ შხაპუნა წვიმისას ბანაკში ამტყდარი ყიჟინა და სიხარული, ამის გადმოცემა შეუძლებელია. მგონი, რეზერვისტმა გოგოებმა ამის ვიდეოგადაღება და “ტიკტოკზე” გავრცელებაც მოასწრეს - ხომ გითხარით, ყველაფერში მაგრები არიან-მეთქი.
ამ დღეებში თელავში, მე-20 კადრირებულ ბრიგადაში გამართულ ეროვნული გვარდიის საზეიმო დღეზე, ბრიგადის მეთაურმა გენერალმა ხანძრის ქრობაში მონაწილე ყველა რეზერვისტს მადლობა გადაგვიხადა, რაც ჩვენთვის დიდი პატივია.
დაბოლოს, ეროვნული გვარდიის რეზერვისტები დიდი ილიას მარადიული სიტყვებით დავემშვიდობეთ ყვარლის მთებს (ამავე სახელწოდების ლექსიდან):
„სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,/ მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:/ თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული,/ თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!“
მაგრამ ჩვენ შორს არსად მივდივართ. ვბრუნდებით სახლებში: ყვარელში, თბილისში, მცხეთაში, ზესტაფონში, ამბროლაურში... და გვარდიიდან ნებისმიერ გეგმურ თუ მის გარეშე დაძახებაზე მზად ვართ, ვემსახუროთ საქართველოს! ქვეყანას, რომელიც აქაურმა ბუმბერაზმა ადამიანმა დაგვიტოვა და მისი წესიერად მოვლა-პატრონობა გვიანდერძა.