მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
როგორ ვპატრონობთ ქალაქს - ჩვენს საერთო სახლს? - 27 ოქტომბერი 2022

„ყველაზე დამთრგუნავი მაინც რკინიგზის სადგურებია - 99% სიბინძურეშია ჩანთქმული“

ქალაქი ჩვენი საერთო სახლია და სათანადოდ მოვლა-პატრონობა სჭირდება. არაერთი ცნობიერების ამაღლების კამპანიის მიუხედავად, ჩვენ ყველა ამ საკითხში მოვიკოჭლებთ. მაგალითისთვის, ალბათ ხშირად შეხვდებით სურათს - უბნებში სანაგვე ურნები იცვლება-უმჯობესდება, მაგრამ ნაგავი ისევ მის გვერდით, შუა გზაში იყრება.

ამ თემაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი თემურია:

- ყოფილი კოლმეურნეობის მოედანზე არსებული საყვავილიდან დავიწყოთ. ხომ შეიძლება ვინმე მივიდეს ამ მეყვავილეებთან და უთხრას, რომ დაიცვან ელემენტარული სისუფთავე და წესებიც? ამ ჭუჭყიანი ფანერების დაჭედება რაღა უბედურებაა? გასაგებია, რომ მთელი თბილისის მერია სავსეა უსაქმურებით და უვიცებით, რომლებმაც პარტიული დროშების ქნევის მეტი არაფერი არ იციან ცხოვრებაში და ეს ქალაქიც სულ ფეხებზე ჰკიდიათ; მაგრამ რომელ სამსახურსაც ეხება ამის კონტროლი, ეს ელემენტარული რამ მაინც მოაწესრიგონ - მივიდნენ და უთხრან რამე, და თუ საჭიროც არის, კაი დიდი ჯარიმაც დაუწერონ, მანდ ვინც დგას. თორემ ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ საღორისკენაა მიდრეკილება და რა გინდა რომ ქნა.

- ასე მარტო თბილისში ხდება?

- მცხეთაში და სიღნაღში რამდენიმე ადგილას, სადაც ხის ღობე (გარემონტებული) გაფუჭდა, ჟანგიანი ჟესტი მიაფარეს. ისე როგორც წარმოგიდგენიათ, ცნობილი რესტავრაციის ფონზე ჟანგიან-გაბანძებული ჟესტი - არადა, 3-4 ცალი წესიერი ფიცარი უნდა, მეტი არა. უკრაინის ვიდეოებს რომ ვუყურებ, ღარიბულად კი ცხოვრობენ სოფლებში, მაგრამ ღობე მაინც შეღებილი აქვთ. დასავლეთ უკრაინაში ხომ კარმიდანო კიდევ უფრო უკეთესად არის მოვლილი და მესაკუთრეობის გრძნობაც უფრო ძლიერია მათ მენტალიტეტში.

ხოლო ჩვენთან ყველაზე დამთრგუნავი მაინც რკინიგზის სადგურებია - მათი 99% (დიდი თუ პატარა) ყველა სიბინძურეშია ჩანთქმული.

- ამის მიზეზები?

- ალბათ მიდრეკილება რომ აქვს გარკვეულ ნაწილს, ასეთ ანტისანიტარიაში ცხოვრების, სხვა რით უნდა ახსნა ეს ყველაფერი. რეალურად ამისთვის არსებობს კანონი, ჯარიმა... რას აკეთებს ამ დროს მერია, მისივე ზედამხედველობის სამსახური? მიდრეკილება რომ აქვთ, უნდა აიძულო არ ჰქონდეთ. თანაც სახეზეა ჩვენებური გულგრილობა, უპასუხისმგებლობა...

ერთ პატარა მაგალითსაც მოვიყვან. თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე დგას ბანერი, რომელზეც რამდენიმე ენაზე წერია საქართველოში გერმანელების დასახლებების ისტორია. ეს ჯერ კიდევ ნაციონალების დროს დაიდგა - აი დიდი რესტავრაცია რომ გაკეთდა მაშინ. იდგა თავისთვის ამდენი წელი. ბოლო ხანებში (ზუსტად ვერ ვიტყვი, ალბათ რამდენიმე თვეა) გარედან გაჩნდა უზრდელური წარწერები, ორივე მხრიდან გაჩხაპნილია. გამგეობა არც ისე შორია ამ ადგილიდან, ნუთუ ვერ ხედავენ? ხედავენ, როგორ არ ხედავენ, მაგრამ ფეხებზე ჰკიდიათ. ახლა, წარმოიდგინეთ,ამ ბანერზე რომ გაჩნდეს შეურაცხმყოფელი წარწერები პუტინზე, რუსებზე, ბიძინაზე, კალაძეზე... ხომ მაშინვე ოპერატიულად გაწმენდენ და გააკრიალებენ? რა, არ გაუკეთებიათ თუ? ამაშია საქმე.

იგივე მდგომარეობაა იუსტიციის სახლთან, სადაც მხატვრები ყიდიან ნახატებს. თავის დროზე გაკეთდა (გარემონტდა) ნორმალურად, ადამიანურად, მაგრამ რად გინდა? დაიწყეს ისევ თოკების, მავთულების გაბმა, ლურჯი ბრეზენტების გადაფარება, კარვების აკოწიწება... მიხედეთ ამ გაკეთებულს მაინც და რამე შეაგნებინეთ ამ „მეყიშლაყეებს“, რომელმაც ვერაფრით გაიგო ქალაქში როგორ უნდა იცხოვროს.

და საერთოდაც, ამ პროექტებს პატრონი არ ჰყავს? მერიის შესაბამისმა სამსახურებმა შეიბერტყეთ ყურები, გავგიჟდი კაცი, ყველას ყველაფერი როგორ გახატიათ, ამიხსენით! თანამედროვე საღორეშიც არ ხდება ასეთ რამეები.

თუნდაც მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირდაპირი მოვალეობა არ არის, ამავე მერიის მიერ გაკეთებულს რომ ამახინჯებენ? რატომ არ აჯარიმებთ? ამ ფონზე, ძროხები დადიან ქალაქში, საპატრულო (ცენტრალურ) პოლიციასთან ორჯერ შემხვდა სხვადასხვა დროს. ასევე შემხვდა დიდ დიღომში, გუდვილის წინ - ოთხი ძროხა ბალახს ძოვდა ზედ გამწვანების ზოლში. რა ჯანდაბა ხდება, ახსნის ვინმე? უწყინარი საქონლის საწინააღმდეგო კია მაქვს რამე, მაგრამ კანონი და წესები რისთვის არსებობს ამ ქვეყანაში? მაშინ დავშლით პარლამენტი- საკრებულოები და იქ მოკალათებულთ ყოველთვიურად „ოთუზბირებს“ რატომ ვუხდით? ნუთუ მათი მთავარი მიზანია „ელექტორატს თავისუფლად სუნთქვაში ხელი არ შეეშალოს?“

რეალურად, არც ხალხს ანაღვლებს, სად იჯდება და არც ხელისუფლებას. ელემენტარული კულტურა უნდა ჰქონდეს ადამიანს. ქუჩაში რომ ეწევი და ურნა იქვე გაქვს, მაინც ტროტუარზე რატომ უნდა მოისროლო, ვერაფრით გამიგია. ყველა რესტავრირებულ ქუჩაზე და შენობაზე იგივე მდგომარეობაა. მთელი ქვეყნის (სახელმწიფო ბიუჯეტის) ხარჯზე რესტავრირდება თბილისის ისტორიული მემკვიდრეობა, მეპატრონეებს კი იმასაც არ ავალდებულებენ, რომ ელემენტარული წესები დაიცვან. არადა, ათმაგად გაძვირებული ქონება უბრუნდებათ ძველ თბილისში - ვისაც უძრავი ქონება აქვს და მერია შედის რესტავრაციით.

ეს სახლიც (მობილურ ტელეფონში მაჩვენებს) თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, ბიუჯეტის ფულით აღდგენილ-გალამაზებულია. შეხედეთ პირველ სართულს, ფანჯრებზე გამოკრულია არაბულ-რუსულ-ტაილანდური წარწერები, აჭრელებული, გეგონება ისლამაბადის ბაზარია. არ შეიძლება დადგენილი წესი  იყოს, თუ როგორი ფორმით უნდა განთავსდეს რეკლამა კომერციულ ფართზე? მეპატრონეების უმეტესობას არც მოწოდება აქვს, არც გემოვნება და არც ინტელექტუალური შესაძლებლობა, მერიაშიც ასეთი უვიცები  უნდა ისხდნენ?

ეგ წარწერები რეალურად ან უნდა აიკრძალოს; ან მართლა იმდენად რენტაბელური უნდა გახდეს უძრავი ქონება, ქალაქის ცენტრში მაღაზიის და სუნიანი რესტორან-ბარების გახსნა წამგებიანი გახდეს. რეალურად, კიდევ ბევრი გვიკლია მანამდე. მაგრამ თუ დინებას მიჰყვა ეს უკონტროლო პროცესი, დიდი პრობლემები შეგვექმნება. ყველაფერს დაგეგმარება, ზონებად დაყოფა, ტერიტორიების ფუნქციების მიხედვით გადანაწილება და წახალისება სჭირდება.

ახალ პროგრესულ ნაბიჯებს საზოგადოებამაც ხელი უნდა შეუწყოს, სხვა შემთხვევაში არაფერი გამოვა. ცენტრალურ უბნებში მიწისქვეშა სანაგვე ურნები ხომ გააკეთეს, თუ აქცევთ ყურადღებას ზოგიერთი ნაგავს ისევ გარეთ, გზისპირას ან შუა გზაში ყრის (მას ქუჩის ძაღლები ესევიან და ა.შ.). მერე ახალ ინვენტარს არ უფრთხილდებიან, ნაწილი უკვე დაზიანებულია. ამ ყველაფერს ემატება ნაგვის გადამზიდავი მანქანების ქრონიკული გაუმართაობა, მწყობრიდან გამოსვლა. ხშირად წყალი გასდის და მთელ მიმდებარე ტერიტორიას აბინძურებს. წვიმა თუ არ მოვიდა, მთელ უბანში მძაფრი სუნი დგება. ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ჩივილების მიუხედავად, ზემოთ ყურებს ნაკლებად იბერტყავენ.

- მთლიანობაში ამ ყველაფერს მაინც რა ეშველება?

- ალბათ გამოსავალი თაობათა ცვლაშია. თან რომ ეს საშუალო სტატისტიკური ზედამხედველი კარგი კაცია ყველანაირად, კარგი თანამშრომელი, ჯიგარი ტიპი და უცებ დარღვევას რომ ნახავს, ინერციით არ უნდა ვინმეს ზედმეტად აწყენინოს. ჩემი დაკვირვებით, ჩვენი ძველი თაობა რაიმე ახლის შესწავლაშიც ცოტა მოიკოჭლებს, ჯიუტობენ... შენც კიდევ ვერანაირად შენიშვნას ვერ მიცემ, უხერხული მომენტი იქმნება.

ყვავილები კი არა, წესიერი ტუალეტები მაინც დადგან ქუჩაში. ვისაც საჭიროება აქვს,  სიმწრით ითმენს სახლამდე ან მოფარებულში შვებით ამოისუნთქავს, როგორც წესი. და ავტოსადგურები? იმ დღეს დიდუბის ავტოსადგურში მომიწია ყოფნა, მოგადიშოა ჩვეულებრივი.

რემონტი რომ ძვირი ჯდება, ქალაქის მერი თავისი ჯიბიდან არ ხარჯავს და არც მერიის უსაქმური თანამშრომლების პრემიებიდან არ დახარჯულა - რომელსაც არაფრის კეთებაში იღებენ. მაგ ფულს ბიუჯეტიდან ხარჯავენ და კეთილი ინებონ და მიაქციონ ყურადღება. კვირაში ერთხელ უნდა მორეცხონ კიდეც წესით, მაგრამ სადაა ეს სიამოვნება.

კიდევ კარგი სოფლებში შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს (მე ვიყავი ამ ზაფხულს). და სამეგრელოში რომ ლამაზი ეზოებია, ასეთი არსად არაა ყოფილ სსრკ-ში სხვაგან - არც რუსეთში, არც უკრაინაში, მხოლოდ ბალტიისპირეთში. სამეგრელოში, სამწუხაროდ არ გადამიღია. აი ეს გურიაში გადავიღე - გაამრავლე ორზე და მიიღებ მეგრულ ეზოებს. ერთი კიდევ უნდა ჩავისეირნო ზუგდიდში და გადავიღო სურათები. ასეთი მოწესრიგებული ეზოები ბელარუსშიც არ შემხვედრია, ესტონეთის დონეა. კარგი მაგალითებიც აქედან უნდა ავიღოთ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია