მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი „დედა-დედას“ ძახილით - 04 ნოემბერი 2022

ანუ ვაი დედაა, ვაი დედაა...

საინგილოში (ისტორიული ჰერეთი) ქართული სკოლა გაქრობის წინაშე დგას. ეს განსაკუთრებით ზაქათალა-ბელაქნის გამაჰმადიანებულ თემს შეეხება, სადაც მშობლიურ ენაზე სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. გამოუცხადებელი ასიმილაციის პროცესის შედეგად, დაბა ალიაბადის (ისტ. ელისენი) ოთხი საშუალო სკოლიდან ქართული სექტორი მხოლოდ ერთში შემორჩა და მასაც დახურვა ემუქრება.

საინგილოში დღემდე ეროვნულ თვითშეგნებას ქართული სკოლები ინარჩუნებდნენ. იმ სოფლებში, სადაც თავის დროზე ეროვნული სკოლები ვერ გაიხსნა, დღეს მხოლოდ ღრმად მოხუცებულები საუბრობენ დედა ენაზე. ახალგაზრდებმა ძირითადად იციან, რომ ოდესღაც ისინიც ქართველები იყვნენ და მერე ნელ-ნელაგათათრდნენ“. „მაგრამ ასე რომ მოხდა ჩვენი რა ბრალიაო“, - ამასაც აყოლებენ. ასიმილაციის პროცესი დღესაც მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა საქართველო და აზერბაიჯანისტრატეგიული მეგობრებიარიან.

მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს და ადგილობრივ თემშიც ზოგიერთ ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე და სცოდავს ხოლმე. მაგალითისთვის, სასკოლოდ შვილი მიჰყავს რუსულ ან აზერბაიჯანულ სექტორზე და ამით ბავშვს, სამომავლოდ მთელ გვარს გადაგვარებისთვის წირავს. ასეთ მშობელი შვილს ქართულიდედასმაგივრადრუსულადმამასათქმევინებს და ასე შემდეგ. დღევანდელ სამყაროში კიდევ ადამიანის ცნობიერებით იწყება და მთავრდება ყველაფერი.

ამ მტკივნეულ თემაზე ადგილობრივი მცხოვრები ემზარი (ვინაობას არ ასახელებს), მისივე თქმით რეალურ ამბებზე დაყრდნობით გვიყვება. ჩვენი რესპონდენტი იმედოვნებს, რომ მხოლოდ თბილისის მხრიდან ყურადღება და ადგილობრივების პასუხისმგებლობა გადაარჩენს საინგილოში ქართულ სკოლას და ეროვნულ თვითშეგნებას. მოვუსმინოთ ემზარს:

- ხშირად მსმენია, რომ ჩვენ, დედამიწა და დედამიწელები მხოლოდ ზეციურ-ჭეშმარიტი მე- ანარეკლები, სარკეები ვართ და მეტი არაფერი. ნეტავ მართლაც ასე იყოს...

6 წლის ყალმით ნახატი გოგო სამოთხის სადარ ინგილოურ ეზო-ყურეში მთელი გულით დარბის-თამაშობს და მისი უცოდველი ბედნიერება ზეცას აწყდება. სიცოცხლისგან ანთებული ბავშვი ვერაფრით ჩერდება, როცა ზაფხულის უზარმაზარი მზე უკვე მწვერვალს უახლოვდება. ან რა გააჩერებს პატარას სამოთხეში - ხასხასა ბალახმოდებულ, ვარდ-ყვავილებით გადავსებულ სამოსახლოში, სადაც ყველ ნაბიჯზე დახუნძლული ბროწეულიც ზეციურ ანაბეჭდებზე გვესაუბრება. მზის სხივი ყველა კუთხე-კუნჭულში აღწევს და გოგოსაც დასდევს, გვერდიდან არ შორდება - ისიც მზის მაცოცხლებელი გემო-სუნითაა გაჟღენთილი.

მაგრამ ზეცისგან განსხვავებით, აქ მიწაზე ყველაფერს, მით უფრო უსაგნო-უმიზეზო ბედნიერებასაც მოსდევს დაღლა და... დასასრული. უცბად ჩერდება შუა ეზოში ჩვენი პატარა, უცნაურად მოწყენილი ირგვლივ იხედება - დედას ეძებს.

- დედა, დე, სად ხარ? - მშობელი იქვე სახლის გვერდითა ღია სამზარეულოდან გამოდის.

- აქ ვარ ჩემო პატარა...

- ცოტა დავიღალე დე, წავალ და წამოვწვები, ცოტას დავიძინებ, მერე ისევ გამოვალ და ბევრს ვითამაშებ კარგი? - მოშვებულ-მოთენთილია ისე, როგორც გეგმური ძილის წინ იციან პატარებმა და დედას ამაში განსაკუთრებული არაფერი მოსჩვენებია.

- მიდი ჩემო სიცოცხლე და გაღვიძებისთანავე გამოდი, იცოდე დედა გელოდება შენ...

ტაატით მიდის გოგო საწოლამდე, იძინებს იმდენად ღრმად, რომ ... ვეღარ იღვიძებს ... დაგვიანებულზე მასთან დედა შედის და მხოლოდ იმასღა ახერხებს - ფრთხილად გვერდით უწვება, გულში იხუტებს დაუსრულებლად. ეს იმდენხანს გრძელდება, სანამ უახლოესი ადამიანები უსულოდ ქცეულ პაწაწა არსებას რამდენიმე საათში დამჭკნარი ხელებიდან ლამის ძალადობით არ გამოგლეჯენ.

ანგელოზს მეორე დღესვე მზის ჩასვლამდე ერთი სამოთხიდან მეორეში, სოფლის სასაფლაოზე ასევე ანთებული ბროწეულის ხის ქვეშ მარხავენ. საფლავის ქვიდან ისეთი დიდრონი თვალებით ანათებს ამ მწუხარე არემარეს, რომ სოფელში ამბობენ - მზე როცა არ ჩანს მზის კაბადონზე, ეს გოგო გვინათებს გზას დილაობითაც, როცა აქ მორიგ გარდაცვლილზე, მზის ამოსვლამდე მოვდივართო.

დედებმა კი არ იციან, რომ ჩვენ ყველა მხოლოდ ზეციური მე- ანარეკლები ვართ, მეტი არაფერი - შვილმკვდარ დედებს ხომ ეს არც არასოდეს ეცოდინებათ...

საწყალი ქალი კი მთელი დარჩენილი ცხოვრება ამას მოთქვამდა - ვეღარ გაიღვიძა, ვერ მოასწრო ჩემმა ანგელოზმადედასდაძახება, თორემ გვერდითა სამზარეულოში კი არა, ალმოდებულ ჯოჯოხეთში გავიგებდი მის ხმასო.

- როგორც მითხარით, თქვენი ამბავი ორი ნაწილისგან შედგება...

- დიახ, ამ ტრაგიკული ამბიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ დაბა ელისენში პატარა ბიჭს ცუდ სიზმარშიბაჯბაჯა“ (იქაური სულთამხუთავის სახელია) აწვება მკერდზე და სულს უხუთავს. ძლიერ სურს იყვიროს იღრიალოს და იქვე გვერდითა ოთახში დედა გააღვიძოს დროულად, საშველად. წრიალებს ბავშვი საწოლში და ხმა კი ვერაფრით ამოუღია. ბოლოს რის ვაი-ვაგლახით გაახსენდება, როგორ უძახის ხოლმე დედას რუსულად - მამააა, მამააა!!!

თავგანწირულ ძახილზე ხმა არსაიდან, არავინ ეპასუხება და ისიც ბაჯბაჯაშემოწოლილი ხრიალს აგრძელებს - მამააა!!! მამააა!!! უკვე ოფლში ცურავს სიმწრისგან, ორ ნაბიჯში მშობელი დედისთვის ძნელი გასაჭირი ვერ მიუწვდენია. ხელები-ფეხები თითქოს ხსნილი აქვს, მაგრამ მაინც უხილავად გაკოჭილია. ვერაფრით აუმოძრავებია, რომ საზარლად უსახო ბაჯბაჯა მოიცილოს, მოუსავლეთში გადაუძახოს. ეშმაკისეული ბაჯბაჯაც ხვდება ბიჭის უღონობას და უკვე ეთამაშება, ასე თამაშ-თამაშით სურს უძლურების უფსკრულამდე მიიყვანოს.

განწირულ ბიჭს უცებ გონება ეხსენება და ზეციდან გადმოსული სხივი ეკითხება - აბა გაიხსენე პატარა - რუსულმამაასშენს დედა ენაზე რა ჰქვიაო...

- ვაი დედააა!!! ვაი დედააა!!! ვაი დედააა!!! - ღრიალებს პატარა ბიჭი და სიზმარსა თუ ცხადშიც პატარ ბალიში უხვად დაღვრილი ცრემლებით ევსება, არაფრით ჩერდება - თითქოს ცა გაიხსნა, უფალი ღმერთი გამოეცხადა და გადარჩენის ერთადერთი გზა უკარნახა.

-  ვაი დედააა!!! ვაი დედააა!!! ვაი დედააა!!! - დაუსრულებელ ხრიალზე გვერდითა ოთახიდან თავზარდაცემული მშობელი გამორბის და ცრემლისგან დასველებულ საწოლში უვარდება, ღრმად ეხუტება და მოსიყვარულე ხელებიდან არ უშვებს; ან კიდევ რა ბაჯბაჯა დაალიკოჭი“ (მეორე აქაური ეშმაკისეული) გაუძლებდა და წინ აღუდგებოდა დედა-შვილის ჯერაც ამოუხსნელ სიყვარულს?

- დედა, დეე, საშინელი ბაჯბაჯა დამაწვა ძილში და მახრჩობდა, მკლავდა, აღარ მიშვებდა, მე კი ხმა ვეღარ ამომეღო - მამაა ვერ გაგაგონე და ბოლოს დედა დაგიძახე, გახსოვს სულ პატარაობისას ასე გეძახოდი, ენა რომ სულ თავიდან ამოვიდგი აი მაშინ, ახლაც დედა დაგიძახე დე და მხოლოდ ასე გაგაგონე, თორემ ხმას ვერაფრით მოგაწვდენდი და ეს ბაჯბაჯა ... თავს არ დამანებებდა... - ღრმა ძილისგან ძლივძლივობით გამოფხიზლებული ბიჭი ლუღლუღებს და გადარჩენისგან ცრემლები კი არ უწყდება.

- ჰო, დედიკო, მამაა ვერ გავიგე და დედა- დაძახებამ იმწამსვე გამომაღვიძა, ახლა ხომ შენთან ვარ და გთხოვ ნუღარ ტირი, თორემ მეც ვიტირებ და შენი საწოლი მლაშე მდინარედ გადაიქცევა; გთხოვ ჩემო პატარა ნუღარ ტირი, მე ხომ დედაშენი ვარ გვერდით და სულ ასე ვიქნები, არასოდეს დაგტოვებ, სანამ დედას დამიძახებ, არასოდეს დაგტოვებ... - მშობელი პატარა საწოლიდან გვერდით იხედება, რომ მისი ცრემლები მდინარეს აღარ შეუერთდეს, გვერდებიდან აღარ გადმოვიდეს...

ბოლოს ჩემებურებს მინდა მივმართო - ჩემო ელისენო, დღეს ოცდამეერთე საუკუნეში ტკბილქართულის დაკარგვით დედას ნუ დაკარგავ და მარადიულ მეხსიერებას, ღმერთთან საუბრის ენას ნუ წაშლი... თორემ ღამურაც ცოცხლობს მივარდნილი ეზო-ყურეებისა თუ სახლების ოღროჩოღროებში. იოანე ზოსიმე ქართულს ღმერთების ენას უწოდებდა. როცა მოიცლით, ერთი ჩვენებურ მოხუცებს ჰკითხეთ უფალი ღმერთი რა ეროვნებისაა და გეტყვიან (ჰერების რწმენით ღმერთი წარმოშობით ქართველია, რედ.). გამჩენ-გამზრდელ დედას და დედა ენას ნუ დაკარგავ, ელისენო... თორემ წარსულ დაკარგული მანქურთებით სავსეა ჩვენი სევდიან-მწუხარე დედამიწა.

ხშირად მსმენია, რომ ჩვენ, დედამიწა და დედამიწელები მხოლოდ ზეციური ჭეშმარიტი მე- ანარეკლები, სარკეები ვართ, მეტი არაფერი. ნეტავ მართლაც ასე იყოს...

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია