„გამოსავალი ვიდეოკამერების დაყენებასა და ნაგვის დამყრელების დაჯარიმებაშია, თორემ მთელი ქვეყანა ნაგავს, პლასტმასასა და ცელოფანს მიაქვს“
ქალაქი ჩვენივე კორპუსის სადარბაზოდან და ეზოდან იწყება. ელემენტარული სისუფთავის დაცვა ყველას პასუხისმგებლობაა, რაშიც მოვიკოჭლებთ. უშველის თუ არა ამ ეტაპზე საქმეს „ფაქტზე წასწრება“ და ოპერატიულად დაჯარიმება, ჯერ კიდევ საკითხავია. ამ თემაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი თბილისელი ნოდარია.
- ნაგავი რატომ უნდა დაყარო ნაგვის ურნის ქვეშ, რა უნდა უთხრა ამის გამკეთებელს? თან ის ყუთი ცარიელია! ასეთ საქციელსაც „გააპრავებთ“ ვინმე? ან ვინ უნდა მიხედოს სათანადოდ ამ ყველაფერს? ამას წინათ „ჯიგარმა“ მანქანიდან გადმოაგდო სიგარეტის კოლოფი, არც უფიქრია, რომ რამე ცუდს აკეთებდა. ნეტავ, 50 წელში მაინც თუ იქნება ქუჩაში სიგარეტის „პაჩკის“ დაგდება სირცხვილი, ძალიან გამიხარდებოდა. საზოგადოება არ გმობს არანაირად მსგავს საქციელს, მაგისთვის ჩხუბის ატეხა შეიძლება დაგმოს...
სიგარეტის დაგდებას კიდევ ვინ ჩივის. აღმაშენებლის ხეივანში ჩემ წინ მანქანა გაჩერდა შუა გზაში, ზუსტად მესამე ზოლში; ჯერ კინაღამ დამამტვრია, მერე გამოაღო კარი, საფერფლე იქვე ჩაცალა. რომ გავუარე, ვუსიგნალე და ხელით ვანიშნე, რას აკეთებ-მეთქი. საპასუხოდ შუა თითი „მაჩუქა“ და მსწრაფლ მოუსვა.
მე იცით რა მიკვირს? რომელიმე უმცირესობის წარმომადგენლობამ ერთი საათი რუსთაველზე რომ გაიაროს, მთელი თბილისი ფეხზე დგება და თავპირს ამტვრევენ (სულ ნაკურთხი ტაბურეტებით დასდევენ) და თბილისს ნაირფერი ნაგვისგან დედა რომ აღარ ჰყავს, ამაზე ვინ შეწუხდება? რაღაც გააკეთონ, შემოიღონ ზომები, დაწესებული ჯარიმა მაინც გადაახდევინონ, სანამ თვითშეგნება მოიმატებს. ეს ნაგვის ჩასაყრელები ხომ ზოგან ერთ კილომეტრშია.
კონკრეტულად ჩემს აივანზე ყოველდღე მხვდება: მზესუმზირას ქერქები, ქლიავის კურკები, საზამთროს წიპწები, ნაყინის ქაღალდები და კიდევ სავარცხელს გამოცლილი თმის ბურდა. აივნის ქვეშ ორჯერ ჩემ წინ დაეცა კარტოფილი, მეორეჯერ დაკუჭული ხელსახოცები; პირველ შემთხვევაში ბავშვმა ისროლა, მეორე შემთხვევაში დიდმა. ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ საკუთარ ეზოში არ არის და ეს ყველაფერი მიწას არ ანაყოფიერებს! ნაგვის დაყრა განსაკუთრებით ბუნებაში ხდება და ასევე გზაზე დიდი პრობლემა. საჭიროა მოსახლეობის განათლება ამ საკითხზე.
ამასთანავე, ქალაქში ნაგავს ხშირ დალაგებასავით და ქუჩის მორეცხვასავით არაფერი შველის. ნაგავს შვეიცარიაშიც ყრიან, მაგრამ იქ ერთი კოკა-კოლის ბოთლი შუა ქუჩაში 2 კვირა არ აგდია.
მეორე მხრივ, შენ რომ დაინახო ვინმემ ბოთლი მოისროლა ქუჩაში და შენიშვნა მისცე, როგორც აღვნიშნე ან ხელს დაგარტყამს, ან დაგჭრის - რა პონტში მაძლევ შენიშვნას და მითითებას და ა.შ. ხალხი ვერ ხვდება რატომაა მიქარვა ბუნებაში თუ ქუჩაში ლუდის ბოთლის, პარკის მოსროლა და მისთანები.
რაჭაში, შოვში ვიყავი რამდენიმე ხნის წინ, რომელ მჟავე წყლის წყაროზეც არ მივედი დაახლოებით 2-3 000 ბოთლი დამხვდა. როგორც წესი, ადგილობრივები ყრიდნენ, რაც არ უნდა უცნაური იყოს. ერთხელ ვიჩხუბე, ორჯერ, მერე შევეშვი - მთელ დასვენებას ჩხუბში ვერ გავატარებდი ფიზიკურად.
მგონია, ნაგვის დაყრა პირდაპირ მიანიშნებს ადამიანის ცნობიერებაზე, რაც შიგნით ხდება ის ხდება გარეთ.
შოვი რად გინდა, დედაქალაქის ცენტრში წამოსული მტკვარი რატომ უნდა იყოს ნაგვით სავსე? ქალაქის მთავარი გამყოფი სამწუხაროდ არის უბინძურესი - მიზეზი ისევ და ისევ ჩვენ ვართ, სხვებისკენ არ გავიშვიროთ ხელი. ცნობიერება გვაქვს ჩარჩოებში, ჯერ კიდევ ტომებს და კლანებს ვერ ცდება, სამწუხაროდ.
იგივე ხდება შენობებს რომ გადახედოთ, მორგებულია ვიღაცის ჯიბეს და ინტერესებს. შედეგად კი ჰაერია სასტიკად დაბინძურებული - ამას მოჰყვება უამრავი დაავადება, რაც ამ ბოლო დროს კატასტროფულად იმატა. რასაც დასთეს, იმას მოიმკი. თუ ფეხებზე დაიკიდებ ბუნებას და გარემოს, ბუნება და გარემო ფეხებზე დაგიკიდებს შენ - ამას ვერ ხვდება მე მგონია უმრავლესობა.
2 წლის წინ ვიყავი ევროპის ქვეყნებში და სიმართლე გითხრათ, პრაღასაც არ აკლდა ნაგავი - ერთი ეგ არის, ყოველდღე საფუძვლიანად წმენდდნენ. ძალიან არ ველოდი ამ ყველაფერს ბერლინში, რატომღაც გერმანიის ყველა ქალაქი „გაწკეპილი“ მქონდა წარმოდგენილი.
- ჩვენში მიზეზები და გამოსავალი კიდევ სად უნდა ვეძიოთ?
- ყველაფერი მაინც ბავშვობიდან მოდის. ძალიან პატარა რომ ვიყავი, მეგონა გარეთ დაგდებული ქრებოდა; ანუ არჩევანი მქონდა - ან უნდა მეტარებინა ჯიბით /ხელით, ან გარეთ დამეგდო და გაქრებოდა. მაგრამ, როცა მითხრეს არ შეიძლებაო, აღარ ვაგდებდი.
ბავშვი უყურებს დიდების ქცევებს და იმავეს აკეთებს. სანამ შეგიძლია ასწავლო ზრდილობა, უნდა ასწავლო, სხვა გამოსავალი არაა. ჩვენი საზოგადოებაც პატარა ბავშვივით არის და უნდა აღზარდო, ხან სიტყვით, ხანაც წკეპლით (ჯარიმა). ჩვენი მაკონტროლებელი კი ბოლო დროს „მახათოსანთა რაზმად“ გადაიქცა ქოცების ხელში - ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ.
როცა იმდენი კულტურა არ აქვს ადამიანს, რომ „თავში ჩარტყმის“ გარეშე მიხვდეს რა გააკეთოს, ანუ დააჯარიმო. ამისთვის ყველა ხეზე და ყველა ბოძზე კამერები უნდა დამონტაჟდეს და ერთ პატარა ნაგავზეც კი 500 ლარიანი ჯარიმა უნდა იყოს - სხვანაირად ვერ სწავლობს ეს ხალხი ჭკუას. რეალურად არის კიდევაც ეს სანქციები (მცირე ოდენობით), მაგრამ ვინმე დაუჯარიმებიათ? ეს პირდაპირი ნიშანია, რომ კიდევ კარგა ხანს არაფერი ეშველება ამ ქვეყანას. არადა, ყველაზე მარტივი მაგ პრობლემის მოგვარებაა - საკმარისია კანონი ცოტა გამკაცრდეს და ამუშავდეს.
პარალელურად, საჭიროა შესაბამისი კამპანიების წარმოება. ჯარიმებით დაბინძურების ყველა ფაქტი ვერ დაფიქსირდება. კომპლექსური მიდგომაა საჭირო პრობლემის მოსაგვარებლად. ამას ვერ მოაგვარებს ვერც რომელიმე ცალკე უწყება ან დეპარტამენტი, ან რომელიმე ცალკეული დაინტერესებული ჯგუფი. სადაც არაა, უნდა დამონტაჟდეს ბუნკერები, იყოს ზემოაღნიშნული ჯარიმებიც, საჭიროა კამპანიების წარმოება აქტიურად და ა.შ.
მილაპარაკია ჩემ მეგობართან, რომელიც სულ ყრის გარეთ და პასუხი ასეთი აქვს: დამლაგებლები რისთვის არსებობს, მოგვის და აღარ იქნება. ნაწილი დღემდე ასე ფიქრობს, ნაწილს კი უბრალოდ ფეხებზე კიდია გარემო და სხვა ხალხი.
მეტი სხვა რა უნდა იფიქრო? ნუთუ შეთქმულებას აქვს ადგილი? ნუთუ თავისუფალ ქვის მთლელთა ოქროს ცენტურიონები (მასონები) დადიან ღამე ქუჩებში და ნაგვის ურნებს ძირებს აცლიან, რათა იმიტაცია შექმნან, რომ ქართველები უკულტურო ხალხი ვართ? რათა შემდგომში ქართველობის წართმევა გაუმარტივდეთ? რა ვიცი, რა ვიცი.
ოხუნჯობას რომ თავი დავანებოთ, გამოსავალი ვიდეოკამერების დაყენებასა და ნაგვის დამყრელების სანქცირებაშია. თორემ მთელი ქვეყანა ნაგავს, პლასტმასას და ცელოფანს მიაქვს. ხაზს ვუსვამ, ბუნებაში სადაც არ უნდა გახვიდე, აბსოლუტურად ყველგან პლასტმასის ბოთლების მთებია. ჩვენი მთავრობა კი ბოლო ხანს ცირკის განვითარებაზე უფრო ზრუნავს.
- რას გულისხმობთ?
- როგორც ჩანს, ისევ ნაცების ჯინაზე, ხელისუფლებამ მოიცალა ბოლოს და ბოლოს ხალხისთვის და თანდათან აქტიურად აფინანსებს პროექტებს ქვეყნისთვის აუცილებელი დარგების განსავითარებლად. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიული მიმართულება გახლავთ ქართული ცირკი და საცირკო ხელოვნება.
ერთი შეხედვით ძნელი წარმოსადგენია, რომ ცირკს ქართულ რეალობაში რამენაირი განვითარება და ხელშეწყობა სჭირდება, განსაკუთრებით ბიძინას „პოლიტიკიდან წასვლის“ შემდეგ; და კიდევ უფრო განსაკუთრებით პარტია ქართული ოცნებიდან რამდენიმე დეპუტატის „სიმართლის სათქმელად“ გასვლის შემდეგ.
მაგრამ არა, თურმე ჩვენ რა ვიცით. ერზე და მამულზე მჭმუნვარე ხელისუფლის გონების სიმაღლიდან უკეთ ჩანს რა გვიჭირს, რა დაედება წყლულზე მალამოდ მრავალტანჯულ, ნაცების სისხლიან 9 წელ გამოვლილ, ათასჯერ კისერმოტეხილ და ათიათასჯერ მოტყუებულ, მაგრამ მაინც ბრძენ და წილხვედრ ერს.
ჰო, სწორედ ცირკი გვაკლია სულის მოსათქმელად. სულ ცოტა ცირკი და მალე წამოვდგებით ფეხზე ამაყად, ნაცების მიერ სულში ჩაფურთხებულს შევიმშრალებთ და ამაყად, თავაწეული გავაგრძელებთ სვლას ჩვენი ისტორიული დანიშნულების ალაგისკენ - ერთმორწმუნე რუსეთისკენ.
ჰო, როცა ბავშვს არ შია, სახლ-კარიც აქვს, ტანისამოსიც, არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მაშინ კი, ყველაფერი უხარია ბავშვს - ცირკიც, თოჯინების თეატრიც, ატრაქციონებიც და მულტფილმებიც. იქამდე კი, 10 წელია ე.წ. ცირკს ავითარებს ჩვენი ბატონი - უბრალოდ არ ითვალისწინებს, რომ ცხოველების გამოყენება არ არის პოპულარული თანამედროვე ცირკში და იმან კიდევ 4 მილიონი ადამიანი ჩაგვრთო წარმოდგენებში და გვათამაშებს - ხან იქით გვახტუნავებს და ხანაც აქეთ.
ისე უნდა გაითვალისწინოს, რომ ცირკის ცხოველები ბოლოს თავის მომთვინიერებელს კბენენ ხოლმე და ეჭვი მაქვს იგივე ბედი ელით მთავარ „დრესიროვჩიკს“ და მის დამქაშებს.
ხოლო ცირკი ადრე უხაროდათ ბავშვებს, როდესაც მუდმივი ელექტროენერგია და ფერადი ტელევიზორი სანატრელი იყო - ინტერნეტზე არაფერს ვამბობ. ახლა ხელში გვაქვს ლეპტოპი, უახლესი სმარტფონი, ინტერნეტი, იუთუბი, ტიკ-ტოკი, პაბჯი და ათასნაირი თამაში. ცხოველების ხტუნაობა და ჯამბაზების მასხარაობა ახლა ვის აინტერესებს? იუთუბში ნახავ წარმოუდგენელ ფოკუსებს. აკრობატების ნახვას კიდევ შეიძლება ჰქონდეს ინტერესი.
ხოლო ოცნება როგორც იქნა იმას მიაწვება, რაც მართლა გამოსდის - სადაც ბევრი ქართველი პოლიტიკოსის დასაქმება შეიძლება; სულ კლოუნებით არის სავსე ჩვენი პარლამენტი. ქოცსახელმწიფო, როგორც ერთი დიდი ცირკი ზრუნავს ცირკის განვითარებაზე? ანეკდოტია ფაქტობრივად.
წყარო: "გზა"