„სააკაშვილის გამოშვებას ვურჩევდი ივანიშვილს, ქულებს მაინც დაიწერდნენ დასავლეთის თვალში - იმკურნალოს და დაბრუნდეს, ფატალური გამოსავალი მაინც ავიცილოთ თავიდან“
პატიმარი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მკურნალობას თითქმის უშედეგოდ აგრძელებს. ოპოზიცია და დასავლელი მეგობრები ექსპრეზიდენტის ამ მიზნით ევროპაში გადაყვანას (უკან დაბრუნების პირობით) მოითხოვენ. ხელისუფლება კვლავაც უარზეა, რაც მოვლენების განვითარებას არაპროგნოზირებადს ხდის. ქვეყანა დაუნდობლობის ერთი და იმავე ტრაგიკულ წრეზე სიარულს არაფრით არ იშლის. ამ თემაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი თბილისელი კონსტანტინეა (გვარს არ ვასახელებთ).
- ისევ მაღალი სიცხეებიო, ისევ არ აქვთ დაზუსტებული დიაგნოზი. რაღაც ინფექციური დაავადება ახსენეს - არ დააკონკრეტეს. ფსიქიატრი ჩამოდისო, მაგრამ სიცხე არაფერ შუაში მგონია გამოხატულ ფსიქოლოგიურ სიმპტომებთან. ან უცხოელმა ექსპერტებმა რა დასკვნა დადეს ბოლოს და ბოლოს?
გიული ალასანია იყო სატელევიზიო ეთერში, ჰკითხეს აღნიშნულ სიმპტომებზე - მარტიდან აქვს სიცხეებიო - 38-მდე, ხან 37,6. პერიოდულად არ აქვს გამოხატული (ანტიბიოტიკების მიღების მერე) და შემდეგ ისევ ეწყებაო; დიაგნოზები ბევრია, თუმცა სრულყოფილი მაინც არააო და რაღაცები ბოლომდე გაურკვეველიაო, არ აზუსტებს.
რეალურად კი, ციხეს ვერაფრით ეგუება ეს ადამიანი. ჩემი აზრით, ეგაა მისი მთელი ავადმყოფობის თავი და ბოლო. როგორ დაიღუპა ამხელა კაცმა თავი პოლიტიკურად და ფიზიკურად. ამასთან, ის საპროტესტო მუხტიც ჩაკლა აქ, რაც აქ მანამდე იყო ქვეყანაში.
მოკლედ, ის ან ისინი, ვინც მიშა აქ ჩამოსვლაში დაარწმუნა, კაი დიდ „მაყუთს მოღუნავდნენ“. ალბათ 2012-ის „სპეცოპერაციის“ მერე მნიშვნელობით მეორე, ჯერ კიდევ საიდუმლოებით მოცული ღონისძიებაა (რბილად რომ ვთქვათ). ნეტავ თუ გავიგებთ ოდესმე, ვინ იყო ამის შემოქმედი ხალხი?
- მაინც რასთან გვაქვს საქმე?
- მგონი ყველაფერი საკმაოდ მარტივად გამოიყურება - კაცი ჩამოიყვანეს და პატიმრობაში კლავენ. ხოლო ვინც ჩამოიყვანა, თვითონ პარლამენტში გაიშოტა. ასე ვინც კლავს - მიშამ თავი დაიღუპაო, გაიძახის. რეალურად, მკვლელები არიან როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. სიმართლე გითხრათ, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, მეც ვერ ვგრძნობ მორალურად თავს ბოლომდე მართალ კაცად - ვერ ვეხმარები და იმიტომ.
- რა არის გასაკეთებელი?
- ჯერ ყველაფრის ობიექტური შეფასება უნდა ვისწავლოთ. თუ იძახი, რომ მიშა სხვა დონეა, რეფორმატორი და ა.შ. მისი შეცდომებიც უნდა აღიარო, ისევე როგორც წარმატებები (თუნდაც ის, რომ პატარკაციშვილსა და ივანიშვილს შორის ივანიშვილი აირჩია თავის დროზე). ასეთმა ცალმხრივმა დამოკიდებულებამ დაღუპა ეს კაცი - თურმე კი არაფერი ეშლება (ეშლებოდა), სხვამ შეაშლევინა.
ამ დროს, მტერი და მოყვარე ყველა ხვდებოდა, რომ სააკაშვილს ციხე გააგიჟებდა. ვის მოსწონს ციხე, მაგრამ ეგ მისნაირი კატეგორიის ტიპებზე განსაკუთრებით შეიმჩნევა. მიშასნაირები ხომ სულ მოძრაობაში არიან და ერთ ადგილას ვერ ჩერდებიან, სხვადასხვა საქმეს აკეთებენ ერთდროულად. ჰოდა, წესით საკუთარი თავი სხვაზე მეტად უნდა სცოდნოდა. მაინც მოატყუეს-ჩამოიყვანეს და ამ ჩამოსვლით ვიმეორებ, ყველაფერი გააფუჭა - რომელსაც ჯერ ისევ ჯიუტად არ აღიარებენ მისივე ფანები.
თავიდან მისი ჩამოსვლით უფრო მეტი ხალხი კი გამოვიდა ვითომ უკვე რეიტინგ დაწეული ნაცების მიტინგზე, ვიდრე ამას წარმოიდგენდნენ. უბრალოდ საკუთარი პარტიული ელიტა დახვდა უკვე გაყიდული. ამიტომ 90-იან წლებს მაგონებს დღევანდელობა - ზვიადის მკვლელობის ისტორიას; კონკრეტულად ვისი ხელით შესრულდა, მხოლოდ ეშმაკმა რომ უწყის. ჩამოიყვანეს თუ არა, სახლებში რომ გაიქცნენ მაშინაც ზვიადისტები. ცხედრის ექსპერტიზასთან დღემდე ახლოს რომ არ გვიშვებს მავანი. ერთხელ რომ ჭამ, მეორედ იგივე არ უნდა ჭამო - ცნობილი ფორმულაა. არ უნდა მიიღო გამოუცხადებელ მკვლელობაში მონაწილეობა ნებისმიერი ფორმით; და ისიც კარგად გაიხსენეთ, ზვიადის მკვლელობა რად დაგვიჯდა საქართველოს.
ახლაც კონკრეტული კითხვები დაისმის - კლავენ, წამლავენ, არ/ვერ მკურნალობენ? ამ დონეზე შიმშილობამ დააზიანა? ნუთუ ყველაფერს „აზვიადებს?“ ეს სიმპტომებიც რომ უცნაურია (ისევ რბილად), იმიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ ნელი სიკვდილით კლავენ. მაგდენი ხანი ვინც იშიმშილა, წელიწადზე მეტი მგონი ვერავინ იცოცხლა; მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილისაგან განსხვავებით, უმაღლეს დონეზე მკურნალობდნენ.
ცნობილია, რომ შიმშილობისას ორგანიზმი საკუთარი თავის გამოჭმას იწყებს და ბევრ შეუქცევად პროცესებს უდებს სათავეს. შინაგანი ორგანოების კვდომისკენ წასვლა იწვევს ტოქსიკოზს, თუმცა ცოტა რომ „წახმარებოდნენ“ „ბიძინოიდებიც“, არაფერია გამორიცხული.
ამ ფონზე, კრემლი მართავს მის თანდათანობით მოკვდინებას. თორემ ახლა ვისი ხელითაც იღუპება, პირადი ჯავრი არ შეიძლება ჰქონდეთ - მიშას ზეობისას ყველანი კარაქში ისხდნენ. არ მგონია ასე დიდხანს გაგრძელდეს - ქოცები ახლა იმაზე ჩალიჩობენ, რომ კრემლსაც გაუსწორონ და თავადაც როგორმე აირიდონ პასუხისმგებლობა, რაც სისულელეა, რადგანაც:
1. კრემლი რა უსისხლო ნაბ..ვარიცაა, უკვე წელიწადია ლაივში ვუყურებთ, სხვა რომ არაფერი ვთქვათ;
2. ასე თუ გააგრძელეს, ქოცები სასამართლომდე ვერ მიაღწევენ, რომ თავი იმართლონ.
- რას გულისხმობთ?
- პირველ რიგში, თვითონ ქოცების ინტერესში უნდა შედიოდეს მიშას და ნიკას პატიმრობიდან გამოშვება. მე არც ნაცი ვარ და არც ქოცი, უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ. ორივე რა მიზეზითაც არიან დაჭერილები, დღეს მაგ მიზეზით ბევრია დასაჭერი. მუდმივი არაფერია, დრო მოვა და მოუწევთ ხელისუფლების გადაბარება; და მომავალმა ხელისუფლებამ ისევ უნდა სდიოს ძველი მთავრობის წევრებს და ამგვარ თითიდან გამოწოვილებზე საქმეები ურჩიოს (რა და როგორ გააკეთეს არასწორად) - თუ უნდა გამართოს წელში ქვეყანა?
მე არც ამათი მჯერა, არც წინების მჯეროდა და ასე თუ გაგრძელდა, ალბათ არც მომავლისას დავიჯერებ, რადგან ყველა ფულის კეთებაზეა გადასული, ოღონდ რამე მოასწრონ თემაა. ამიტომ აქ ისევ ე.წ. შუაშისტებს აგინებენ, პრეზიდენტს იჭერენ, თავისუფალ მედიას ავიწროებენ და დრო აღარ რჩებათ ქვეყნის განვითარებაზე ფიქრის. პრობლემა მიშა და ნიკაა ამ შემთხვევაში, თუკი კარფურში 400 ლარიანი ხელფასია?
- გამოსავალი?
- უიმედო განწყობის მიუხედავად, სააკაშვილის გამოშვებას ვურჩევდი ივანიშვილს, ქულებს მაინც დაიწერდნენ დასავლეთის თვალში; იმკურნალოს და დაბრუნდეს, ფატალური გამოსავალი მაინც ავიცილოთ ყველამ ერთად თავიდან. მაგრამ ეტყობა ერთმანეთის მიმართ პირადი ბოღმაა, ჰოდა ალბათ არ გაუშვებს ბიძინა.
მე მიშას მიმართ სიყვარულის ბუშტი არ მისკდება. და საერთოდ, მის მიმართ სიმპათია მხოლოდ მის შემდეგ გამიჩნდა, რაღაც დასავლეთის წამყვანი სატელევიზიო არხზე ტელე წამყვანი რომ ეჩხუბებოდა - 2008 წელს რატომ გაუწიეთ რუსებს ასე პატარა ქვეყანამ წინააღმდეგობა და უომრად არ ჩაბარდითო; და მიშამ უპასუხა - 1921 წლის ანექსია და შემდგომი ოკუპაცია იმდენად დიდი ტრავმა იყო ჩვენი ქვეყნისთვის, სხვაგვარად არ შეგვეძლოო.
ისე, გულზე ხელი დაიდეთ და მიპასუხეთ - მიშამ რაც დააშავა იმისთვის ზის ციხეში, თუ რაც კარგი გაუკეთა ქვეყანას? ასევე გაითვალისწინეთ, მაგაზე მეტი დამაქცევარი წინამორბედი სასახლეში ვაცხოვრეთ და პატივით დავკრძალეთ. თენგიზ კიტოვანი ხომ უპრობლემოდ შემოდის ხოლმე ქვეყანაში, არც არავინ იჭერს და არც არავინ აწუხებს.
ხოლო მიშას მიმართ მხოლოდ იმაზე უნდა აღიძრას საქმე (სათანადოდ მკურნალობის შემდეგ) რეალურად, თუ იცოდა სისტემური დარღვევების შესახებ და ხელს აფარებდა; ასევე, იმ ბიჭის მკვლელები რომ შეიწყალა - სხვა თუ არაფერი, მორალურად არ იყო გამართლებული.
სხვა მხრივ, მიშამ 20 მილიარდი წაიღო და რაღაცები სრული ზღაპრებია. ახლა რაზეც ზის, ასევე სრული სისულელეა. მაშინ ეჭვი მაქვს ბიძინაც უნდა მიუჯდეს გვერდით - ერთად ჩალიჩობდნენ ეგენი ბევრ საქმეს.
მაგრამ რომ მოკვდეს?.. საკუთარ სინდისს რაღას ვუზამთ? მე მაგალითად ძალიან შემაწუხებს სინდისი, რომ ვერ ვუშველე. მიშას გაკეთებულში პლუსებმა ხომ მის მინუსებს ბევრად გადააჭარბა - ამიტომაც უზის პუტლერს. ჩვენ რაღას ვაკეთებთ ამ დროს?
წყარო: "გზა"