მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ჩვენი საზოგადოება იმდენად გაიზარდა, ქალები სულ უფრო ხშირად გამოდიან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე - 29 ნოემბერი 2022

ჩაკეტილი სივრცე ნელ-ნელა ინგრევა და ქალი მეორეხარისხოვან როლს თავს აღწევს“

ადგილობრივ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი ქეთევან კიკნაძე, ხაშურში იძულებით გადაადგილებულ პირთა სათემო ორგანიზაციაიმედსხელმძღვანელობს. საქმიანობის ძირითადი სფერო - დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამებია (უცხო ენა, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ..).

- ქალი პოლიტიკოსების წარმოჩენის მხრივ, ბოლო პერიოდში, ხაშურში მდგომარეობა ცოტა გაუმჯობესდა - ადრინდელთან შედარებით უკეთესობა აშკარად შესამჩნევია. დღეს ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღებაში გაცილებით მეტია ქალია ჩართული.

ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარედ ნინო ლიპარტელიანი (ქართული ოცნებიდან) გვყავს, ადგილობრივ პოლიტიკაში ხაზგასმული აქტიურობით რომ გამოირჩევა. ძალიან განათლებულია და თავისი მოღვაწეობით საკრებულოს წინა თავმჯდომარე მამაკაცებს აშკარად აჯობა. ასევე, დღეს ოპოზიციაშიც უფრო მეტი ქალია წარმოდგენილი. თუ ადრინდელი საკრებულოს დერეფნებში მხოლოდ ორ-სამ ქალს გადააწყდებოდით, ახლანდელში შეუდარებლად მეტი რაოდენობითაა.

საკრებულოს შიდა სამზარეულოს ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა გადაწყვეტილებაში კოლეგა მამაკაცებთან ერთად აქტიურობენ. ასეთი შედეგები საარჩევნოდ პარტიული სიების კვოტირებამ - უფრო სამართლიანმა გენდერულმა გადანაწილებამაც გამოიწვია. ჩვენი საზოგადოება იმდენად გაიზარდა, რომ ქალები სულ უფრო ხშირად გამოდიან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე, მათ შორის რეგიონშიც.

(ცნობისთვის: 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 წევრიდან 8 ქალია, რაც 29,62%– შეადგენს:  აქედან 4 ქალი წარმოადგენს მმართველ პარტიას – „ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო“, 3- „ნაციონალურ მოძრაობას“, 1 კი  პარტიასსაქართველოსთვის“. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერიას, 10 მუნიციპალური სამსახურიდან ქალი მხოლოდ 1– ხელმძღვანელობს, 9 განყოფილებიდან 5–ის ხელმძღვანელი ქალია).

- მუნიციპალურ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელ ფაქტორებზე რას გვეტყვით?

- ამ სფეროში წინა პერიოდების გადმონაშთები და კომპლექსები ისევ მოქმედებს. სამაგიეროდ, ახალი თაობა ბევრად გახსნილი, თავისუფალია და სამომავლოდ პრობლემებიც ნაკლებად იქნება.

მანამდე კი, ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან დაბნელი“ 90-იანებიდან მოგვდევს, ჯერაც თავს არ გვანებებს. საბედნიეროდ, ჩვენი მომავალი თაობები ბევრად თავისუფალი და შემწყნარებელი გვეყოლება და ასეთ გამოხატულ ჩავარდნებსაც უკან მოვიტოვებთ. .. 90-იანელები, თუნდაც ნებისმიერ გადაწყვეტილებასა და ნაბიჯზე ზედმეტად ბევრ ვფიქრობთ და ვწონით, ახალი თაობა გაცილებით სწრაფად იღებს სასურველ გადაწყვეტილებას. შეიძლება შეცდომა დაუშვან, მაგრამ მასზე პასუხისმგებლობის აღება და გამოსწორებაც არ ეთაკილებათ. ამ მხრივ, ბევრად კონკურენტუნარიანები არიან.

რაღაც გაგებით მეც 90-იანელების თაობას ვეკუთვნი და თავისუფლების გზაზე ჩვენ ბევრი ფაქტორი გვაბრკოლებდა. დევნილებთან საგანმანათლებლო მიმართულებით ვმუშაობთ და აქაც ვადასტურებ, თავისუფლების მუხტი მათში გამოკვეთილია.

- ნეგატიური გენდერული სტერეოტიპების მხრივ რა ხდება?

- ეს პრობლემა ზოგადად საზოგადოებაში არსებობს და გამონაკლისი არც  ხაშურია. მეორე მხრივ, საპასუხო პროტესტიც იზრდება და ხალხი ამ სტერეოტიპის დანგრევას ცდილობს.

სადღაც ისევ ყურს მოკრავ, რომ აი ის ქალია და კაცთან შედარებით მაინც უკანა პლანზე უნდა იდგეს. გადმონაშთი აქაც ჯერ კიდევ მოქმედებს და მის გაუვნებლებას დრო დასჭირდება. პრობლემა უფრო ასაკოვან ხალხშია და ახალ თაობაში აქაც პროგრესი აშკარაა. ჩაკეტილი სივრცე ნელ-ნელა ინგრევა და ქალი მეორეხარისხოვან როლს თავს აღწევს. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით სწორ გზაზე ვდგავართ. ნელ-ნელა ინგრევა სტერეოტიპი, რომ რადგან ის ქალია, აუცილებლად სახლში უნდა იჯდეს და გარეთ ნაკლებად გამოდიოდეს. საფუძველშივე არასწორი აზროვნების შედეგია. უამრავი ჭკვიანი, განათლებული ქალი გვყავს, ვისაც საზოგადოებრივ ასპარეზზე სასიკეთო საქმეების კეთება ძალუძს - ხშირად უკეთესადაც კი. დრომოჭმული სტერეოტიპი აუცილებლად დასანგრევია. თუ ასე არ მოხდება, თავისუფლების გაგება რაშიღა მდგომარეობს?

აქაც გამოსავალი უპირველესად განათლებასა და პასუხისმგებლობაშია. ამ გზაზე სწავლა და პრაქტიკული მუშაობა შედეგებს მოგვიტანს. მთელი ეს პროცესი, რასაკვირველია, ჩვენს სოციალურ-ეკონომიკურ ყოფასთანაც პირდაპირ კავშირშია.

- ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მავნე პრაქტიკები როგორია? 

- ჩემს სიახლოვეს ასეთი შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხაშურში გასულ წელს ქმარმა ცოლი სიცოცხლეს გამოასალმა. ბოლო დროს მუნიციპალიტეტში ქალზე ძალადობის რამდენიმე მსგავსი დანაშაული დაფიქსირდა. პატარა ქალაქში თუნდაც 2-3 მსგავსი შემთხვევა მეტად ყურადსაღებია. ალბათ არის დამალული შემთხვევებიც, ადრე თუ გვიან რაღაც ფორმით რომ იჩენს თავს. ორი დანის დარტყმის შემთხვევიდან ერთში ქალი გარდაიცვალა. ვფიქრობ, ასეთ  ტრაგიკულ შემთხვევებზე რეაგირება დაგვიანებულია ხოლმე. ორი ასეთი მსხვერპლი გვყავდა მარტო ხაშურში.

სამართალდამცველების ჩართულობაზე დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად ჩვენი საზოგადოება აგვიანებს ასეთ შემთხვევებზე (ისევე, როგორც ბევრ სხვა პრობლემაზე) რეაგირებას. ვიღაცა ყურს მოუყრუებს, ვითომ ვერ ხედავს მისივე მეზობლად თუ უბანში რა ხდება. ასე ადგილზე სხვადასხვას რგოლი ელემენტარულ პასუხისმგებლობას რომ არ იჩენს, მერე უკვე სამართალდამცველებამდეც დაგვიანებულად აღწევს და რეაგირებაც უკან მიდევნებული სანთელია, მეტი არაფერი.

მსგავს ტრაგიკულ ფაქტებში ჩვენი საზოგადოების პასუხისმგებლობა თუ უპასუხისმგებლობაც გამოკვეთილია და ამის თქმის არ უნდა გვეშინოდეს. მეზობელი თუ იქვე მცხოვრები უბნელი გულგრილად დარჩება, ამას მოჰყვება არასასურველი შედეგები - მარტო სამართალდამცავებზეც ხელს ვერ გავიშვერთ. ამისთვის ჯერ საზოგადოება უნდა ვიდგეთ სიმაღლეზე და მერე მათაც მოვთხოვოთ, ვისაც სათანადო პროფესიული რეაგირება კანონით ევალება. ასეთი სამოქალაქო მენტალიტეტის ჩამოყალიბებასაც ისევ და ისევ მეტი განათლება და დრო სჭირდება.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია