მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
9 თვეში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 306 და დაშავდა - 5704 ადამიანი - 09 დეკემბერი 2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 306, ხოლო დაშავდა 5704 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შსს-ს მონაცემების თანახმად, გასული წელს, აღნიშნულ პერიოდში, კერძოდ, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში 4335 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 305, დაშავდა 5 746 ადამიანი.

როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო შემთხვევებმა 6%-ით დაიკლო, თუმცა დაშავებულთა და დაღუპულთა ოდენობა თითქმის არ შემცირებულა.

„ეს გულისხმობს, რომ ავტოავარიები მძიმე შედეგებით სრულდება და მათი შემცირება არ მოქმედებს მსხვერპლის შემცირებაზე. მსოფლიოში აქტიურად გავრცელებულია შვედეთის მიერ წამოწყებული „ნულოვანი ხედვის“ ძირითადი პრინციპი - საგზაო შემთხვევები შესაძლოა მოხდეს, მაგრამ მთავარია შემთხვევები ფატალურად და მძიმე შედეგებით არ დასრულდეს...

ამ თემაზე ჩვენი რესპონდენტი კონსტანტინეა.

- ამ დღეებში, აეროპორტის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას „გლოვოს“ კურიერი ემსხვერპლა. გაჩერებულ ტრაილერს შეასკდაო - მიდიოდა თურმე, ზოლი შეიცვალა და წინ ტრაილერი დახვდა. ინფორმაცია გარდაცვლილის მეგობრებმა გაავრცელეს.

თელეთში გოგოს მანქანა დაეჯახა, სამწუხაროდ ადგილზე დაიღუპა.

ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორი-მეჯვრისხევის მონაკვეთზე, კვარხეთთან ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ. რეგიონული მედიასაშუალების, „მოზაიკას“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 61 წლის კაცი გარდაიცვალა. არიან დაშავებულებიც.

ასე დღეში 2-3 ადამიანს ვკარგავთ. თუ ქართველობას გადაშენება უწერია, ავტოსაგზაო შემთხვევები და ფემიციდი წამყვანი ფაქტორები იქნება.

- მიზეზები...

- ეს რეალობა ისევ და ისევ აზროვნებიდან, უფრო სწორად მისი არქონიდან გამომდინარეობას. უნდა ვაღიაროთ - ცალკეულად ჭკვიანებიც გვყავს, ძალიან ჭკვიანებიც და სულელებიც. აი კოლექტიურად კი, ფაქტია, რომ ნაკლები შეგნებისა და აზროვნების ხალხი ვართ.

პირადად მოტოც მყავს და დიდი შავი ჯიპიც. როცა ჯიპით ვარ გარეთ, გზას ყველგან მითმობენ, იქაც კი სადაც ნაკლებად მეკუთვნის დათმობა. მაგრამ როცა მოტოთი ვარ, ლამის ზედ გადამიარონ. არავინ არ გითმობს გზას და არ გატარებს - ყველა ცდილობს ჩაგიჭრას. კულტურა და შეგნებაა დაბალი ხალხში. როცა ღამით სიგნალ-სიგნალ დადის ხალხი ქუჩებში, რა უნდა მოკითხო? პაპუასების ქვეყანად ვიქეცით და იმიტომ.

რახან შავ ჯიპში გხედავენ, გონიათ, რომ მდიდარი ან ძალაუფლებიანი ხარ და ქვეცნობიერად ეშინიათ შენი. პატარა მოტოზე როცა გხედავენ (რახან ღარიბი და დაუცველი ჩანხარ), ცდილობენ ზედ გადაგიარონ. ამ მხრივ, ჩვენში წარმოუდგენელი პრიმიტივიზმი და ერთუჯრედიანობაა გამეფებული.

აეროპორტის გზაზე ტრაგიკული შემთხვევისას, ტრაილერის მძღოლი დაიჭირეს როგორც ვიცი, არასწორი პარკირების გამო. დავიჯერო ადგილზე მაშინდელი დაპარკინგებული იყო? პოლიცია უყურადღებობას რომ იჩენს ხშირად, ამიტომ არის საგზაო შემთხვევების დიდი რაოდენობა. არ აქვს ამ ხალხს შეგნება და ვიღაცამ უნდა ითავოს კონტროლი, სხვაგვარად არაფერი გამოვა.

- კიდევ რა ტიპის პრობლემებია?

- რატომ არ უნდა ითქვას ისიც, რომ მაგალითისთვის, გლოვოს და სხვა კომპანიების კურიერები უკონტროლოდ დადიან და ე.წ. ბესპრეძელს ქმნიან გზებზე და ტროტუარებზეც. ავტომანქანები შედარებით ნაკლებად იმიტომ, რომ გაბარიტები არ აძლევთ საშუალებას; და თანაც, საკუთარი მანქანების დაზიანება არ უნდათ (რა გასაკვირია).

მაპატიეთ, მაგრამ ზოგი მართლა ვერ იაზრებს, რომ მოპედით საშინელი მანევრისას (ნახევარი წუთის მოუთმენლობით), საკუთარი სიცოცხლის გარდა მთელს თავის ოჯახს რომ კლავს და ანადგურებს. ამისწინა შემთხვევისას, თუ არ ვცდები მატარებელს შეუვარდა კურიერი მოპედით.

ალბათ განსჯის დრო არ არის, მაგრამ იმიტომ ვამბობ ამ ყველაფერს, რომ თუ ვინმეს სადმე აგვიანდება, სჯობს ცოტა დააგვიანოს, ვიდრე თავი მოიკლას. მძღოლებს რამდენი სარისკო სიტუაცია გვინახავს. ხშირად კურიერები პირდაპირ მნიშვნელობით გზებზე სასწაულებს აკეთებენ. ამიტომ აღნიშნულ ტრანსპორტზე ყველაფერი ძალიან უნდა გამკაცრდეს - მართვის მოწმობა, დაშვებული სიჩქარე და სამუშაო ასაკიც კი. თორემ რომ ვაკვირდები თვითგანადგურების იმპულსია ჩართული.

ისევ მანქანიდან გარემოს ვაკვირდები და სრული ქაოსია - სკუტერები, ფეხით მოსიარულეები და მანქანები ერთმანეთში არიან აზელილები და ყველა ერთმანეთის გზაზე მოძრაობს. გული აგერევა, ისეთი შემზარავი ქაოსია.

ხოლო ამ ქვეყანაში სანამ უბედურება არ მოხდება, არავის არაფერი აღელვებს. იმ შადრევანზეც ხომ დაიდო ვიდეო - 2020-შიც რომ თურმე ურტყამდა ხალხს დენი. ყველამ მიივიწყა, სანამ 13 წლის ბავშვი არ შეიწირა.

ამიტომ ხაზს ვუსვამ - ცოტა მაინც დასარეგულირებელია (გასამკაცრებელია) ამ კურიერების მოძრაობის წესები. დადიან იქ, სადაც ხალხი ფეხით მოძრაობს, ზებრებზე და მიწისქვეშა გადასასვლელებშიც. ყოველ დღე დავდივარ მანქანით და ბეწვის ხიდზე დადიან (ავტობუსებს ზოლში უხტებიან), ისეთ რამეებს აკეთებენ. არ შეიძლება ასეთი უკონტროლობა. ხანდახან ცხვირწინ ისე გაჩნდება და ჩაგიჭრის, რომ ვერც კი ხვდები საიდან მოვიდა.

ასევე, ალბათ დამსაქმებელმაც თითო კურიერს რაღაც რაოდენობაზე მეტი შეკვეთის გაკეთების უფლება არ უნდა მისცეს - ცდილობენ მეტი მოასწრონ და გამოიმუშაონ... სამწუხაროდ ბევრი ეწირება, რადგანაც უმეტესობას არანაირი კონტრავარიული მოძრაობის გამოცდილება არ აქვს და არც კანონი სთხოვს.

მოკლედ, ქალაქში ყველაზე მეტს არღვევენ ტაქსისტები, კურიერები და ე.წ. დაბურულ შუშებიანები, თავზე რომ აქვთ „გადაქნეული“ ის "კამანდა..."

ასევე, დისტრიბუტორები გიჟებივით ატარებენ ტანკზე დიდ მანქანებს, რომ მალე მორჩნენ. ქვეითები წითელი რომ ენთებათ, მერე გადადიან გზაზე. ეს სქროლები ვაჟაზე შუა ზოლში დაქრიან.

ამ ფონზე, პატრულის ეკიპაჟის მიერ არასწორ მანევრზე დაჯარიმებული მძღოლი თუ გყავთ ლაივში ნანახი? ეს საერთოდ არ ანაღვლებს პატრულს და სანამ ავარია არ მოხდება, ასეთ რაღაცებზე არ ჯარიმდებიან მძღოლები.

- გამოსავალი კიდევ სად არის?

- მართვის მოწმობების მინიმუმ მესამედი ხმარებიდან ამოსაღებია. მგონია, რომ ეს საცობების პრობლემასაც მოხსნის. „პრავის“ აღება კი უნდა გართულდეს, ჩვენი ბოლომდე მოშვებული რეალობის გათვალისწინებით ურთულესი ამბავი უნდა იყოს.

ჩვენეულ გარემოში 50%-ზე მეტმა ნორმალურად ტარებაც კი არ იცის და რაღაც სისულელეებს აკეთებენ. და ყველაზე მთავარი - ე.წ. გაზაობა გინდა? წადი წყნეთის გზაზე (ნაკლები მანქანაა და არაფერს დაეჯახები) ან რუსთავის ტრეკი (ეს უფრო მოტოებს ეხება). გაივსო თბილისი მანქანებით, ვეღარ იტევს ამდენს.

კურიერებს რაც შეეხება, ამ ქვეყანაში ადამიანური სამუშაოს შოვნა რომ შეიძლებოდეს, მაგაზე არავინ წავიდოდა - თან უმეტესობა ახალგაზრდები არიან. რეალურად ძაღლური სამუშაოა, ძალიან მეცოდებიან და ყოველთვის მაქსიმალურად ვერიდები. თანაც, ეს გლოვო, ვოლტი და მისთ. ისე დადიან ტროტუარებზე, როგორც ფეხოსნები, პატრონ-მომკითხავი არავინაა. სანამ ვინმეს არ შეიწირავენ, ყურსაც არავინ გამოიბერტყავს. არანაირი წესის დაცვა - დაშლიგინებენ როგორც უნდათ, სადაც უნდათ - ეს მიდგომაა ყველა უბედურების თავი და თავი.

ასე გაგრძელდება სანამ პატრული არ გამოიღვიძებს, კამერები სრული დატვირთვით არ ჩაირთვება, სანამ არ გამკაცრდება კანონმდებლობა და გაიზრდება ჯარიმები!

მანამდე კი, ყოველდღე მანქანით გავდივარ სამსახურში და გეტყვით რასაც ვხედავ:

- სიჩქარის გადაჭარბება სანაპიროზე, ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე (ამ გზაზე ჯიპები რომ შუქებს აგინთებენ გამატარე-გამატარეო და შენ რომ 65-ით მიდიხარ დილის 8 საათზე);

- რა ბასლაინები, შეზღუდული ზონები, რა აკრძალული მონაკვეთები... ყველა არღვევს, დაწყებული მწვანე-წითელი ნომრებით, დამთავრებული მარკიანი, 1000-ლარიანი ნომრებით, თანაც ისე რომ პატრულის მანქანა უკან მიყვება...

- ცალკე საუბრის თემაა ფეხით მოსიარულეები და მათი თავგასულობა, სადაც მოეპრიანებათ იქ რომ გადადიან;

- დაბოლოს, ამ მთავრობას არ აქვს არც პოლიტიკური ნება, არც იმის უნარი, რომ განახორციელოს ნებისმიერი სახის რეფორმა - არჩევნებიც მოდის და იმიტომ.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია