„ცხოველებიდანაც კი კეთილი მხოლოდ ვირია შემორჩენილი და იმასაც გამეტებით ჩაგრავენ“
ითხოვე და მოგეცემა, ბიბლიური ჭეშმარიტებაა. ასეა, მაგრამ ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლისთავზე იმდენსაც ვერ მიაღწია, რომ ქუჩაში ლამის ყოველ ნაბიჯზე ადამიანებს სამოწყალოდ ხელის გაშვერა არ სჭირდებოდეთ (ზოგისთვის, ლამის პროფესიად არ იყოს ქცეული). უმწვავესია ცალკე ბავშვთა მათხოვრობა, ხშირად დიდების მიერ მართული. ეს რეალობა ჩვენი ყველას პრობლემა და პასუხისმგებლობაა. ამ თემაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი ნიკოლოზია.
- მკაცრი იერის მიღმა ალბათ მაინც კეთილი სახე მაქვს, რადგან მოწყალების მთხოვნელები ქუჩაში როგორც ბუზები ისე მეხვევიან. დიდი ხანია დაკვირვებული ვარ, ისინი სიარულისას ყველას არ აჩერებენ, ამას შერჩევით აკეთებენ. ვისაც კეთილი და დასტურ მოწყვლადი გამომეტყველება აქვს, იმას ხელიდან არ უშვებენ. ასე ვარ მათთვის მეც.
ჭავჭავაძის პროსპექტზე გავდივარ თუ არა, თავიდან ფეხებამდე შავებში მოცული ქალი მაჩერებს. ისე, რომ შანსი არაა გვერდი აუქციო. ვრცელი კორპუსით გზას მიღობავს და ძველბერძენ რიტორს რომ შეშურდება, ისეთი ექსპრესიული ტექსტით მომმართავს:
„მაგარი სულელი ვარ მე ბედშავი, სახლიდან გამოვედი და ავტობუსით მგზავრობის ფული დამავიწყდა. ახლა არ ვიცი, შინ როგორ უნდა მივიდე, თქვენ ვერ დამეხმარებით სამგზავრო ერთი ლარით“?
სადღაც გულის სიღრმეში ვბრაზდები, შე დალოცვილო, პირდაპირ ლარიანს რატომ ითხოვ, იქნებ ჯიბეში საერთოდ არაფერი მიჩხრიალებს? მომთხოვე რის საშუალებაც შეიძლება მქონდეს, 20-50-თეთრიანს მოგცემ და ეს ერთი ლარი რაღა „სტავკაა“ მე მაგის დედა ვატირე!
მაინც მეცოდება, კი მჭევრმეტყველებს, მაგრამ თვალებს აქეთ-იქეთ ისე აცეცებს, არ ვიცი რა ხდება ამ დროს მის ჩაბნელებულ სულში. მე ხომ კეთილი სახე მაქვს და სხვანაირად მოქცევის უფლებაც ალბათ არ მაქვს. გულმოდგინედ ვიჩხრეკ მარჯვენა ჯიბეს, მარცხენა დიდი ხანია მკვიდრად გამოხეული და უძიროდ მაქვს შთენილი, რის ვაი-ვაგლახით ლარიანს ვაგროვებ. ერთი წამითაც აღარ მიჩერდება, სწრაფად მიხდის მადლობას და გზას გაჩერებისკენ აგრძელებს.
ნურას უკაცრავად, მეორე მხრიდან ვუყურებ და გაჩერებაზე სულაც არ ყოვნდება, გზას აგრძელებს მორიგი კეთილი სახის ძებნა-გამოჭერაში. მაგრამ სიკეთე ხომ უანგაროა, ქენი იგი და წინ დაგხვდებაო.
წინ ახლა დაოთხილი მამაკაცი მხვდება. ხელში ათი და ოცლარიანები უკავია. სწრაფი, სპორტული ნაბიჯებით მიახლოვდება ისე, რომ ამხელა ბრბოში სხვას ვერც ამჩნევს.
„ძმაო, ერთადერთი გოგონა ავად მყავს, საავადმყოფოში მიწევს. სასწრაფოდ ოპერაცია სჭირდება, ამისთვის თანხა მაკლდება. შეგიძლია ლარით დამეხმარო?“
ღმერთმანი ისეთი ტექსტია ქვას გახეთქავს და მე ვინღა ვარ? ერთი შეხედვით კეთილი სახე კი მაქვს, მაგრამ მთელი სამყარო ვერ ჩასწვდება ამ სახის უკან რა ტიპის დემონი იმალება.
„არ განსაჯო და არ განისჯები“, - ეს სპორტული აღნაგობის მამაკაცი ცოდვილი განსჯისთვის დროსაც არ მიტოვებს, მისი შვილი ხომ ოპერაციის მოლოდინში ილევა. აჰა, გაინძერი, ლარი გაიმეტე, თორემ ერთი ციცქნა გოგონას სიკვდილ-სიცოცხლე სასწორის პინაზე დევს. მარჯვენა ჯიბეს შარვლისას ისევ ვაწვალებ (მარცხენა რამდენი ხანია გამოხვრეტილ-განადგურებული მაქვს), ლარიანი ამომაქვს და ვაწვდი.
ლამის სირბილით გზას აგრძელებს, სპორტული აღნაგობის კარგად დაკუნთული ბიჭია. ასეთი ტემპით ოპერაციის ფულს შეაგროვებს-მეთქი, ჩემთვის ვფიქრობ და ვმშვიდდები. ამისთვის მეც ხომ გავიღე მცირედი, გარშემომყოფთათვის კეთილი სახის დემონმა.
აქ მცირედ „ლირიკულად“ გადავუხვევ და გეტყვით, რომ მომდევნო დღეებსა თუ თვეებში ეს მამაკაცი თბილისის კიდევ რამდენიმე უბანში მხვდება, ასევე ხელგაშლილად მოსიარულე თუ მორბენალი, - რა შვილი, რა საავადმყოფო და ოპერაცია ხომ მითუმეტეს! სპორტული აღნაგობის, ჯან-ღონით სავსე მამაკაცი ცხენივით დარბის ქალაქის ქუჩებში და ამ გზით შოულობს პურს ჩვენი არსობისას.
ჰა-ჰა, კეთილი სახის დემონო, შენ არ გაქვს უფლება შენივე მოყვასი განსაჯო, შენი საქმე მხოლოდ სიკეთე და გაგებაა, თანაც ბოლომდე გაგება. ქვაზე დადე და წინ დაგხვდება, ესაა შენი მოწოდება და აცალე ადამიანებს ცხოვრების საკუთარ გზაზე სიარულში.
- კიდევ რა მსგავსი ისტორია გაქვთ?
- ვდგავარ ჩემთვის გაჩერებაზე და ვიღაც ბეკეკა ჯეელი გარშემო მიტრიალებს. ქვეშეცნეულად დამარტყა, ამასაც კეთილი ჯადოქარი ვგონივარ და რაღაცის თხოვნას ამზადებს-მეთქი. ამის გაფიქრება და არც კი დაუყოვნებია.
„ძმაო ბარათი მაქვს, თანხა არა, რომ ჩავრიცხო. შეგიძლია ავტობუსში გადამიხადო, ბოროტმა კონტროლიორმა არ დამაჯარიმოსო?“, - ისეთი საცოდავი სახით მეუბნება, მასში სიკეთის, ბოროტების, კადნიერების თუ სხვა მსგავსი კატეგორიებით მსჯელობას აზრი არ აქვს. ტიპს გამომეტყველებაში უჩანს, რომ ეს ამბები გააზრებულიც კი არ აქვს, უნდა და მორჩა! ნახა ბრბოში შედარებით კეთილი სახე, იფიქრა „მოვწველავო“ და გაუმართლა კიდეც.
- ალბათ ბარათზე სამგზავრო მექნება თუ არადა სხვა რამეს მოვიფიქრებთ-მეთქი, - ვეუბნები. ავდივართ ბარათს ვიღებ და მისთვის თანხა არ არის დარჩენილი. ისევ ბოლო შერჩენილ ლარიანს ჯიბიდან ვიღებ მარჯვენა ჯიბიდან (მარცხენას ტრაგედიაზე აღარაფერს გეტყვით) და ბილეთს ვიღებ. ისე აგლეჯს, წესიერად მადლობასაც არ მეუბნება.
ამას კონტროლიორები ამჩნევენ, ალბათ ფიქრობენ, რომ ვიღაც ბიჭმა ბილეთის თანხა ამახია და ცოტა არ იყოს შეცოდებით მიყურებენ. მე ხომ კეთილი სახე მაქვს და ასეთი ხალხი ჩემს ქვეყანაში ყოველთვის ეცოდებათ. ცხოვრებაში დაჩაგრულიაო, - იტყვიან ხოლმე ჩემნაირზე. მათ არ იციან, რომ შემდეგ ჩვენვე განვსჯით ჩვენს საქციელს, გაღებულ სიკეთეს, რომელიც დაფასებული კი არა, მიგდებული და ბოლომდე გათახსირებულია.
- ნუთუ ასეა ჩვენი საქმე?
- „ამ ქვეყანაზე გაგებული და კეთილი ვინ არის? არა ძმაო, ასეთი ცხოველებიდანაც კი მხოლოდ ვირია შემორჩენილი და იმასაც გამეტებით ჩაგრავენ“, - აი ასეთი მორალი ბატონობს ქვეყანაში და შენი ზნეობრივი განსჯანი არავის სურს და არც არაფერში გამოადგება, ჩვენში რომ ვთქვათ.
ჭავჭავაძის გამზირის ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი ასევე სავსეა მოწყალების მთხოვნელებით. ბოლო დროს მუსიკოს-მომღერლებმაც დუხჭირ ცხოვრებას შიგ თვალებში ჩახედეს და მათხოვრობა დაიწყეს. მათი თანმხლებნი წინ გადმოდიან და ფულის შესაგროვებელ ქუდს ფართოდ გიშლიან.
გვირაბის მკრთალ განათებაზე ჩემი კეთილი სახე გარკვევით არ ჩანს და ხშირად გვერდის ავლას ვახერხებ-ხოლმე. ერთადერთი ვისაც გვერდს ვერ ავუვლი კეკელიძისა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის უსინათლო მოწყალების მთხოვნელია. ჩემი სტუდენტობიდან მოყოლებული, წლების განმავლობაში ეს კაცი ზემოთა ქუჩებიდან ჩამოდის, აქ გზის პირას ჯდება და დაღამებამდე ხელგაშლილი ატარებს. ის ჩემს კეთილ სახეს ვერ ხედავს, მითუმეტეს მარცხენა ჯიბის გაუბედურებული აწმყო საიდან ეცოდინება, მაგრამ ყოველ გავლა-გამოვლაზე თუკი მარჯვენა ჯიბეში რაიმე მიჩხრიალებს, რაღაცას მაინც დავტოვებ-ხოლმე. ხმას არ ამოიღებს, მხოლოდ მორჩილად და მოწიწებით თავს დამიქნევს-ხოლმე.
ამ დროს ჩემში სიკეთის ღმერთი და ეშმა-დემონი აღარ იბრძვიან.
„არ განსაჯო შენი მოყვასი, რა იცი მან რა ცხოვრებით იცხოვრა და აქამდე მოვიდა და შენ თვითონაც აღარ განისჯებიო“, - ეს სიტყვები რჩება მალამოდ და დარდის გასაქარვებლად.
დაკვირვებული ვარ, სხვა გამვლელებიც ამ უსინათლოს ხშირად უტოვებენ ხურდებს. საღამოსკენ შავი ხელჯოხის ცეცებით აღმა სახლისკენ მიეშურება. კეთილი ადამიანების დახმარებით შიმშილით არ მოკვდება, ბოროტი დემონები აქ საერთოდ რა მოსატანი არიან.