„ერთი მაღალი გამავლობის და ერთიც სედანის მარკის ავტომობილიც იყიდოს მოკლე მანძილზე სასიარულოდ - მიდი ბოცა, ბოლომდე მიაწექი გაზს“
ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილის ახალი ავტომობილი ჰყავს. ტენდერი ქალაქის მერმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა და ბიუჯეტიდან ავტომობილის შესაძენად 118 211 ლარი გამოყო. მოთხოვნებში მანქანის მარკა და მოდელი დაკონკრეტებული არ ყოფილა, თუმცა ეწერა, რომ ავტომობილი ახალი გამოშვებული, არაუგვიანეს 2022 წლის უნდა ყოფილიყო, აუცილებლად ნაცრისფერი, ან ლურჯი. ავტომობილი უკვე დგას მერიის პარკინგზე, იმ ადგილზე, რომელიც ქალაქის პირველი პირისთვისაა გამოყოფილი.
ჩვენ ამ თემაზე ქუთაისელები გამოვკითხეთ.
ტრისტან.დ. : „ყოჩაღ ბოცას! არადა, ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ძვირდება. ის ქალი რა გვარი იყო, ჰო იმერლიშვილი, მგონი, ბოკერიას ნაჯდომ მანქანაში არ ჩავჯდებიო და ახალი მანქანა რომ იყიდა? 2 თვეა ქუთაისის ერთადერთ სპორტის სასახლეს ქარმა სახურავი დაუზიანა, პლუს სარემონტოა და თამაშები მაგის გამო ვერ ტარდება. და რაში სჭირდება ქუთაისის მერს ჯიპი? მაღალმთიან სოფლებში დადის? იმას არ ვამბობ ოპელ ვექტრათი იაროს-მეთქი, მაგრამ ვთქვათ ქემრი ალერგიას მიცემდა ან კია?“
რომან. ჯ: „შევარდნაძის დრო რომ ყოფილიყო, ექნებოდა ახლა 300 ლარი ხელფასი და „ნოლშესტი“. მიშას დროიდან მოყოლებული სხვა მიდგომებია ამასთან დაკავშირებით. თანამდებობის პირებს მაღალი ხელფასი და ცხოვრების კარგი პირობები უნდა ჰქონდეთ, რომ კორუფციაში არ გაეხვნენ. ბევრს არაცნობიერად ძველი დრო ელანდება, მაგრამ ის წავიდა, აღარ მოვა. და რა, არ დაიმსახურა? აბა, ის გინდოდათ, ის ნაცი ქალი გამხდარიყო მანდ მერი და ყველა ქოცი გაეყარა იქაური საჯაროებიდან? ქეცის ფხანაში რომ იღებენ ფულს“.
ნუგზარ მ. : „მერიის ბალანსზეა, დარჩება ბოლოს მერიას, სახლში ხომ არ მიაქვს. როგორ უნდა დაგენანოს ადამიანს, დღე და ღამე გაჭირვებულ ქუთაისელებზე ზრუნავს. ერთი მაღალი გამავლობის და ერთიც სედანის მარკის ავტომობილიც იყიდოს მოკლე მანძილზე სასიარულოდ. მიდი ბოცა, ბოლომდე მიაწექი გაზს“.
შოთა უ. : „ისე თითიდან გამოწოვილ-გამოგონილი არგუმენტი - „რეგიონებში სასიარულოდ საჭიროა მაღალი გამავლობის ავტომობილი“ - როდის უნდა მოკვდეს? ქართველ ჩინოვნიკს კანონით უნდა აუკრძალო გარკვეული მარკის ზემოთ მანქანა, სასჯელი უნდა იყოს ჭუჭყიანი წკეპლით მოფერება“.
იპოლიტე ს: „მერე ერთი კინკილა ჟურნალისტი კი არ უნდა ხვდებოდეს მიკროფონით ამ უსაქმურებს. მთელი ოპოზიცია თავზე უნდა აფარებდეს ყველაფერს, რასაც იმსახურებენ. ამას კი ბოცას ტყუილად კი არ ეძახიან. ბრძენმა ერმა 10 წლის მანძილზე ისიც ვერ მოახერხა, სადმე ოპოზიციონერი მერი მაინც აერჩია დიდ ქალაქში“.
მელორ ვ: „თქვა კაცმა, მარტო ჩემი არ იქნება, ჩემი ოჯახის წევრებიც მოიხმარენ, ასევე სიდედრი და ცოლის სხვა ნათესავებიცო. აზრზე ხართ, ას თვრამეტ ათასში რამდენი ხალხი დაკმაყოფილდა - სწორი არჩევანი გაუკეთებია ქუთაისს. ისე, ჰიუნდაი აქცენტზე მეტი არ უნდა ჰყავდეს ქალაქების მერიებს. მაინც კარგია, რომ პრადო არ მოაგორა. ყველაფერი ხომ შედარებითია წუთისოფელში“.
გუბაზ ს.: „აბა, რას ამბობ, ასეთები ეკადრება მაღალინტელექტუალურ ქართულ საზოგადოებას? მხოლოდ უწიპუწი აქციები, მაღალფარდოვანი სიტყვები, ლოზუნგები, კდემამოსილი და კულტურული გამოსვლები შეგვეფერება! პ.ს. ძალიან სასაცილო სკეტჩის გაკეთება შეიძლება. აჰა, იდეა კომედი შოუების ხალხს. მთავარი პრობლემა კი ამომრჩეველშია, რომელიც ვერ ხვდება, რომ ხელისუფლება მის ფულს ფლანგავს - რაც მის და მისი შვილების კეთილდღეობას აკლდება“.
მევლუდ დ: „შემახსენეთ ქუთაისში რამდენია საშუალო ხელფასი? 600 ლარი? 700 ლარი? დარწმუნებული ვარ 1000 ლარი უკვე „მაგარ“ ხელფასად ითვლება. ანუ, კარგ შემთხვევაში საშუალო სტატისტიკური ქუთაისელის სულ მცირე 10 წლის შემოსავლის ტოლი თანხა დაჯდა ეგ შკოდა. პ.ს. სატენდერო დოკუმენტაციაში რომ წერია, ავტომობილის გამოშვების წლად „არანაკლებ“ 2022 წელიო (ქართულიც რომ არ იციან). ღმერთმა დაიფაროს 2020 ან 2021 წლის გამოშვების მანქანაშიც ჩაჯდეს ბატონი მერი. და ქუთაისის საჯარო ტრანსპორტით რომ იაროს, რა მოხდება ? ნისკარტი მოუცვდება ? თან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებს საკუთარ თავზე. საერთოდ უნდა აეკრძალოს მანქანით სიარული მერიის ყველა თანამშრომელს. იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და იზრუნონ მის განვითარებაზე. მანამდე კი, ფრთხილად იაროს, ემანდ ცოლ-შვილს არ მოემსახუროს მაგ მანქანით, თორემ მიუსვამენ ნიკა გვარამიას“.
წყარო: "გზა"