პარტია „ლელო“ ინციატივით გამოდის, რომ მოხდეს ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულების მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირება.
როგორც პარტიაში აცხადებენ, მის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ ქართული სამოქალაქო სექტორის, არასამართავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების წარმომადგენლები და საპარლამენტო/პროევროპული პოლიტიკური ოპოზიციის წევრები.
მათივე შეფასებით, საჭიროა, ამ საბჭოსთან მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პრეზიდენტმა.
„„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ხელოვნურად შექმნილმა დაბრკოლებებმა ჩვენი ქვეყნის პარტნიორების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ცალსახად გაცხადდა, რომ ევროკავშირს სანდო პარტნიორი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ ჰყავს. ამავე დროს, ევროკავშირის დღის წესრიგია, რომ საქართველომ წარმატებით გაატაროს ის რეფორმები, რომელსაც ევროკავშირი ელოდება და ამით გზა გაეხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას. ამ პროცესში ევროკავშირის მთავარი პარნტიორები უნდა გახდნენ ის ორგანიზაციები და პარტიები, რომლებიც რეალურად მუშაობენ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან წამოსული წინადადებით და მათთან კონსულტაციების შედეგად, „ლელო“ გამოდის ინციატივით, რომ მოხდეს ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულების მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირება. მის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ ქართული სამოქალაქო სექტორის, არასამართავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების წარმომადგენლები და საპარლამენტო/პროევროპული პოლიტიკური ოპოზიციის წევრები.
მიგვაჩნია, რომ საჭიროა, ამ საბჭოსთან მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. საბჭოს ამოცანა იქნება, ოპერატიულ რეჟიმში გააკონტროლოს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის გზით აცნობოს საქართველოს მოქალაქეებს იმ დაბრკოლებების შესახებ, რომელსაც ხელისუფლება უქმნის ევროკავშირში შეტანილი განაცხადის წარმატებას და აქტიურად იმუშაოს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე შიდა და გარე წნეხის კოორდინაციის გზით. საბჭოს ამოცანა იქნება, აიძულოს „ქართული ოცნება“, შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელსაც ევროკავშირი ელოდება ქვეყნის ხელისუფლებისგან, ნათელი გახადოს პასუხისმგებლობის საკითხი ყველა კონკრეტულ ნაბიჯთან დაკავშირებით და ამით უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების უფლება, ზუსტად იყვნენ ინფორმირებულნი ევროკავშირის დღის წესრიგის გამოწვევებთან დაკავშირებით. „ლელო“ აქტიურ კონსულტაციებს გამართავს ამ საკითხზე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საპარლამენტო/პროევროპული ოპოზიციის სხვა წევრებთან. ამოცანაა, რომ ამ ეტაპზე ერთიანი ძალისხმევით არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ უფლება, რომ ქვეყანას საბოლოოდ წაართვას ისტორიული შანსი – ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი. თუმცა, ცხადია, რომ ეს ხელისუფლება არ უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ცხადია, რომ საზოგადოება მუდმივად იძულების წესით ვერ გააგრძელებს ურთიერთობას საკუთარ მთავრობასთან, რომელიც უნდა წარმართავდეს ეროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ამიტომ, „ლელოს“ პოზიციაა, რომ საქართველოს ევროპული გზის რეალური და საბოლოო წარმატებისთვის საჭიროა პოლიტიკური ცვლილებები და არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ გასტუმრება ქვეყნის მართვის სადავეებიდან“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.
წყარო: "პირველი არხი"