მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნინო ლომჯარია ,, ჩვენ ვკარგავთ სუვერენიტეტს, რადგანაც გადაწყვეტილებები, რომელსაც ,, ქართული ოცნება” იღებს, მხოლოდ ამას ემსახურება” - 21 მაისი 2023

,, ქართული ოცნება " კოორდინაციაშია რუსეთის ხელისუფლებასთან,  ამიტომ ოპოზიციასა და ხალხს  მეტი სიფრთხილე მართებს  " 

ქეთი ხომერიკი

ორიოდე დღის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითფრინავი დაჯდა, რომელმაც 2019 წლის შემდეგ საქართველოში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა. აღნიშნულს საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა, კერძოდ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქციები. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ სასწრაფოდ აიკრძალოს პირდაპირი ავიარეისები რუსეთიდან. მათი აზრით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა ქვეყანას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. მათივე მტკიცებით, შესაძლოა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩეს, მეტიც, დასანქცირდეს. ,, ქართული ოცნება" კი, ამ საფრთხეებს ვერ ხედავს. მეტიც, მათი მტკიცებით, ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველაზე მეტს ხელისუფლება აკეთებს. 

რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ რა საფრთხეები შეიძლება გაუჩნდეს საქართველოს და რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ხელისუფლების მტკიცება, რომ მას ქვეყანა ევროკავშირისკენ მიჰყავს ? ამ საკითხებზე ,,  ufleba. ge " ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ესაუბრა. 

ნინო ლომჯარია : ხელისუფლება ევროინტეგრაციის მიმართულებით, არათუ ყველა ნაბიჯს სწორად დგამს, არამედ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პირდაპირ დაგვაშოროს ევროპას. ვფიქრობ, შეგნებულად იქცევა ასე. როგორ შეიძლება არ იცოდე, რომ ისეთი ინიციატივების განხორციელება, როგორიც რუსული კანონის მხარდაჭერა იყო და როგორიც იზოლირებულ და სანქცირებულ რუსეთთან ფრენების აღდგენაა, შენი ევროპული ინტეგრაციის კურსს არ ეწინააღმდეგებოდეს. ამ ყველაფერს ევროკავშირი გაფაციცებით აკვირდება. ეს არის ის საკითხები, რომლებიც მათთვის წითელი ხაზებია. 

ბოლო დროს, დღეს რაც ხდება, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების ერთიანი გეგმის ნაწილია, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა და მოჰყვეს დასავლეთიდან საქართველოსთვის დახმარების შეწყვეტა. შესაბამისად, ხელისუფლებას არგუმენტიც ექნებოდა, რომ სწორედ რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულებაა მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ ამ გეგმის პირველი ნაწილი ჩავარდა, აამუშავეს მეორე რგოლი - პირდაპირი ფრენების აღდგენა. 

დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ არაერთი უსიამოვნო სურპრიზი გველის, ამიტომ აუცილებელია ფხიზლად ვიყოთ. ჩვენ შეგნებული უნდა გვქონდეს რასთან გვაქვს საქმე. 

- დარწმუნებული ხართ, რომ დღევანდელ მსოფლიოში არსებული რეალობიდან გამომდინარე აქტუალურია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება და ეს არ არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ?  

- ჩვენ გვაქვს ისტორიული და რეალური შანსი, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ, რაც გვიხსნის გზას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებისთვის. ეს პოლიტიკური შესაძლებლობა საქართველოსთვის შეიძლება დიდი ხანი არ გაგრძელდეს და ჩვენ ეს შანსი არ უნდა დავკარგოთ. მოგეხსენებათ, ჩვენ მუდმივად განვიხილებოდით მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. სამივე პარტნიორი ქვეყანა ერთმანეთს ვეხმარებოდით, რომ ერთად წაგვეწია წინ ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ თუ წელს ვერ მივიღებთ სტატუსს, უკრაინა და მოლდოვა წინ წაიწევს, ჩვენ კი, ჩამოვრჩებით. და რა ხდება შემდეგ ? იგივე უკრაინა არ ისურვებს, რომ ანგარიში გაუწიოს საქართველოს, როცა დაინახავს, რომ საქართველო რუსეთისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს, ასე ვთქვათ, პროვოკაციულს. დიახ, ჩვენ დავკარგავთ ამ პროცესში მათ მხარდაჭერას. ეს მხარადაჭერა კი, ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია. და საერთოდაც რა გვინდა რუსეთში ? მთელი მსოფლიო ფიქრობს,  როგორ დააღწიოს თავი ნებისმიერ იმ ეკონომიკურ კავშირს,  რომელიც რუსეთთან აქვს,  თავად რუსეთის მოქალაქეები გარბიან რუსეთიდან და ჩვენ რა გვინდა იქ ?

- ფიქრობთ, ხელისუფლებას საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს ?

- ჩვენ ვკარგავთ სუვერენიტეტს. ის გადაწყვეტილებები, რასაც ,, ქართული ოცნება " იღებს,  მხოლოდ ამას ემსახურება.  ისინი ქართველი ხალხის ნებისა და ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ, მხოლოდ რუსეთის დაკვეთას ასრულებენ. ჩვენი პარტნიორების მხრიდან გაფრთხილებები და მინიშნებები უკვე გაკეთებულია. და თქვენ იცით, რომ ზოგადად ევროპა და ამერიკა პარტნიორებთან აგრესიულ ენას არ იყენებს. მათ აქვთ საკუთარი დიპლომატიური ეთიკა, ისინი იძლევიან რჩევებს და ვისაც სურს პარტნიორობა ითვალისწინებს კიდეც. გაკეთდა ცალსახა განცხადებები, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა საფრთხის შემცველია და შეიძლება რისკის ქვეშ დადგეს ბევრი რამ, მოხდეს ქართული კომპანიებისა და აეროპორტების დასანქცირება. მეტი რაღა თქვან ? დასანქცირების მაღალი ალბათობაა. ჩვენ რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ და ვიმოქმედოთ. 

ვიმეორებ,  ხელისუფლება ასეთ მღელვარებებსა და კრიზისებს ხელოვნურად ქმნის.  ,, ქართული ოცნება " კოორდინაციაშია რუსეთის ხელისუფლებასთან,  ამიტომ ოპოზიციასა და ხალხს მეტი სიფრთხილე მართებს. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია