მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რამაზ საყვარელიძე ,, რუსეთმა ,,შავი კატა” გადაატარა საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობებში” - 26 მაისი 2023

,, ოპოზიციამ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში შიში დანერგა და ნაწილობრივ მიაღწია თავის მიზანს"

ქეთი ხომერიკი

როგორ აფასებს რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას,  რა საფრთხეებია მოსალოდნელი და  შეძლებს თუ არა ქვეყანა წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსის მიღებას ? ამ საკითხებზე ,, ufleba. ge " პოლიტოლოგ,  რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. 

- ბატონო რამაზ,  რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის თემაზე ბევრი ითქვა,  თუმცა საკითხი იმდენად აქტუალურია,  რომ მოდით,  ჩვენი საუბარი ამ ფაქტის შეფასებით დავიწყოთ...

- პირდაპირ გეტყვით, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას ტრაგიკულად არ ვუყურებ. ისმის შეფასებები, რომ საქართველოს ანექსია გრძელდება, სუვერენიტეტს ვკარგავთ და ა.შ, თუმცა მე ასე არ ვთვლი. რატომ ? თუკი საქართველოში რუსების შემოსვლა დღის წესრიგში დადგა, ისინი ავტობუსითაც შემოვლენ და თვითფრინავი გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. მეორე საკითხია საგარეო პოლიტიკური მხარე, რომელმაც თავი უკვე გამოავლინა. ვგულისხმობ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაცრ შეფასებებს, ინტონაციებს, რომ ჩვენ არ უნდა აღვადგინოთ რუსეთთან ავიამიმოსვლა, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების დრო არ არის, თუ არადა, ჩვენ მოვძებნით მიზეზებს, რომ სანქციები შემოვიღოთო. ეს რეაქციები მოსალოდნელი იყო. როგორც ჩანს, რუსეთმა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა ერთის მხრივ ამიტომაც აღადგინა. ეს პროვოკაცია იყო, რაც რუსულმა მხარემ აღნიშნა კიდეც. ამ ნაბიჯით რუსეთმა ამერიკას ათქმევინა, რომ საქართველოს სანქციებს დაუწესებს, თუ ფრენების აღდგენას გააგრძელებს. ასე რომ, რუსეთმა ,, შავი კატა " გადაატარა საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობებში. და ამ სვლით თავის მიზანს მიაღწია. ამრიგად, ვფიქრობ, რომ სანქციები სავსებით რეალურია. ახლა ვერ ვიტყვი, რომ ამ სანქციების მიზეზიც რეალური იქნება, მაგრამ ამერიკული მხარე, რომ საბაბს ეძებს, რათა მეტი სიმკაცრე გამოავლინოს, ფაქტია. და ჩვენ ამას ვაკვირდებით, ვხედავთ. გავიხსენოთ, იმავე კელი დეგნანის ბოლოდროინდელი განცხადებები, სახელმწიფო დეპარტამენტის მკაცრი შეფასებები და სანქციები მოსამართლეებს, ასევე კრიტიკა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავჯდომარის მიმართ და ა.შ. პრინციპში მათი მხრიდან კრიტიკულობა, არც ახალია და არც მოულოდნელი, თუმცა, რა თქმა უნდა,  არასასიამოვნოა. 

- რამდენად სწორ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება იმ ფონზე, როცა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ელოდება და თქვენი აზრით, მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს ?

- იცით, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა თვალით შემოგვხედავენ, თუმცა ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსის მიღება რეალურია. შემთხვევით არ არის, რომ ყოველ მეორე ევროპულ ქვეყანაში ისმის ფრაზა : თქვენ არასწორი ნაბიჯი გადადგით, თქვენ უნდა იყოთ ევოკავშირის წევრი. და ხედავთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებიც დარბიან ყოველ მეორე დღეს. როგორც ჩანს, ევროპას სხვა ინტერესი გაუჩნდა. ევროპის ინტერესია, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა სატრანზიტო ხაზები გამოატაროს. ამრიგად, დასავლეთ ევროპა ეცდება სატრანზიტო ხაზების გამომტარებელ ქვეყნებს შეძლებისდაგვარად კარი გაუღოს, მაგრამ არ მგონია, იგივე მიზნები ჰქონდეს ამერიკას. საქართველო ამერიკასთან სატრანზიტო ხაზს არ აკეთებს, შესაბამისად აშშ-ს შეიძლება განსხვავებული მიზნები ჰქონდეს. 

ხელისუფლებას ვურჩევ, რომ იმავე პოლიტიკა განაგრძოს. ჩვენ შევეჩვიეთ, რომ თუ ცუდად მოვიქცევით ,,კამფეტს" არ მოგვცემენ, ასე ვთქვათ, მოწაფის დამოკიდებულება გვაქვს და იქნებ უპრიანია ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მოწაფეები არ ვართ და საკუთარი პრეტენზიები გვაქვს. შეიძლება მეტადაც დაგვაფასონ. მით უმეტეს, თუ მათი ინტერესები ჩვენთან არის დაკავშირებული, იგივე სატრანზიტო ხაზი. თუ სატრანზიტო ხაზი აზერბაიჯანსა და საქართველოზე გაივლის, მაშინ მათ მოუწევთ ანგარიში გაგვიწიონ. სხვათა შორის, ეს დამოკიდებულება შეიძლება ამერიკის უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი იყოს. აშშ ევროპის პარტნიორი კი არის, მაგრამ დღეს ევროპასთანაც ჭიდაობს.  ამერიკა გარკვეულ საკითხებში ანგარიშს ევროპასაც არ უწევს, შეიძლება არც ამ საკითხში. 

ევროპის ქვეყნები კავკასიურ ტრანზიტზე არიან დამოკიდებულნი. ამერიკას ესეც არ აღელვებს. და თუკი, ამგვარი ტრანზიტი ჩაიშლება ვინ წააგებს ? რა თქმა უნდა, ევროპა და ჩინეთი. ჩინეთი კი, ამერიკის კონკურენტია, ისევე, როგორც ევროპა. აი, ამ შემთხვევაში ამერიკა საქართველოს გულშემატკივარი იქნება ? არა. მართალია, აშშ ბევრ საკითხში გვიდგას გვერდში, მაგრამ ახლა ახალი ინტერესები, სქემები და ფიგურები გაჩნდა და ამის მიხედვით მოქმედება შეიძლება ჩვენთვის, არც ისე ხელსაყრელი იყოს, თუმცა ასეთია პოლიტიკა. 

- და ბოლოს, ოპოზიცია ირწმუნება, რომ ხელისუფლება საქართველოს რუსიფიკაციას ახდენს.  რამდენად დამაჯერებელია ხელისუფლების მტკიცება, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ მიჰყავს ? 

- ოპოზიციამ ეს უნდა თქვას, სხვა რა უნდა თქვას, რაღაც ხომ უნდა თქვას...და ისინი, რომ იყვნენ ხელისუფლებაში სუვერენიტეტი გვქონდა ? და მაინც, ოპოზიციამ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში შიში დანერგა და ნაწილობრივ მიაღწია თავის მიზანს. ამავე მოსახლეობის საყურადღებოდ ვიტყვი - რუსეთზე ორიენტაცია ჩინეთსაც აღარ აქვს და უამრავი ნაბიჯი გადადგა, რომელიც რუსეთის სურვილებს ეწინააღმდეგება. პუტინის რუსეთს მსოფლიოს უძლიერესმა ევროპულმა ქვეყნებმაც ზურგი აქციეს, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანამ და საქართველომ რატომ აიღო ორიენტაცია რუსეთზე, საიდან მოიტანეს  ? თანაც, მაშინ როცა ტრანზიტი, რომელზედაც ვლაპარაკობთ სწორედ იმ შემთხვევაში შევა საქართველოში, თუ ის რუსეთისგან იზოლირებული იქნება. რუსეთთან იზოლაცია ყველაზე მეტად საქართველოსთვის არის მომგებიანი. ასე რომ, თუ მსოფლიო მდგომარეობას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეს ზედმეტი შიშია. 


პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია