,, სიმართლე გითხრათ, რუსეთის მოქალაქეების შემოდინებაში, იგივე პრობლემას ვხედავ, რასაც სხვა ეროვნების ადამიანთა სტუმრობაში "
რას გვიქადის, უკრაინაში ომის მწარმოებელი, პუტინის რუსეთი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, რა ტიპის საფრთხეები და პერსპექტივებია ? ,, ufleba ge " ,, ქართული ოცნების" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრს, დავით ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა.
ქეთი ხომერიკი
- ბატონო დავით, თქვენ პროფესიით ეკონომისტი ხართ და თქვენი აზრით, რუსეთთან უვიზო მიმოსვლა რა გავლენას მოახდენს საერთოდ ქართულ ეკონომიკაზე ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ დღეს ყველა ,, ეკონომისტია ", ყველამ იცის როგორ უნდა ააყვავოს ქვეყანა, მაგრამ მათ სათანადო განათლება არ აქვთ და საბოლოო ჯამში, ძალზე არაკომპეტენტურ რჩევებს იძლევიან...
- პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ დაგაინტერესათ ჩემმა აზრმა და შევეცდები, მკითხველისთვის გასაგებად ავხსნა, რაც გაინტერესებთ. კერძოდ, რაც შეეხება რუსეთთან უვიზო მიმოსვლას, აქ ალბათ უფრო სწორი იქნებოდა რომ გვეთქვა, რუსეთს ისედაც ჰქონდა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა და ეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რატომღაც მიხეილ სააკაშვილმა, უკაცრავად და, ,, უფეშქაშა "რუსეთს ეს. გახსნა რა რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები, ანუ მათ უვიზოდ შემოსვლას მწვანე შუქი აუნთო, ლარსის გამშვებ პუნქტთან ხვდებოდა რუს ტურისტებს და ეპატიჟებოდა საქართველოში, ანუ ისინი ისედაც შემოდიოდნენ უვიზოდ. ახლა კი, პირდაპირი ავია-რეისები დაინიშნა და გაუგებარია, თუ რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს აქამდე შეეძლო შემოსულიყო სახმელეთო ტრანსპორტით, რასაც ჩვენი ,, თავგადაკლული მამულიშვილები" ( ოპოზიცია ) არ აპროტესდებდა, ახლა ეს ადამიანები თუ თვითფრინავით ჩამოფრინდებიან რა ხდება ? ანუ ეს რას ცვლის, ვერ ვიგებ, მართლა გაუგებარია ?
აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რუსეთში ასიათასობით ქართველი ცხოვრობს. და ეს ადამიანები შესაძლოა ათწლეულებია საქართველოში ვერც ჩამოდიოდნენ და მათი ოჯახის წევრები თუ ჩადიოდნენ სტუმრად. ასე რომ, ვფიქრობ, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დიდი პრობლემები არ შეიქმნება.
- ოპოზიციის თქმით, რუსეთის მოქალაქეების მზარდი შემოდინება, სიმრავლე საფრთხის შემცველია...
- სიმართლე გითხრათ, რუსეთის მოქალაქეების სიმრავლეში, იგივე პრობლემებს ვხედავ, რასაც სხვა ეროვნების ადამიანთა სტუმრობაში. ანუ რომ განვმარტო : სახელმწიფო სამსახურები გამართულად უნდა მუშაობდნენ და ვინც აქ ქართულ კანონმდებლობას დაარღვევს, უკლებლივ ყველამ უნდა აგოს პასუხი. თუ არადა სტუმარი, თუ არაფერს აშავებს, კანონს არ არღვევს, მაშინ ეროვნულობის გამო ხომ არ უნდა შევავიწროვოთ...
- ასევე გვითხარით, რას წარმოაადგენს თავად რუსეთის ბაზარი და რა პერსპექტივა აქვს იქ ჩვენს ნაწარმს ?
- რუსული ბაზარი ადრეც იყო ჩვენი ბიზნესისთვის მიმზიდველი და ახლა მით უფრო საინტერესო ხდება. მთავარია სწორი მარკეტინგული სვლები. კარგად მესმის, რომ რუსეთთან ვაჭრობის კონტექსტი საჯილდაო გახადეს ,, ნაცებმა " და მათმა განაყოფებმა, რომლებიც ტყუპისცალივით გვანან ერთმანეთს და დესტრუქციაში კიდევ ერთი მთლიანნი არიან და ებრძვიან რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს, მაგრამ აქვე მახსენდება და იმედია, საქართველოსაც კარგად ახსოვს ,, ნაცების " პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ფრთიანი გამონათქვამი : ,, რუსულ ფულს სუნი არ ასდის "... აი, ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც ქართველ ხალხს, ამომრჩეველს ნამდვილად ვერ გამოაპარებ და ამიტომაც არიან ყველა მორიგ არჩევნებზე ,, ნაცები " ჩვენი ბრძენი ხალხისგან ,, თავში ჩარტყმულები ".
- და ბოლოს, დავუშვათ, წლის ბოლომდე მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რას მოგვემს ეს ? ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს, ანუ ძირფესვიანად შეცვლის მოსახლეობის საკმაოდ რთულ სოციალურ პირობებს, ეს ხომ არასერიოზულია...
- რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, თუ რა ფურორს მოახდენს ჩვენს შემთხვევაში, ამის ნათელი მაგალითია : უკრაინა და მოლდოვა. ახლა კონკრეტულად უკრაინის შემთხვევა გასაგებია ( ომშია) , მაგრამ აი, მოლდოვის შემთხვევაში რა გითხრათ...არ მგონია, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, მოლდოვა ისე შეიცვალა, რომ ,, წარსული " ისტორიას ჩაბარდა. არა, რა თქმა უნდა. და საერთოდაც, ვფიქრობ, რომ ქვეყანას იმიტომ ჰყავს ხელისუფლება, რომ ვისაც მოსახლეობის უმეტესობა ენდობა, მან უნდა მიიღოს საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები.