მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვალერი კვარაცხელია : ,,სახელმწიფომ, რომელსაც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული, იგრძნო, რომ ამ ქვეყნიდან ზურგში დანას არ ურტყამენ - 18 ივნისი 2023

ვალერი კვარაცხელია: ,, ხელისუფლებას არ მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ, მოდის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რასაც მრავალპოლუსიანი მსოფლიო ჰქვია"  

მოუტანს თუ არა რაიმე სიკეთეს პუტინის ხელისუფლებასთან ურთიერთობების დალაგება საქართველოს, უბრუნდება თუ არა ,,ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსულ ორბიტას და მიიღებს თუ არა საქართველო წლის ბოლომდე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ? ,, ufleba.ge " ,, სოლიდარობა მშვიდობისთვის" წარმომადგენელს,  ,,ნეიტრალური საქართველოს" თავჯდომარეს, ანალიტიკოსს, ვალერი კვარაცხელიას ექსკლუზიურად ესაუბრა.

ქეთი ხომერიკი

- ბატონო ვალერ, თქვენი აზრით, რამ განაპირობა რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება იმ ფონზე, როცა პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრძელებს ? 

- მას შემდეგ, რაც გორბაჩოვისეული გარდაქმნა დაიწყო და მოკავშირე რესპუბლიკებში ეროვნულმა მოძრაობებმა წამოყვეს თავი, ჯერ საბჭოთა კავშირთან, შემდეგ კი რუსეთთან ურთიერთობა მუდმივად დაძაბული იყო. ამიტომ ბუნებრივია, რომ რუსეთს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი ჰქონდა დაწესებული. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მერე საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობაც გაწყვიტა. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისებიც შეაჩერა. თქვენ გაინტერესებთ, რა შეიცვალა ახალი ისეთი, რომ რუსეთმა სავიზო რეჟიმიც მოხსნა და პირდაპირი ავიარეისებიც აღადგინა. დააკვირდით: რუსეთმა, რომელსაც მთელი დასავლეთის სამხედრო მანქანა დაუპირისპირდა, საქართველოსგან პირველად მიიღო დადებითი გზავნილი. სახელმწიფომ, რომელსაც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული, იგრძნო, რომ ამ ქვეყნიდან ზურგში დანას არ ურტყამენ. ვგულისხმობ ორ რამეს: პირველი, საქართველო არ შეუერთდა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს. მეორე, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ არ გახსნა მეორე ფრონტი. საქართველოს მთავრობას, რა თქმა უნდა, ეს რუსეთის სიყვარულით არ გაუკეთებია. ამგვარი ქმედების მოტივი საქართველოს ინტერესებშია საძებნი. ჩვენი სანქციები რუსეთის ეკონომიკას ვერ დაანგრევდა, მაგრამ ეს სანქციები საქართველოს ეკონომიკას მიწასთან გაასწორებდა, რადგან ჩვენი ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული რუსეთზე. მეორე ფრონტზე ხომ ლაპარაკიც არ შეიძლება. ადვილი წარმოსადგენია რა მოხდებოდა რუსეთთან ომის შემთხვევაში, იმ ფონზე, როდესაც ევროპის უდიდესი სახელმწიფო უკრაინა სრულ კატასტროფას განიცდის რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების შედეგად. ამიტომ საქართველოს მთავრობამ მიიღო ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, თუმცა რუსეთმა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები მოტივირებული იყო არა რუსეთის, არამედ საქართველოს ინტერესებით, ეს გზავნილები დადებითად აღიქვა და მიიღო ქართველი ხალხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სავიზო რეჟიმის მოხსნასა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. აქვე გეტყვით, რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი დელეგაციის (,,სოლიდარობა მშვიდობისთვის") რამდენიმე ვიზიტს რუსეთის სახელმწიფო დუმაში, სადაც ეს საკითხი დავსვით, განვიხილეთ და რუსეთის პრეზიდენტს მივმართეთ თხოვნით, რომ პრობლემა ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად გადაეჭრა. 

- ამ და სხვა ნაბიჯებით ,,ქართული ოცნების" ხელისუფლება ნელ-ნელა რუსულ ორბიტას ხომ არ უბრუნდება, მათ პოლიტიკას როგორ აფასებთ ? ოპოზიციის თქმით, ხელისუფლება ქვეყნის რუსიფიკაციას ახდენს...

- არა, ხელისუფლებას არ მიჰყავს საქართველო რუსეთისკენ, მაგრამ მოდის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რასაც მრავალპოლუსიანი მსოფლიო ჰქვია. აშშ-ს ნამდვილად მოუწევს პოსტსაბჭოთა სივრციდან წასვლა. სად აღმოჩნდება ასეთ შემთხვევაში საქართველო ? მგონი არ მომიწევს იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველო ახალ გეოპოლიტიკურ პოლუსს ვერ შექმნის. ის იქნება რომელიმე გეოპოლიტიკური პოლუსის შემადგენელი ნაწილი. გადახედეთ რუკას (გლობუსს) და მიხვდებით თუ სად მოგვიწევს ყოფნა. აქ საქართველოს მთავრობის გუნება-განწყობა კი არ არის გადამწყვეტი, მსოფლიო გეოპოლიტიკური პროცესებია გადამწყვეტი, რომელსაც წინ ვერავინ აღუდგება. საზოგადოების განვითარება ანუ ისტორია ისევე ემორჩილება კანონზომიერებას, როგორც ქიმიური და ფიზიკური პროცესები. საქართველოს მთავრობამ უკვე გააკეთა ის, რაც მას ქვეყნისა და ხალხის წინაშე ეკისრებოდა. ეს იყო მშვიდობის შენარჩუნება იმ უაღრესად არასტაბილურ გარემოში, რომელშიც აღმოვჩნდით. მთავრობამ ქვეყნის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა ამ ნაწილში პირნათლად შეასრულა. ისტორიული პროცესების შეცვლა კი მას არ ევალება. მთავრობის მოვალეობას ამ პროცესებში გარკვევა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება შეადგენს, რასაც ჯერჯერობით წარმატებით ართმევს თავს. 

- ამ ფონზე, რამდენად შეძლებს საქართველო წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას და რას მოგვცემს ეს ? 

- არაფერს. ევროკავშირი დამთავრებული ორგანიზაციაა, მას ერთადერთი პერსპექტივა აქვს - დაშლა. 

- უვიზო რეჟიმის გაუქმება და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ხელს თუ შეუწყობს ქართული ეკონომიკის განვითარებას და რას მოუტანს ეს საქართველოს მოსახლეობას ? 

- რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის მოხსნა, პირველ რიგში, ქართველ ხალხს შეუმსუბუქებს ამ ქვეყანაში მოქმედ ჩვენს უზარმაზარ დიასპორასთან კავშირს, საკუთარ ოჯახის წევრებთან მიმოსვლას, საქმიან ურთიერთობებს. დაიცავს მათ ზედმეტი ხარჯებისა და ნერვების წყვეტისგან, შემოვლითი მარშრუტებით მომქანცველი ფრენებისგან და ა.შ. ესაა მთავარი. გარდა ამისა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია დიდ თანხებთან, ასეულობით მილიონისა და მილიარდის შემოსავლებთან, როგორც ტურიზმისგან, ასევე საავიაციო ბიზნესისგან და სხვა საქმიანი ურთიერთობებისგან, სხვა და სხვა სახის ბიზნესპროექტებისგან, რომლებსაც გზა უკვე გაეხსნათ. 

- ბოლო პერიოდში არის საუბრები, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის ეს ნაბიჯი (საჰაერო მიმოსვლის აღდგენა) იძლევა იმედს, რომ რუსეთი და საქართველო დაილაპარაკებენ და განიხილავენ საქართველოს ტერიტორული მთლიანობის აღდგენას, ეს რამდენად რეალურია ? 

- ერთმნიშვნელოვნად. იმ უზარმაზარი გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს (დასრულდა ერთპოლუსიანი მსოფლიო და იწერება მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ეპოქა), რუსეთმა დასავლეთისგან აშკარად იბრუნა პირი აღმოსავლეთით, რაც სრულიად ახალ რეალობას ქმნის პლანეტაზე. ამ ვითარებაში რუსეთს ჰაერივით სჭირდება ახალი პარტნიორები. საქართველოს სეპარატისტული რეგიონები ამ ახალ რეალობაში რუსეთისთვის არათუ საინტერესო და საჭირო აღარ არის, ზედმეტი და უსარგებლო ტვირთიცაა.

- რატომ ფიქრობთ, რომ პუტინის ხელისუფლებასთან ურთიერთობების დალაგება საქართველოს რაიმე სიკეთეს მოუტანს, როცა ქვეყანას, თუნდაც ბოლო ათწლეულებში ჩრდილოელი მეზობლისგან ოკუპაციის ბოროტების მეტი არაფერი უნახავს...

- ამ ორი რეგიონის მიტაცების შემთხვევაში რუსეთი სამუდამო მტერს იჩენს საქართველოს სახით, მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში მთლიან საქართველოსთან პარტნიორობის პერსპექტივა უჩნდება, რაც ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მისთვის უაღრესად ხელსაყრელია. ეს ვითარება როგორც ჩვენთვის, ასევე რუსეთისთვის ეპოქალური შანსია, რომელიც სწორად დანახვისა და გამოყენების შემთხვევაში როგორც ერთ, ისე მეორე სახელმწიფოს გააძლიერებს. 

იმასაც გეტყვით, რომ რუსეთის მხრიდან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ჩემთვის მოულოდნელი არ იყო, პირიქით. მას შემდეგ, რაც საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ აშკარა მტრობის გამოვლინება შეწყდა, რუსეთისგან სწორედ შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმას ველოდი. ეს ნიშანია იმისა, რომ მომავალშიც ინტერესთა შეჯერების გზით თუ ვივლით, რუსეთისგანაც ანალოგიურ პასუხებს მივიღებთ. 30 წელიწადია ჩემს ხალხს ამის შესახებ ვესაუბრები და, როგორც იქნა, ამ მიმართულებით ძვრები დაიწყო. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია