საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი ნატო-ში გასაწევრიანებლად და სამხედრო კუთხით სრულად თავსებადია ნატო-სთან.
პაპუაშვილის თქმით, ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მხრივ, ნატო-ს არ აქვს არანაირი მიზეზი, რომ საქართველო შემდეგ ეტაპზე არ გადავიდეს.
რაც შეეხება ნატო-ს, ნატო-ში წევრობას, ვფიქრობ, რუსეთის უკვე მერამდენე განმეორებითმა აგრესიამ და იმ ვითარებამ, რომელიც დღეს არის რეგიონში, ევროკავშირის თუ ევროპის რეგიონში, გვაჩვენა, რომ თუკი სადმე მშვიდობის საზღვარია, ეს არის ნატო-ს საზღვარი. ჩვენ ვხედავთ პირდაპირ, ღიად, სად გადის მშვიდობის ხაზი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის მისწრაფება, რომელიც აქვს ჩვენს ხალხებს, ამ შემთხვევაში საქართველოს და ქართველ ხალხს, იმ სურვილს, რაც ნიშნავს, რომ ვიყოთ ჩვენც, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, დაფარული ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგით, ჰქონდეს ადეკვატური გამოხმაურება ნატო-ს მხრიდან. 2008 წელს ითქვა, რომ ნატო-ს კარი ღიაა, თუმცა ღია კარის პოლიტიკა ჯერჯერობით რჩება მხოლოდ ღია კარის პოლიტიკად და ამ მხრივ დიდად წინ გადადგმული ნაბიჯები არ არის. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ მხრივ იყოს პროგრესი. ამაზე მქონდა საუბარი, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა არგუმენტი გამოიყენება ხოლმე, რათა გამართლდეს გადაწყვეტილება, რომ არ ხდება გაწევრიანების გეგმის მონიჭება თუ სხვა შემდეგ ეტაპზე გადასვლა, თუმცა ვფიქრობ, დღეს უკვე ყველა ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია, გაცემულია როგორც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ვფიქრობ, თვითონ ნატო-ს წევრი ქვეყნებიც დარწმუნდნენ, რომ მნიშვნელოვანია უფრო მეტი სიცხადე. ბუნდოვანება, როგორც ჩვენ 2008 წლიდან გვქონდა, მხოლოდ აღრმავებს რისკებს. მნიშვნელოვანია მეტი სიცხადე ამ მხრივ. ასევე, რაც შეეხება თავად სახელმწიფოების მზაობას, საქართველოს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ამა თუ იმ რეფორმაზე არის ხოლმე საუბარი, ვფიქრობ, ეს უფრო მეტად საბაბია, ვიდრე მიზეზი. ჩვენი ინსტიტუციური განვითარების მხრივ, არანაირი მიზეზი ნატო-ს არ აქვს, რომ არ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე.
შევახსენებ ყველას, რომ ყველა, ნებისმიერი სანდო საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველო ნატო-ს წევრ ბევრ ქვეყანას უსწრებს სხვადასხვა ასპექტით. მაგალითისთვის გეტყვით, გამჭირვალობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო ნატო-ს წევრ 15 ქვეყანას უსწრებს, კანონის უზენაესობის და მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, ნატო-ს ოთხ წევრ ქვეყანას უსწრებს საქართველო. ამიტომ საუბარი, თითქოს საქართველო ინსტიტუციურად, ვგულისხმობ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ არის მზად შემდეგი ეტაპისთვის, ეს არის მხოლოდ საბაბი და არა მიზეზი.
რაც შეეხება MAP-ის საკითხს, პაპუაშვილის თქმით, საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ ითქვა, შესაბამის დოკუმენტებშიც არის ჩაწერილი, რომ საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა გახდეს ნატო-ს წევრი.
,,ჩვენ გვაქვს ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი, რომ ქვეყანა მოემზადოს და გახდეს შემდეგ ნატო-ს წევრი. ფინეთის მაგალითზე - ახლა, სავარაუდოდ, შვედეთის მაგალითსაც მალე ვნახავთ - ვნახეთ, რომ ეს ინსტრუმენტი არის მხოლოდ პირობითობა, მთავარია ქვეყნის მზაობა და პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ ეს ორი საკითხი სახეზეა, მაშინ MAP-ის თუ სხვა ინსტრუმენტების საჭიროება არ არის. საქართველოსთან მიმართებაში უკვე დიდი ხანია, განსჯის საკითხია, რამდენად საჭიროა ეს და ხაზგასმით არის ჩაწერილი, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატოში გასაწევრიანებლად",- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
,,ufleba.ge"