მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სად გადის ზღვარი ბიზნესის პასუხისმგებლობასა და უპასუხისმგებლობას შორის - 30 აგვისტო 2023

„შოვის ტრაგედიამ ბიზნესის ყურადღება უნდა გაზარდოს და პასუხისმგებლობის საკითხები ყოველდღიურ საქმიანობაში შეიტანოს“

(სტატია 2)

თავისუფლება ვერ მოიპოვება პასუხისმგებლობის გარეშე. უფრო მეტიც, ყველაზე დიდი თავისუფლება პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებით არის განპირობებული. ერთ-ერთი ფორმა კორპორაციული პასუხისმგებლობაა, როცა ბიზნესმა თავისი წონადი სიტყვა უნდა თქვას ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, სიღარიბის აღმოფხვრის, განათლება-განვითარების გზაზე.

ამ სფეროში გამონათებების მიუხედავად, პრობლემებზეც ვილაპარაკოთ. რაჭაში დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ პასუხისმგებლობის გამოჩენაში ყველა მხარე (მთელი საზოგადოება) მოვიკოჭლებთ. სახელმწიფო, ბიზნესი ერთი მხრივ ცდილობს რაჭის საკურორტო ზონის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობისთვის თუ ქვეყნის ბიუჯეტისთვის შემოსავლების გაზრდას. იქ ადგილზე ახალ სასტუმროებს, კოტეჯებს აშენებს და იმავე შოვს დასასვენებლად ახალ შესაძლებლობებს უჩენს. მეორე მხრივ, საკურორტო ინფრასტრუქტურა მთის მდინარეთა შუაგულში შენდება...

თანამედროვე ავტობანის მშენებლობით სახელმწიფო ცდილობს ქვეყანა განვითარების უფრო სწრაფ რელსებზე გადაიყვანოს. მერე მხრივ, ლეგიტიმური კითხვებია აღნიშნული მშენებლობის ტემპთან და ხარისხთან დაკავშირებით. იმავე რიკოთის უღელტეხილზე ჩინური კომპანიის საქმიანობა მუდმივ მონიტორინგს მოითხოვს, რათა მაგალითისთვის ხიდის ბურჯი საკმარისად მდგრადი, ფერდობზე მიმაგრებული ცხაური გამძლე იყოს და მიწის ყოველი შესაძლო ჩამოშლა ტრაგედიას არ იწვევდეს - მთაში კლიმატის ცვლილების შედეგები მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს.

ქალაქი ახალი მშენებლობების გარეშე წარმოუდგენელია. დროთა განმავლობაში ყველაფერი ძველი დაინგრევა და ახალი კორპუსები აშენდება. მაგრამ აქაც სახელმწიფოსა თუ ბიზნესის პასუხისმგებლობის ზღვარზე, თუ ბეწვის ხიდზე გვიწევს საუბარი. ვერის ხეობაში ტრაგედიის შემდეგ ამავე სივრცეში, „ლაგუნას“ ტერიტორიაზე ორი ცათამბჯენის პროექტი მტკიცდება. ოპოზიციისა თუ სამოქალაქო სექტორის საფუძვლიანი შენიშვნები ნაკლებად არის გათვალისწინებული. ეს მაშინ, როცა ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა და დარგობრივი სპეციალისტების თანამშრომლობის კარგი მაგალითები მოგვეპოვება. 

მშენებელ-არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი გვეუბნება, რომ ბიზნესის მკეთებელი საზოგადოების წევრია და ამ ყველაფერში მთელი სოციუმის პასუხისმგებლობაა. მისივე თქმით, კომპანიების პასუხისმგებლობას რაც შეეხება, არ უნდა მისცე თუნდაც რაჭის მსგავს სახიფათო ადგილებში მშენებლობის უფლება:

„არსებობს კანონი და ხეობებში მიწის გასხვისება აკრძალულია. მშენებლობაზე საერთოდ არაა საუბარი, ჯერ მიწის საკუთრება უნდა წარადგინო. ეს მიწა არ შეიძლება ვინმესი იყოს და მანდ ყველაფერს წერტილი ესმება. ვერ გეტყვით, ხეობაში მიწა როგორ გაიცა. მსგავს ფერდობებზე პატარა მოწანწკარე მთის მდინარე იკრიბება. თუ მისი ზედაპირი რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრია, მოსული ორმილიმეტრიანი ნალექი რომ რამდენიმე ათასზე გავამრავლოთ, რამდენიმე ათასი კუბური მეტრი, ანუ ტონა გამოდის. მთისა და ბარის მდინარე ერთმანეთისგან ამით განსხვავდება. მთებს გარშემო ძალიან დიდი წყლის შემკრები ფართი აქვს. რაც იქ დნება და მოდის ულაპარაკოდ ხეობაში ჩაედინება. რომელი ბიზნესისა და პროექტის პასუხისმგებლობაზეა აქ საუბარი, როცა ხეობაში მიწის გასხვისება საერთოდ დაუშვებელია? ძირითადი პასუხისმგებლობა ნებართვის გამცემზეა. შენთან კაცი მოდის და მართვის უფლებას ითხოვს. არც გამოცდას ჩააბარებინებ, ტარებაც არ იცის, მისცემ უფლებას, დაჯდება მანქანაზე და წავა - შენ რა, არ ხარ ამ დროს პასუხისმგებელი?“

როსტომაშვილის თქმით, თუ ბიზნესი დიდი ფულის შოვნაზე არ ზრუნავს, ის ბიზნესი არ არის. მისივე დაკვირვებით, საბჭოურ აზროვნებაში ბიზნესმენი ცუდი კაცია, რომელსაც ბევრი ფულის გაკეთება სურს:

„არსებობს წესები და ხაზები, რომელიც დაცული უნდა იყოს. თუ საქმიან ადამიანებს ვეტყვით, რომ ბევრი ფული არ გააკეთო, ბიზნესი აღარ გვექნება, ისევ საბჭოთა კავშირი შეგვრჩება ხელში. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ბიუროკრატიის რაოდენობით ლამის მთელ მსოფლიოს წინ ვუსწრებთ. ასევე, მუნიციპალიტეტებში ავტოპარკის რიცხოვნობით. მაგალითად, ტალინის (ესტონეთი) მერიას ხუთი მანქანა ემსახურება, თბილისის მერიას 3 ათასი. შესაბამისად, ის სამი ათასი კაციც რაღაცაზე ხომ პასუხისმგებელია?“

მშენებელი ადეკვატური კანონების აუცილებლობაზე საუბრობს. საილუსტრაციოდ მოჰყავს შემთხვევა, როცა ისევ ბიზნესს დააბრალეს რაღაცები და დელტაპლანები აკრძალეს: „ამ დროს მთიან საქართველოში ტურიზმის განვითარება გვინდა. დელტაპლანი კი არ უნდა აკრძალო, გამოცდები უნდა ჩაატარო, ოღონდ არაკორუმპირებული, შეამოწმო რამდენად ახალია, ბებიის მიერ ამოკემსილი არ უნდა იყოს და ა.შ. როგორც ეს მანქანებზეა. დღეს თბილისში რომ დადიან არ უნდა დადიოდნენ, მაგრამ ეს რომ აკრძალო, საარჩევნო ხმები აკლდებათ და არ აკეთებენ“.

როსტომაშვილის აზრით, კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა მაინც დრომოჭმული ტერმინია. მისივე თქმით, ეს პასუხისმგებლობა ბიზნესის გადასახადია:

„სოციალური პასუხისმგებლობა კანონითაა განსაზღვრული, რომ შრომის უფლებები დაიცვას. თუ არ იცავს, ეს უკვე დანაშაულია. მუშებთან კარგად მოქცევა რაიმე დამსახურება კი არაა, ასე უნდა იყოს. ასევე, საზოგადოებას უნდა უხაროდეს რომ ჩემი კომპანია იზრდება და შემოსავალი მილიონზე ავიდა. ნიშნავს, რომ თქვენ ჩემი კომპანიის 20%-ში ხართ წილში. ამის გამთავისებელ საზოგადოებას ეს უნდა უხაროდეს და მაშინ გვეყოლება საზოგადოება. შემდეგ მოსთხოვენ, ბიზნესი სწორედ გააკეთოს, გადასახადი დროულად გადაიხადოს და ა.შ. მერე სახელმწიფომ ბავშვებისთვის სახლები ააგოს, შშმ პირებს ეტლები შეუძინოს, მოხუცებულებს პანსიონატი აუშენოს - სოციალური პასუხისმგებლობაა. ის კი არ არის ვიღაც საბაჟოზე ფულს რომ მოიპარავს და მერე ამით ეკლესიას ააშენებს“. 

არქიტექტორი გვეუბნება, რომ ცნობიერების გაზრდაზე მედია უნდა მუშაობდეს: „ამ დროს ვინც რამეს აშენებს ცუდი ადამიანია. ვიღაცამ პატარა საძოვარი იყიდა, გამოვარდება სოფელი და აქ არაფერს არ გავაკეთებინებთო. ასევე კაშხალი არ უნდათ, აბა ქვეყანა როგორ აშენდება?“

რიკოთის უღელტეხილთან (ავტობანთან) დაკავშირებით მშენებელი გვეუბნება, რომ ნელი ტემპია და არ შეიძლება პროცესი ათი წელი მიმდინარეობდეს. მისივე თქმით, ხშირად უწევს გავლა და საკუთარი თვალით ხედავს ამ ყველაფერს:

„კარგია, რომ დაფინანსება ბიუჯეტში გაწერილია, ხოლო მშენებლობის ტემპი გაუგებარი და მიუღებელია (თან როცა ეს ერთი გზა გვაქვს). ასევე, მგონია კარგი ხარისხის არ არის. კონკრეტულს გეტყვით თუნდაც ბადეებზე, როცა ფერდობების ქანები სტატიკურად უნდა შეინარჩუნონ. მე ასე მასწავლეს, როცა ფერდობი იჭრება (მით უმეტეს მნიშვნელოვან კომუნიკაციაზე), ეს 45 გრადუსზე ხდება ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ ქვა აღარ დაგორდება (სხვა ზემოქმედების გარეშე). თუ მეტზეა მოჭრილი, მაშინ ბადე კლდეზე ბოლომდე მიჭერილი უნდა იყოს. თუ ბადესა და კლდეს შორის მანძილი არის, მას უკვე აზრი ეკარგება. ასე გაკეთდა ახლა თბილისში. ეჭვი მაქვს, ვინც აკეთებს, არ ესმის მიზანი რა აქვს. უთხრეს ბადე გააკარი და აკრავს, ფუნქცია არ იცის. ხომ ვამბობ, კენჭი თუ პატარა ქვა სტატიკურად უნდა იყოს, არ უნდა ამოქმედდეს, თორემ თუ დაიძრა, "შურუპებით" მიჭერილ ცხაურს ისე ააგლეჯს, როგორც ხელსახოცს. ეს პოტენციური ენერგია კინეტიკურში არ უნდა გადავიდეს.

როსტომაშვილის განმარტებით, გაბიონის იდეაც ის არის, რომ ნალექი გაატაროს და მიწად არ გაიბიდნოს. მისივე თქმით, ადგილზე პირიქითაა, ინერტული მასალის მაგივრად მიწა ყრია, რაც დაუშვებელია.

ასევე, ხომ გვაქვს ცხოველთა მონიტორინგის სამსახური? სამ მილიარდიან ერთ ავტოსტრადაზე, სადაც 110 სიჩქარე ნებადართულია, ძროხები და ცხენები დადიან, ეს რამდენად შეიძლება? ამის პატრონი არავინ უნდა იყოს, რომ აღკვეთოს? თუ რაღაც მორიგ უბედურებას ელოდებიან, მერე ერთი ამბავი ატყდეს, სპეციალისტებთან რეკვები და ა.შ. მანამდე ხმას არავინ იღებს“.

რაც შეეხება კორპუსების მშენებლობას, არქიტექტორის თქმით, ბიზნესი რომ გაუშვა, ასსართულიანს კი არა, ხუთას სართულიანს ააშენებს. მისივე თქმით, სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ მსგავსი პრობლემური საკითხები არეგულიროს:

„ბიზნესს წესდებაში უწერია, რომ მეტი ფულის გაკეთება სურს. კორუფციამ კი არა, კანონმა და წესებმა უნდა შემზღუდოს - ყველაფერი ჩემ ჯიგარზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ყველა ობიექტის ერთ ქვაბში მოხარშვა დაუშვებელია. ვაგონშემკეთებელი ქარხნის ოც ჰექტარზე (სადაც სატრანსპორტო კვანძებია) მშენებლობის მომხრე ვარ, ცენტრალურ ზონებს უნდა შევეშვათ. მიტოვებული ქარხნები ასათვისებელია, ვაგონშემკეთებელი ქარხანა არასოდეს აღარ იმუშავებს. ელმავალს შვეიცარიაში ვყიდულობთ. მიტიშინსკში და უსტკამენოგორსკში ვაგზავნიდით საბჭოეთისას ვაგონებს, ეს უნდა დავივიწყოთ.

აქ სხვა პრობლემაა - დიდი რაოდენობის მშენებლობა საპირისპიროს იწვევს. არქიტექტურა არის გარემო, მარტო საცხოვრებელი სახლი არ არის. მარტივად რომ გითხრათ, 200 ათას კვადრატულ მეტრზე აპირებენ 8 ათასი ბინა ააშენონ. თბილისის საშუალო მაჩვენებლით ეს დაახლოებით 24 ათასი ადამიანია (ოჯახი საშუალოდ სამსულიანია). ნიშნავს იმ ტერიტორიაზე ერთდროულად 24 ათასი კაცი იცხოვრებს. დაახლოებით ქალაქი სენაკია თბილისში. ასეთი ზომის ნორმალურ დასახლებას სჭირდება სკოლა, საავადმყოფო და მისთ. სატრანსპორტო კოლაფსი იმიტომ კი არ არის, რომ ბევრი შენდება, ამხელა კომპლექსის მშენებლობისას სკოლას არ უშენებენ და მშობლებს იქიდან ვაკეში მიჰყავთ და მოჰყავთ ყოველდღიურად. 

შედარებისთვის, კანადის ვანკუვერი 20-30 სართულიანი სახლების, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოსახერხებელ საცხოვრებელ ადგილია. მეორე მხრივ, ბოშათა დასახლების ერთსართულიანები ავიღოთ - რომელი გირჩევნიათ? ყველაფერს არა სართულიანობა, არამედ სრულყოფილი გარემო განსაზღვრავს, როცა ყველაფერი გააზრებულია“.

როსტომაშვილის აზრით, ლაგუნა ვერეს ზონაში საზოგადოებრივი ცენტრი კარგი იქნება და არანაირ სატრასპორტო კოლაფსს არ გამოიწვევს. მისივე თქმით, კვანძს ისეთი არაფერი დაემატება, მაინც ყველას მანდ გავლა უწევს:

„ბარემ მარკეტი და მსგავსი დაწესებულება რომ იყოს, შევა და გამოვა. მცხოვრებლებისთვის კი არასწორი ადგილი მგონია. ასევე, მსგავსი მასშტაბის ობიექტი მარტო ერთ ზონაში ამოგლეჯილად არ შეიძლება კეთდებოდეს. ვერის ბაღიდან დაწყებული სასტუმრო აჭარამდე მთლიანობაში უნდა გავიაზროთ. მაგალითად, მეორე მხარეს 16 თუ 18 ჰექტარი ცირკის მიმდებარე, ვაკის პარკის ხელა ტერიტორიაა და 30 წელია მიგდებული გვაქვს. ადამიანი ვერც კი მოხვდება ყველაზე მისადგომ ადგილას, ტროტუარი არ არსებობს. 

საზოგადოებაა პასუხისმგებელი და ყველა მხარეს პასუხი უნდა მოსთხოვოს. უნდა მივარდეს და არ აგაშენებინებთ კი არა, არჩევნებზე ის ხალხი უნდა აირჩიოს, ვინც იცის რა და როგორ უნდა გააკეთოს. ახლა თუ ვინმე მოჭიდავე ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, შენ რომელ ბიზნესს ედავები? მე რომ წავიდე და ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაცია გავაკეთო, ასე შეიძლება?“ - დასძენს როსტომაშვილი.     

პიარ სპეციალისტი კახა მაღრაძე გვეუბნება, რომ კურორტების განვითარებაში ბიზნესის მონაწილეობის შემთხვევაში მეტი ყურადღებით უნდა მიუდგნენ გადაწყვეტილებებს - მშენებლობის თუ ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით. მისივე თქმით, კლიმატის ცვლილებების შედეგად გაზრდილი რისკები მაქსიმალურად გასათვალისწინებელია:

„ბიზნესმა თავის ყოველდღიურ საქმიანობაში მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ ის გამოწვევები, რაც კლიმატის ცვლილების შედეგად გაზრდილ ბუნებრივ კატასტროფებს უკავშირდება. თუნდაც ზაფხულის პერიოდში ნებისმიერი ტურისტული ობიექტი დიდი ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ტყის მასივებთან ახლოს არიან - ხანძრების გაჩენას ხელი რომ არ შეუწყონ, რის ალბათობაც ძალიან გაიზარდა.  მეწყერსაშიში ადგილებიც მომატებულია. შოვის ტრაგედიამ ბიზნესის ყურადღება უნდა გაზარდოს და პასუხისმგებლობის საკითხები ყოველდღიურ საქმიანობაში შეიტანოს“.

მაღრაძის შეფასებით, ამის გააზრებაში პროგრესი ჯერჯერობით არ ჩანს. მისივე თქმით, ეს ყველაფერი სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციას მოითხოვს:

„რიკოთზე კომპლექსური პროცესია და მხოლოდ კომპანიის მხრიდან პასუხისმგებლობაზე არაა საუბარი. მეტ-ნაკლებად ჩახედული ვარ და ვიცი, რომ კომპანიის შერჩევა მრავალეტაპიანია. მშენებლობას არა მარტო ჩვენი სამინისტრო და საგზაო დეპარტამენტი, სხვადასხვა ლოტებზე ბანკები კურირებენ - აზიის განვითარების ბანკი, ევროპის ბანკი, მსოფლიო ბანკი. ყველა პროექტს საერთაშორისო ზედამხედველი ჰყავს, ფრანგული, იტალიური, თურქული კომპანიები მრავალწლიანი გამოცდილებით. სამუშაოებს მუდმივად მონიტორინგს უწევენ. მაგალითად, ერთ-ერთი ბურჯი რომ აღმოაჩინეს ხარისხიანად არ იყო გაკეთებული და თავიდან გააკეთებინეს. საუბარია იმაზე, რამდენად აწყობილია და ეფექტურად მუშაობს მონიტორინგის სისტემა, მათ შორის სამშენებლო და უსაფრთხოების წესების დაცვა“.

მაღრაძის თქმით, მნიშვნელოვანია დიდ სამშენებლო პროექტებში ცენტრალური თუ ადგილობრივი მთავრობა საზოგადოების (სპეციალისტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ჯგუფები) ჩართულობას უზრუნველყოფდეს. მისივე თქმით, საშუალებას მოგვცემს პოსტ-ფაქტუმ კითხვები აღარ გვქონდეს:

„მაგალითად, ჩვენი მონაწილეობით კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩის რედიზაინი-რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს. ფართო ჩართულობა გვქონდა თუ როგორი ტიპის უნდა იყოს აღნიშნული ქუჩა; იმოძრაონ თუ არა მანქანებმა (საერთოდ ტრანსპორტმა), სრულიად საფეხმავლო უნდა იყოს, ნახევრად თუ როგორ. მოსახლეობასაც შევხვდით, სპეციალური სამეთვალყურეო საბჭოც შევქმენით და ა.შ. ისეთ პროექტამდე მივიდა (სარეკომენდაციო დონეზე), რაც ყველა ჯგუფისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები იყო. წესით უნდა გაითვალისწინონ“.

პიარ სპეციალისტის შეფასებით, ბიზნესის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობა მატულობს - უამრავი კომპანიაა ჩართული და ორი დაჯილდოებაც იმართება. მისივე თქმით, პანდემიისა და ტრაგედიების დროსაც გამოჩნდა, მყისიერი რეაგირება შეუძლიათ: „რაც უფრო სტაბილური სიტუაცია იქნება და ძლიერი ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, ბიზნესსაც მეტი დრო და რესურსი ექნება კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით გასააქტიურებლად“.

ცნობიერების ამაღლებას რაც შეეხება, მაღრაძე ამბობს, რომ მედიამ ეს საკითხები უფრო სიღრმისეულად უნდა გააშუქოს. მისივე თქმით, იგივე შოვის ტრაგედიაში ბიზნესის პასუხისმგებლობაზე საუბარი ზედაპირული შეფასებაა შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობის გარეშე:

„სამწუხაროდ, მედია უფრო ცდილობს დამნაშავე იპოვოს. ყველას რაღაც ბრალეულობა მიუძღვის და მედიის მხრიდან პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე უნდა იყოს საუბარი და არა ერთმანეთის მიმართ ხელის გაშვერაზე - ეს შენი ბრალია და არა ჩემი. სიღრმისეული გაშუქების დეფიციტი გვაქვს და აუცილებლად ვიღაცის დადანაშაულების მცდელობა. არ გვინდა, ისედაც ბევრი პრობლემა გვაქვს, ერთად უნდა დავძლიოთ. კარგი, გამოვავლინეთ ვიღაც დამნაშავეები, ეს სიტუაციას არ აუმჯობესებს. მედიამ აქცენტი მდგომარეობის გამოსწორებაზე, მსგავსი პრობლემების თავიდან აცილებაზე, მეტი სიკეთის კეთების ხელშეწყობაზე უნდა აკეთოს“.

ექსპერტის დაკვირვებით, კორპორაციული პასუხისმგებლობა მეტ-ნაკლებად გააზრებულია უფრო მსხვილი ბიზნესის მხრიდან - ისე არ არის, მასობრივად ყველა ამაზე იყოს გადართული: „კორპორაციული პასუხისმგებლობა უფრო კონკურენციის იარაღია. ამით ბიზნესი თავის მოწონებას და რაღაცნაირად კონკურენტებისგან გამორჩევას ცდილობს. შესაბამისად, სადაც მეტი კონკურენცია იქნება, ბიზნესსაც უფრო მეტად მოუნდება პასუხისმგებლობიანი იყოს“, - დასძენს კახა მაღრაძე.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენთვის უცხო მოვლენა აღარ არის და აქტივობები ძალებს იკრებს. ბიზნესი სულ უფრო მეტად აცნობიერებს სოლიდარობისა და ზრუნვის პროექტების აუცილებლობას. ჩვენ ყველას მეტი პასუხისმგებლობის (შესაბამისად, ურთიერთპატივისცემის, სოლიდარობის) გამოჩენა გადაგვარჩენს და სამშვიდობოზე გაგვიყვანს.

გელა მამულაშვილი       

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია