მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან? - 29 თებერვალი 2024

 

„ბაზრის ძალიან დიდი სეგმენტები სახელმწიფო კონტროლიდან ამოვარდნილია, არც საკმარისი რესურსები აქვს მათ გასაკონტროლებლად“

ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის მონიტორინგის შედეგები შეაჯამა. მონიტორინგის ფარგლებში აღებული და ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გადაგზავნილია სურსათისა და სასმელი წყლის 5000-ზე მეტი ნიმუში. გამოვლინდა 624 შეუსაბამობა და დარღვევების მაჩვენებელმა 12%  შეადგინა (2022 წელს დარღვევების მაჩვენებელი 15% იყო).  

კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე ჩატარდა. მათ შორის, დარღვევა არ გამოვლენილა პესტიციდებზე აღებულ მცენარეული და ცხოველური სურსათის 374, ტრანსცხიმებზე გამოკვლეულ 88 და გმო-ზე აღებულ 30 ნიმუშში; ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული ცხოველური წარმოშობის სურსათისა და ბავშვთა კვების 180 ნიმუშში; კალციუმის შემცველობა არ დაფიქსირებულა ქათმის ხორცის 30 ნიმუშში და სტაფილოკოკური ენტეროტოქსინი არ აღმოჩნდა ყველის 30 ნიმუშში.

რაც შეეხება დარღვევებს - ლისტერიაზე აღებული 195 ნიმუშიდან დარღვევა ერთ ნიმუშში გამოვლინდა; სალმონელაზე აღებული 600-ზე მეტი ნიმუშიდან გამოვლინდა 5 დარღვევა. საღებავების შემცველობაზე აღებული 109 ნიმუშიდან დარღვევა კეტჩუპის, აჯიკისა და სუნელ-სანელებლის 6 ნიმუშში გამოვლინდა. დარღვევების შესახებ ინფორმაცია, ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებისთანავე განთავსდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (https://nfa.gov.ge/Ge/IdentifiedViolations/474  -  https://nfa.gov.ge/Ge/IdentifiedViolations/483).

„ადამიანის ჯანმრთელობისა და  რისკების თავიდან აცილების მიზნით, 2024 წელს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის  მასშტაბები იზრდება; წლიური მონიტორინგის  პროგრამის შესაბამისად, დაგეგმილია 6000 ნიმუშის/სინჯის აღება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური, დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად. 2023 წლის მონიტორინგის შედეგები იხილეთ სააგენტოს ვებგვერდზე: https://nfa.gov.ge/Ge/StateControl“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

თუ გინდა გაიგო დარგში რა სიტუაციაა, ამისთვის რეგიონის გულის ფეთქვას ყური უნდა მიადო და მოუსმინო. თბილისი-საგარეჯოს მარშრუტზე მოძრავ 20 წლიანი სტაჟის ყვითელ მიკროავტობუსში შემაწუხებელ „სურნელებას“ არაფერი ეშველა. თუ გზად დასალევი წყალი არ გექნება მომარაგებული, ბევრი ხველებისგან შეიძლება დანარჩენმა მგზავრებმა ჩამოგაგდონ, ანდა საკუთარი ნებით ჩამოხვიდე სადღაც პატარძეულის მიდამოებში.

ქალაქ საგარეჯოს ცენტრში ყველაფერს ნახავთ, სამამულო მომხმარებლების გარდა; სადაც ადგილობრივი ცუგები მწირ მზეს ეფიცხებიან და, ცოტა არ იყოს, „მოდარაჯე ნაგაზს“ უცხო თვალით მიყურებენ. სადღაც დაკარგული მგზავრის მოლოდინში, ერთმანეთთან სჯა-ბაასში ჩართულ ტაქსისტებთან მივდივარ და ვეკითხები - აბა, კახელებო, მომიყევით სურსათის უვნებლობის კუთხით რა პრობლემები გაწუხებთ-მეთქი.

კითხვის დასრულებამდე ორი მათგანი სწრაფად მტოვებს. მხოლოდ ერთი რჩება და ისიც ეჭვის თვალით მიყურებს. - თქვე კაი ხალხო, დედაქალაქიდან მოვლენილი რევიზორი კი არ ვარ, ასე რამ დაგძაბათ-მეთქი.

- ჩვენ არაფრის გვეშინია, უბრალოდ ჟურნალისტებთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილება გვაქვს, ერთს მოვუყვებით და მერე ნათქვამს სულ სხვაგვარად წარმოაჩენენო. - და ისეთ უწყინარ თემაზე, სურსათის უვნებლობაზე თქვენი ნასაუბრები ასე დაუნდობლად როგორღა უნდა დავამახინჯო-მეთქი. - აბა ჩვენ რა ვიცითო. მოკლედ, მთლად კარგად ვერ დაიწყო მშობლიურ რეგიონში ჩემი რეპორტაჟი.

რის ვაი-ვაგლახით შემორჩენილთან დიალოგი მაინც შევძელით. მეუბნება, რომ სადღეისოდ ქალაქსა თუ რაიონში პროდუქტის (ხორცი, ყველი, ხილ-ბოსტნეული და ა.შ.) ხარისხი დამაკმაყოფილებელია, თვალშისაცემი დარღვევები არ შეხვედრია. მისივე თქმით, მთავარი პრობლემა სურსათის სიძვირეა:

„ამას კი არაფერი ეშველება, რადგან ძვირი ხალხი ვართ ქართველები (მსგავსი შეფასება არსად მომისმენია, რედ.). ყველა ცდილობს თავის მეზობელზე მეტი ჰქონდეს“.

ინკოგნიტოდ დარჩენილი რესპონდენტი ამბობს, რომ სურსათის ვარგისიანობა შესაბამისმა სამსახურებმა უნდა შეამოწმონ. მისივე დაკვირვებით, მაღაზიებიდან ვადაგასული პროდუქტები ცელოფნებით მიაქვთ, ოღონდ ვერ ამბობს სად:

„ბოლო დროს მარკეტებში ვადაგასული პროდუქტები არ შემხვედრია. აი თქვენც ხომ ამჩნევთ, ქუჩაში გამოტანილ პროდუქციასაც ცელოფანს აფარებენ. ღვინოც აღარ ყალბდება, რადგან შაქარი ძვირი ღირს, აზრი ეკარგება. აქ ნებისმიერთან უკვე სუფთა ნაჟურს ნახავთ“.

სტაჟიანი ტაქსისტი ვერაფერს ამბობს ევროკავშირთან მზარდი დაახლოება რას მოგვიტანს. მისივე თქმით, ისიც საკითხავია დღემდე რა მოგვიტანა:

„მე ისევ რუსეთი მირჩევნია, რადგან იქ ყველაფერი იაფია. მათ უბრალო რკინას, ლურსმანსაც კი ხარისხი აქვს. სხვა ქვეყნებიდან ძირითადად უვარგისი შემოაქვთ და გაჭირვებულ ხალხს ამაში ისევ ფულს ახდევინებენ. მიხვალ მაღაზიაში, პროფილაქტიკაში, რაღაც მანქანის ნაწილს იყიდი და ნაგავი აღმოჩნდება. არ მგონია ევროკავშირთან დაახლოებით გაჭირვებულ ხალხს ეშველოს. მაკონტროლებლები მუშაობენ, მაგრამ მე პირადად ვერაფერს დამაძალებენ. რომ მითხრან მგზავრი ლარად წაიყვანეო, ამას არ გავაკეთებ და ისევ ათ ლარად წავიყვან. ამიტომ მომსახურების გაიაფების მხრივ მთავრობასაც არაფერი შეუძლია“.

ბოლოს კიდევ ერთხელ ვეკითხები, ვინაობას ხომ არ დამისახელებთ-მეთქი. - კი ბატონო, ჩაიწერეთ, მიშა ვარ სააკაშვილიო. 

მოედნის მეორე მხარეს, სააკაშვილთან ერთ დღეს დაბადებული სტალინის ქუჩის აღმართს ვუყვები. მარკეტების წინ გარე ვაჭრობაც მიმდინარეობს. თვალშისაცემი წინსვლაა, რომ ღია ცის ქვეშ მალფუჭებადი პროდუქტები თითქმის აღარ იყიდება. ცივ ამინდში იშვიათი გამონაკლისი ყველია, იმასაც გამჭვირვალე ცელოფანი აქვს გადაფარებული.

სტალინის ქუჩიდან მაღლივ ერეკლეს ქუჩაზე გადავდივარ და ჩანთებიან, ხანშიშესულ ბებოს ვეწევი. წინ კიდევ გზა აქვს ფეხით გასავლელი, ამიტომ გზისპირა ხის სკამზე ზის და ჯერ კიდევ ვერ გამთბარ მზეს ეფიცხება. ტაქსისტებისგან განსხვავებით უშიშრად მიყვება რაიონში არსებულ პრობლემებზე, ვინაობას კი ისიც არ მიმხელს:

„ამ წუთში ვიყიდე ყველი, მართალია ძვირიანი 30 ლარად (ცხვრის სულაც 40 ლარი ღირს), მაგრამ ხარისხს არ ვუჩივით. ქარხნულიც იყიდება, სახლში დამზადებულიც. შინაურ ყველს დამატებით ვინმე აკონტროლებს თუ არა, ვერაფერს გეტყვით. ღორის ხორცი 13-14, საქონლისა 17-20 ლარი ღირს. გაყინული კი არ შემოაქვთ, ადგილზე იკვლება, ამისთვის ქალაქში სპეციალური ადგილი გამოყვეს. „ბოინში“ (პირუტყვის სასაკლაო) სპეციალური ექიმი ამოწმებს, ჩვენც აღარ გვეშინია.  ბოლო დროს ვინმე სურსათით მოწამლულიყოს, დახმარება დასჭირვებოდეს, ასეთი რამ არ მსმენია“.

მისივე თქმით, ზოგიერთს იმხელა ვენახი აქვს, ნეტავ ნატურალური პროდუქტი (თუნდაც ღვინო) გაყიდოს, სხვაზე აღარ ჩივის. ბებოც მაღალ ფასებზე შემოგვჩივის, აგერ ამ ერთ ბეწო ვაშლში 2,5 ლარი გადავიხადეო:

„წამლებზე გვითხრეს ბევრად გაიაფდებაო, მაგრამ სად არის? მოხუცებულს რამდენიმენაირი წამალი მჭირდება, ცალობით ვყიდულობ რომ გავწვდე. ხან 200 მაქვს წნევა, წამალი რომ არ მივაშველო, მოვკვდები. ჯერ თვითონ მთავრობამ უნდა გააიაფოს პროდუქტები, მერე მოსახლეობამაც მიბაძოს. ოპოზიცია ამბობს პენსია 1000 ლარი უნდა გახდესო, მთავრობასთან ძალიან ჩხუბობენ. 70 წელს გადაცილებულები 400 ლარს ვიღებთ, ნორმალურად როგორ ვიცხოვროთ? ოცნება და ოპოზიცია ჩვენი გულისთვის ამ საკითხში მაინც უნდა მორიგდნენ. მე ხომ მუშაობა აღარ შემიძლია, ამ დროს ჩემი ფული ტაქსებში მიდის. ცენტრიდან აქამდე რომ ამოხვიდე 4 ლარს გთხოვენ. ახლა გზად რამდენჯერმე უნდა დავისვენო, რომ სახლამდე მივაღწიო. მაინც იმედი არ უნდა დავკარგოთ, რომ ევროკავშირთან დაახლოებით ჩვენი ცხოვრება გაუმჯობესდება“. 

საუბრის ბოლოს დახმარებას ვთავაზობ - მორიგ მოსასვენებელ სკამამდე ჩანთებს წამოგიღებთ-მეთქი. - არა შვილო, ზემოთ აღარ მივდივარ, აქვე ხიდზე უნდა გადავიდე და ჩემი სახლიც ახლოში არისო.

„კნიაზის ღვინის მარნისკენ“ მიმავალი აღმართიდან ისევ უკან ვბრუნდები ერეკლეს და სტალინის ქუჩების გავლით. სურსათის პატარა მაღაზიაშიც კონსულტანტები მიდასტურებენ, რომ დახლებზე მათი პროდუქტების ხარისხი კარგია, ფასები კი მზარდი; ვადა თუ გასდის ეგრევე მომწოდებლებს უკან მიაქვთო. ევროკავშირთან დაახლოების სიკეთეებზეც ბევრი არაფერი იციან:

„ისევ ჩვენი წარმოება უნდა გაიზარდოს, მეტი პროდუქცია შეიქმნას, რომ კონკურენციამ საქონელი გააიაფოს. ხალხი ვერ ყიდულობს, თავადაც ხედავთ რა სიცარიელეა ჩვენს მაღაზიაში. ასეთ დროს არც კი ვიცით ევროკავშირმა რა უნდა გვიშველოს“, - მეუბნებიან.

მოპირდაპირე მხარეს „ახალი ხორცის“ მაღაზიაში არავინ მხვდება, რკინის კაუჭებზე გამოკიდული ბარკლების გარდა. ქუჩის გადაღმიდან გამყიდველი ხელს მიქნევს, მოვდივარო. გაცნობისთანავე მეუბნება, - უკვე ვკეტავდი და მინდორში სამუშაოდ წასვლას ვაპირებდიო. - რამდენიმე წუთს წაგართმევთ, სურსათის უვნებლობის წესებს როგორ იცავთ-მეთქი:

„საქონელი „ბოინიდან“ დაბეჭდილი ფორმა 2-ით მოდის ჩვენთან. ხორცის შენახვის ვადა ორი დღე-ღამეა. ადგილზე ყველა სანიტარულ პირობას ვიცავთ, პერიოდულ დეზინფექციას სანეპიდსადგურის ხსნარებით ვაკეთებთ. თვითონ მოდიან სამსახურიდან, შესაბამის სითხეებს მიტოვებენ, დამადასტურებელი საბუთიც მაქვს. იატაკი, დანები, რასაც ხედავთ ეს ყველაფერი ყოველი დღის ბოლოს სტანდარტულად მუშავდება“.

მისივე განმარტებით, საქონელი საღამოს იკვლება, შემდეგ მაცივარში სპეციალურ ტემპერატურაზე გრილდება და დილით მაღაზიაში მოაქვთ. დღის განმავლობაში შემორჩენილი ხორცი აქვე სპეციალურ მაცივარში ინახება:

„სურსათის უვნებლობის სამსახური სულ გვამოწმებს. დილით მოტანილ ხორცს გასასაღებლად 48 საათიანი ვადა აქვს, მერე უნდა გაყინო და სხვა ფასი დაედება. ვცდილობთ სულ ცოტ-ცოტა წამოვიღოთ, დაწესებულ დროში ჩავეტიოთ, გაყინვა აღარ დაგვჭირდეს. იქამდე კი 18 გრადუს ტემპერატურაზე ვინახავთ. აი ეს ხორცის დასაჭრელი ხის მაგიდაც მუდმივად ხსნარებით ირეცხება. დახლიც ადრე ხის მქონდა, მერე მირჩიეს ამ ჟესტით გამეკეთებინა და შევცვალე“.

მეხორცე დასძენს, რომ ბოლო ხანებში სურსათის უვნებლობის მხრივ სერიოზულ პრობლემებზე არაფერი გაუგია. მისივე დაკვირვებით, ცოტა ყველზე არღვევდნენ ხოლმე პირობებს, რაზეც უვნებლობის სამსახური დადიოდა, ამოწმებდა:

„ახლა რომ გაიაროთ, ცელოფნით დაფარულია ან მაცივარში შენახულია. გარეთ ძირითადად არამალფუჭებადი სასოფლო პროდუქტები იყიდება, ყველსა და ხორცს თითქმის ვეღარ ნახავთ. ფასებს რაც შეხება, ჩემთან ღორის ხორცი 14 ლარი ღირს, ძროხისა 21 ლარი. უძვლო ღორი 17, 24-25 საქონლის. ზამთრის პერიოდში ხალხს ყიდვა ცოტა უჭირს, თან მარხვებიც დაიწყო. ევროპაში არ ვყოფილვარ და არ ვიცი ევროკავშირთან დაახლოება ხარისხსა და ფასებს როგორ გააუმჯობესებს. ჯერ ხომ კანდიდატები ვართ და მერე რა იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს“.

საუბრის ბოლოს აშკარად კეთილგანწყობილია (ვინაობას მაინც არ მეუბნება), რადგან ფაქტია, არ ვარ მე „დედაქალაქიდან მოვლენილი რევიზორი“. ქალაქის „ოფიციალური“ ბაზრის ადგილსამყოფელსაც მასწავლის პარალელურ ქუჩაზე. შუა გზაზე ისევ პატარ-პატარა მაღაზიებია, სადაც შიგნით თუ გარეთ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები თუ სამშენებლო მასალები იყიდება.

ბაზარი აქ ხმამაღალი ნათქვამია. გზის პირას ერთ რიგზე ღია ტიპის გადახურული დახლებია, სადაც მხოლოდ სამი ქალბატონი ვაჭრობს. უკმაყოფილოები არიან იმის გამო, რომ ოფიციალურად აკრძალვის მიუხედავად, გარე ვაჭრობა მაინც ნებადართულია. - ამის გამო ჩვენთან დღის განმავლობაში თითო-ოროლა მყიდველი თუ შემოივლისო, - შემომჩივის ირმა ხატიაშვილი.

„ნახეთ რამხელა სივრცეა და ფიჩხებია მიყრილი. სამისაა ეს ბაზარი? გარე ვაჭრობის გამო ხალხი აქამდე აღარ მოდის. ქუჩაში მტვერდადებული პროდუქტი რატომ უნდა  იყიდებოდეს? გარე ვაჭრობა ყველგან აკრძალულია და რაღა საგარეჯოშია დაშვებული? დგანან ქუჩაში და ბაზრამდე ხალხს არ უშვებენ, საათობით უსაქმოდ ვსხედვართ. შეიძლება 5 თეთრით იაფად ყიდიან, იქნებ მე აქ ორი ლარით ნაკლებად ვაძლევ?“

მისივე თქმით, ახალი პროდუქტები თბილისიდან ჩამოაქვთ, დაძველებულს კი საქონელს უყრიან:  „ადგილობრივი პროდუქტი ჯერ არაფერია შემოსული. ადგილობრივი სათბურებიც გაჩერებულია, რადგან წარმოების ხარჯებს ვერ გასწვდნენ“:

„შეიძლება ვიღაცისგან შემთხვევით ცუდი ხარისხის შევიძინო, მაინც ვცნობთ პროდუქტებს და მერე აღარ გავყიდით. მირჩევნია მე ვიზარალო, ვიდრე მყიდველი ჩავაგდო ცუდ მდგომარეობაში. ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ ერთ ბაზარში ვაჭრობა. სულ დაპირებებით გვკვებავენ და ამას არ აკეთებენ“.

ირმა ხატიაშვილის თქმით, მისაღებ ფასებში ვალადაც აძლევენ, რომ კლიენტი არ მოიმდურონ, პროდუქტიც არ დაძველდეს. ისიც ვერაფერს ამბობს ევროკავშირთან დაახლოება რას მოგვიტანს:

„თუ იაფად მოგვცემენ, ჩვენც იაფად გავყიდით. ხან ვალად ვატანთ და მერე ისევ მე ცუდი გამოვდივარ, როცა მერე გადახდას ვითხოვ. ასევე, ბანკის ვალები გვაქვს. ღმერთს ვეხვეწები დღეს იმდენი ვივაჭრო, რომ ბანკისა გადავიხადო, გინდაც პურის ფული არ დამრჩეს“.   

შუა საუბარში გვერდით ავტომანქანა ჩერდება. სამივე მოპასუხის მთელი ყურადღება იქიდან გადმოსული მამაკაცისკენ გადადის. ვრჩები ასე ჰაერში უმწეოდ გაწვდილი დიქტოფონით და ამაოდ ველი მათ საჭირბოროტო დიალოგში დაბრუნებას. მხოლოდ ნანი-ნანატრი მყიდველის წაბრძანების შემდეგ მიბრუნდებიან.

იქვე ორ ნაბიჯში „ლუდის სახლის“ მენიუში აქვთ ხარჩო, ოსტრი, ქაბაბი და ხაში. შუადღის მიუხედავად ისევ ცივა და ხარჩო ასეთ დროს კარგი ვარიანტია. ეზოს კუპეში მიშვებს დიასახლისი, სადაც სკამზე დაყრილი სიგარეტის ფერფლი მხვდება. სამაგიეროდ სუპ-ხარჩო ცხელი და გემრიელია, ზანდუკელის „მსხალთან“ ერთად.

- მომხმარებლებთან როგორ ხართ-მეთქი, დიასახლისს ვეკითხები. - აქ უკმაყოფილოს არავის ვტოვებთ, ნედლეულით ადგილობრივი მომმარაგებლებიც კარგები გვყავს, შეგიძლიათ   გაიკითხოთო, - მპასუხობს.

ტუალეტი და ცალკე ხელების დასაბანი ადგილიც იქვე ეზოშია, თხევადი საპნით და გასამშრალებლებით - არ უნდა დავუკარგოთ, ბოლო ათწლეულების პროგრესი აქაც სახეზეა.     

ბოლოს ისევ ცენტრალური ტრასის პირას კარტოფილის საბითუმო გამყიდველს ვესაუბრები - პერიოდულად ახალქალაქიდან ჩამოაქვს, ე.წ. სათესლე 60 თეთრად, საჭმელს 1 ლარად ყიდის:

„როგორც ჩვენთან ღვინო, ახალქალაქში კარტოფილია ხარისხიანი. აქაური ჯერ არაა, სათბურების უმეტესობაც ხარჯიანობის გამო კარგა ხანია აღარ მუშაობს. ადრე ორ ტონას ორ დღეში ვყიდდი, ახლა 500 კილო ჩამოვიტანე და მესამე დღეა ვერ გამიყიდია. როგორც ხედავთ ძვირი არაა, უბრალოდ ხალხში ფული არ არის“, - მეუბნება.

დარგის სპეციალისტი ირაკლი არაბული განმარტავს, რომ სურსათის უვნებლობა არის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც კონკრეტული სასურსათო პროდუქტი მიზნობრივად მოხმარების შემთხვევაში მომხმარებელს ზიანს არ მიაყენებს. მისივე თქმით, მაგალითისთვის ხორცი და ხორცპროდუქტები მოთხოვნადი სურსათია, რომელიც განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების კატეგორიას განეკუთვნება:

„ამიტომ შერჩევის დროს დიდი ყურადღება გვმართებს. კერძოდ, ხორცი და ხორცპროდუქტები აუცილებლად უნდა იყიდებოდეს მაცივრიდან და არავითარ შემთხვევაში გარე სივრცეში, გზის პირას, ქუჩაში და ა.შ. რადგან ნედლი საქონლის და ღორის ხორცის შენახვის ტემპერატურა არის +6° C-მდე, ხოლო შენახვის ვადა 48 საათი. ძალზედ მნიშვნელოვანია ამ პირობების დაცვა და ყველა იმ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, რაც საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულოა“.

მისივე თქმით, ცხოველი, რომლის ხორცსაც ვიყენებთ (ღორი, საქონელი, ქათამი, ცხვარი) აუცილებლად უნდა დაიკლას სასაკლაოზე, სადაც ვეტერინარი დაკვლის წინ და შემდგომ ამოწმებს:

„ჯანმრთელი გამოდის სარეალიზაციოდ და სასაკლაოდან მოჰყვება ფორმა 2, რომელშიც მითითებულია ხორცის დასახელება, რომ უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამ ყველაფერს სახელმწიფო ვეტერინარი ბეჭდითა და ხელმოწერით ადასტურებს. ასევე ბეჭედი აქვს ტან-ხორცსაც რამდენიმე ადგილას. თუ ხორცის ნაჭერზე ლურჯი ბეჭედი დაინახეთ, სადაც GE-ს აბრევიატურა და ნომერი წერია, ნიშნავს, რომ შემოწმებულია და დაკლულია სასაკლაოზე. შემდეგ უკვე რეალიზაციის ადგილას უნდა იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. საქონლის ხორცი უნდა იყოს ღია წითელი ფერის, ხოლო ღორის ვარდისფერი. არ უნდა ჰქონდეს ლორწოვანი გარსი მოდებული ზედაპირზე. ხელის დაჭერის შემთხვევაში, მალევე უნდა დაუბრუნდეს პირვანდელ პოზიციას - ამით შეგვიძლია მარტივად დავადგინოთ სიახლე.

ასევე, აუცილებელია, ყოველი გამოყენების შემდეგ ხორცის გასატარებელი მანქანის ნაწილებად დაშლა საფუძვლიანი რეცხვა-დეზინფექცია“.

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი გვეუბნება, რომ რძე და რძის პროდუქტები ასევე განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათის კატეგორიაში გადის და რეალიზაციის დროს სამაცივრე პირობები სჭირდება. მისივე განმარტებით, 2015 წლიდან საქართველოში არსებობს რძის  და რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამენტი (საქართველოს მთავრობის დადგენილება 152), რომელიც წარმოებისა და ეტიკეტირების წესებს არეგულირებს:

„რაში გამოიხატება? თუ მწარმოებელმა ყველის დამზადების დროს გამოიყენა აღდგენილი რძე (რძის ფხვნილი) და მცენარეული ცხიმები, არ აქვს უფლება პროდუქტს ყველის სახელი ეწეროს. მაგ; იმერული ყველი, ქარხნის ყველი და ა.შ ასეთ პროდუქტს უნდა ეწეროს რძის შემცვლელი პროდუქტი, ან სხვა სახელი - მაგალითად, იმერელი, საგაზაფხულო, სახაჭაპურე და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანი უნდა დავიმახსოვროთ - თუ პროდუქტს ეტიკეტზე ყველის სახელი არ აქვს, მაშინ ეს ყველი არ არის.

ეს ეხება ეტიკეტირებულ ყველს, ხოლო რომელსაც ეტიკეტი საერთოდ არ აქვს, ძნელია გაგება ნედლი რძით არის დამზადებული, თუ რძის ფხვნილით; გამყიდველის და მწარმოებლის კეთილსინდისიერებას უნდა ვენდოთ. სჯობს ყოველთვის ეტიკეტირებული პროდუქცია შევიძინოთ, რომ მოტყუებული არ დავრჩეთ. ეტიკეტირებულის შემთხვევაშიც არის რისკი რძის ფხვნილით ან მცენარეული ცხიმებით იყოს დამზადებული. ამ დროს რისკი მაინც უფრო დაბალია“.

არაბულის თქმით, ზემოაღნიშნული დადგენილება აკონტროლებს მაწონის, არაჟნის დასახელებებსაც, მაგრამ ამ შემთხვევაში მეწარმეს უფლება აქვს აღდგენილი რძე გამოიყენოს - არ უნდა გამოიყენოს მცენარეული ცხიმი:

„თუ რძის ცხიმის ნაცვლად მცენარეული ცხიმი გამოიყენა, რძის პროდუქტის სახელის გამოყენების უფლება არ აქვს. გვხვდება ბაზარზე რძის შემცველი პროდუქტი, რომელიც ფორმით, ფერით, შეფუთვით არაჟანია, მაგრამ ეტიკეტს თუ დავაკვირდებით, სახელწოდება „არაჟანი“ არ აქვს. ამით შეგვიძლია მივხვდეთ, რომ ის მხოლოდ შემცვლელი პროდუქტია“.

კითხვაზე, მსგავსი დარღვევები რამდენად ხშირად გვხვდება, სპეციალისტს „სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ ერთ-ერთი ბოლო  კვლევის შედეგები მოჰყავს, როცა ყველში მცენარეული ცხიმის შემცველობაზე საერთო ჯამში 20 ნიმუშიდან 5-ში დაფიქსირდა მცენარეული ცხიმები.

ირაკლი არაბული მკითხველისთვის დამატებით პრაქტიკულ რჩევებსაც გვიზიარებს:

- დადგენილია, რომ გარემოში არსებული ტოქსიკური ნივთიერებების 70% ადამიანის ორგანიზმში სურსათიდან ხვდება. საკვები პროდუქტებით გამოწვეული დაავადებების დიდი პროცენტი დაბინძურებული ხელებით ვრცელდება. ხელების დაბანის სათანადო პრაქტიკამ შეიძლება საკვებისმიერი დაავადებების და სხვა ინფექციების რისკი შეამციროს.

განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათი არ დატოვოთ ოთახის ტემპერატურაზე 2 საათზე მეტხანს, თუ ტემპერატურა 25-ზე მეტია, ეს დრო მცირდება და 1 საათი ხდება.

განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე სურსათია: ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები. დაბალი რისკის მქონე სურსათი: მაკარონი და სხვა ბურღული, პური და პურპროდუქტები, სხვადასხვა ტკბილეული.

არ შეინახოთ პური პოლიეთილენის პარკში - მაღალი ტენიანობის გამო მალე დაობდება. შეინახეთ ხის, მომინანქრებულ სპეციალურ პურის კონტეინერში. ეს კონტეინერი 10 დღეში ერთხელ გარეცხეთ თბილი ძმრიანი წყლით და გაამშრალეთ. ჭვავის პური უფრო ტენიანია ხორბლის პურთან შედარებით, ის უფრო ადრე ობდება. ამიტომ ერთად არ შეინახოთ ხორბლის და ჭვავის პური. თუ მაინცდამაინც მაცივარში ინახავთ პურს, სჯობს საყინულეში მოათავსოთ, სადაც მალე ხმება. საყინულიდან გამოღებულ პურს დააცადეთ 20-25 წუთი და შემდეგ მიირთვით.

საზოგადოებრივი კვების ობიექტის სამზარეულოს დასასუფთავებელი ქიმიური ხსნარები უნდა იყოს განცალკევებით და ინახებოდეს მისთვის განკუთვნილ ადგილას, შესაბამისი აღნიშვნით (მარკირებით). აუცილებელია სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების მომწოდებლის ინსტრუქციის მიხედვით გამოყენება. ასევე ეტიკეტირება, განზავების, ვადის, გამოყენების შესახებ ინფორმაცია.

საზოგადოებრივი კვების ობიექტზე, ჭურჭლის სარეცხი ნიჟარა სასურველია იყოს 2 განყოფილებიანი - ერთში 45° C გაირეცხოს ჭურჭელი, ხოლო მეორეში 65° C მოხდეს გავლება-სტერილიზაცია.

სურსათის გადამმუშავებელ საწარმოში, საზოგადოებრივი კვების ობიექტის სამზარეულოში, მომსახურე პერსონალზე დაუშვებელია ნებისმიერი აქსესუარი (საყურე, ბეჭედი, საათი და ა. შ.).

დაუშვებელია სარემონტო სამუშაოების დროს სურსათის გადამუშავება/წარმოება საწარმოში. ეს წარმოადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას და აღნიშნული ქმედების დროს ობიექტი ჯარიმდება (აქვე გავიხსენოთ რამდენ მარკეტში გვინახავს საწარმოო პროცესის დროს მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, რედ.).

საზ.კვების ობიექტზე ნედლეულის მიღებისას დაუშვებელია: არარეგისტრირებული მომწოდებლისგან ნედლეულის მიღება; სახლის პირობებში დამზადებული კონსერვის ან სხვა პროდუქტის მიღება; დაზიანებული შეფუთვით პროდუქტის მიღება; მავნებლებით დაბინძურებული პროდუქტის მიღება; ვადაგასული პროდუქტის მიღება; ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით მოწოდებული პროდუქტის მიღება; თანმხლები დოკუმენტაციით, ან შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე შესაფუთი მასალის მიღება.

კვერცხის შენახვის ვადაა არაუმეტეს 21 დღე ოთახის ტემპერატურაზე, ხოლო +2-დან +10C  შენახვის დროს - 30 დღე.

„სოფლის რძე“ უკვე ბევრ ადგილას იყიდება, პატარა სავაჭრო ობიექტებზე თუ პირდაპირ ქუჩაში. არსებობს დიდი რისკი, რომ იყოს დაბინძურებული ფიზიკური, ქიმიური და მიკრობიოლოგიური საფრთხეებით. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ: რამდენად სუფთა და უსაფრთხო ჭურჭელშია მოთავსებული; ხომ არ არის წყლით განზავებული; რამდენად ახალია;  დაცულია თუ არა შენახვის და რეალიზაციის პირობები; თუკი მასში მიწის, თივის ნაწილაკებს ან ძროხის ბალანს შენიშნავთ, იმას ნიშნავს, რომ მოწველის დროს არ იყო ჰიგიენური ნორმები დაცული. ასეთი რძე არ შეიძინოთ;  სარეალიზაციოდ იყენებენ პლასტმასის (პოლიეთილენის) მეორად ბოთლებს, რომელიც სტერილიზებული ვერ იქნება, რადგან პოლიეთილენი თერმულ დამუშავებას ვერ უძლებს. ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რომ დაბინძურებული იყოს.

რომ გავიგოთ რძე წყალში არის თუ არა განზავებული, არსებობს რამდენიმე მეთოდი: დაიწვეთეთ ფრჩხილზე - თუ წვეთმა სველი კვალი დატოვა, ესე იგი წყალში არის განზავებული. შეანჯღრიეთ თუ ქაფი წარმოიქმნა, ესე იგი არაა განზავებული.

რატომ არ უნდა შევინახოთ გარკვეული პროდუქტები მაცივარში?

თუ გინდათ, რომ პომიდორი გემრიელად მიირთვათ, მაშინ მოაშორეთ მაცივარს. ცივი ჰაერი პომიდორს სიმწიფის პერიოდს უწყვეტს. მოგახსენებთ, რომ პომიდვრის გემო სიმწიფის პერიოდთან არის დაკავშირებული. ამიტომ შენახვა მიზანშეწონილია კალათაში ან სამზარეულოს რომელიმე უჯრაში, სადაც უფრო ნაკლებად ეციება.

რეჰანის შენახვა მაცივარში მიზანშეწონილი არაა, მალევე ჭკნება და სუნი მთელ პროდუქტებზე გადადის. თუ გსურთ დიდხანს შეინახოთ, მაშინ გაახმეთ და შემდეგ გაყინეთ.

კარტოფილის მაცივარში შენახვისას სახამებელი ტკბება და კარტოფილს გემო ეკარგება. თუ არ გაქვთ სარდაფი, მაშინ ეცადეთ, ბნელ ადგილას შეინახოთ. კარტოფილმა აუცილებლად უნდა „ისუნთქოს“.

თუ ხახვს შეინახავთ მაცივარში, ტენიანობა მას დაარბილებს. უნდა შეინახოთ გრილ და მშრალ ადგილას. ეს არ მოქმედებს მწვანე ხახვზე, რადგან დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, ამიტომ შეგიძლიათ მაცივარში შენახვა. ასევე გაითვალისწინეთ, ხახვისა და კარტოფილის ერთი და იგივე ადგილას შენახვა არ შეიძლება. შესაძლოა, ორივე მალე გაგიფუჭდეთ.

ნიორიც ძალიან მალე ფუჭდება მაცივარში, რეზინის ფორმას იღებს და იჩუტება. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.

ზეთისხილი უნდა შეინახოთ მშრალ და გრილ ადგილას, ოღონდ არა მაცივარში. მაცივარში ის სქელდება

თუ ყავას შეინახავთ მაცივარში, დაკარგავს გემოვნებას. მაცივარში რაც კი პროდუქტია, ყველას სუნს შეისრუტავს. შეინახეთ ყავა მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას, რათა გემო და არომატი შეინარჩუნოს.

თაფლის მაცივარში შენახვა აუცილებელი არ არის. მთავარია თავსაფარი მჭიდროდ დაახურეთ, არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება. თაფლის მაცივარში შენახვისას კრისტალური ხდება.

კიტრის მწნილი - ხშირად მას მაცივარში ინახავენ, თუმცა სინამდვილეში მარილის მაღალი შემცველობის გამო მას მაცივარი საერთოდ არ სჭირდება.

და ბოლოს, აკრძალულია სურსათის ეტიკეტზე ისეთი ინფორმაციის დაწერა, რაც მიუთითებს ამ სურსათის სამკურნალო თვისებებს - თუ ეს არ არის განსაკუთრებული დიეტური დანიშნულების სურსათი.

სურსათით გამოწვეული დაავადებების უფრო გავრცელებული სიმპტომებია - ტკივილი კუჭის არეში, პირღებინება, დიარეა. დაავადების გამოვლენა ხდება უმეტესად 24-72 სთ. შემდეგ, მაგრამ შესაძლოა რამდენიმე კვირის შემდეგაც იჩინოს თავი. სურსათის სფეროში მომუშავე ადამიანებმა  (რომელთაც უშუალოდ შეხება უწევთ) განსაკუთრებით უნდა მიაქციონ ყურადღება პირად ჰიგიენას და ჯანმრთელობას. სურდოს, სიცხის, გამონაყარის შემთხვევაში აუცილებლად უნდა აცნობონ ხელმძღვანელობას, - ამბობს ირაკლი არაბული.

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე გვეუბნება, რომ წინა წლებთან შედარებით, სურსათზე კონტროლის მასშტაბი მნიშვნელოვნად გაზრდილია. ასევე, მისივე თმით,  ყოველწლიურად ევროკავშირთან დაახლოების მიზნით ახალი ნორმატიული ბაზა მტკიცდება და მაკონტროლებელი ორგანოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობები ვითარდება:

- ცხადია, დადებითად მოქმედებს ქვეყანაში სურსათის უვნებლობაზე. მასშტაბები არაა საკმარისი და საჭიროებებს ბევრად ჩამოუვარდება. ბაზრის ძალიან დიდი სეგმენტები ფაქტობრივად სახელმწიფო კონტროლიდან ამოვარდნილია. ესენი არიან მცირე მეწარმეები, ფერმერები, გლეხური მეურნეობები, გარე ვაჭრობის წარმომადგენლები - სახელმწიფოს არც საკმარისი რესურსები აქვს მათ გასაკონტროლებლად. გლეხურ მეურნეობებთან მიმართებაში გარკვეული საკანონმდებლო შეზღუდვებიც არის, რაც კონტროლის მეტ საშუალებას არ აძლევს; და რომც ჰქონდეთ საშუალება, რესურსები აშკარად არასაკმარისია. ასობით ათასი გლეხური მეურნეობაა მთელ ქვეყანაში და მათი ეფექტიანად გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია.

- გამოსავალი სად არის აღნიშნულ სფეროებში კონტროლის გასაძლიერებლად?

- მარტივი გამოსავალი არაა. სახელმწიფომ პოლიტიკა იმდაგვარად უნდა შეცვალოს, რომ სურსათის უვნებლობა პრიორიტეტი გახდეს, რესურსებიც გამოიყოს. ასევე გლეხურ მეურნეობებთან დაკავშირებით თანმიმდევრული პოლიტიკა გატარდეს და არა მარტო - მცირე მეწარმეებთან თუ მოვაჭრეებთან მიმართებაში საზოგადოების, მეწარმეების განათლება ამაღლდეს. შეზღუდვები დაწესდეს, წინასწარ ვადები იყოს გაცხადებული - ანუ, რეალურად როდის აიკრძალება უკანონო საქმიანობა თუ საფრთხის შემცველ პირობებში პროდუქციის წარმოება და გაყიდვა. ნაბიჯები თანმიმდევრულად უნდა გადაიდგას. სალაპარაკოდ ადვილია, განსახორციელებლად რთულია - სოციალურ საკითხებთანაც არის დაკავშირებული. ასევე, კვალიფიციური კადრების დიდი ნაკლებობაა, როგორც ყველა სფეროში. ამ მხრივაც მეტი რესურსია საჭირო. სამწუხაროდ, უახლოეს პერსპექტივაში ცოტა რთულია პროგრესზე საუბარი - ჯერჯერობით არ ჩანს როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადალახვა.

როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი საქართველოში სურსათის უვნებლობის მდგომარეობის გაუმჯობესებას? ვახტანგ კობალაძე ორ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას - ერთი პოლიტიკურია და მეორე მატერიალური. მისივე განმარტებით, პოლიტიკური კუთხით სურსათის უვნებლობისთვის რა რეფორმებიც ტარდება წლების მანძილზე, ევროკავშირთან დაახლოების მიზნით კეთდება:

„ამ რეფორმების ლომის წილი ასოცირების შეთანხმების და ახლა უკვე გაწევრიანების პერსპექტივის ფარგლებში ხორციელდება. რასაკვირველია, ევროკავშირში სურსათის უვნებლობის რეგულირების სისტემა ძალიან განვითარებულია. შესაბამისად, საქართველოში გადმოტანა მდგომარეობას გააუმჯობესებს და მოქალაქეებს, მომხმარებლებს უკეთესად დაიცავს.

მატერიალურ დაცვას რაც შეეხება, ევროკავშირი ძალიან დიდ დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობას თუ ბიზნესსექტორს იმისთვის, რომ ეს რეფორმები განხორციელდეს; ყველა მხარე უფრო მეტად იყოს მომზადებული ახალი რეგულაციების შესასრულებლად, მათ გასაკონტროლებლად. ევროკავშირის დახმარების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ის, რაც აქამდე გაკეთდა. ეს ყველაფერი გრძელდება, მილიონობით ევროზეა საუბარი“.

ევროკავშირთან მზარდი დაახლოება კიდევ რა კონკრეტულ შედეგებს მოგვიტანს? ექსპერტის თქმით, მეტად გაუმჯობესებს სურსათის უვნებლობის კონტროლს - მთლიანად რეგულირების სისტემას, კანონმდებლობას, მაკონტროლებელი ორგანოების შესაძლებლობას; რათა ჩვენთანაც სურსათის უვნებლობის კონტროლის ისეთივე დონე იყოს, როგორც ევროკავშირის ქვეყნებია. საბოლოო ჯამში ჩვენთვის, როგორც მომხმარებლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესსექტორის კონკურენტუნარიანობასაც, მის შესაძლებლობების (მათ შორის საექსპორტო) განვითარებასაც ხელს შეუწყობს“.

მანამდე რა ინფორმაცია შეიძლება მივაწოდოთ მომხმარებელს, რომ სურსათის უვნებლობისგან მომდინარე საფრთხეებისგან უკეთ იყოს დაცული? კობალაძე გვეუბნება, რომ ორგანიზაციის ვებგვერდზე „მომხმარებელი.ჯი“ ძალიან ბევრი პრაქტიკული რჩევაა გამოქვეყნებული:

„ვურჩევ აუცილებლად გაეცნონ. არის როგორც ტექსტური მასალა, ასევე ანიმაციები, სხვადასხვა ბუკლეტები - შეძლებისდაგვარად მარტივ გასაგებ ენაზე დაწერილი; თავისი ვიზუალური მასალით როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვის მიმზიდველი. ვეცადოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღოთ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე - დავაკვირდეთ ეტიკეტს, არ შევიძინოთ სურსათი ისეთ პირობებში, სადაც მისი არაჰიგიენური მდგომარეობაა, შენახვის პირობები დაცული არ არის. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მივმართოთ როგორც ბიზნესოპერატორს ან მოვაჭრეს, ასევე სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე - 1501“, - დასძენს ვახტანგ კობალაძე. 

ჭამა სიამოვნების მიღების ერთ-ერთი ფორმარის, მაგრამ ეს ყველაფერი მოწამვლით გამოწვეულ ტანჯვაში არ უნდა გადაიზარდოს. სურსათის უვნებლობის სფეროში არსებულ პრობლემებს მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურები და სამოქალაქო ორგანიზაციები ვერ მოუვლიან. თითოეულმა მეწარმემ, მაღაზიის მეპატრონემ თუ გარე მოვაჭრემ უნდა გააცნობიეროს და გაისიგრძეგანოს, რომ სხვის ჯანმრთელობისა (და ზოგჯერ სიცოცხლის) ფასად მოგების მიღება კარგს არაფერს მოიტანს. ჩვენი სამყარო ხომ ბუმერანგის დაუწერელ პრინციპზე დგას - კარგი თუ ცუდიც, ადრე თუ გვიან, უკან გვიბრუნდება.

გელა მამულაშვილი

(ufleba.ge-ს კახეთის ბიურო)

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია