მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა - 11 მარტი 2024

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.

„როგორც მოგეხსენებათ, ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანდიდატურის შესარჩევად. ამ ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა ინდივიდუალური კონსულტაციები, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან. კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, თუ რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომადგენელი. ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც პოლტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი ორად იყო გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ახალი მინისტრი უნდა ყოფილიყო აუცილებლად სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელი, ხოლო მეორე ნაწილი ზუსტად ამის საპირისპირო მოსაზრებას გამოხატავდა. კონსულტაციების საფუძველზე მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრის პოსტზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. საბოლოოდ, უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ნდობა მაქვს. ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა მიხელ სარჯველაძე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჯანდაცვის მინისტრობა განსაკუთრებული პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ, ვიყოთ წარმატებული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძემ გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლიერება გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ძვირფასია ჩემთვის. ჩემთვის პატივია, რომ მექნება შესაძლებლობა, ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ეს განსაკუთრებული პატივი და ამავდროულად, უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ასევე ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა სამედიცინო საზოგადოებისადმი. მიმაჩნია, რომ ეს არის ამ ქვეყნის უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე საზოგადოება, რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი იქნება ყველა დასახული მიზნის მიღწევა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა, იქნება ეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარება, თუ თითოეული პაციენტის უფლებების სადარაჯოზე დგომა. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრის შემწეობით, მისი მხარდაჭერით, შევძლებთ, ვიყოთ წარმატებული და დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ მათ შორის თითოეული დევნილი წელგამართული შეხვდეს იმ სანუკვარ მომენტს, როდესაც საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას შეძლებენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა პირველ მარტს დატოვა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მაშინ განმარტა, ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციის კუთხით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. ირაკლი კობახიძემ ამის ერთ-ერთ მაგალითად რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები მოიყვანა.

წყარო: "პირველი არხი"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია