მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვნების პრობლემასთან დაკავშირებით, შსს იზოლირებული საცხოვრებლების მოდელზე მუშაობს - 20 მარტი 2024

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს არასრულწლოვნების დანაშაულების პრევენციის მიზნით.

როგორც გომელაურმა პარლამენტში აღნიშნა, მუშაობა მიმდინარეობს გერმანული მოდელის დანერგვაზე, რომელიც დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნების სპეციალურ საცხოვრებლებში გადაყვანას მოიცავს.

გომელაურის განმარტებით, ეს იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის პირობების მქონე დაწესებულება, საიდანაც გამოსვლა პირს მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე შეეძლება.

„არასრულწლოვნებთან დაკავშირებით პრობლემა ნამდვილად არსებობს. არასწორია, რომ ეს ბავშვები დავაკავოთ და ციხეში ჩავსვათ, რა თქმა უნდა, ამას არ ვემხრობი, მით უმეტეს, 14 წლამდე ბავშვებთან დაკავშირებით. თუმცა იყო შემთხვევები, მაგალითად, გლდანის რაიონში, როდესაც სრულწლოვანი ხელმძღვანელობდა ბავშვებს, აორგანიზებდა მაღაზიების გატეხას, ტელეფონების მოპარვას და ასე შემდეგ. ორი შემთხვევა იყო ასეთი და დავაკავეთ. 14 წლამდე ბავშვების პრობლემა მართლაც ძალიან დიდია. მაგალითად, ერთ ბავშვს, რომელიც 14 წლისაც არ არის, არის 13 წლის, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი. ასეთი რაღაც ისტორიაში არ არსებობს, ასეთი რაღაც არც საქართველოში და არც უცხოეთში არ იქნება, არც რუსეთში. უკვე ყველა იცნობს, მთელი პოლიცია, მათ შორის, მეც ვიცნობ ამ ბავშვს. მოვიყვანთ, მოვა დედა, დაწერს განცხადებას – ბოდიში, ტირილი და ვუშვებთ ამ ბავშვს, ვერაფერს ვუზამთ.

მეორე საკითხია, რომ ვმუშაობთ იუსტიციის, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროებთან ერთად გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება. ბავშვთა სახლში გადაყვანის შემთხვევაში როგორც ხდება, რომ მიიყვან და მეორე დღეს გამორბის, ისევ ქუჩაში დგას, ისევ რაღაცას აფუჭებს, ასე არ იქნება. იქიდან მოსამართლის გადაწყვეტილებით იქნება გამოსული. იქნება არა ციხე, არამედ  ჩვეულებრივი სახლის პირობები. სკოლა იქნება, ბავშვები, მასწავლებლები, აღმზრდელები იქნებიან, იქნება განათლება, სპორტი. ვთქვათ, სამთვიანია, ექვსთვიანი, წლიანიც არის, მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში. ამ მოდელზე ვმუშაობთ აქტიურად იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. სიმართლე გითხრათ, სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ. ძალიან რთული საკითხია. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს.

იყო შემთხვევები, როდესაც 14 წლამდე, 12 და 13 წლის ბავშვები, ხუთი-ექვსი ბავშვი თავს დაესხა უცხოელებს, ტურისტებს, წააქციეს, ტელეფონები გაიტაცეს. მაგალითად, ასეთი შემთხვევა იყო ბათუმში, თბილისში. ასევე ძალიან ბევრი ჩამოსულია ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და ხდება მათი უკან გადაცემა, ხშირ შემთხვევაში, პატრონები არ აკითხავენ და ჩვენი თანამშრომლები ჩადიან, ჩაჰყავთ სახლამდე, თვითმფრინავის ბილეთებს ვიღებთ და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ესეც დიდი პრობლემაა. მაგალითად, იყო შემთხვევები, როდესაც საზღვარზე, არ დავასახელებ ქვეყანას, რომლის საზღვარზე, დაგვიკავებია არასრულწლოვნები, როცა 10-12 ბავშვია ერთ უფროსთან ერთად. მოდიან, არც არანაირი საბუთი აქვთ, სიცივეა და იძულებული ვართ, წამოვიყვანოთ. მოგვყავს მიგრაციის სამსახურში. იქ დიდხანს ვერ გავაჩერებთ, შემდეგ გადიან გარეთ, ისევ ვაკავებთ. პირდაპირ რომ გითხრათ, ურთულესი პროცესია. იგივე შუქნიშნებთან ყველას შეგვიმჩნევია ბავშვები, რომლებსაც თანხას თუ არ მისცემენ, ხან მანქანას უზიანებენ. პატარები არიან, შვიდი, რვა ათი-თორმეტი წლის. ეს პრობლემა ნამდვილად დგას, რაზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

წყარო: "პირველი არხი"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია