მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“ - 10 აპრილი 2024

„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“

„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.

ცნობისთვის, საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია. ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 9,8%-ით მოიმატა და მთლიანი მოსახლეობის 22,4%-ს გაუტოლდა. ამავე პერიოდში კი მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 0,3%-ით გაიზარდა. ბოლო, 2023 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა 3 736 357 იყო, საიდანაც 838 097 პირი ასაკით პენსიონერია.

„უნდა შედგეს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა და უნდა გაიწეროს, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ შობადობის კლება შეჩერდეს და მერე ვიზრუნოთ შობადობის ზრდაზე. თუ ეს დროზე არ გავაკეთეთ, შემდეგ რამდენი დროც არ უნდა დავხარჯოთ, შეიძლება ეფექტი ამასაც აღარ ჰქონდეს და ეს პროცესი სასიკეთოდ ვეღარ შემოვაბრუნოთ. სამთავრობო სტრუქტურებში უნდა იყოს ეს რგოლი შექმნილი, ზოგიერთ ქვეყანაში ამისთვის სამინისტროც კი არის შექმნილი“,- ამბობს ანზორ თოთაძე.

მისი თქმით, სტატისტიკურად, თუ ერთ ოჯახზე, 2,1 ბავშვი მოდის ეს ნიშნავს, რომ ერის რაოდენობა იგივე რჩება, ხოლო 3 ბავშვის შემთხვევაში, ერის რიცხოვნობა შესანიშნავი მაჩვენებლით იზრდება.

„აუცილებელია, შობადობის წახალისება. მაგალითად, გერმანიაში წაახალისეს ყოველი მესამე ბავშვი იმიტომ, რომ მესამე ბავშვი არის მოსახლეობის გამრავლების აუცილებელი ფაქტორი. როდესაც ორი ბავშვი იბადება, ამას ჰქვია, რომ „ანაზღაურდა“ მშობლები, დედა და მამა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს. იმიტომ, რომ სტატისტიკურად ასეა, 1 წლამდე ასაკის ბავშვების (ჩვილების) რაღაც რაოდენობა იღუპება, შესაბამისად, მხოლოდ მშობლების „ანაზღაურებაც“ ვერ ხდება. თუ 2,1 ბავშვი იბადება, რამდენიც არის ერი, იმდენივე რჩება, თუ მეტი იბადება, მხოლოდ მაშინ მიდის ერი ზრდაში. საშუალოდ, 3 ბავშვი თუ იბადება, ესე იგი მოსახლეობა შესანიშნავი მაჩვენებლით იზრდება. მრავალი შვილის საჭიროება არც არის, ადრე რომ იცოდნენ, 8-10-15 ბავშვს აჩენდნენ, ეს იმას კი არ ნიშნავდა, რომ გამრავლების მაჩვენებელი იყო მაღალი, ეს მშობიარობა იყო მაღალი, მაგრამ ცოცხალი რჩება ცოტა, რადგან მაშინ მედიცინა არ იყო ისე განვითარებული. დღეს სიკვდილიანობა ბავშვებში გაცილებით დაბალია.

ამას ემატება კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ბოლო დროს გამოიკვეთა, ადრე 20-22-25 წლის ასაკში იყო დაქორწინების ასაკი, ახლა გაიზარდა და ავიდა 33 წლამდე. საშუალოდ, ქალი 33 წლის ასაკში ქორწინდება. გაიზარდა იმ ქალების რაოდენობაც, რომლებიც 35 -დან ზევით ასაკში აჩენენ შვილებს. შედეგად, ამ ათწლეულში ამ ასაკის ქალებმა რომ დაბადეს ვთქვათ, 40 000, შემდეგ 10-წლეულში დაბადებენ 62 ათასს“,- ამბობს ანზორ თოთაძე.

ამ თემაზე ჟურნალი „გზა“ დემოგრაფიულ საკითხებში ექსპერტ თამარ ჩიბურდანიძეს ესაუბრა. 

- ქალბატონო თამარ, როგორ აფასებთ საქართველოში დღევანდელ დემოგრაფიულ მდგომარეობას, რა მთავარ პრობლემებს გამოყოფთ?

- საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება. შიდა კონფლიქტებმა, ეკონომიკურმა პრობლემებმა და მიგრაციამ სერიოზული პრობლემები შექმნა.

იყო როგორც გარე, ასევე შიდა მიგრაციაც - სოფლები მოსახლეობისგან იცლებოდა. მაშინ ხელისუფლებიდან დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაზე არავის უზრუნია.

რაც მთავარია, სწორედ ამ პერიოდში იყო ყველაზე დიდი დემოგრაფიული კოლაფსი შობადობის კუთხით. დემოგრაფიული ხაზი ძირითადად დაბადებული გოგონების რაოდენობას მიჰყვება. თუკი 80-იან წლებში საქართველოში 450 000 გოგონა (9 წელიწადში) დაიბადა, 90 - 2000 წლებში წლებში დაიბადა ამის ნახევარი - 224 000 გოგონა. 

ერთი დემოგრაფიული თაობა 25-27 წელს შეადგენს. სწორედ იმ პერიოდში დაბადებული გოგონები შევიდნენ ბოლო 5 წელია უკვე დედობის ასაკში და, აქედან გამომდინარე,  შობადობის გარდაუვალი კლების პერიოდში შევედით. განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს  ბადებენ. ამ რეჟიმით მოგვიწევს ცხოვრება ერთი დემოგრაფიული თაობა, ანუ კიდე 17-20 წელი. ამის გამო შემცირდა შობადობა საქართველოში, ეს არის ძირითადი მიზეზი.

- ამ სფეროში არსებული პრობლემების მიზეზები კიდევ სად უნდა ვეძიოთ?

- დიახ, არსებობს სხვა მნიშვნელოვანი მიზეზებიც. მაგალითად, შემცირდა ქორწინებათა რაოდენობა, რაც ბუნებრივია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ განახევრებული რაოდენობის გოგონები დაიბადნენ, არამედ ახალგაზრდები დაქორწინებას არ ჩქარობენ. ერთად ცხოვრობენ და გადაწყვეტილებას კარიერაზე ზრუნვის შემდეგ იღებენ.

თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, სწორედ პირველი შვილების რაოდენობაა შემცირებული. აქ საქმე გვაქვს შვილის ყოლის გადავადებასთან. ახალგაზრდების დიდი ნაწილი, ვინც ქორწინდება, არ ჩქარობს შვილის გაჩენას.

ხშირად, განსაკუთრებით ოპოზიცია იმაზე სპეკულირებს, რომ ოჯახები არ იქმნება და შვილებს არ აჩენენ სოციალური  მდგომარეობის გამოო. მაშინ ევროპაზე რა ვთქვათ? სადაც უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემებია სწორედ შობადობის შემცირების და მიგრაციის გამო? იქაც უჭირთ ოჯახებს? არა, დემოგრაფიული პრობლემების წარმოქმნის მთავარი მიზეზი არის ცივილიზაცია და განვითარების პროცესი. დღეს მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანას დემოგრაფიული პრობლემა აქვს, ხოლო ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში შობადობა სწრაფად იზრდება.  

დასავლურმა ცივილიზაციამ კარგთან ერთად ესეც მოიტანა და ევროპა დღეს სწორედ ამას ებრძვის.

დღეს ცუდი მაჩვენებლები გვაქვს არა მხოლოდ შობადობის კუთხით, არამედ განქორწინებათა კუთხითაც. ახალგაზრდებში აღარ არის პრიორიტეტული ოჯახის შენარჩუნება, ოჯახური ღირებულებები და ადვილად მიდიან განქორწინებაზე. ამ შემთხვევაშიც შობადობა სწრაფად იკლებს.

2010 წელს, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გაეროს მოსახლეობის ფონდმა კავკასიურ ქვეყნებში კვლევის ანალიზი გამოაქვეყნა. რის მიხედვითაც, 2050 წლისთვის საქართველოს ემუქრებოდა დემოგრაფიული კატასტროფა; კერძოდ, საქართველოს მოსახლეობა 1 170 000  კაცით შემცირდება, სომხეთის მოსახლეობა იზრდება 7%-ით, ხოლო აზერბაიჯანის 33%-ით. 

ეს მონაცემები გაერომ მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნა და რეკომენდაცია მისცა, რომ სასწრაფოდ დაეწყოთ დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელება ქვეყანაში. მაგრამ მთავრობამ ყურიც არ გაიბერტყა. პირიქით, მრავალშვილიანის სტატუსიც კი გააუქმეს. 

- ახლანდელი მთავრობა რა ნაბიჯებს დგამს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად?

- 2012 წელს (როდესაც ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში) პირველი პროექტი, რაც დავიწყეთ, იყო სწორედ დემოგრაფიული პროექტი ბიძინა ივანიშვილთან ერთად, რომელსაც უშუალოდ დიმიტრი ხუნდაძე ხელმძღვანელობდა.

ამ 11 წლის განმავლობაში დემოგრაფიული კუთხით განხორციელებულია ბევრი ინიციატივა: 

უფასო მშობიარობა; 

ორსულობის პერიოდში უფასო გამოკვლევები; 

დეკრეტული შვებულების გაზრდა რაოდენობრივად და ფინანსურად; 

აბორტამდე მოსაფიქრებელი დროის გაზრდა; 

უკანონო აბორტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრება; 

საქართველოს 6 რეგიონში და ყველა მაღალმთიან რეგიონში მესამე და შემდგომ ახალშობილზე ფულადი დახმარება ყოველთვიურად 2 წლის განმავლობაში; 

მაღალმთიან რაიონებში პირველ და მეორე შვილზეც ფულადი დახმარება ყოველთვიურად 1 წლის განმავლობაში; 

მრავალშვილიანის სტატუსის მიღება და ოჯახებისთვის დენის გადასახადის სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან; 

უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ბინებით დაკმაყოფილება და ა.შ.

2016 წელს დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო დემოგრაფიული  უსაფრთხოების კონცეფცია, ასევე დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი. მთავრობამ მოამზადა სამოქმედო გეგმა და ეტაპობრივად ახორციელებს ინიციატივებს.

- კიდევ რა გზებია დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

- ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აიყვანა ეს საკითხი და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კიდევ დამატებით მსხვილ ინიციატივებზე, რათა დემოგრაფიული მდგომარეობა გამოსწორდეს.

რაც ძალიან კარგი შედეგია, მკვეთრად შემცირებულია სიკვდილიანობა ზოგადად და განსაკუთრებით ბავშვებში. ასევე, გაზრდილია სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა საქართველოში. ეს  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ და მთლიანად სოციალურმა პოლიტიკამ მოიტანა.

იმას, რასაც ბოლო 10 წელია ვახორციელებთ და დღესაც გრძელდება, შედეგს ერთი დემოგრაფიული თაობის, ანუ 25 წლის შემდეგ მოგვცემს. 

რაც შეეხება მიგრაციას, იგი გრძელდება არა იმ ტემპებით, როგორც ვიზალიბერალიზაციის შემდეგ იყო მოსალოდნელი. ბალტიისპირეთი, ბულგარეთი, უნგრეთი და სხვა ქვეყნები ფაქტობრივად დაიცალნენ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ და, მოგვიანებით, ნელ-ნელა დაიწყეს უკუმიგრაცია.

ზუსტად იგივე პროცესები მიდის დღეს საქართველოშიც. მიგრაციას ვერ აჩერებენ დღეს იაპონიიდან, ბრიტანეთიდან, ევროპიდან და როგორ შეიძლება ჩვენ ეს შევაჩეროთ? მაშინ უნდა ჩავკეტოთ საზღვრები, როგორც საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა.

საზღვრების გახსნა ყოველთვის მიგრაციის ზრდას იწვევს. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ უკუმიგრაცია იწყება. საქართველოშიც დაწყებულია ნელი ტემპით უკუმიგრაცია, ჯერ ძირითადად პენსიონერები  ბრუნდებიან. ამავე დროს, დაახლოებით 7-8 წელიწადში სხვა ასაკობრივი სეგმენტის უკუმიგრაციაც დაიწყება. ეს არის სხვა ევროპული სახელმწიფოების მიერ უკვე განვლილი გზა და სწორედ ამ გზას გადის დღეს საქართველოც.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია