მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლევან ხაბეიშვილი - ხარაზიშვილის, ლაგაზაურის და სხვების წინააღმდეგ მყისიერად დადგა შედეგი, მათი მომავალი უკავშირდება პატიმრობას - 17 სექტემბერი 2024

ხარაზიშვილის, ლაგაზაურის და სხვების წინააღმდეგ მყისიერად დადგა შედეგი. მათ ესმით, რომ მათი მომავალი უკავშირდება პატიმრობას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალოვანი უწყების სხვა წარმომადგენლები უნდა გაფრთხილდნენ.

„ზვიად ხარაზიშვილი მონაწილეობდა ჩემ მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. ეს პარლამენტში მეორე დღესვე დეტალურად მოვყევი, როგორ დემონსტრაციულად არ ჰქონდა ნიღაბი, ცდილობდა, შიშის გრძნობა დაეთესა და ა.შ. ვწუხვარ იმის გამო, რომ საქართველოს სახელმწიფოს ასეთი კრიმინალები წარმოადგენენ, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ მყისიერად დადგა შედეგი ხარაზიშვილის, ლაგაზაურის და სხვების წინააღმდეგ. მათ ესმით, რომ მათი მომავალი უკავშირდება პატიმრობას. აშშ-ის მხრიდან სანქცია მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ ისტორიას არ ახსოვს, არ არსებულა, არ ყოფილა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რეალობა დადგა. სხვა ადამიანები, ვგულისხმობ ძალოვნებს, უნდა გაფრთხილდნენ და 26 ოქტომბერი არის ის დღე, როდესაც ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს გამარჯვება უნდა იზეიმონ ქართველ ხალხთან ერთად და არ უნდა მოემზადონ ძალადობრივი მოქმედებებისთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

- არ მჯერა, რომ ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება სანქციების თაობაზე, მგონია, რომ არაფორმალურმა ძალებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომელთაც აქვთ გარკვეული გავლენები მის ადმინისტრაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს შეეხებოდა.

კითხვაზე, ექნება თუ არა საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაცია ამერიკის მხარესთან აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერმა აღნიშნა, რომ კომუნიკაცია ბაიდენის ადმინისტრაციასთან შედგება და საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ღიაა შეხვედრების, დისკუსიებისა და კომუნიკაციისთვის.

„ბაიდენის მიღებული არ მგონია ეს გადაწყვეტილება და მგონი, საზოგადოებაც დარწმუნებულია ამაში. საუბარია იმ ძალებზე, რომელთაც აქვთ არაფორმალური გავლენა მის ადმინისტრაციაზე. ბაიდენის ადმინისტრაციასთან გვექნება კომუნიკაცია, ალბათ პირადად მეც მექნება კომუნიკაცია, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაციასაც გაგიზიარებთ. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ შეხვედრებისთვის, დისკუსიისთვის, კომუნიკაციისთვის. ამას ყოველთვის ვაფიქსირებთ და ჩვენი მხრიდან იდგმება ხოლმე ქმედითი ნაბიჯები, თუმცა, სამწუხაროდ, მეორე მხრიდან ამას არ მოჰყვება ხოლმე სათანადო ნაბიჯები. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებ პოლიციელების სანქცირებაზე. შეგახსენებთ, რომ ესენი არიან ის პოლიციელები, რომლებმაც რევოლუცია ორჯერ აარიდეს თავიდან ჩვენს ქვეყანას, 2020 წლიდან მოყოლებული. ასეთ დროს საზოგადოებას უჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ უნდა ვინმეს, მესამედაც სცადოს საქართველოში რევოლუციის მოწყობა და დაასუსტოს პოლიცია? ამას ვერ ეღირსებიან, მაგრამ ეს განცდა ხომ რჩება. ეს დადებითად არ აისახება საზოგადოების დამოკიდებულებაზე კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. სამომავლოდ ჩვენ ველით ჯანსაღ და სწორ დამოკიდებულებას როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ისე ქართული საზოგადოების მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები და სავიზო შეზღუდვები დააწესეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ხოლო სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები გამოაცხადა ზვიად ხარაზიშვილის, მილერი ლაგაზაურის, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძის მიმართ.

მომზადებულია "პირველი არხის" მიხედვით

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია