10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში, საიდანაც 1 000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5 000 პატიმრის ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს ეხებოდა.
პრემიერის თქმით, კანონი არის მაქსიმალურად დაბალანსებული.
„ამნისტიის კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. პირველად ამის თაობაზე გარკვეული გზავნილი გავაჟღერე 8 თებერვალს, როდესაც მტკიცდებოდა მთავრობა, მეორედ ასეთი გზავნილი გავაჟღერე უკვე როდესაც მთავრობის ანგარიში წარვადგინე ივნისში და, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახა იმ კანონპროექტში, რომელიც მიღებულ იქნა უკვე დღეს მესამე მოსმენით. 10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში, საიდანაც 1 000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5 000 პატიმრის ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება. ეს არის მაქსიმალურად დაბალანსებული კანონი იმ კუთხით, რომ, ერთი მხრივ, მაქსიმალურად განიტვირთება ციხეები და გათავისუფლდებიან ადამიანები საპატიმროებიდან და, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ასევე საზოგადოებრივი წესრიგის სათანადოდ დაცვაც, ანუ დამატებითი რისკები არ შეექმნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. შესაბამისად, ხანგრძლივი დისკუსიები იყო ამ კანონის გარშემო და ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური სახით ჩამოყალიბდა ეს კანონი“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და 84 ხმით მხარი დაუჭირა.
საკითხი სხდომაზე წარადგინა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ამნისტიის კანონპროექტი“ არის დაბალანსებული პროექტი, რომელიც წარმოადგენს ჰუმანიზმის პრინციპის პრაქტიკულ გამოვლინებას და, იმავდროულად, ითვალისწინებს რა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესს, მაქსიმალურად აზღვევს კრიმინოგენული ვითარების გაუარესებისა და დანაშაულის რეციდივის რისკებს.
„ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებას 1 000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს. მთლიანობაში, სხვადასხვა შეღავათის სახით ამნისტია 5 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება. ასევე, ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირებისთვის, იგი დაახლოებით 22 000 პრობაციონერს შეეხება, აქედან 7 000 პირი პრობაციის სისტემას დატოვებს კანონის მიღებისთანავე. საბოლოო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 300-მდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
კანონპროექტი ცალკეულ დანაშაულებთან მიმართებით ითვალისწინებს დაზარალებულის თანხმობის წარდგენის ვალდებულებას, რისთვისაც განსაზღვრულია კონკრეტული ვადა და პროცედურა. ამასთანავე, ზოგიერთ დანაშაულზე ამნისტიის გავრცელების პირობად მიჩნეულია განზრახი დანაშაულისთვის წინარე ნასამართლობის არქონა.
პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
როგორც აღინიშნა, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და ზოგიერთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.