„კარგი მთავრობა საკუთარ ხალხს იზოლაციაში არ ამყოფებს“
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 2020 წლის გაზაფხულიდან არის დაკეტილი. ის კორონავირუსის პანდემიის დროს დაიკეტა, მაგრამ შემდეგ რეჟიმი აზერბაიჯანის მთავრობამ რამდენჯერმე გააგრძელა. ბოლოს შეზღუდვა 2024 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გაგრძელდა. ალიევის განცხადება ფაქტობრივად ნიშნავდა, რომ ქვეყნის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩებოდა.
„დღესაც კი, როდესაც საზღვარი დაკეტილია, საშიშ ქმედებებს აქვს ადგილი და მათი აღმოფხვრა ხდება“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საზღვრის დაკეტვა ქვეყანას საგარეო რისკებისგან იცავს.
„აზერბაიჯანში არის უსაფრთხო, სტაბილური და მშვიდი ვითარება. ის შეიძლება მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითო იყოს. სტაბილურობის გარეშე ვერცერთი ქვეყანა ვერ განვითარდება. ჩვენ ვხედავთ, თუ რა ხდება ქვეყნებში, სადაც სტაბილურობა დარღვეულია. სტაბილურობა - არის უსაფრთხოების განვითარების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ძირითადი წინაპირობა“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ოფიციალური ბაქო მანამდე აცხადებდა, რომ სახმელეთო საზღვარზე საკარანტინო რეჟიმი „იმდენ ხანს იქნება შენარჩუნებული, რამდენიც აუცილებელია“. ამჟამად აზერბაიჯანში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით შეიძლება. ამასთანავე, უცხოელებს აზერბაიჯანიდან გასვლა სახმელეთო გზითაც შეუძლიათ.
აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი საქართველოსთან, რუსეთთან, სომხეთთან, თურქეთთან და ირანთან აქვს. ოთხ წელზე მეტია ამ ქვეყნებიდან აზერბაიჯანში შესვლა მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტით არის შესაძლებელი.
საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა (ისევე, როგორც აზერბაიჯანში, საინგილოში კომპაქტურად მცხოვრებმა ქართველებმა) და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ ისაუბრეს სახმელეთო საზღვრების გახსნის აუცილებლობაზე.
ამ საკითხზე აზერბაიჯანის კახის რაიონის მცხოვრების, ემზარ სუყაშვილის შეფასებას გთავაზობთ:
- ვის სურს ასეთი მშვიდობა და უსაფრთხოება, როცა მოქალაქეებს საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი შემოსვლა ეზღუდებათ? საყვარელი მშობლების, და-ძმების, ნათესავების მონახულების საშუალება. უკვე მე-5 წელია მშობლებს შვილები ენატრებათ და შვილებს მშობლები და რაღაც მივიწყებულ პანდემიას რომ გამოიყენებ მიზეზად და კარანტინს გაახანგრძლივებ უწყვეტად, ესაა საამაყო ქვეყანა? ქვეყანა, სადაც შვილები მოხუცებულ, დაუძლურებულ, ავადმყოფ მშობლებს ვერ ნახავენ.
აუცილებლად უნდა მოკვდე, რომ შვილებს, და-ძმებს სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთის უფლება მიეცეთ?! ვის უღირს ასეთი ცხოვრება, სიცოცხლე, რომლით სარგებლობის უფლებასაც გვართმევენ. ნუთუ არ არის შესაძლებელი აზერბაიჯანის მოქალაქეებს წინასწარ გაცემული კოდებით მაინც მიეცეთ თავისუფალი გადაადგილების, რესპუბლიკიდან გასვლისა და შემოსვლის საშუალება? ან ცალმხრივად სახმელეთო საზღვრის კვეთის უფლება? ან წელიწადში 2-ჯერ, 3-ჯერ მაინც გადაკვეთის უფლება?
დავდივარ ასე ღირსებაშელახული, დათრგუნული, სიცოცხლე გამწარებული, გულით მკვდარი ადამიანი. როგორც ჩანს, საზღვრის გახსნას არავინ აპირებს და კიდევ მოგვიწევს ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრება. არ ვიცი, რა გითხრათ და რით გაგახაროთ - ასეთია ჩვენი მწარე რეალობა, პოლიტიკა და კეთილი ნების უქონლობა.
ღმერთი ადამიანს ერთხელ მოავლენს ქვეყანაზე. ამიტომ უნდა იყოს თავისუფალი, მოყვასის მოყვარული, სიკეთის მთესველი. ასევე, უნდა იყოს სამართლიანი, კანონმორჩილი მოქალაქეც. თუ ღმერთი, სიყვარული და სინდისი არ არის, მაშინ ყველაფერი ნებადართულია; ნებადართულია თავისუფლების შეზღუდვა, ჩაგვრა, პიროვნების ღირსების შელახვა, სიტყვის ჩახშობა, ადამიანების უსამართლოდ დატყვევება და მათივე დამონების სხვა მეთოდები. როცა 97%-ით არჩეული ქვეყნის ხელმძღვანელობა თავის ხალხს ასე ექცევა, ნამდვილად არ იმსახურებს ხალხის სიმპათიას. ჩემი თითოეული სიტყვა მოზომილია, მაგრამ გული სულ სხვანაირად მეტყველებს ქვეცნობიერში.
როგორც ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის მიზეზები პანდემია და ქვეყნის უსაფრთხოება ყოფილა; და როცა ყველაფერი მოწესრიგდება მსოფლიოში, საზღვარსაც მაშინ გახსნიან. ე. ი, საერთოდ არ გახსნიან. მსოფლიოში ყოველთვის არსებულა შფოთი, შიდა არეულობა, კონფლიქტები, ეპიდემია, კრიზისები და რა გამოდის, არასოდეს გახსნიან საზღვრებს?
ასევე, არა მგონია, რომ საკუთარი მოქალაქეები საფრთხეს უქმნიდნენ აზერბაიჯანს. როცა სახმელეთო გზით შემოსვლას უკრძალავ და აიძულებ ისედაც გაჭირვებულ ხალხს ძვირადღირებული თვითმფრინავით იმგზავროს; როცა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ სახმელეთო გზით გადასვლის საშუალება; ამ დროს შენს მოქალაქეებს 4 წელზე მეტია გაწამებული აქვთ სიცოცხლე - როცა ავადმყოფებს, სტუდენტებს, ასაკოვან ადამიანებს არ გააჩნიათ ადამიანური შეღავათები; როცა მშობლებს ენატრებათ შვილები და შვილებს მშობლები და არ ეძლევათ გინდაც წელიწადში ერთხელ მონახულების საშუალება; როცა, საკუთარი მთავრობა ღირსებას შეგილახავს, დაგამცირებს, დაგცინებს და ყბადაღებულ კორონავირუსს (ქვეყნის უსაფრთხოებას) მიზეზად გაიხდის...
არ მჯერა ასეთი სამართლის, ასეთი თავის მართლების, ასეთი მიდგომის საკუთარი ხალხისადმი. კარგი მთავრობა საკუთარ ხალხს იზოლაციაში არ ამყოფებს! - ამბობს ემზარ სუყაშვილი.