მწერალი ნაირა გელაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. წერილს "ბათუმელები" აქვეყნებს.
"საქართველოს ხელისუფლებას
ბატონ ბიძინა ივანიშვილს
აღარც კი მახსოვს უკვე მერამდენე მოწოდებით, თხოვნით თუ საპროტესტო განცხადებით მოგმართავთ და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ამაოდ.
სულ პირველად ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელად ყოფილი ფეხბურთელის – კახი კალაძის დანიშვნა გავაპროტესტე. რადგან თქვენმა ამ ნაბიჯმა უკვე მაშინ ერთადერთი რამ გვამცნო, კერძოდ, რომ თქვენს მიერ მართულ სახელმწიფოს რაიმე დარგობრივი განათლება კი არა, წერა-კითხვის ცოდნაც არ სჭირდებოდა; რომ თქვენთვის მთელი საქართველო, მისი მიწა-წყალი მხოლოდ ბიზნესტერიტორია, ერთი დიდი ცეხი იყო, რომელსაც მოგება უნდა მოეტანა თქვენთვის და თქვენი მოკავშირე მდიდართა კლასისთვის; რომ თქვენ განამტკიცეთ წინა რეჟიმის მიერ დაფუძნებული ქართული ფეოდალური კაპიტალიზმი – მტაცებლური, დაუნდობელი, უიდეო და უიდეალო. რომ თქვენ და თქვენს გუნდს განათლება უბრალოდ გძულდათ!
და აი, ამ „სპორტული“ კურსის დაგვირგვინება – ამ დღეებში ყოფილი ფეხბურთელის პრეზიდენტად დანიშვნა, რომელიც მთავარი სათქმელი ის აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტობას არანაირი დიპლომი არ სჭირდება!
განა ეს საქართველოს ხალხისადმი თქვენი ქვეცნობიერი სიძულვილის, მისი დამცირების სურვილის გამოხატულება არ არის?
(...)
ხელისუფლების წევრებო და მსახურებო, უფრთხილდით არამ ლუკმას, რომელსაც სხვების შვილების ჩაწიხვლით თქვენს შვილებს აჭმევთ! იგრძენით საერთო განსაცდელის, კატასტროფის სუნთქვა! შეჩერდით! ნუთუ ფიქრობთ, რომ ან ღმერთი, ან ხალხი გაპატიებთ ტანჯვით გაზრდილი ბავშვების, გოგონებისა და ბიჭების – ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ამ პირუტყვულ გადაჯეგვას, ხელ-ფეხის მსხვრევას?
ბატონო ბიძინა, გადახედეთ თქვენს გზას. როგორ მოხვედით (ფულით ნაყიდ თანამდგომელ ინტელექტუალთა წყალობითაც) – იმ საყოველთაო, სახალხო სიყვარულიდან და ნდობიდან, რაც 2012 წელს გეხვიათ გარს, – დღევანდელ დღემდე, როცა ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯალათად, ჰეროდედ იქეცით და ვეღარ ძღებით მათი სისხლის ღვრითა და წამებით. ნუთუ კაციჭამია ზონდერებისა და ანგარებიანი, პირმოთნე მხარდამჭერთა ამარა აპირებთ ცხოვრებას?
გამოერკვიეთ ამ მოჯადოებიდან და სასწრაფოდ გადადგით ნაბიჯი კომპრომისისკენ, ნუ დაუჯერებთ იმათ, რომლებიც ახლა სისასტიკისკენ მოგიწოდებენ. ისინი არაფერზე აგებენ პასუხს. ჩვეულებრივ, პირველი პირები ისჯებიან ყველაზე მეტად. თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ სიტუაციის შეცვლა."- ნათქვამია წერილში.