მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო - 29 აგვისტო 2025

უკავშირდება თუ არა ამა თუ იმ დაავადებების მატება სამთო საქმიანობას, ამის დასადგენად მოსახლეობის სრულფასოვანი ეპიდემიოლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს“

ufleba.ge

რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში  გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.

ამ დღეებში დავურეკე და ვკითხე, ბოლო წლებში თუ გაუმჯობესდა ეკოლოგიური მდგომარეობა-მეთქი. დოდო ბ-მ (მისივე თხოვნით, ზუსტ ვინაობას არ ვასახელებთ) მიპასუხა, რომ სამწუხაროდ, სასიკეთოს ვერაფერს ამჩნევს. ხოლო ირმის რქის დაფშვნა, თაფლში არევა და მიღება პრობლემას რამდენად უშველის, ცალკე განხილვის საკითხია.

„სხვადასხვა დაავადებების გავრცელება ჩვეულებრივი ამბავი გახდა და საშველი არაა. ჩემი საშუალო ასაკის და სიმსივნით გარდაიცვალა. დასამალი რა არის? - მეც მაქვს მკერდზე ვერაგი დაავადების ნიშნები, ე. წ. კვანძები. ექიმთან პერიოდულ შემოწმებას გავდივარ. შეიძლება ვიღაცამ არც დაგვიჯეროს, აქაური ქალების უმეტესობას გვეშინია, რომ ადრე თუ გვიან ავადმყოფობა ჩვენც დაგვემართება. ამას დაბაში რეალური მაჩვენებელიც ხელს უწყობს. ვისაც ეს ეხება, დროზე უნდა მოგვხედოს, რათა ეს დაძაბულ-ნერვული ფონი მაინც მოიხსნას. იცით შიშს რამხელა თვალები აქვს?“ - გვეკითხება დოდო.

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედიის“ კოვიდ პანდემიამდელი კვლევით, დაბა კაზრეთში გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა (80%) გარშემო არსებულ გარემოს საზიანოდ მიიჩნევს. ფიქრობენ, რომ ამ გარემოში ბავშვების გაზრდა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა:

„აღნიშნავენ, რომ საწარმო აბინძურებს გარემოს და შესაბამისად  ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. საზოგადოების ეს ნაწილი სათანადო მხარდაჭერას ვერც ადგილობრივი და ვერც ცენტრალური ხელისუფლებისგან ვერ გრძნობს“.

მათივე შეფასებით, ერთი მხრივ, საწარმო RMG ერთადერთი დამსაქმებელია, მეორე მხრივ, მათ მშვიდი ცხოვრების შესაძლებლობას ართმევს.

„გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ჰაერი, რომლითაც სუნთქავს დაბინძურებულია, ასეთივე დღეშია ნიადაგიც, მაგრამ ვერ ხედავს მის გვერდით სახელმწიფოს, რომელიც შესაბამის სრულფასოვან კვლევას ჩაატარებს და პრობლემას გამოასწორებს. თავად გამოკითხულთა სრული უმრავლესობა სისტემატურად სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევებს ვერ იტარებს. დაბას, ამასთან ერთად, არ აქვს სასწრაფო სამედიცინო ცენტრი და სამშობიარო სახლი“, - ნათქვამია „ქვემო ქართლის მედიის“ კვლევაში. 

ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ წევრი ნინო ბურჭულაძე გვეუბნება, რომ ნებისმიერ სამთო საქმიანობას (ღია კარიერული  თუ შახტური წესით) გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზარალი მოაქვს. მისივე თქმით, ხშირად დიდი კომპანიები  საკომპენსაციოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მთელ რიგ სოციალურ პროგრამებს  ახორციელებენ:

„ეს არის სწავლისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა, ასევე  მოსახლეობის გარკვეული სეგმენტისთვის საყოფაცხოვრებო და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება. მასშტაბური სოციალური პროგრამების დანერგვა-განხორციელება მისასალმებელია, მაგრამ გარემოსთვის მიყენებული ზარალის საპირწონე ვერ იქნება. მავნე ზემოქმედების მინიმიზაციისთვის კომპანიებმა გარემოსდაცვითი ვალდებულებები უნდა შეასრულონ. ამ მხრივ გამონაკლისი არც კომპანია „არემჯია“.  

სამოქალაქო აქტივისტის შეფასებით, „არემჯი“ 2018 წლამდე და მას შემდეგ, ფაქტობრივად, ორი სხვადასხვა კომპანიაა:

„გაჯანსაღების პროცესს სათავე  ჩვენმა, აქტივისტების  კულტურული მემკვიდრეობისთვის და გარემოსთვის ბრძოლამ დაუდო. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ კომპანია 2018 წლამდე სარგებლობდა ხელისუფლებაში მყოფი ცალკეული პირების კეთილგანწყობით და გარემოსდაცვით ვალდებულებებს არ ასრულებდა, რაც ბოლნისი-დმანისის ეკოლოგიაზე მძიმედ აისახა. დაბინძურებული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის გამო ადგილობრივი მოსახლეობა მოწეულ მოსავალს ვერ ყიდდა. მოწამლულ ბოსტნეულს და სხვა პროდუქტს არავინ იძენდა. ასეთ გარემოში ადამიანის  ჯანმრთელობასაც საფრთხე ექმნებოდა“.

ბურჭულაძის თქმით, ოთხწლიანი ბრძოლის შემდეგ 2018 წლის გაზაფხულიდან სახელმწიფომ აღიარა, რომ „დიახ, კომპანიას ჰქონდა დარღვევები და ამ ბრძოლაში აქტივისტები მართლები ვიყავით“: 

„სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ამავე წელს პარლამენტში ჩვენი ძალისხმევით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან „ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“ შეიქმნა, რომელიც მხოლოდ აქტივისტებისგან დაკომპლექტდა. სხვათა შორის, მაშინ  ერთ ცნობილ გარემოს დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციასაც ვთხოვეთ სამუშაო ჯგუფში ჩართვა, რაზეც უარი მივიღეთ; სავარაუდოდ, ფიქრობდნენ უშედეგო იქნებოდა“.

მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ რაც „არემჯის“ ვალდებულებების შესრულებას მონიტორინგს უწევენ, კომპანიამ გარემოს გაჯანსაღებისთვის (გამოსასწორებელ ღონისძიებებში) 2018-2024 წლებში 47 მილიონი ლარი დახარჯა:

„ქიმიური გამწმენდი ნაგებობების მუშაობის შედეგად, უკვე 4 წელია მდინარე ფოლადაურის, კაზრეთულასა და მაშავერას დაბინძურება ნულამდეა დაყვანილი. საკარიერო გზები და სპეციალური მონაკვეთები მუდმივად ირწყვება. ასევე მადნის სამსხვრევებზე დამონტაჟებულია დასანამი კონვეიერები. მძიმე მეტალების შემცველი მტვრის ღრუბლები უკვე წარსულში დარჩა“.

ნინო გვეუბნება, რომ საქმე სამთო წარმოებასთან გვაქვს და არასერიოზული იქნება ვთქვათ, რომ ყველა პრობლემა აღმოფხვრილია. მისივე თქმით, ძალიან დიდი ნახტომია გარემოს გაჯანსაღებისკენ გადადგმული და „გვეამაყება რომ ამაში დიდი წვლილი ჩვენც შევიტანეთ“:

„ეფექტური მონიტორინგის უქონლობის შემთხვევაში, როგორი მომთხოვნიც არ იყოს  კანონმდებლობა,  აღებული ვალდებულებები  ჯეროვნად არ შესრულდება. ვერ დამისახელებთ კომპანიას, რომელსაც თავისი ნებით დიდად უნდოდეს ფულის დახარჯვა“.

აქტივისტი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე საუბრობს, როცა წლების წინ თუნდაც საყდრისის ამბების დროს „არემჯის“ წარმოების დახურვას არ ითხოვდნენ, რის გამოც ხშირად საკუთარ გუნდშიც კი საყვედურობდნენ:

„იცით ქვემო ქართლის რეგიონში ქართველი მოსახლეობის დამაგრება რამდენად მნიშვნელოვანია. „არემჯი“ ერთადერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც ამ რეგიონში ოპერირებს და ადგილობრივების დასაქმების მხრივ ლიდერია. დღემდე მოსახლეობას სხვა ალტერნატივა არ აქვს. სოფლის მეურნეობა, ტურიზმი ისე განვითარებული არ არის, რომ დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას. ამიტომ კომპანიის გაჩერება ქართული მოსახლეობის დიდ ქალაქებში მიგრაციას გამოიწვევს, რაც ქვეყნის ინტერესებისთვისაც საზიანოა“.

ბურჭულაძის თქმით, წლების განმავლობაში ისმის, რომ რეგიონში სიმსივნური და არამარტო სიმსივნური დაავადებების გახშირება კომპანიის საქმიანობის შედეგია. მისივე განმარტებით, ამ საკითხზე ჯერ კიდევ 2015-2017 წლებში ჯანდაცვის სამინისტროსა და  დაავადებების კონტროლის ცენტრს წერილები გაუგზავნეს.

„სამწუხაროდ, სიმსივნური შემთხვევები საქართველოს ისეთ რეგიონებშიც არის მომატებული, სადაც სამთო წარმოება საერთოდ არ გვხვდება. ჩვენი მოთხოვნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ექიმების გარკვეული ჯგუფებიც მუშაობდნენ. უკავშირდება თუ არა ამა თუ იმ დაავადებების მატება სამთო საქმიანობას, ამის დასადგენად მოსახლეობის სრულფასოვანი ეპიდემიოლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს.

ამ მიმართულებით მცდელობა (ნიადაგისა და წყლის კვლევა) დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჰქონდა, პროექტს რუსთაველის ფონდი აფინანსებდა. მაშინ ეს ირიბი კავშირი ვერ აღმოაჩინეს. როგორც ვიცი, პროექტი კოვიდპანდემიის შემდეგ განხორციელდა, როდესაც „არემჯის“ გარემოს დაცვის მიმართულებით მთელი რიგი პრობლემები აღმოფხვრილი ჰქონდა“, - დასძენს ნინო ბურჭულაძე.

ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი (უფროსი მეცნიერი), ბოლნისის სოფელ ბალიჭის მკვიდრი გურანდა ავქოფაშვილი გვიდასტურებს, რომ კომპანიამ გარემოსდაცვითი საქმიანობები 2018 წლიდან, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დაკისრებული ვალდებულების ფარგლებში დაიწყო. მისივე თქმით, თუ მანამდე სანაყაროებიდან ჩამდინარე წყლები მდინარეში ხვდებოდა, გამწმენდი ნაგებობების საშუალებით დღეს პრობლემა აღმოფხვრილია:

„მესამე, მეოთხე სანაყაროებზე წყალი უშუალოდ ამ ქიმიურ გამწმენდ ნაგებობებში გადის და გაფილტრულ-გაწმენდილი მდინარეში ხვდება. ზოგ შემთხვევაში ეს წყლები საწარმოო ციკლში გამოსაყენებლად ბრუნდება. ასევე, საყდრისის უბანზე ქიმიური-გამწმენდი ნაგებობა მოეწყო და ეს წყლებიც იფილტრება“.

სხვა ღონისძიებებს რაც შეეხება, გურანდას ინფორმაციით, გზებს რწყავენ, რათა ინტენსიური დამტვერიანება არ მოხდეს. მისივე თქმით, სანაყაროებზე მიმდინარე რეკულტივაციით ნიადაგის საფარი აღადგინეს:

„ადგილობრივი ხე-მცენარეები დაირგო. დაკვირვების შედეგად ადგილობრივი ენდემური ჯიშის მცენარეებიც კარგად არის გახარებული. ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად სარეკულტივაციო ტერიტორიაზე ნიადაგში ორგანული ნივთიერებებიც ნელ-ნელა იმატებს, რაც ნიადაგის აღდგენის თვალსაზრისით დადებითი ნიშანია.

გაფრქვევებთან დაკავშირებითაც სხვადასხვა ღონისძიებები განახორციელეს. ასევე სანერგე მეურნეობა მოეწყო, სადაც ადგილობრივი ხე-მცენარეების თესლები შეგროვდა და ნერგები იქნა გამოყვანილი, რომლებსაც ეტაპობრივად სანაყაროებზე რგავენ.

- გაფრქვევებზე ღონისძიებებმა რა შედეგი მოიტანა?

- მტვრის დამჭერი სპეციალური დანადგარები მოეწყო. თუ მტვრის ნაწილაკები ჰაერში იფრქვეოდა, ახლა აღნიშნული მოწყობილობებით იჭერენ. ასევე, მადნის საფქვავ ადგილზე მოეწყო წყლის დანამვის დანადგარები, რაც გაფრქვევას ამცირებს. უნდა აღინიშნოს, რომ მადნის მოპოვება ღია კარიერული წესითაა და ვერც კომპანიის წარმომადგენლები იტყვიან, რომ ყველაფერი გამოსწორებულია. ყველაფერი მინიმუმამდე კი არის დაყვანილი.

საჭიროა მეტი თანამედროვე, მწვანე ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება. ასევე, ძალიან კარგი იქნება რეკულტივაციის სამუშაოების უფრო ფართო მასშტაბი და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა. მისასალმებელია, რომ კომპანიამ ამ გაზაფხულზე ასეთი ღონისძიებები ჩაატარა, მათ შორის ბავშვებმა და მოზარდებმა  სარეკულტივაციო ტერიტორიაზე ნერგები დარგეს.

- სამინისტროს მოთხოვნების გათვალისწინებით, რა პრობლემები რჩება?

- სამინისტროს და „არემჯის“ წარმომადგენლებთანაც არაერთი შეხვედრა გვქონია, ძირითადი მოთხოვნებიდან კომპანიამ თითქმის ყველაფერი შეასრულა. ისიც მახსოვს, სამინისტროს გარკვეული ღონისძიებები არც ჰქონდა დაკისრებული და პრობლემა სამუშაო ჯგუფის წევრებმა აღმოვაჩინეთ. ჩვენი ძალისხმევით კომპანიამ პრობლემა მოაგვარა, გზებზე ნაჟური წყლების შემკრებ ავზებში დაგროვება დაიწყო.

- თქვენი კვლევის შედეგებიდან გამომდინარე რა შეიძლება გვითხრათ? როგორი იყო და არის მდგომარეობა?

- ნიადაგის დაბინძურებას 2010 წლიდან ვსწავლობ. კვლევების მიხედვით, 2010 წლიდან 2017 წლამდე ნიადაგში მძიმე ლითონების შემცველობა საკმაოდ მაღალია. ზუსტად იმ პერიოდში იკლებს, როცა კომპანიამ გამოსწორება და რიგი გარემოსდაცვითი ღონისძიებების დანერგვა დაიწყო. თუ მანამდე რიგი მძიმე ლითონების კონცენტრაცია ასჯერ მეტი იყო, დღეს შემცირებულია. მაგალითად, თუ კადმიუმის კონცენტრაცია ასი მილიგრამი იყო ნიადაგში, სადღეისოდ ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციასთან არის გათანაბრებული.

რა თქმა უნდა, არის მცირე ადგილები, სადაც მძიმე ლითონების კონცენტრაცია მაღალია, მაგრამ საგანგაშო ნიშნულს არ სცდება. მძიმე ლითონების კლება ნიადაგებში პოზიტიური მაჩვენებელია, რაც კომპანიის გარემოსდაცვით ღონისძიებებთან დაკავშირებულია.

რაც შეეხება კვების პროდუქტებს, ნიადაგში მძიმე ლითონების კლებასთან ერთად კვების პროდუქტებშიც მათი მაჩვენებელი შემცირდა. ამ მხრივ არამარტო ბოლნისის მოსახლეობას ვურჩევ ხოლმე (სხვა რეგიონებშიც გვაქვს ნიადაგის წერტილოვანი დაბინძურებები), მაგალითად გაზაფხულზე ახალი კარტოფილის მირთმევისგან თავი შეიკავონ; რადგან ნიადაგიდან დიდი რაოდენობით ითვისებს არამარტო მძიმე ლითონებს, არამედ სხვა ნივთიერებებსაც - აზოტს და ა.შ. ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის, თუკი ჭარბი რაოდენობით დაიგროვებს. შეიძლება ახალ კარტოფილს მძიმე ლითონების მაღალი შემცველობა არ ჰქონდეს, მაგრამ უმჯობესია თავი შეიკავონ ან მინიმუმამდე შეამცირონ მირთმევა.

ნიადაგებთან ერთად წყალშიც მძიმე ლითონების შემცველობა საკმაოდ შემცირებულია. გასულ წელს სოფელ ბალიჭთან მდინარე მაშავერაში გარკვეული დამაბინძურებლების მატება შეინიშნებოდა, რაც მდინარეზე მცირე ჰესის არსებობით იყო განპირობებული; რომლის მუშაობის შედეგად მდინარის აუზში წყლის სიმცირის გამო განზავების კოეფიციენტი ნაკლები იყო.

- დაავადებების გავრცელებაზე კვლევა თუ ჩატარებულია, რა ინფორმაციას ფლობთ?

- საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოვითხოვეთ, რომ კვლევა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩაეტარებინა. მაგრამ კოვიდის გავრცელების პერიოდს დაემთხვა და გადაიდო.

- საყდრისის აღდგენაში რა იგულისხმება?

- ახლანდელ სანაყაროზე ტერასები უნდა მოეწყოს. ნიადაგი აღდგეს და მწვანე საფარი, ხე- მცენარეები გაშენდეს, ბალახების დაითესოს და ა.შ. ზუსტად იმ სახით არ გვექნება, როგორიც საყდრისის მთა იყო პირვანდელი სახით, მაგრამ პროექტი არსებობს და მომავალი წლიდან განხორციელდება.

- სად არის გამოსავალი - კომპანიამ შეუფერხებლად იმუშაოს და მეორე მხრივ უარყოფითი შედეგები მაქსიმალურად ნაკლებად იყოს გამოხატული?

- კომპანიამ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულება უნდა გააგრძელოს. გაკეთებულ საქმეებსაც მუდმივი მონიტორინგი სჭირდება. კომპანია ყოველდღიურად აწარმოებს მონიტორინგს და კურსი უნდა გაგრძელდეს.

ასევე სამინისტროს მხრიდან ზედამხედველობის მონიტორინგი, მოსახლეობის ჩართულობა აუცილებელია. შეიძლება კომპანიას რაღაც გამორჩეს და პრობლემა მოსახლეობამ დაინახოს. ეს გარემო მარტო კომპანიას არ ეკუთვნის. ინტენსიური სახე უნდა მიეცეს და გაფართოვდეს ნიადაგის აღდგენითი სამუშაოები. ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიები უფრო მეტად უნდა დაინერგოს.

- ახალი ტექნოლოგიების დანერგვა რა შედეგებს მოიტანს?

-  ამაში ვგულისხმობ ისეთი ტექნოლოგიის დანერგვას, რომელიც ჰაერს, ნიადაგს და წყალს გაწმენდს. ამაში გამოყენებული იქნება მცენარეები და, ბაქტერიები, რომელიც ბუნებისთვის მისაღებია. ასეთი ტექნოლოგიები საზღვარგარეთ აქვთ დანერგილი და კარგადაც მუშაობს. ასევე, საკმაოდ იაფია და დამატებითი მუშახელი არ სჭირდება. ახლა ერთ-ერთ დოქტორანტთან ერთად ჩამდინარე წყლების მცენარეებით გაწმენდაზე ვმუშაობთ, ვნახოთ შედეგების მიხედვით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.  

- რამდენად შესაძლებელია კომპანიამ მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სრულფასოვანი კვლევები დააფინანსოს?

- ყველაფერი შესაძლებელია და ამისთვის მთავარია სურვილი იყოს. მახსოვს, 2010 წელს ადგილზე სამეცნიერო საქმიანობა დავიწყე  (სამეცნიერო კვლევის ფარგლებში) - როდესაც მოსახლეობიდან სინჯებს ვიღებდი, ვერავის წარმოედგინა, რომ ერთიანად გაყვითლებული კაზრეთულა ოდესღაც გაიწმინდებოდა და ამ დაბინძურებული წლით მოსახლეობა მინდვრებს აღარ მორწყავდა.

აღვნიშნავ, რომ აფეთქებები საკმაოდ ინტენსიურად და ძლიერი მუხტით ხორციელდებოდა, რის შედეგადაც ჰაერში დიდი რაოდენობის მტვერი და მავნე აირები გამოიტყორცნებოდა. ჩვენი მონიტორინგის ფარგლებში კომპანიას აფეთქების მუხტის შევამცირებინეთ; ჰაერში დიდი რაოდენობით მტვერი აღარ გამოიფრქვევა. ხოლო წინა წლებში მოსახლეობას ვერაფრით წარმოედგინათ, რომ ეს ყველაფერი შემცირდებოდა. ამიტომ პროცესში მოსახლეობის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტი ლელა სტურუა  გვეუბნება, რომ ბოლნისის მკვიდრ ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე კვლევა მასაც განუხორციელებია და ცუდი შედეგები არ ყოფილა დაფიქსირებული:

„წლების წინ, სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის კიბოს გავრცელებაზე კვლევა ჩაგვიტარებია, საბედნიეროდ დიდი მაჩვენებელი არ შეგვხვედრია“.

მისივე ინფორმაციით, მძიმე ლითონების შემცველობაზე ბოლო კვლევა რუსთაველის ფონდის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის შედეგები მისთვის უცნობია. 

სამწუხაროდ, სტატიის მომზადებისას „რუსთაველის ფონდის“ მეოხებით ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები ჩვენთვისაც უცნობი დარჩა. უახლოესი მონაცემები არც ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე იძებნება. ადრე ჩატარებული კვლევის შედეგებზე კი ზემოთ გიამბეთ.  

ამ მოკვლევის შემდეგ, „არემჯის“ ეს კითხვა გავუგზავნეთ - გარემოზე ზეგავლენის გათვალისწინებით, აპირებს თუ არა კომპანია თვითონ ჩაატაროს (დააფინანსოს) კვლევა ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? კომპანიის პასუხს მკითხველს დამატებით შევატყობინებთ. მანამდე, „არემჯის“ გადადგმულ ნაბიჯებს ამ გვერდებზე გაეცნობით:  

გარემოს დაცვა - შემარბილებელი ღონისძიებები

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

რა დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ? 2018 წლიდან კომპანია „არემჯის“ მზარდმა სოციალურმა პასუხისმგებლობამ, სახელმწიფო (გარემოს დაცვის სამინისტრო), სამოქალაქო სექტორთან (საპარლამენტო ჯგუფი) და ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობამ კარგი შედეგები მოიტანა. დღეს რეგიონში გამაყრუებელი სიმძლავრის, ჯანმრთელობის დამაზიანებელი აფეთქებების ხმა აღარ ისმის; აქაური ჰაერის სუნთქვა უკვე თამამად შესაძლებელია; იქამდე გაყვითლებულ მდინარეებს ბუნებრივი ფერი დაუბრუნდა; ხოლო მინდვრები (სასოფლო-სამეურნეო სავარგულები) მძიმე ლითონებით დაბინძურებული წყლებით აღარ ირწყვება. ამიტომ პასუხისმგებლობიანი თანამშრომლობა სხვადასხვა ჩართულ მხარეებთან, სხვა ქართული კომპანიებისთვისაც სამაგალითო ნიშნული უნდა გახდეს.

და კიდევ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იქვე გვერდით მცხოვრები ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცულობაა. ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ქაოსურმა საწარმოო პროცესმა მოსახლეობაში ფესვი გაუდგა შიშს, რომ ასეთ დაბინძურებულ გარემოში სხვადასხვა ვერაგი დაავადებების (მათ შორის სიმსივნეების) მარწუხებში აღმოჩნდებოდნენ. ამიტომ „მადლი ჰქენ, მარილი მოაყარეს“ პრინციპით, კომპანია „არემჯიმ“ კიდევ ერთი შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას - ჩაატაროს (ან დააფინანსოს) სრულფასოვანი კვლევა მოსახლეობის (მათ შორის, საკუთარი თანამშრომლების) ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამით ადამიანებს სისხლში გამჯდარ ფსიქოლოგიურ წნეხს მაინც მოუხსნის და დაფშვნილი, თაფლში შერეული ირმის რქების სასწაულებრივ იმედზე აღარ დატოვებს.

პ.ს. ჩვენი წილი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, გავაგრძელებთ მონიტორინგს, მათ შორის კომპანია „არემჯისთან“ თანამშრომლობას საჭირბოროტო პრობლემის გადასაწყვეტად.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE