მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ „დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპის 10-პუნქტიანი გეგმა“ წარადგინა - 27 ოქტომბერი 2025

მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ თანაგუნდელებთან ერთად „დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპის 10-პუნქტიანი გეგმა“ წარადგინა:

"პირველი, ჩვენს თანამოაზრეებთან და თანამებრძოლებთან ერთად ვიწყებთ მთელი საქართველოსა და თბილისის სხვადასხვა უბნის შემოვლას, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანთან მივიტანოთ სიმართლე და ხელი შევუწყოთ საუბნო და სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბებას.

მეორე, იმის დასტურად, რომ შეგვიძლია რეალური და ძლიერი ალტერნატივის ფორმირება, წლის ბოლოს თანამოქალაქეებთან და თანამებრძოლებთან ერთად მასშტაბურ სამოქალაქო ყრილობას მოვიწვევთ, სადაც ვიმსჯელებთ ბრძოლის შემდგომ ნაბიჯებზე და ასევე, მხარს დავუჭერთ გარდამავალი პერიოდის ხედვასა და გეგმას.

უახლოეს 30 დღეში, „თავისუფლების მოედანი“ წარმოვადგენთ „თავისუფლების პროგრამას საქართველოსთვის“, რომელშიც განხილული და ასახული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა და ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას გარდამავალ პერიოდში ავტორიტარიზმისგან დემოკრატიის აღდგენამდე.

ასევე, უახლოეს 30 დღეში წარმოვადგენთ, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ დოქტრინას, რომელიც წლების განმავლობაში არ განუახლებია „ქართულ ოცნებას“, იმის მიუხედავად, რომ სულ მშვიდობაზე საუბრობს.

საზოგადოებას ვაჩვენებთ ჩვენს ხედვას, როგორც ეროვნული, ისე რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით, თუ როგორ უნდა დავიცვათ მშვიდობა რეალურად და როგორ უნდა განვამტკიცოთ სტაბილურობა.

ასევე, უახლოესი დღეების განმავლობაში, ეტაპობრივად წარმოგიდგენთ „თავისუფლების მოედნის“ გუნდის იმ წევრებს, რომლებსაც ვთვლით, რომ აქვთ შესაძლებლობა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი იმისათვის, რომ ჩაიბარონ ქვეყნის მართვისათვის მნიშვნელოვანი საკითხები და სფეროები.

ამასთან, იმისთვის, რომ შევასრულოთ საზოგადოებისთვის ჩვენი მიცემული პირობები და ვერავინ გაბედოს იმ შეთანხმებების დარღვევა, რომელსაც საზოგადოების წინაშე დებენ, ვიწყებთ საჯარო კამპანიას ხელმოწერების შესაგროვებლად „ლუსტრაციის კანონის“ მხარდასაჭერად. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც „თავისუფლების მოედანი“ ახალ, დამოუკიდებელ პარლამენტში ავარჩევთ.

ასევე, საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად და საზღვარგარეთ ჩვენი დიასპორების კიდევ უფრო აქტიურად ჩასართავად საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის საქმეში, ვიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ დავაარსოთ დემოკრატიის ეროვნული ფონდი და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიისათვის ბრძოლას საქართველოში.

ასევე, „ოცნებაზე“ საერთაშორისო ზეწოლის გასაძლიერებლად და ჩვენი საერთო ძალისხმევის უკეთესი კოორდინაციისთვის, ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან, საქართველოს მეხუთე და მეოთხე პრეზიდენტს, ასევე, ყოფილ დიპლომატებს, ვთავაზობთ და ნაწილ მათგანს უკვე შევთავაზეთ, ერთობლივად დავაფუძნოთ საგარეო პოლიტიკის საბჭო. ის ხელს შეუწყობს ჩვენი პოზიციებისა და პოლიტიკის ერთობლივ შემუშავებასა და წარდგენას საერთაშორისო ასპარეზზე.

ასევე, რათა გავაძლიეროთ დემოკრატიის ბრძოლაში ჩვენი მხარდაჭერა, ამასთან, საქართველოს საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში კიდევ უფრო გაძლიერებასა და კიდევ უფრო მაღლა წაწევას შევუწყოთ ხელი, დავიწყეთ მუშაობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რომ ევროკავშირში დაარსდეს მუდმივმოქმედი საერთაშორისო, მაღალი დონის კონფერენცია საქართველოში მიმდინარე კრიზისის შესახებ. აქ უმაღლეს დონეზე რეგულარულად იქნება განხილული ის თუ, რა უნდა გაკეთდეს საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად.

ასევე, გამჭვირვალობის, საჯაროობის, ანგარიშვალდებულებისთვის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად და ამის დასტურად, ჩვენ ყოველ სამშაბათს უახლოესი 2 თვის განმავლობაში აქ, თსუ-სთან ხალხს ანგარიშს ჩავაბარებთ. მათ მოვუყვებით ჩვენს გაწეულ საქმეებზე, ვუპასუხებთ მათ შეკითხვებს და წარვუდგენთ ჩვენს ხედვებს.

ეს არის ის ათი კონკრეტული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ იმისათვის, რომ ჩვენი წინააღმდეგობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს“ | განაცხადა ცუცქირიძემ.

წყარო: "მთავარი არხი"

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE