ქვეყანაში დიქტატურის ნაწილია გუშინდელი გადაწყვეტილება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის შესახებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ სასოწარკვეთილ მოქმედებებზე პასუხი უნდა იყოს ბრძოლა, კიდევ მეტი სიმტკიცე, ერთიანობა, უფრო მეტი კონსოლიდაცია.
„ამ გადაწყვეტილებას აქვს ორი საფუძველი. ერთი, ეს არის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებიდან 13 წლის თავზე ივანიშვილის მთავარი მეტოქე და პოლიტიკური მტერი, ისევე როგორც პერსონალური მტერი დღესაც სწორედ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ეს განპირობებულია იმით, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის პირადი, ნომერ პირველი მტერია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში, ახლა უკვე პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, რომლებმაც გაბედეს და თავიანთი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა არ ჩააბარეს მტერს, იბრძოლეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად;
მეორე, ეს არის ივანიშვილის სასოწარკვეთილი მცდელობა, მიიქციოს დასავლეთის და, კონკრეტულად, აშშ-ის ყურადღება. გახსოვთ, აშშ-ის კონგრესში ბიძინა ივანიშვილზე იყო საუბარი, როგორც ვერშემდგარ, უნიათო დიქტატორზე, და ახლა დიქტატურის კონსოლიდაციით ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოს დიქტატურა შედგა, თავად შედგა, როგორც დიქტატორი და დიქტატორის რანგში მაინც დაელაპარაკოს დასავლეთსa და აშშ-ს.
ყველაზე ძალიან რაც მიკვირს, ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ფულის თვლაში გაატარა, ვერ აცნობიერებს, რომ, ლუკაშენკოსგან განსხვავებით, მისი პირადი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ფინანსები მთლიანად დასავლეთზეა ჩამოკიდებული. ამიტომ ივანიშვილი ვერასოდეს შეძლებს, ჰქონდეს ის სამომლაპარაკებლო პოზიცია დასავლეთთან, აშშ-თან, როგორიც აქვს ლუკაშენკოს ან როგორიც შესაძლოა, მომავალში ჰქონდეს ვლადიმერ პუტინს, როდესაც ეს მოლაპარაკებები შედგება.
ამ სასოწარკვეთილ მოქმედებებზე, დიქტატურის კონსოლიდაციაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს ბრძოლა, კიდევ მეტი სიმტკიცე, ერთიანობა, უფრო მეტი კონსოლიდაცია, ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის გამარჯვებისთვის, სიმართლისთვის, რომელიც ჩვენს მხარეს არის, სიმშვიდისთვის, რომელიც სჭირდება ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის დაბრუნებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გამარჯვება უდავოდ ჩვენია და გამარჯვება აუცილებლად მოვა, ამისთვის აუცილებელია ჩვენი ერთიანი ბრძოლის გაგრძელება“, – განაცხად თინა ბოკუჩავამ.
ყველანი ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, ძალა ერთობაშია, თავისუფლება პუტინის პირად ტყვესა და მძევალს, მიხეილ სააკაშვილს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გია ბარამიძემ განაცხადა, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად რუსთავის ციხესთან იმყოფებოდა.
მისივე თქმით, „რეჟიმის, პუტინის მიზანია, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი დააშინოს და გაანადგუროს“.
„რამდენიმე საათის წინ საქართველოში მძვინვარე მოღალატეთა, კრიმინალთა რუსულმა რეჟიმმა და ბანდამ გადაწყვიტა, მიხეილ სააკაშვილი გადმოიყვანოს სამკურნალო დაწესებულებიდან რუსთავის ციხეში. ეს ხდება ყველაფერი პუტინის დავალებით, რადგანაც პუტინის მიზანი და პუტინის გეგმის მთავარი ხაზი არის ბრძოლა დამოუკიდებელ, თანამედროვე სახელმწიფოსთან, რომლის მშენებლობის სიმბოლო არის პრეზიდენტი სააკაშვილი. ამ რეჟიმის, პუტინის მიზანია, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, „ნაციონალური მოძრაობა“ დააშინოს და გაანადგუროს. ვერაფერს ამას ეს მოღალატეთა ბანდა პუტინის გეგმის შესაბამისად ვერ მიაღწევს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, მისი თანამებრძოლები, ვინც აქ, სიმბოლურად მოვედით რუსთავის ციხესთან და ასობით ათასი იმ იდეის მხარდამჭერი, რა იდეაზეც დგას „ნაცინალური მოძრაობა“, რასაც ჰქვია თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, დემოკრატიული, ერთიანი სახელმწიფო, ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, გამთლიანებული სახელმწიფო – აი, ამ იდეების ერთგული ადამიანები გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ, ყველანი ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია – თავისუფლება პუტინის პირად ტყვესა და მძევალს, მიხეილ სააკაშვილს!
ჩვენი გეგმაა სიმტკიცე, ბრძოლა მშვიდობიანი. ამ რეჟიმთან დაპირისპირება ყველა კონსტიტუციური მშვიდობიანი მეთოდით“, – განაცხადა ბარამიძემ.
კლინიკა „ვივამედიდან“ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებისთვისაც არ იყო ცნობილი, არც ადვოკატებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
სანიკიძის თქმით, ეს არის სწრაფად მიღებული გადაწყვეტილება.
„პარტიის წევრებისთვის კი არა, ოჯახის წევრებისთვისაც არაფერი იყო ცნობილი. არც ადვოკატებს არ ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ეს არის სწრაფად მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც აღასრულა პენიტენციურმა დაწესებულებამ და სამსახურმა. მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს რუსთავის ციხეში, ოღონდ არავის ეგონოს, რომ მიხეილ სააკაშვილი აქამდე რაღაც კურორტზე ისვენებდა. საპატიმრო დაწესებულებაში იყო, უბრალოდ გადიოდა იმ სახის მკურნალობას, რასაც სხვა პატიმრებიც გადიან, ანუ გამონაკლისი არ იყო მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ, ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა არის დამატებით გამწვავება ვითარების. ივანიშვილმა რუსთავის ციხე აავსო პოლიტიკური პატიმრებით და პოლიტიკური ლიდერებით, რაც შეუძლებელია, არ დასრულებულიყო იმ გვირგვინის დადგმით, რასაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის იმ ციხეში გადაყვანა ჰქვია. ბიძინა ივანიშვილს სძულს და ეშინოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და იგივე გრძნობა აქვს პატიმარი მიხეილ სააკაშვილის მიმართაც, შიში და სიძულვილი ერთდროულად. მოლოდინი როგორ არ არსებობდა. ნამუსზე ხელაღებული ხალხი ოხრად არის ოპოზიციის ნაწილშიც, ვინც ამას ამბობდა, რომ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილებაა.
სარჯველაძის თქმით, პატიმარი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, საპატიმროში უნდა იხდიდეს სასჯელს.
„ვერავინ შეძლებს, თქვას საპირისპირო არგუმენტი, რატომ არ უნდა მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების მიღება და აღსრულება. ვფიქრობ, აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა. ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და სასჯელი აქვს მოსახდელი, დიახ, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში. არ მესმის მცდელობებისა, ამაში ვინმემ რამე უარყოფითი ნახოს, რაღაც გაუგებრობა იპოვოს ან რაიმე ინსინუაცია გაავრცელოს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით 2022 წლის 12 მაისს გადაყვანილ იქნა კლინიკა „ვივამედში“, სადაც ის ამ დრომდე იმყოფებოდა და მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან პაციენტის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე.
ვინაიდან მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.