ვისურვებდი, საქართველოს იმ კრიმინალურ-მოღალატეთა ბანდა კი არ მართავდეს, რომელიც ომში ჩვენი მტრული სახელმწიფოს მხარეს არის, არამედ მართავდეს ძალა, რომელიც თავისუფალი სამყაროს და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარეს არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განაცხადა.
ბოკუჩავას კითხვა დაუსვეს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც პაპუაშვილი ამბობს: „ევროკავშირმა 120 მილიარდით მეტი მისცა რუსეთს, ვიდრე უკრაინას და ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება რამეს? ლიეტუვა, რომელსაც ჩვენზე მეტი ღვინო შეაქვს რუსეთში, ჩვენ გვეუბნება რამეს?“.
„შალვა პაპუაშვილმა ძალადობრივი ხასიათი გამოავლინა უმაღლეს ტრიბუნაზე, მორალზე საუბარი ტრაგიკომიკურია. რაც შეეხება დასავლეთის და კონკრეტული წევრი ქვეყნების დამოკიდებულებას, განსაკუთრებით ნავთობპროდუქტების ნაწილში რუსეთზე, ეს იყო ძალიან სერიოზული პრობლემა და გეოსტრატეგიული შეცდომა, რომლის გამოსწორების პროცესშიც არის ახლა ევროკავშირი. ვიცით, რომ მათი უმრავლესობა რუსეთის ფედერაციისგან ახლა სრულიად ენერგოდამოუკიდებელი ხდება ან უკვე გახდა, რაც არის რუსეთის და მისი ომის მანქანის დასუსტების მთავარი საფუძველი.
ეს არის ნათელი მაგალითი, რომ რუსეთი უკრაინასთან ამ ომში აუცილებლად დამარცხდება და უფრო დასუსტებული თუ არა, იმაზე დანაწევრებული გამოვა, ვიდრე ის იყო მაშინ, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ ეს ომი დაიწყო. ამიტომ, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვისურვებდი, საქართველოს დღეს იმ კრიმინალურ-მოღალატეთა ბანდა კი არ მართავდეს, რომელიც ომში ჩვენი მტრული სახელმწიფოს მხარესაა, არამედ ის ძალა მართავდეს, რომელიც თავისუფალი სამყაროს და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარეს არის, რადგან ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესშია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მიუღებელია, საქართველოს, რომლის ორი რეგიონი რუსეთს მიერ ოკუპირებულია, უკრაინის მიმართ არასაკმარისი მხარდაჭერის გამო უსაყვედურონ.
„დღეს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აფრიალა სქემა, არ ვიცი რატომ უხაროდა ამ სქემის ჩვენება. ევროკავშირი 2022 წლიდან მოყოლებული დღემდე უკრაინას დაეხმარა 180 მლრდ ევროთი, ამავე დროს 310 მლრდ ევროკავშირმა გადაუხადა რუსეთს სხვადასხვა პროდუქტში, ენერგომატარებლებში და ასე შემდეგ. ანუ 120 მლრდ-ით მეტი მისცა რუსეთს, ვიდრე უკრაინას და ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება რამეს?! კაია კალასის მეუღლე ჩართული რომ იყო რუსეთთან ვაჭრობაში, ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება რამეს? ლიეტუვა ჩვენ გვეუბნება რამეს? ჩვენზე მეტი ღვინო რომ შეაქვთ რუსეთში? ესენი საერთოდ რა მორალით გვესაუბრებიან ქვეყანას, რომლის ორი რეგიონი რუსეთს ოკუპირებული აქვს და ჩვენ გვეუბნებიან, რომ უკრაინას არასაკმარისად ვუჭერთ მხარს?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს არ ეკუთვნის მორალის კითხვა იმ ქვეყნებისგან, რომლებიც არსებული ვითარებით სარგებლობენ.
„უკრაინის ხელისუფლების უმადურობაზე ვსაუბრობდი და დღეს ვნახე გაერო-ში მადლობა ყველა წევრის მიმართ, ვინც მხარი დაუჭირა ერთ-ერთ რეზოლუციას, მათ შორის საქართველოც არის, და ჩვენ გვეძახიან დე ფაქტო ხელისუფლებას, პრორუს ხელისუფლებას, ჩვენს ხმებს ხომ კარგად ირგებენ? მორალის კითხვა იმ ხალხისგან, რომლებიც ხელს ითბობენ ამ ყველაფრისგან, ნამდვილად არ გვეკუთვნის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პირველი არხი