მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
როცა გიჭერენ, თავს გესხმიან და გაჩუმებენ: ჟურნალისტების ბრძოლა სიმართლისთვის კიევიდან თბილისამდე - 21 ნოემბერი 2025

„უცნაურია, იდგე სცენაზე ევროპაში, იღებდე ჯილდოს კოლეგის, სახელგანთქმული ჟურნალისტის სახელით, რომელსაც იცნობდი და რომელიც ჩვენთან აღარ არის“, – ეს სიტყვები უკრაინელმა ჟურნალისტმა, ანა ბაბინეცმა ვენის უნივერსიტეტში მაშინ წარმოთქვა, როცა ხელში ეკავა პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI) „პრესის თავისუფლების გმირის“ ჯილდო, რომელიც გამარჯვებულებს IPI-ის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მსოფლიო კონგრესის ფარგლებში გადაეცათ.

კოლეგა, რომელზეც ის საუბრობდა, ვიქტორია როშჩინა იყო, 26 წლის ფრილანსერი რეპორტიორი. ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის გასაშუქებლად მარტო გაემგზავრა. როშჩინას ცხედარი რუსეთის ციხეში მისი დაღუპვის ოფიციალური თარიღიდან თითქმის ერთი წლის თავზე გადმოასვენეს სამშობლოში და კიევში დაკრძალეს.

„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ 21-ე საუკუნეში ევროპული ქვეყნის პროფესიონალი ჟურნალისტი ციხეში წამებისა და შიმშილისგან შეიძლება დაიღუპოს?“ – ჰკითხა ბაბინეცმა შეკრებილ აუდიტორიას.

„დღეს უკრაინაში თითოეული ნიუსრუმი არქივიც არის“

უკრაინა ჟურნალისტიკისთვის მსოფლიოს უსასტიკეს ლაბორატორიად არის ქცეული. როცა ციდან რუსული რაკეტები ცვივა, რედაქტორები მასალას საჰაერო თავდაცვის სირენებს შორის აქვეყნებენ; როცა დენი ითიშება, რეპორტიორები გენერატორებით განათებული ბუნკერებიდან წერენ.

ანა ბაბინეცი კიევში მდებარე საგამოძიებო სააგენტოს, Slidstvo.Info-ს თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში ბაბინეცის რედაქციამ ღია წყაროებზე დაყრდნობით თავისი პირველი ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომელშიც დაღუპული რუსი პილოტი ჩაფხუტზე დატანილი ნომრით იყო იდენტიფიცირებული. „ერთ ღამეში გარდავისახეთ ომის რეპორტიორებად“, – აღნიშნავს ბაბინეცი.

ომმა უკრაინული ჟურნალისტიკის გენდერული თანაფარდობაც შეცვალა. „აქამდე მეუბნებოდნენ ხოლმე, ‘ქალი ხარ, სახლში უნდა იყოო’. ახლა ნიუსრუმის თანამშრომელთა 80 პროცენტს ქალები შევადგენთ. კაცები ფრონტზე არიან, ასე რომ, ჩვენ სიმართლეს ვიცავთ“.

კიევში Ukrainska Pravda–ს აღმასრულებელი დირექტორი, ანდრიი ბაბარიკინი ჯერ კიდევ ითვლის თითოეულ საჰაერო დარტყმას, რომელიც მათი ოფისის სიახლოვეს ეცემა. „რამდენიმე თვის წინ რაკეტამ ისევ ჩაამსხვრია ჩვენი ფანჯრების მინები“, – ჰყვება ის, – „ფანჯრები შევაკეთეთ და მუშაობა გავაგრძელეთ. იმიტომ, რომ ჩვენ თუ გავჩერდებით, სიჩუმეს ვიღაც სხვა ტყუილებით ამოავსებს. დღეს უკრაინაში თითოეული ნიუსრუმი არქივიც არის. ჩვენ ომს ვაშუქებთ და ომში ვცხოვრობთ“.

სრული გათანგვის მიუხედავად, მოვლენათა ეთიკურ გაშუქებას ღირებულება არ დაუკარგავს. „როცა ომის პერიოდში კორუფციას ამხელ, ისეთი გრძნობაა, თითქოს საკუთარ თავს აყენებ ჭრილობას“, – აღიარებს ბაბინეცი, – „მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ასე თუ არ მოვიქცევით, რისთვისღა ვიბრძვით?“

საქართველო: როცა შენი საქმის კეთება საშიში ხდება

საქართველოში რეპორტიორები, რომლებიც თბილისის ქუჩებში მიმდინარე მშვიდობიან პროტესტს აშუქებენ, სულ უფრო მეტად ხდებიან პოლიციის აგრესიისა და თვითნებური დაკავებების სამიზნე. ადგილობრივი დამკვირვებლების თანახმად, გასული წლის განმავლობაში დემონსტრაციების გაშუქებისას 50-ზე მეტ ჟურნალისტს დაესხნენ თავს. ზოგიერთ მათგანს „საჯარო წესრიგის“ დარღვევის ბრალდება მხოლოდ იმის გამო წაუყენეს, რომ ისინი მიმდინარე მოვლენების დოკუმენტირებას ცდილობდნენ.

დამოუკიდებელი მედიები სულ უფრო მზარდი ფინანსური და პოლიტიკური წნეხის ქვეშ არიან. გავლენიან მედიასაშუალებებს უყინავენ ანგარიშებს და უუქმებენ სარეკლამო კონტრაქტებს, რასაც ემატება მოულოდნელი საგადასახადო ინსპექციები. ეს ყველაფერი მათ ყოველდღიურ საქმიანობას მნიშვნელოვნად აფერხებს.

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და Coda Story-ს დამფუძნებელი, ნატალია ანთელავა აღნიშნავს, რომ რეპრესიები უკვე მედიის სფეროსაც გასცდა: „მხოლოდ ჟურნალისტებს არ იღებენ სამიზნეში; უკვე ყველას – მუზეუმის დირექტორებს, მუსიკოსებს, დირიჟორებსაც კი. მაგრამ ჟურნალისტები ფრონტის წინა ხაზზე დგანან“.

მათ შორის არის მზია ამაღლობელი, საქართველოში თავისუფალი სიტყვის მთავარი დამცველი და „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამაარსებელი, რომელიც დღეს დაპატიმრებულია. როდესაც მისი კოლეგა, „ბათუმელების“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ რუხაძე მისი სახელით იღებდა „პრესის თავისუფლების გმირის“ ჯილდოს, მან მზარდი რეპრესიების შესახებაც ისაუბრა:

„გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემს ქვეყანაში 80-ზე მეტი ადამიანი დაიჭირეს. დაკავებული ჟურნალისტების რიცხვი სულ უფრო იზრდება. და ვშიშობ, იმ დროისთვის, როცა ეს არაჩვეულებრივი ჯილდო საქართველომდე ჩააღწევს, მონაცემები უკვე შეცვლილი შეიძლება იყოს“.

რეჟიმისადმი  ამაღლობელის დაუმორჩილებლობამ – 38-დღიანმა შიმშილობამ, მისმა უარმა, სასამართლოს მსვლელობისას ბრალდებულის სკამზე დაჯდეს – ის საქართველოს დამოუკიდებელი მედიის სიმტკიცის სიმბოლოდ აქცია.

სომხეთი: ქალები, რომლებიც ომზე ჰყვებიან

2025 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში წინსვლის მიუხედავად, სომხეთში მედიაგარემო ჯერ კიდევ მყიფეა. ჟურნალისტები კვლავ განიცდიან პოლიტიკურ ზეწოლასა და საჯარო თავდასხმებს. უსაფრთხოების საკითხებისა და მთიანი ყარაბაღის ომის გაშუქებამ ადგილობრივ მედიას დამატებითი პრობლემები დაატეხა თავს და ჟურნალისტები ღრმა ეთიკური და ემოციური დილემების წინაშე დააყენა.

დამოუკიდებელი ყოველკვირეული ონლაინჟურნალის მმართველი რედაქტორი, რუბინა მარგოსიანი აღნიშნავს, რომ სომხური ჟურნალისტიკა ქალების გამძლეობისა და საკუთარი თავის დამკვიდრების ამბავსაც ჰყვება. „იმისათვის, რომ ქალები მეხსიერების შემნახველებად და გადამცემებად აღიქმებოდნენ, მათ, უპირველესად, წამყვანი პოზიციები უნდა დაიკავონ. ამისათვის კი ჩვენ მიმდინარე მოვლენებში აქტიურად ჩართულები უნდა ვიყოთ. იმ ომის შემთხვევაში, რომელსაც მე ვაშუქებდი, რაც არ ვიცით – ან რაზეც საკმარისად არ ვსაუბრობთ – ისაა, რომ ომი იცვლება. ყოველი ომი კვირიდან კვირამდე იცვლება“.

2017 წელს დაარსებული EVN Report იმისთვის შეიქმნა, რომ სომხეთი დანარჩენ სამყაროსთან დაეახლოებინა, „რადგან სომხური მედია საუბრობდა სომხებზე, სომხებისთვის, სომხებს შორის“, იხსენებს მარგოსიანი. მედიასაშუალება, რომელსაც მთლიანად ქალები მართავენ, რევოლუციისა და ომის პერიოდებში გაიზარდა და ქვეყანაში კრიზისის გაღრმავების პარალელურად იქცა ორენოვან მულტიმედიად. „ჩვენ ძალიან სწრაფად და მრავალმხრივ განვვითარდით“, – ჰყვება მარგოსიანი, – „ამ მიღწევას დიდწილად მივაწერ იმას, რომ ქალები ვართ – გვახასიათებს მოქნილობა, ახალ-ახალი ფორმატების ძიება, თავისუფლად აზროვნება და მრავალფეროვანი გამოცდილებების რეპრეზენტირება – ამგვარ სითამამეს სხვა მედიაორგანიზაციები ალბათ არ გამოიჩენდნენ“.

მოლდოვა: დეზინფორმაცია და რუსული ტაქტიკები

მოლდოვის უკანასკნელმა საპარლამენტო არჩევნებმა გამოააშკარავა, როგორ იქცა დეზინფორმაცია პოლიტიკურ იარაღად – თუმცა, კოორდინირებული თავდასხმების მიუხედავად, დემოკრატიულმა ძალებმა საბოლოოდ მაინც გაიმარჯვეს. რუსეთთან დაკავშირებული ციფრული ქსელები ამომრჩევლებს შორის გაყალბებულ ინფორმაციას ავრცელებდნენ, რათა პროევროპული მისწრაფებები ჩაეხშოთ და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის გამოეთხარათ ძირი. გამომძიებელი ჟურნალისტები საუბრობენ მზარდად მტრულ ონლაინგარემოზე, სადაც მოსყიდული ტროლები, ყალბი „მედიატრენინგები“ და კოორდინირებული სადისკრედიტაციო კამპანიები პრესისადმი ნდობის მოსაშლელად შეთანხმებულად მუშაობდნენ.

„ეს ციფრული არმიები მოლდოვის არჩევნებისთვის შეიქმნა“, – ამბობს ქვეყნის წამყვანი საგამომძიებლო მედიასაშუალების, Ziarul de Gardă (ZdG), რედაქტორი და ჟურნალისტი, ალინა რადუ, – „Facebook-სა თუ TikTok-ზე ყველას მიუვიდა უფასო ტრენინგზე მიწვევა. ჯერ ჩვენს ცხოვრებაზე პოსტავდნენ… მერე უცებ ფასებზე, პოლიტიკაზე, გაზზე დაიწყეს წერა და ბოლოს მივიდნენ ისეთ განცხადებებამდე, როგორიცაა, „ჩვენ არ მოგვწონს ეს პრეზიდენტი“. ეს კომპლექსური, საზოგადოებაზე ზემოქმედების მომხდენი ოპერაციებია, რომლებიც სიძულვილსა და ანტიდასავლურ ნარატივებს ავრცელებენ. პუტინის მიზანი დემოკრატიის განადგურებაა. ის ჩნდება ყველგან, სადაც არჩევნებია და სადაც იმაზე კარგად ცხოვრობენ, ვიდრე რუსეთში. უბრალოდ, მზად უნდა იყოთ“. 

დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც კორუფციას ან რუსულ პროპაგანდას ამხელენ, მასალის გამოქვეყნებისთანავე აწყდებიან ონლაინშევიწროებას. როგორც რადუ აღნიშნავს, „ჩვენ ვიცით, ვინაა პასუხისმგებელი და ვიცით, ვინ იხდის ამაში ფულს. შემდეგ ნაბიჯი დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემაა“.

აზერბაიჯანი: ციფრული კონტროლი თავისუფალ მედიაზე

აზერბაიჯანში დაპატიმრებულ ჟურნალისტთა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (Reporters sans frontières), მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში დაპატიმრებულ ჟურნალისტთა რიცხვი 2025 წლის შუა პერიოდისთვის მინიმუმ 25-ს შეადგენდა. ევროპარლამენტი, ევროკავშირი და „საერთაშორისო ამნისტია“, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, გმობენ ამ ქმედებებს და ითხოვენ დაპატიმრებული ჟურნალისტების გათავისუფლებას.

დაჭერების ტალღა 2023 წლის მეორე ნახევარში დაიწყო, როცა Abzas Media-ს გუნდი დააკავეს. „იმ მომენტიდან მოყოლებული დევნა არ შეჩერებულა“, – ჰყვება Qazetci-ის მთავარი რედაქტორი, ლეილა მუსტაფაიევა. Qazetci გადასახლებაში მომუშავე აზერბაიჯანული მედიასაშუალებაა, რომელიც ფაქტების შემოწმებასა და საგამომძიებლო ჟურნალისტიკაზე კონცენტრირდება. „ქვეყნის შიგნით არ მოიძებნება დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობას გაბედავდა“, – ურთავს მუსტაფაიევა.

მისმა გუნდმა მკაცრი ციფრული პროტოკოლი მას მერე გამოიმუშავა, რაც კომპლექსური ფიშინგის სამიზნე გახდნენ – მათ ელექტრონულ ფოსტაზე და WhatsApp-ში ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით ეგზავნებოდათ შეტყობინებები, რომლებშიც „IT მხარდაჭერას“ სთავაზობდნენ. „ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე ნამდვილი ადამიანების სახელებსა და წოდებებს იყვნენ ამოფარებულები“, – იხსენებს მუსტაფაიევა, – „ყველაფერი ნამდვილს ჰგავდა, არადა, ყალბი იყო. ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელმაც მსგავსი შეტყობინება მიიღო, ახლა ციხეშია“.

დაჭერების მიღმა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ციფრული სათვალთვალო ეკოსისტემა შექმნა, რომლის სამიზნეც ადგილობრივი და გადასახლებაში მყოფი კრიტიკოსები არიან. მუსტაფაიევა აღწერს სამთავრობო მონაცემთა ბაზას, რომელიც დაახლოებით 20,000 აზერბაიჯანელს – ჟურნალისტებს, აქტივისტებსა თუ პოლიტიკოსებს – მეთვალყურეობს, ავტომატურად იწერს ონლაინსივრცეში მათ მიერ გამოქვეყნებულ კომენტარებს და სოციალურ მედიაში მათ აქტივობას. „თუ მთავრობას ვინმეს მიზანში ამოღება მოუნდება“, – ამბობს ის, – „მათ შეუძლიათ, ფაილი გახსნან და ნახონ ამ ადამიანის მიერ დაწერილი ყველა პოსტი – კრიტიკის შემცველიც და ჩვეულებრივიც“.

ეს სისტემა პროექტ „პეგასუსის“ მიერ გამოაშკარავებულ მონაცემებს ეყრდნობა. პროექტმა 2019 წელს 1,000-ზე მეტი აზერბაიჯანელის, მათ შორის ასობით ჟურნალისტისა და ადამიანის უფლებათა დამცველის, სატელეფონო ნომრების სია გამოამჟღავნა. „ჩვენ ზეწოლას გადასახლებაშიც კი ვგრძნობთ. ჩემი ქმრის Twitter-ის ანგარიში აზერბაიჯანში დაბლოკილია და ის არაერთ მუქარას იღებს. რაც მეტად იღებ ხმას, მით მეტი საფრთხის ქვეშ ექცევი“, – ურთავს მუსტაფაიევა.

ბელარუსი: როგორ გააშუქო მოვლენები თავისუფლად, ყველაფრის მიუხედავად

ერთ დროს ბელარუსის ყველაზე გავლენიანი მედია, TUT.BY, ხელისუფლებამ 2021 წელს, ოცწლიანი მუშაობის შემდეგ დახურა. მედიის ათობით ჟურნალისტი და თანამშრომელი გამოგონილი „ეკონომიკური“ ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. მაგრამ გუნდმა Zerkalo.io-ს სახელის ქვეშ მაინც აღადგინა მუშაობა.

„ჩვენი ვებსაიტი გაშვების დღესვე დაბლოკეს“, – იხსენებს Zerkalo-ს თანამშრომელი, ილონა ელიაშევიჩი, – „რუსეთში კი ის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე დღეს დაიბლოკა“.

ბელარუსული რეჟიმის მიერ „ექსტრემისტულ დაჯგუფებად“ გამოცხადებული Zerkalo-ს მკითხველებსაც კი უკვე 7-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ, თუ მედიასაშუალების პოსტს მოიწონებენ ან გააზიარებენ. თავიანთი აუდიტორიის დასაცავად, რედაქციამ ვებსაიტიდან YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე გადაინაცვლა – იმ პლატფორმებზე, რომლებზეც მასალა მომხმარებლამდე ალგორითმის მეშვეობით აღწევს და არა – გამოწერების.

გადასახლებაში ყოფნის მიუხედავად, გუნდი გამუდმებით არის ჩაბმული ციფრულ ომში: იქნება ეს ყოველთვიური კიბერშეტევები, ფიშინგის მცდელობები თუ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული პროპაგანდა. რეპორტიორთა უმრავლესობა ანონიმურად მუშაობს, რათა ის ნათესავები დაიცვას, რომლებიც ჯერ კიდევ ბელარუსში იმყოფებიან.

„ლამის ყოველ თვეს გვესხმიან თავს“, – ამბობს ელიაშევიჩი, – „ამ თავდასხმათა მოგერიება უკვე ჩვევად გვექცა“.

ილონა ელიაშევიჩი. ფოტო: mienskurban.space

მეორე პრობლემა ფინანსური სახისაა. ახლა, როცა მედიის აუდიტორია მთელ ევროპაშია მიმობნეული და სარეკლამო ბაზარი თითქმის განადგურებულია, შემოსავლის მხოლოდ ნაწილი შემოდის კომერციული წყაროებიდან.

გამოსავლის ძიება

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბეატე მაინლ-რეისინგერმა მედიის შეზღუდვასთან დაკავშირებით პირდაპირ განაცხადა: „სიტყვის თავისუფლებას თავისთავად მოცემულობად ვერ მივიღებთ. ჩვენ ის ყველა ქვეყანაში ყოველდღიურად და ყველა მხრივ უნდა დავიცვათ და გავაძლიეროთ“.

იუნესკოს გამოხატვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების განყოფილებაში კომუნიკაციისა და ინფორმაციის საკითხებზე მრჩეველმა, ანდრეა კაიროლამ კი პრესის თავისუფლება აღწერა არა მხოლოდ როგორც უფლება, არამედ, ასევე, როგორც პროგრესის ინფრასტრუქტურა.

„ინფორმაციაზე წვდომა არაა მხოლოდ დემოკრატიული ღირებულება – ის მდგრადი განვითარების შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა მან, – „მედიასექტორი ერთდროულად მეთვალყურეცაა და მოქმედების ინიციატორიც“.

ვენაში გამართულ იუნესკოს პანელზე კაიროლამ გაეროს 2030 წლის სამოქმედო გეგმაში მედიის თავისუფლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი მტკიცებით, ჟურნალისტიკა პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს, სამართალდარღვევებს ხდის ფარდას, მაგრამ, ასევე, საზოგადოებებსაც სძენს გამჭვირვალედ ფუნქციონირების უნარს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში რედაქტორები და ექსპერტები გადარჩენისა და განახლების ერთსა და იმავე პრიორიტეტებზე მიუთითებენ.

უპირველესად, ეს ნიშნავს ჟურნალისტების დაცვას – როგორც ფიზიკურად, ასევე ციფრულ სამყაროში. იქნება ეს ტყვიაგაუმტარი ჟილეტები კიევში თუ დაშიფრული ქსელები ბაქოში, უსაფრთხოების ტრენინგებს და იურიდიულ დახმარებას სისტემატური სახე უნდა ჰქონდეს, იმის ნაცვლად, რომ  თითოეულ თავდასხმაზე იმპროვიზებული პასუხი იყოს.

მეორე, უნდა შეიცვალოს ბიზნესმოდელები. დამოუკიდებელი მედია მხოლოდ გრანტებით ვერ იარსებებს. შერეული წყაროებიდან – გამოწერებიდან, წევრობიდან, ღონისძიებებიდან – მიღებული შემოსავალი მდგრადობის გარანტიც არის და ავტონომიისაც.

მესამე, ხელი უნდა შეეწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას. ერთიანი გამოძიებები და მრავალეროვანი მასალა უფრო ფართო აუდიტორიამდე აღწევს და კოლექტიურ უსაფრთხოებას ამყარებს.

მეოთხე, უნდა დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციას. ფაქტების შემმოწმებელი ცენტრები, ალგორითმული გამჭვირვალობა და საზოგადოების განმანათლებელი ინიციატივები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა გაყალბებული ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მეხუთე, უნდა გაძლიერდეს სამართლებრივი ჩარჩოები. „ევროპის მედიის თავისუფლების აქტის“ მსგავსი კანონმდებლობის სტანდარტებთან შესაბამისობა მედიის თავისუფლების არა მხოლოდ თეორიული, არამედ, ამასთან, პრაქტიკული დაცულობის წინაპირობაცაა.

როგორც ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ჯოზეფ სტიგლიცმა შეახსენა საზოგადოებას, დღეს ცენზურა მხოლოდ საპოლიციო რეიდებითა და დაჭერებით არ შემოიფარგლება. ის ასევე შეიძლება იყოს ჩუმი, ბიუროკრატიული და ეკონომიკური ხასიათის – „შიშის ჩამნერგავი მექანიზმი, რომელიც ადამიანებს აიძულებს, არ ამოიღონ ხმა, არ წერონ“.

და მაინც, რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები – კიევიდან თბილისამდე თუ ერევნიდან კიშინიოვამდე – გვაჩვენებენ, რომ მოვლენათა გაშუქების, დოკუმენტირების, ამბების თხრობის ინსტინქტი ყველანაირ ზეწოლას უძლებს.

ავტორი: ოლგა კონსევიჩი

სტატია გამოქვეყნებულია უკრაინულად TSN.ua-ზე

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE