- 28 პუნქტიანი ტრამპის გეგმა უკრაინის ფაქტობრივი კაპიტულაციის შესახებ, რომლის მიხედვით უკრაინამ უბრძოლველად უნდა დათმოს ის ტერიტორიებიც, რომელსაც დღემდე აკონტროლებს, ეხება აგრეთვე რუსეთისათვის სანქციების მოხსნას და გაყინული 300 მილიარდი დოლარის აქტივების გამოყენებას.
რუსული გაყინული აქტივების გამოყენების გეგმა ისეთივე უაზრო და ცინიკურია, როგორი უაზრო და მკვდრადშობილი იყო შეთანხმება იშვიათ ლითონებთან დაკავშირებით, რომელიც საბოლოოდ ტრანსფორმირდა უკრაინის ბუნებივი რესურსების მიტაცების ასევე მკვდრადშობილ ფონდად. საოცრება ის არის, რომ 28 პუნქტიანი ტრამპის გეგმის მიხედვით 300 მილიარდი დოლარის ოდენობით გაყინული რუსული ფულიდან ცალკე უნდა გამოიყოს 100 მილიარდი დოლარი, შეიქმნას სპეციალური ფონდი, საიდანაც მოხდება ინვესტირება უკრაინის ეკონომიკაში და შემოსავლების 50 პროცენტი უნდა წაიღოს ამერიკამ მოგების სახით.
გეგმის ეს ნაწილი წინააღმდეგობაში მოდის ევროპის ქვეყნების მცდელობასთან, გამოიძებნოს ისეთი სამართლებრივი გზა და ფინანსური მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემდა მათ 300 მილიარდი დოლარის ახლავე გამოსაყენებლად უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის მიზნით. ასეთ მექანიზმად მოიაზრება ე. წ. რეპარაციული სესხი. ევროკავშირი გასცემს სესხს უკრაინაზე რუსული აქტივების გირაოს ქვეშ, ხოლო ომის დამთავრების შემდეგ, როდესაც რუსეთს დაეკისრება რეპარაცია ანუ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სესხის დაბრუნება მოხდება ამ გაყინული ფულიდან.
ტრამპის გეგმის მიხედვით მოხდება გაყინული რუსული აქტივების განბლოკვა და იგი გამოყენებული იქნება შემდეგნაირად:
1. შეიქმნება სპეციალური, უკრაინის აღდგენისა და ინვესტირების ფონდი 100 მილიარდი დოლარის ოდენობით, საიდანაც მოგების 50 პროცენტს წაიღებს ამერიკა.
2. ევროპამ არა მხოლოდ უნდა განბლოკოს გაყინული რუსული აქტივები, არამედ საკუთარი რესურებიდან უნდა გამოჰყოს დამატებითი 100 მილიარდი დოლარი უკრაინაში ინვესტირებისათვის.
3. დარჩენილი 200 მილიარდი დოლარის ოდენობის რუსული აქტივით უნდა შეიქმნას ამერიკულ-რუსული საინვესტიციო ფონდი, რომლის მეშვეობით მოხდება ერთობლოვი პროექტების განხორციელება მსოფლიო მასშტაბით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს რუსეთის დაბრუნებას საერთაშორისო ეკონომიკურ რუკაზე, მათ შორი დიდ რვიანში დაბრუნებას.
ვინაიდან გაყინული რუსული აქტივების უდიდესი ნაწილი ევროპაშია განთავსებული, ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ბიზნესგეგმას ევროპის ქვეყნები დასთანხმდნენ.
ტრამპის 28 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში რუსული ენის სახელმწიფო ენად დაბრუნებიდან დაწყებული, რუსეთისათვის სანქციების მოხსნას და ომის დამნაშავეების მიმართ ყოველგვარი სამართლებლივი დევნის არდაშვებას სამომავლოდ, ანუ საყოველთაო საერთაშორისო ამნისტიას, რუსეთისათვის სისხლის ჩამორეცხვისა და ცივილიზებულ სამყაროში მისი დაბრუნების ტოლფასია. ეს ითვალისწინებს მიტაცებული ტერიტორიების დე იურე აღიარებასაც.
ეს არის რუსული გეგმა, რომელიც ტრამპის პროექტად უნდათ რომ გაასაღონ. თანაც პოზას იჭერენ, ვითომ არც რუსები ეთანხმებიან ამას.
უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაშია ჩავარდნილი. ამ გეგმაზე უარის თქმის შემთხვევაში ტრამპი იმუქრება სამხედრო იარაღის მიწოდების და ომის ველზე სადაზვერვო მხარდაჭერის შეწყვეტით.
პირველ რიგში ევროპამ უნდა ჩაშალოს ეს რუსული გეგმა, - წერს ექსპერტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
უკრაინული მედია რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსს აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, ომის დასრულების გეგმა 28 პუნქტს შეიცავს, რომლებიც შესაძლოა, შეიცვალოს.
ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, რუსეთი მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება; ამასთან, უკრაინა კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ნატო-ში არ შევა. გეგმის მიხედვით, ალიანსი არ გაფართოვდება და უარს იტყვის გაფართოებაზე.
აშშ-ის პრეზიდენტის „სამშვიდობო გეგმაში“ საუბარია ტერიტორიულ საკითხებზეც. კერძოდ, ოკუპირებული ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსულ რეგიონებად. ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული ძალები კი გავლენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ.
ამასთან, გემის მიხედვით, უკრაინა იღებს ვალდებულებას, ჩაატაროს არჩევნები 100 დღის განმავლობაში.
დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს, შემდეგი პუნქტებისგან შედგება:
„1. დადასტურდება უკრაინის სუვერენიტეტი;
2. რუსეთს, უკრაინასა და ევროპას შორის დაიდება სრული და ყოვლისმომცველი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმება. ბოლო 30 წლის ყველა ბუნდოვანება მოგვარებულად ჩაითვლება;
3. რუსეთი არ შეიჭრება მეზობელ ქვეყნებში და ნატო არ გაფართოვდება;
4. აშშ-ის შუამავლობით გაიმართება დიალოგი რუსეთსა და ნატო-ს შორის უსაფრთხოების ყველა საკითხის გადასაჭრელად და დეესკალაციის პირობების შესაქმნელად, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თანამშრომლობისა და მომავალი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით;
5. უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს;
6. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა განისაზღვრება 600 000 პერსონალით;
7. უკრაინა თანხმდება, კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ ნატო-ში არ შევა და ნატო თანხმდება, თავის წესდებაში შეიტანოს დებულება, რომელიც მომავალში ალიანში უკრაინის მიღებას არ ითვალისწინებს;
8. ნატო თანხმდება, რომ უკრაინაში ჯარები არ განლაგდება;
9. ევროპული გამანადგურებლები პოლონეთში განთავსდებიან;
10. აშშ-ის გარანტია:
აშშ მიიღებს კომპენსაციას გარანტიისთვის;
თუ უკრაინა რუსეთში შეიჭრება, ის დაკარგავს გარანტიას;
თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გადამწყვეტი, კოორდინირებული სამხედრო რეაგირების გარდა, აღდგება ყველა გლობალური სანქცია, ახალი ტერიტორიის აღიარება და ამ შეთანხმების ყველა სხვა სარგებელი გაუქმდება;
თუ უკრაინა უმიზეზოდ გაუშვებს რაკეტას მოსკოვისკენ ან სანკტ-პეტერბურგისკენ, უსაფრთხოების გარანტია ბათილად ჩაითვლება;
11. უკრაინას აქვს ევროკავშირის წევრობის უფლება და მიიღებს მოკლევადიან პრივილეგირებულ წვდომას ევროპულ ბაზარზე, სანამ ეს საკითხი განიხილება;
12. უკრაინის აღდგენისთვის ზომების ძლიერი გლობალური პაკეტი, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ:
უკრაინის განვითარების ფონდის შექმნა მზარდ ინდუსტრიებში, მათ შორის ტექნოლოგიებში, მონაცემთა ცენტრებსა და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციების განსახორციელებლად;
შეერთებული შტატები უკრაინასთან ითანამშრომლებს უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურის, მათ შორის მილსადენებისა და საცავების ერთობლივი აღდგენის, განვითარების, მოდერნიზაციისა და ექსპლუატაციის მიზნით;
ერთობლივი ძალისხმევა ომის შედეგად დანგრეული ტერიტორიების აღსადგენად, ქალაქებისა და საცხოვრებელი უბნების აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მიზნით;
ინფრასტრუქტურის განვითარება;
სამთომოპოვებითი და ბუნებრივი რესურსების მოპოვება;
მსოფლიო ბანკი შეიმუშავებს დაფინანსების სპეციალურ პაკეტს ამ ძალისხმევის დასაჩქარებლად;
13. რუსეთი ხელახლა ინტეგრირდება გლობალურ ეკონომიკაში:
სანქციების მოხსნა განიხილება და შეთანხმდება ეტაპობრივად და თითოეული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად. შეერთებული შტატები დადებს გრძელვადიანი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას, რათა ხელი შეუწყოს ურთიერთგანვითარებას ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ცენტრების, არქტიკული იშვიათი ლითონების მოპოვების პროექტებისა და სხვა ურთიერთსასარგებლო კორპორატიული შესაძლებლობების სფეროში;
რუსეთი მიწვეული იქნება G8-ში ხელახლა გაწევრიანების მიზნით;
14. გაყინული რუსული აქტივები გამოყენებული იქნება შემდეგნაირად:
აღნიშნულია, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან 100 მილიარდი დოლარი ჩაიდება უკრაინაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე რეკონსტრუქციისა და საინვესტიციო ძალისხმევაში. შეერთებული შტატები ამ წამოწყებიდან მიღებული მოგების 50%-ს მიიღებს. ევროპა 100 მილიარდ დოლარს დაამატებს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის ხელმისაწვდომი ინვესტიციების მოცულობის გასაზრდელად.
ამავდროულად, გაყინული ევროპული სახსრები გაყინული დარჩება. დარჩენილი გაყინული რუსული სახსრები ჩაიდება ცალკე აშშ-რუსეთის საინვესტიციო ინსტრუმენტში, რომელიც კონკრეტულ სფეროებში ერთობლივ პროექტებს განახორციელებს. ეს ფონდი მიმართული იქნება ურთიერთობების განმტკიცებისა და საერთო ინტერესების გაზრდისკენ, რათა შეიქმნას ძლიერი სტიმული კონფლიქტში დაბრუნების თავიდან ასაცილებლად;
15. შეიქმნება აშშ-რუსეთის ერთობლივი უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს ამ შეთანხმების ყველა დებულების განხორციელებას;
16. რუსეთი კანონმდებლობით დააფიქსირებს თავის არააგრესიულ პოლიტიკას ევროპისა და უკრაინის მიმართ;
17. აშშ და რუსეთი შეთანხმდებიან ბირთვული გაუვრცელებლობისა და კონტროლის ხელშეკრულებების, მათ შორის START I-ის გაგრძელებაზე;
18. უკრაინა თანახმაა, იყოს არაბირთვული სახელმწიფო ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების შესაბამისად;
19. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ამოქმედდება IAEA-ს ზედამხედველობის ქვეშ და გამომუშავებული ელექტროენერგია თანაბრად გაიყოფა რუსეთსა და უკრაინას შორის – 50/50-ზე;
20. ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამები სკოლებსა და საზოგადოებაში, რომლებიც მიზნად ისახავს სხვადასხვა კულტურის გაგებასა და ტოლერანტობას და რასიზმისა და სტერეოტიპების აღმოფხვრას;
უკრაინა მიიღებს ევროკავშირის წესებს რელიგიური ტოლერანტობისა და ენობრივი უმცირესობების დაცვის შესახებ;
ორივე ქვეყანა თანხმდება, გააუქმოს ყველა დისკრიმინაციული ზომა და უზრუნველყოს უკრაინული და რუსული მედიისა და განათლების უფლებები;
ყველა ნაცისტური იდეოლოგია და საქმიანობა უნდა იქნეს უარყოფილი და აკრძალული;
21. ტერიტორიული საკითხი:
ოკუპირებული ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები ქვეყნების, მათ შორის შეერთებული შტატების მიერ დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსულ რეგიონებად;
ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონები გაიყინება შეხების ხაზის გასწვრივ, რაც ნიშნავს შეხების ხაზის გასწვრივ დე ფაქტო აღიარებას. რუსეთი უარს იტყვის სხვა შეთანხმებულ ტერიტორიებზე, რომლებსაც ის ხუთი რეგიონის გარეთ აკონტროლებს;
უკრაინული ძალები გავლენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ და ეს გაყვანის ზონა ჩაითვლება ნეიტრალურ დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონად, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც რუსეთის ფედერაციის კუთვნილი ტერიტორია. რუსული ძალები არ შევლენ ამ დემილიტარიზებულ ზონაში;
22. სამომავლო ტერიტორიული მოწყობის შესახებ შეთანხმების შემდეგ, როგორც რუსეთის ფედერაცია, ასევე უკრაინა იღებენ ვალდებულებას, რომ არ შეცვალონ ეს მოწყობა ძალის გამოყენებით. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტიები არ გავრცელდება;
23. რუსეთი არ შეუშლის ხელს უკრაინის მიერ მდინარე დნეპრის კომერციული საქმიანობისთვის გამოყენებას და მიღწეული იქნება შეთანხმებები შავი ზღვის გავლით მარცვლეულის თავისუფალი ტრანსპორტირების შესახებ;
24. შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი გადაუჭრელი საკითხების გადასაჭრელად:
ყველა დარჩენილი პატიმარი და ცხედარი გაცვლილი იქნება „ყველა ყველას სანაცვლოდ“ პრინციპით;
ყველა დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქე და მძევალი დაბრუნდება, მათ შორის ბავშვები. განხორციელდება ოჯახების გაერთიანების პროგრამა;
მიღებული იქნება ზომები კონფლიქტის მსხვერპლთა ტანჯვის შესამსუბუქებლად;
25. უკრაინა იღებს ვალდებულებას, ჩაატაროს არჩევნები 100 დღის განმავლობაში;
26. კონფლიქტის ყველა მხარე მიიღებს სრულ ამნისტიას ომის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის და დათანხმდება, რომ არ შეიტანს პრეტენზიებს ან არ განიხილავს შემდგომ საჩივრებს;
27. ეს შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო იქნება. მის შესრულებას გააკონტროლებს და უზრუნველყოფს მშვიდობის საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს პრეზიდენტი ტრამპი. დარღვევებისთვის სანქციები იქნება გათვალისწინებული;
28. როგორც კი ყველა მხარე დათანხმდება ამ მემორანდუმს, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც ორივე მხარე დაუბრუნდება შეთანხმებულ პუნქტებს შეთანხმების განხორციელების დასაწყებად“, – ნათქვამია შეთანხმების ტექსტში, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.