საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. ამის შესახებ ვრცელს სტატიას BBC აქვეყნებს.
გამოცემის მიხედვით, წყლის ჭავლის მანქანებში ჩასხმული ნარევი არა ჩვეულებრივი CS გაზი, არამედ განსაკუთრებულად ძლიერი და მდგრადი ქიმიკატი „კამიტე“ იყო – ნივთიერება, რომელიც საფრანგეთმა ჯერ კიდევ I მსოფლიო ომში გამოიყენა და მოგვიანებით მისი ხანგრძლივი ზემოქმედების გამო ამოიღეს მოხმარებიდან.
სტატიაში მოყვანილია დემონსტრანტების მონაყოლიც, რომ წყლის ჭავლი „კანს წვავდა“, სიმპტომები კი – ხველა, სუნთქვის გაძნელება, გულისრევა, კვირეობით არ გადიოდა. ექიმმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა 350 დაზარალებულის გამოკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ ნახევარზე მეტს 30 დღეზე მეტხანს გაგრძელდა ჯანმრთელობის პრობლემები, ზოგიერთ მათგანს კი გულის ელექტრულ სიგნალებში სერიოზული გადახრები დაუფიქსირდა.
BBC-ს მტკიცებით, რამდენიმე ყოფილი პოლიციელი და სპეციალური დანაყოფის ყოფილი თანამშრომელი ადასტურებს, რომ წყლის ჭავლის მანქანებში მართლაც გამოიყენებოდა უკიდურესად ძლიერი ქიმიური ნაერთი, რომელიც „ჩვეულ ცრემლსადენ გაზზე 10-ჯერ ძლიერი“ იყო და დაბანის შემდეგაც არ ქრებოდა.
გამოცემა წერს, რომ გაეროს წამების საკითხებში სპეციალურმა მომხსენებელმა განაცხადა, რომ ასეთი ნივთიერების გამოყენება „სერიოზულ ეჭვს აჩენს ადამიანის უფლებების დარღვევაზე“ და შესაძლოა ქიმიურ იარაღად ჩაითვალოს.
საქართველოს ხელისუფლება BBC-ს გამოძიებას „აბსურდულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ პოლიციამ „კანონის ფარგლებში“ იმოქმედა.
იურისტებისა და ადამიანის უფლებათა ექსპერტების შეფასებით, BBC-ის გამოძიებაში მოყვანილი ფაქტები მიუთითებს შესაძლო მძიმე სამართლებრივ და საერთაშორისო შედეგებზე - დაწყებული ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის დარღვევით, დასრულებული წამების ნიშნებითა და დისპროპორციული ძალის გამოყენებით მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ.
გიორგი მშვენიერაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენების დადასტურება შესაძლოა გახდეს საფუძველი საერთაშორისო გამოძიებისა და პასუხისმგებელი პირების მიმართ ზომების მიღების. მისი თქმით, საკითხი შეიძლება დადგეს იმ ფორმატშიც, რომელსაც საქართველო ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციით უკავშირდება.
ფაქტობრივად, დადასტირებულია ამ ნივთიერების გამოყენება და ამ გამოძიებას მოჰყვება სხვა, დამატებითი შედეგები, რომელიც შესაძლებელია, იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება და ასევე, მას შეიძლება, მოჰყვეს სხვა პოლიტიკური შედეგებიც, მათ შორის დაფუძნებული გამოძიებაზე გარკვეული ზომების მიღება იმ პასუხისმგებელი პირების მიმართ, ვინც ასეთი რამ დაუშვა საქართველოში. შესაძლებელია, საქართველო არის რა ხელშემკვრელი ქვეყანა ქიმიური იარაღის გამოყენების საერთაშორისო ხელშკრულების, სწორედ ამ ფორმატშიც იყოს ეს საკითხი დაყენებული, - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.
ალექსანდრე ბარამიძის შეფასებით, ხელისუფლებამ უპრეცედენტო დისპროპორციული ძალა გამოიყენა მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. ბარამიძის აზრით, ეს შეიძლება არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, არამედ სხვა საერთაშორისო ნორმების დარღვევად ჩაითვალოს.
"ქართულმა ოცნებამ" მოხსნა, ფაქტობრივად, რეკორდი მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ დისპროპორციული ზომების გამოყენების კუთხით. ეს ჯერჯერობით გააურკვეველია, არღევს თუ არა ქიმიური იარაღის კონვენციას, მაგრამ ცალსახად არღვევს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ საერთაშორისო კონვენციებს, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რაც დადგენილია სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკით. აქედან გამომდინარე, "ქართულ ოცნებას" მოუწევს ღიად გასცეს პასუხი, მართლა ჰქონდა თუ არა ამას ადგილი და როგორც ჩანს, ჰქონდა, - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის თავმჯდომარე ლელა ცისკარიშვილი საკითხს წამების და არაჰუმანური მოპყრობის კვალიფიკაციით განიხილავს. მისი თქმით, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რასაც დემონსტრანტები აღწერენ, პროცესმა შესაძლოა წამების ნიშნების კრიტერიუმიც დააკმაყოფილოს, რასაც დამატებით ამყარებს გაეროს სპეციალური მომხსენებლის შეფასებაც.
გაეროს სპეცმომხსენებელი წამების საკითხებში, ქლაბატონი ედვარცი ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ ადამიანებზე ქსპერიმენტების ჩატარება, რაც გააკეთა "ოცნებამ" ჩვენზე ამ ნივთიერების გამოყენებით, არაფრით არ შეიძლება და ეს უტოლდება წამებას და არასატანადო მოპყრობას, იმიტომ, რომ საშნელი ტანჯვა გამოაირეს ადამიანებმა, როდესაც დაექვემდებარნენ ამის ზეგავლენას. შესაბამისად, უნდა მოხდეს ამის კვალიფიცირება და ამის გამოძიება წამების და არაჰუმანური მოპყრობის ფარგლებში, - ამბობს ლელა ცისკარიშვილი.
ევროპულ სასამართლოში მოუწევს თავის მართლება ქართულ ოცნებას - ასეთ შეფასებას კი ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში აკეთებს.
მედიკოსები იმ ნივთიერების საფრთხეებზე და რისკებზე საუბრობენ, რომელზეც BBC-მ სკანდალური გამოძიება აწარმოა. ქართველი ექიმები ამბობენ, რომ აღნიშნული ქიმიური ნივთიერება ძირითად ადამიანის ლორწოვანს და ასევე ფილტვებს აზიანებს, რამაც შესაძლოა, ფატალური შედეგიც კი გამოიწვიოს.
ჩვენ არაერთმა ადამიანმა მოგვმართა ისეთი სიმპტომებით, რომლებიც გრძელდებოდა გაცილებით უფრო დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე ეს უნდა ყოფილიყო ჩეულებრივი ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისად, მაშინვე იყო ეჭვი. ორგანოები, რომლებიც ძირითადად ზიანდება, ეს არის სასუნთქი გზების, ლორწოვანის დაზიანება, თვითონ ფილტვის ქსოვილის დაზიანება და არის დამოკიდებული დოზაზე, რა დოზა იქნა გამოყენებული, ასევე თვალის დაზიანება შეიძლება მუდმივად დარჩეს, შესაბამისად, ეს ადამიანები, რომლებმაც მიიღეს საკმაოდ მაღალი დოზა ამ ნივთიერებების, მუდმივად დაკვირვების ქვეშ უნდა იყვნენ, რომ ჩვენ უფო ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს თუ რა დაზიანებებთან გვაქვს საქმე. როდესაც ძალიან მაღალი დოზაა და იწვევს ფილტვის შეშუპებას, დაზიანებას, შეიძლება, სიკვდილიც დადგეს, - ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე.
ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული, რა შედეგები შეიძლება დადგეს აღნიშნული ნივთიერების ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ. მედიკოსი საკუთარ მაგალითზე იხსენებს, რა სიმპტომები აღენიშნებოდა და რამდენად საფრთხის შემცველი იყო ისინი.
ყველა შემთხვევაში, მონაცემი, რაც იყო შეგროვებული მიუთითებს იმაზე, რომ ბრონბენზილციანიდი, ე.წ. კამეტი, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ ფრანგები გერმანელების წინააღმდეგ, და შესაბამისად, მისი უსაფრთხოება დღემდე არ არის შესწავლილი. მისი გამოყენება აკრძალული იქნა ძალიან ბევრი წლის წინ იქიდან გამომდინარე, რომ მისი უსაფრთხოება არ იყო დადგენილი. ის ცნობილია, რომ მკვეთრად აზიანებს ლორწოვანს, როგორც თვალის, ასევე ცხვირის. ასევე, ზედა სასუნთქი გზების სპაზმს იწვევს, რაც დიდი ხნის განმავლობაში შემდგომში ტოვებს ხველას. თუმცა, ხანგრძლივი გამოყენების შემდგომ რა დაზიანებები შეიძლება, გამოიწვიოს აღნიშნულმა, რა თქმა უნდა, ამის შესწავლა არც მომხდარა და ვერც მოხდებოდა, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხნის წინ აკრძალული. მე პირადად, მაშნდელი დაზიანების შემდგომ, მაგალითად, 6 თის განმავლობაში მხონდა ცხვირის ლორწოვანი დაზიანებული და ასე უეცრად მომდიოდა სისხლი ისე, რომ არანაირი წინაპირობა ამას არ ჰქონდა. ანუ დამაზიანებელი ეფექტი ნამდვილად აქვს, - ამბობს ლაშა უჩავა.
ექიმი დავით ნანობაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ნივთიერების განეიტრალება მხოლოდ მისი 120 გრადუსამდე გაცხელებს შედეგად არის შესაძლებელი, რაც ვერ მოხერხდება თუ ის ადამიანის ორგანიზმში უკვე მოხვდა.
როგორც პულმოლოგი და სპეციალისტი ფილტვების, გეტყვით, რომ ეს აირები უმეტეს შემთხვევაში ფილტვებში ხვდება და იწვევს არა მატო ფილტვების, ბრონქების, ლორწოვანის დაზიანებას, არამედ იწვევს ზემო სასუნთქიზებისაც. საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერბაა, მოკლედ. მის გასანეიტრალებლად საჭიროა ამ ნივთიერების 120 გრადუსამდე გაცხელება, რომ დაიშალოს, რასაც, რა თქმა უნდა, ორგანიზმში მოხვედრილ გზას ვერ დაშლით ამ მეთოდით, - ამბოსბ დავით ნანობაშვილი.
რეჟიმის ცვლილებამდე, ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას - ამის შესახებ განცხადებას პარტია „ფედერალისტები“ ავრცელებს, რითაც BBC-ის გამოძიებას ეხმაურება.
„ფედერალისტები“ საერთაშორისო გამოძიებისთვის მასალების შეგროვებას აანონსებენ.
პარტიაში აცხადებენ, რომ "სახელმწიფოში, სადაც ყველა ინსტიტუტი ერთ კაცს ემორჩილება, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის მიუკერძოებელ სამართლებრივ გამოძიებაზე, ცხადია, საუბარი ზედმეტია".
მათივე განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ მინიმალური ანგარიშვალდებულების გრძნობა რომ ჰქონდეს საზოგადოების წინაშე და უმძიმესი ბრალდების განეიტრალება უნდოდეს, თავად მოიწვევდა საერთაშორისო მისიას ამ ამბის გამოსაძიებლად.
„საერთაშორისო ჟურნალისტურმა გამოძიებამ ივანიშვილის რეჟიმს უმძიმესი ბრალდება წაუყენა - ამ გამოძიების მიხედვით რეჟიმი ძალაუფლების შესანარჩუნებლად არა მხოლოდ საქართველოს დემოუკიდებლობას თმობს, არამედ საქართველოს მოსახლეობას აკრძალული ქიმიური იარაღით უსწორდება და ქრონიკული დაავადებებისთვის წირავს.
სახელმწიფოში, სადაც ყველა ინსტიტუტი ერთ კაცს ემორჩილება, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის მიუკერძოებელ სამართლებრივ გამოძიებაზე, ცხადია, საუბარი ზედმეტია. ეს რეჟიმი რომ მინიმალურ ანგარიშვალდებულებას გრძნობდეს საზოგადოების წინაშე და რაც მთავარია, ამ უმძიმესი ბრალდების განეიტრალება უნდოდეს - თავად მოიწვევდა საერთაშორისო მისიას ამ ამბის გამოსაძიებლად.
ეს ფაქტი აუცილებლად იქნება გამოძიებული რეჟიმის ცვლილების შემდეგ საპარლამენტო კომისიის, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მეირ.
რეჟიმის ცვლილებამდე, ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას.
იმისთვის, რომ საერთაშორისო გამოძიებას დავეხმაროთ და მომავალში დაზარალებულების მიმართ შესაბამისი ზომები გავატაროთ, გვჭირდება ინფორმაცია.
განსაკუთრებით გვჭირდება: სამედიცინო ცნობები (დიაგნოზი, ტოქსიკოლოგიური ანალიზი), ფოტო/ვიდეო მასალა დაზიანებებზე, ინფორმაცია სიმპტომების შესახებ (სუნთქვის გართულება, დამწვრობა, ნევროლოგიური ნიშნები) და, თუ შესაძლებელია, გამოყენებული ჭურვების ფოტოები.
მივმართავთ სამედიცინო პერსონალსაც - ნუ გახდებით დანაშაულის თანამონაწილე დუმილით. ანონიმურად მოგვაწოდეთ ინფორმაცია იმ პაციენტების შესახებ, რომლებსაც აღენიშნებათ არადამახასიათებელი ქიმიური მოწამვლის ნიშნები.
ჩვენ ვიმუშავებთ უცხოელ ტოქსიკოლოგებთან და უფლებადამცველებთან. თუ ხართ ექიმი და გაქვთ წვდომა ლაბორატორიულ მონაცემებზე, რომელიც ადასტურებს უცნობი ქიმიური ნაერთების არსებობას პაციენტების სისხლში, მოგვაწოდეთ ეს ინფორმაცია. ჩვენ პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოფთ ნიმუშების გადაგზავნას ევროპის წამყვან ლაბორატორიებში.
ჩვენი მიზანია, ეს მტკიცებულებები მივაწოდოთ საერთაშორისო ინსტიტუტებს, იმისათვის რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და თუ ბრალდება დადასტურდა, ივანიშვილის რეჟიმს სანქციები დაუმძიმდეს.
ამიტომ, ყველას გთხოვთ, რომ მოგვმართოთ ფედერალისტების და თავისუფლების ინსტიტუტის ცხელ ხაზზე(032 2 420 737), იმისათვის, რომ დავიწყოთ მასალის მოგროვება საერთაშორისო გამოძიებისთვის. ვისაც ღია არხის გამოყენება არ გსურთ, უსაფრთხო არხით დაგვიკავშირდით, ჩვენი პოვნა იოლია.
კონსულტაციებს ვიწყებთ დემოკრატიული პარტიებთან და ექსპერტებთან ძალისხმევის გასაერთიანებლად
თუ დადასტურდა ქიმიური იარაღის გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს საერთაშორისო სანქციების საფუძველია და რეჟიმის ცვლილების შემდეგ ყველა დაზარალებული მიიღებს კომპენსაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ჩვენც ახლახან ვნახეთ მედიაცნობები დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. თუ ეს დადასტურდა, მიუღებელი იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა BBC-ის საგამოძიებო სტატიასთან დაკავშირებით, „ევროსკოპის“ მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა საჭიროა სწრაფი, გამჭვირვალე და სანდო გამოძიება.
„ასე რომ, ველით სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას ამ ბრალდებებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.
ტვ პირველი