საქართველო შეუერთდა პარლამენტის 22.12.1994 წლის N 1493 დადგენილებით
საქართველოს პარლამენტის 07.07.2002 წლის N 1493 დადგენილებით
კონვენციის 21-ე და 22-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად საქართველო
აღიარებს კონვენციით გათვალისწინებულ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის
კომპეტენციას.
კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ
ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც
ითვალისწინებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებული პრინციპების შესაბამისად, ადამიანის ოჯახის ყველა წევრის თანაბარი და განუყოფელი უფლებების აღიარება თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველია,
აღიარებენ, რომ ეს უფლებები გამომდინარეობს ადამიანის პიროვნებისათვის დამახასიათებელი ღირსებიდან,
ითვალისწინებენ სახელმწიფოთა ვალდებულებას წესდების, სახელდობრ, 55-ე მუხლის შესაბამისად ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების საყოველთაო პატივისცემას და დაცვას,
ითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-5 მუხლს და მოქალაქეობრივ პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო აქტის მე-7 მუხლს, რომლებიც ითვალისწინებენ, რომ არავინ არ უნდა განიცდიდეს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას და დასჯას,
ითვალისწინებენ აგრეთვე წამებისაგან და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან და დასჯისაგან ყველა პირის დაცვის დეკლარაციას, რომელიც მიიღო გენერალურმა ასამბლეამ 1975 წლის 9 დეკემბერს;
სურთ აამაღლონ მთელ მსოფლიოში წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობა,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
ნაწილი I
მუხლი 1
1. ამ კონვენციის მიზნებისათვის განსაზღვრება “წამება” ნიშნავს ნებიერ მოქმედებას, რომლითაც რომელიმე პირს განზრახ აყენებენ ძლიერ ტკივილს ან ტანჯვას, ფიზიკურს და ზნეობრივ, რათა მისგან ან მესამე პირისაგან მიიღონ ცნობები ან აღიარება, დასაჯონ ქმედებისათვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა ან რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია, აგრეთვე დააშინონ ან აიძულონ იგი ან მესამე პირი ან ნებისმიერი მიზეზით, რომელსაც საფუძვლად უდევს ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაცია, როცა ასეთ ტკივილსა და ტანჯვას აყენებს სახელმწიფოს თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი, ან მათი წაქეზებით, ნებართვით და მდუმარე თანხმობით. ამ განსაზღვრებაში არ იგულისხმება ტკივილი და ტანჯვა, რომლებიც წარმოიშვება მხოლოდ კანონიერ სანქციათა შედეგად, ამ სანქციათა განუყოფელი ნაწილია ან შემთხვევით არის მათგან გამოწვეული.
ეს მუხლი ზიანს აყენებს რომელიმე საერთაშორისო ხელშეკრულებას ან ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც შეიცავს ან შეიძლება შეიცავდეს უფრო ფართოდ გამოყენების დებულებებს.
მუხლი 2
1. ყოველი მონაწილე სახელმწიფო იღებს ეფექტიან საკანონმდებლო, ადმინიტრაციულ, სასამართლო და სხვა ღონისძიებებს მის იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ ტერიტორიაზე წამების აქტების თავიდან ასაცილებლად.
2. არავითარი განსაკუთრებული გარემოებებით, როგორიც უნდა იყოს იგი, იქნება ეს საომარი მდგომარეობა თუ ომის საფრთხე, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა ან ნებისმიერი სხვა საგანგებო მდგომარეობა, არ შეიძლება წამების გამართლება.
3. ზემდგომი უფროსის ან სახელმწიფო ხელისუფლების ბრძანება არ შეიძლება იყო წამების გამამართლებელი საბუთი.
მუხლი 3
1. არც ერთმა მონაწილე სახელმწიფომ არ უნდა გაასახლოს, დააბრუნოს (refouler) ან გადასცეს რომელიმე პირი სხვა სახელმწიფოს, თუ არის სერიოზული საფუძველი ეჭვისათვის, რომ მას იქ დაემუქრება წამების საფრთხე.
2. ასეთი საფუძვლის არსებობის დასადგენად კომპეტენტური ხელისუფალნი ითვალისწინებენ საქმესთან დაკავშირებულ ყველა გარემოებას, მათ შორის შესაბამის შემთხვევებში მოცემულ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა უხეში, აღმაშფოთებელი და მასობრივი დარღვევის მუდმივ პრაქტიკას.
მუხლი 4
1. ყოველი მონაწილე სახელმწიფო უზრნველყოს, რომ წამების ყველა აქტი, მისი სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად, განიხილებოდეს როგორც დანაშაული, იგივე ეხება წამების მცდელობის და ნებისმიერი პირის მოქმედებას, რომელიც თავისი არსით არის წამებაში თანამონაწილეობა ან მონაწილეობა.
2. ყოველი მონაწილე სახელმწიფო განსაზღვრავს შესაბამის სასჯელს ასეთი დანაშაულისათვის მათი მძიმე ხასიათის გათვალისწინებით.
მუხლი 5
1. ყოველი მონაწილე სახელმწიფო იღებს ისეთ ზომებს, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს მე-4 მუხლში აღნიშნულ დანაშაულებათა მიმართ მისი იურისდიქციის დასადგენად შემდეგ შემთხვევებში:
a) როცა დანაშაული ჩადენილია მის იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ ტერიტორიაზე, ან ქვეყანაში რეგისტრირებულ საზღვაო ან საჰაერო ხომალდში;
b) როცა სავარაუდო ბოროტმოქმედი მოცემული სახელმწიფოს მოქალაქეა;
c) როცა მსხვერპლი მოცემული სახელმწიფოს მოქალაქეა ან თუ მოცემულ სახელმწიფოს ეს მიზანშეწონილად მიაჩნია.
2. ყოველი მონაწილე სახელმწიფო ანალოგიურად იღებს ისეთ ზომებს, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს, რათა დაადგინოს თავისი იურისდიქცია ასეთ დანაშაულობათა მიმართ შემთხვევებში, როცა სავარაუდო ბოროტმოქმედი იმყოფება მის იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ ტერიტორიაზე, და იგი მე-8 მუხლის შესაბამისად არ გადასცემს მას ამ მუხლის I სტატიაში ნახსენებ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს.
3. ეს კონვენცია არ გამორიცხავს ნებისმიერ სისხლის სამართლის იურისდიქციის განხორციელებას შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6
1. ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება მე-4 მუხლში აღნიშნული ნებისმიერი დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი, როცა მის ხელთ არსებული ინფორმაციის განხილვის შემდეგ დარწმუნდება, რომ ამას გარემოება მოითხოვს, ზემოაღნიშნულ პირს აპატიმრებს ან იღებს ისეთ იურიდიულ ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფს მის დასწრებას, დაპატიმრება და სხვა ასეთი ზომების მიღება ხორციელდება მოცემული სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც საჭიროა სისხლის სამართლებრივი საპროცესო მოქმედებისათვის ან გადასაცემად მოქმედებისათვის.
2. ასეთი სახელმწიფო დაუყოვნებლივ ახდენს ფაქტების წინასწარ გამოძიებას.
3. ამ მუხლის I პუნქტის საფუძველზე დაპატიმრებულ ნებისმიერ პირს უნდა შეეწყოს ხელი, რათა დაუყოვნებლივ დაამყაროს კონტრაქტი იმ სახელმწიფოს უახლოეს შესაბამის წარმომადგენელთან, რომლის მოქალაქეც ის არის, ან, თუ ის მოქალაქეობის არმქონე პირია, იმ სახელმწიფოს წარმომადგენელთან, სადაც ის ცხოვრობს.
4. როცა სახელმწიფო ამ მუხლის შესაბამისად რომელიმე პირს აპატიმრებს, იგი დაუყოვნებლივ აცნობებს მე-5 მუხლის I პუნქტში აღნიშნულ სახელმწიფოებს ასეთი პირის დაპატიმრების ფაქტს და გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად დაედო მის დაკავებას. სახელმწიფო, რომელიც აწყობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ წინასწარ გამოძიებას, მიღებულ მონაცემებს დაუყონებლივ ატყობინებს ზემოაღნიშნულ სახელმწიფოებს და აღნიშნავს, აპირებს თუ არა იგი თავისი იურისდიქციის განხორციელებას.
მუხლი 7
1. თუ მონაწილე სახელმწიფო, რომლის იურისდიქციაში შემავალ ტერიტორიაზე აღმოჩენილია მე-4 მუხლში აღნიშნული ნებისმიერი დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი, მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამნაშავის გადაცემას არ აპირებს, მოცემულ საქმეს გადასცემს თავის კომპეტენტურ ხელისუფლებას სასამართლო დევნისათვის.
2. ეს ხელისუფლები იღებენ ისეთივე გადაწყვეტილებას, როგორც ნებისმიერი ჩვეულებრივი სერიოზული ხასიათის დანაშაულის შემთხვევაში ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ შემთხვევებში, სასამართლო დევნისათვის და მსჯავრდებისათვის საჭირო მტკიცებებისადმი წაყენებული მოთხოვნები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მათზე ნაკლებად მკაცრი, რომლებიც გამოიყენება მე-5 მუხლის I პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში.
3. ნებისმიერ პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება გარჩევა მე-4 მუხლში აღნიშნული ნებისმიერი დანაშაულის გამო, გარანტირებული უნდა ჰქონდეს სამართლიანი მოპყრობა გარჩევის ყველა სტადიაში.
მუხლი 8
1. მე-4 მუხლში აღნიშნული დანაშაულობანი მონაწილე სახელმწიფოთა შორის არსებულ ნებისმიერ ხელშეკრულებაში გადაცემის თაობაზე, უნდა შეტანილ იქნეს როგორც დანაშაულობანი, რომლებიც იწვევს დამნაშავის გადაცემას. მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას ასეთი დანაშაულობანი შეიტანონ გადაცემის თაობაზე ერთმანეთს შორის დადებულ ხელშეკრულებაში როგორც დანაშაულობანი, რომელიც იწვევს დამნაშავის გადაცემას.
2. თუ მონაწილე სახელმწიფო, რომელიც გადაცემას განაპირობებს ხელშეკრულების არსებობით, იღებს თხოვნას გადაცემის თაობაზე სხვა მონაწილე სახელმწიფოსაგან, რომელთანაც მას ასეთი ხელშეკრულება არ აქვს დადებული, მას შეუძლია ეს კონვენცია ასეთ დანაშაულებათა მიმართ განიხილოს როგორც სამართლებრივი საფუძველი დამნაშავის გადაცემისათვის. გადაცემა ხდება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირობების შესაბამისად, რომელსაც მიმართავს თხოვნით გადაცემის თაობაზე.
3. მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც გადაცემას არ განაპირობებენ ხელშეკრულების არსებობით, ერთმანეთს შორის ურთიერთობაში ასეთ დანაშაულობებს განიხილავენ როგორც დანაშაულობებს, რომლებიც იწვევს დამნაშავის გადაცემას იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რომელსაც მიმართეს თხოვნით გადაცემის თაობაზე.
4. ასეთი დანაშაულობანი გადაცემის მიზნებისათვის მონაწილე სახელმწიფოებს შორის განიხილება ისევე, როგორც ისინი ჩადენილი რომ ყოფილიყო არა მარტო მათი ჩადენის ადგილას, არამედ იმ სახელმწიფოთა ტერიტორიაზეც, რომლებიც ვალდებული არიან დააწესონ თავიანთი იურისდიქცია მე-5 მუხლის I პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 9
1. მონაწილე სახელმწიფოები, რაც შეიძლება ეფექტიან დახმარებას უწევენ ერთმანეთს მე-4 მუხლში ჩამოთვლილი ნებისმიერი დანაშაულის მიმართ გამოყენებული სისხლის სამართლებრივ საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით, მათ შორის გადასცემენ მათს ხელთ არსებულ ყველა მტკიცებას, რომლებიც საჭიროა სასამართლო გარჩევისათვის.
2. მონაწილე სახელმწიფოები თავიანთ ვალდებულებებს ასრულებენ ამ მუხლის I პუნქტის თანახმად და სამართლებრივი ურთიერთდახმარების ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც შეიძლება დაიდოს მათ შორის.
მუხლი 10
1. ყოველი მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ სასწავლო მასალები და ინფორმაცია, რომლებიც ეხება წამების აკრძალვას, სრულად იქნეს შეტანილი სამართალდამცავი ორგანოების პერსონალის, სამოქალაქო ან სამხედრო, სამედიცინო პერსონალის, სახელმწიფო თანამდებობის პირთა და სხვა პირთა მომზადების პროგრამებში, რომლებსაც შეიძლება საქმე ჰქონდეთ იმ პირთა პატიმრობასთან და დაკითხვებთან, რომლებიც ნებისმიერი ფორმით დააპატიმრეს, დააკავეს ან საპატიმროში მოათავსეს, ან მათდამი მოპყრობასთან.
2. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს ასეთი აკრძალვა შეაქვს წესებსა ან ინსტრუქციებში, რომლებიც ეხება ნებისმიერი ზემოაღნიშნული პირის მოვალეობებსა და ფუნქციებს.
მუხლი 11
ყოველი მონაწილე სახელმწიფო სისტემატურად განიხილავს წესებს, ინსტრუქციებს, მეთოდებსა და პრაქტიკას, რომლებიც ეხება იმ პირთა დაკითხვას, აგრეთვე პატიმრობაში ყოლის და მოპყრობის პირობებს, რომლებიც ნებისმიერი ფორმით დააპატიმრეს, დააკავეს ან საპატიმროში მოათავსეს მოცემული სახელმწიფოს იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ ტერიტორიაზე, რათა არ დაუშვან წამების რაიმე შემთხვევა.
მუხლი 12
ყოველი მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა სწრაფად და მიუკერძოებლად მოაწყონ გამოძიება, როცა საკმარისი საფუძველია ეჭვისათვის, რომ მის იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ ტერიტორიაზე გამოყენებული იყო წამება.
მუხლი 13
ყოველი მონაწილე სახელმწიფო ნებისმიერი პირისათვის, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი აწამეს ამ სახელმწიფოს იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ ტერიტორიაზე, უზრუნველყოფს ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ხელისუფლების წინააღმდეგ საჩივრის წარდგენის და მათ მიერ ასეთი საჩივრის სწრაფად და მიუკერძოებლად განხილვის უფლებას. მიიღება ზომები საჩივრის ან ნებისმიერი მოწმის ჩვენებების გამო მომჩივნის და მოწმეთა ნებისმიერი ფორმის უხეში მოპყრობისაგან ან დაშინებისაგან დასაცავად.
მუხლი 14
1. ყოველი მონაწილე სახლემწიფო თავის სამართლებრივ სისტემაში უზრუნველყოფს, რომ წამების მსხვერპლი იღებდეს ანაზღაურებას და მას ჰქონდეს სამართლებრივი სანქციით განმტკიცებული სამართლიანი და ადექვატური კომპენსაციის, მათ შორის რაც შეიძლება სრული რეაბილიტაციისათვის საჭირო სახსრების მიღების უფლება. წამების შედეგად მსხვერპლის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის უფლება ეძლევათ მის კმაყოფაზე მყოფთ.
2. ამ მუხლში არაფერი არ ეხება მსხვერპლის ან სხვა პირის კომპენსაციის ნებისმიერ უფლებას, რომელიც შეიძლება არსებობდეს ეროვნული კანონმდებლობით.
მუხლი 15
ყოველი მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც, როგორც დადგინდა, გაკეთებული იყო წამების შედეგად, არ იქნეს გამოყენებული მტკიცებად ნებისმიერი სასამართლო გარჩევის დროს. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი გამოიყენება იმ პირის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად ედება წამება, როგორც იმის მტკიცება, რომ ეს განცხადება გაკეთდა.
მუხლი 16
1. ყოველი მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას თავის იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ ტერიტორიაზე თავიდან აიცილოს სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის სხვა აქტები, რომლებსაც არ მოიცავს I მუხლში აღნიშნული წამების განსაზღვრება, როცა ასეთ აქტებს სჩადიან სახელმწიფო თანამდებობის პირი ან სხვავ ოფიციალური პირი, ან მათი წაქეზებით, ან მათი ნებართვით ან მდუმარე თანხმობით. სახელდობრ, ვალდებულებები, რომლებსაც შეიცავს მე-10, 11,12 და 13 მუხლები, გამოიყენება, ოღონდ მათში ნახსენები განსაზღვრება “წამება” უნდა შეიცვალოს განსაზღვრებით “სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის სხვა სახეობანი”.
2. ამ კონვენციის დებულებები ზიანს არ აყენებს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების ან ეროვნული კანონმდებლობის დებულებებს, რომლებიც კრძალავენ სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას და დასჯას ან ეხება დამნაშავის გადაცემას ან გასახებას.
ნაწილი II
მუხლი 17
1. იქმნება წამების საწინააღმდეგო კომიტეტი (შემდგომში იწოდება კომიტეტად), რომელიც ახორციელებს ქვემოთ გათვალისწინებულ ფუნქციებს. კომიტეტი შედგება ათი ექსპერტისაგან, რომლებსაც მაღალი მორალური თვისებები აქვთ და თავიანთი კომპეტენტურობით აღიარებული არიან ადამიანის უფლებათა სფეროში და მოქმედებენ დამოუკიდებლად. ექსპერტებს ირჩევენ მონაწილე სახელმწიფოები, ამასთან ყურადღება ექცევა სამართლის გეოგრაფიულ განაწილებას და იურიდიული გამოცდილების მქონე რამდენიმე პირის მონაწილეობის მიზანშეწონილობას.
2. კომიტეტის წევრებს ირჩევენ ფარული კენჭისყრით მონაწილე სახელმწიფოების მიერ დასახლებულ პირთაგან. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია დაასახელოს ერთი კანდიდატურა თავის მოქალაქეთაგან, მონაწილე სახელმწიფოები ითვალისწინებენ ისეთ პირთა დასახელების მიზანშეწონილობას, რომლებიც აგრეთვე მოქალაქეობრივ და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის შესაბამისად დაარსებული ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრები არიან და რომლებიც გამოთქვამენ წამების საწინააღმდეგო კომიტეტში მუშაობის სურვილს.
3. კომიტეტის წევრების არჩევა ხდება მონაწილე სახელმწიფოთა თათბირებზე, რომლებსაც ორ წელიწადში ერთხელ იწვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ამ თათბირებზე, რომელთა ქვორუმი შეადგენს მონაწილე სახელმწიფოთა ორ მესამედს, კომიტეტის წევრებად არჩეულებად ითვლებიან კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ ხმათა უმრავლესობას და თათბირზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლების ხმათა აბსოლუტურ რიცხვს.
4. თავდაპირველი არჩევნები ეწყობა არა უგვიანეს ექვსი თვის შემდეგ ამ კონვენციის ამოქმედების დღიდან. მორიგი არჩევნების თარიღამდე სულ ცოტა ოთხი თვით ადრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მონაწილე სახელმწიფოებს უგზავნის წერილს, რომელიც შეიცავს წინადადებას, რომ სამი თვის ვადაში წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატურები. გენერალური მდივანი ამზადებს სიას, რომელშიც ანბანური წესით შეაქვს დასახელებული პირები იმ მონაწილე სახელმწიფოთა აღნიშვნით, რომლებმაც ისინი დაასახელეს და სიას წარუდგენს მონაწილე სახელმწიფოებს.
5. კომიტეტის წევრებს ირჩევენ ოთხი წლის ვადით. მათ აქვთ განმეორებით არჩევის უფლება, თუ განმეორებით იქნებიან დასახელებული. ოღრნდ პირველ არჩევნებში არჩეული ხუთი წევრის უფლებამოსილების ვადა იწურება ორი წლის პერიოდის დასასრულს, პირველი არჩევნებისთანავე წილისყრით განისაზღვრება ამ ხუთი წევრის ვინაობა, რომელსაც აწყობს ამ მუხლის მე-3 პუნქტში ხსენებული თათბირის თავმჯდომარე.
6. კომიტეტის წევრის სიკვდილის ან გადადგომის ან მის მიერ რაიმე სხვა მიზეზით კომიტეტში ფუნქციების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი კანდიდატურის დამსახელებელი მონაწილე სახელმწიფო დარჩენილი ვადით ნიშნავს სხვა ექსპერტს თავის მოქალაქეთაგან, რომელსაც იწონებს მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობა. კანდიდატურა მოწონებულად ითვლება, თუ მონაწილე სახელმწიფოთა ნახევარმა ან უფრო მეტმა უარყოფითად არ უპასუხა შემთავაზებული დანიშვნის თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისაგან ინფორმაციის მიღების შემდეგ ექვსი კვირის განმავლობაში.
7. მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ კომიტეტის წევრთა ხარჯების დაფარვას მათ მიერ კომიტეტში მოვალეობათა შესრულების პერიოდში.
მუხლი 18
1. კომიტეტი ირჩევს თავის თანამდებობის პირთ ორი წლის ვადით. დაიშვება მათი განმეორებითი არჩევა.
2. კომიტეტი ადგენს პროცედურის საკუთარ წსებს, მაგრამ ამ წესებში, კერძოდ, გათვალისწინებული უნდა იყოს:
a) ექვსი წევრი ქმნის კვორუმს.
b) კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესრობით;
3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი უზრუნველყოფს საჭირო პერსონალს და პირობებს კომიტეტის ფუნქციების ეფექტიანი განხორციელებისათვის ამ კონვენციის შესაბამისად.
4. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იწვევს კომიტეტის პირველ თათბირს, კომიტეტი თავისი პირველი თათბირის შემდეგ იკრიბება მისი პროცედურის წესებით გათვალისწინებული პერიოდულობით.
5. მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ მონაწილე სახელმწიფოთა და კომიტეტის თათბირების მოწყობასთან დაკვშირებული ხარჯების დაფარვას, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისათვის ნებისმიერი ხარჯების ანაზღვაურებას, როგორიც არის პერსონალის გასამრჯელო და პირობების ხარჯები, რომლებსაც უზრუნველყოფს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამ მუხლის მე –3 პუნქტის შესაბამიად.
მუხლი 19
1. მონაწილე სახელმწიფოები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მეშვეობით კომიტეტს წარუდგენენ მოხსენებებს მოცემული სახელმწიფოებისათვის ამ კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში თავიანთ ვალდებულებათა განსახორციელებლად მიღებული ზომების თაობაზე. შემდგომში მონაწილე სახელმწიფოები ოთხ წელიწადში ერთხელ წარუდგენენ დამატებით მოხსენებებს ნებისმიერ ახალ ღონისძიებათა თაობაზე, აგრეთვე სხვა მოხსენებებს, რომლებიც შეიძლება მოითხოვოს კომიტეტმა.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ამ მოხსენებებს უგზავნის ყველა მონაწილე სახელმწიფოს.
3. თითოეულ მოხსენებას განიხილავს კომიტეი, რომელსაც შეუძლია გააკეთოს ისეთი ზოგადი ხასიათის შენიშვნები, რომლებსაც მიზანშეწონილად მიჩნევს, და უგზავნის მათ შესაბამის მონაწილე სახელმწიფოს. ამ სახელმწიფოს შეუძლია პასუხად კომიტეტს წარუდგინოს ნებისიერი შენიშვნა, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის.
4. კომიტეტს თავის შეხედულებისამებრ შეუძლია მის მიერ ამ მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი შენიშვნები, შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოსაგან მიღებულ შენიშვნებთვნ ერთად შეიტანოს თავის ყოველწდიურ მოხსნებაში, რომელსაც ამზადებს 24-ე მუხლის თანახმად. შესაბამისი მონაწილე სახელმწიოს თხოვნით კომიტეტს შეუძლია აგრეთვე თავის მოხსენებაში შეიტანოს ამ მუხლმს 1 პუნქტის შესაბამისად ზემოაღნიშნული მონაწილე სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი მოხსნების ეგზემპლარი.
მუხლი 20
1. თუ კომიტეტი სარწმუნო ინფორმაციას იღებს, რომელიც, მისი აზრით, შეიცავს სრულიად დასაბუთებულ მონაცემებს რომელიმე მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე წამების სისტემატიური გამოყენების თაობაზე, იგი ამ მონაწილე სახემწიფოს სთავაზობს თანამშრომლობას ასეთი ინფორმაციის განხილვაში და ამ მიზნით თავისი შენიშვნების წარდგენას.
2. შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი შენიშვნის, აგრეთვე საქმესთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ნებისმიერი სხვა ინფორმაციის გათვალისწინებით, კომიტეტს შეუძლია, თუ იგი ამას მიზანშეწონილად ჩათვლის. თავისი ერთ ან რამდენიმე წევრს დაავალოს კონფიდენციალური გამოძიება და კომიტეტისათვის შესაბამისი მოხსენების სასწრაფოდ წარმოდგენა.
3. თუ ამ მუხლის მე –2 პუნქტის თანახმად ტარდება გამოძიება, კომიტეტი ესწრაფვის თანამშრომლობის დამყარებას შესაბამის მონაწილე სახელმწიფოსთან. ამ მონაწილე სახელმწიფოს თანხმობით ასეთი გამოძიება შეიძლება ითვალისწინებდეს მის ტერიტორიაზე ჩასვლას.
4. ამ წევრის ან წევრთა მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგების განხილვის შემდეგ, რომლებიც წარედგინება ამ მუხლის მე –2 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტი ამ შედეგებს ნებისმიერ შენიშვნებთან და წინადადებებთან ერთად, რომლებიც მოცემულ სიტუაციაში მიზანშეწონილად მიაჩნია, უგზავნის შესაბამის მონაწილე სახელმწიფოს.
5. ამ მუხლის 1-4 პუნქტებში აღნიშნული კომიტეტის მთელი მუშაობა კონფიდენციალური ხასიათისაა, და ამ სამუშაოს ყველა ეტაპზე უნდა ესწრაფვოდნენ მონაწილე სახელმწიფოსთან თანამშრომლობას. ასეთი სამუშაოს დამთავრების შემდეგ მე –2 პუნქტის შესაბამისად ჩატარებული გამოძიების თაობაზე კომიტეტს, შესაბამის მონაწილე სახელმწიფოსთან კონსულტაციების შემდეგ, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ამ სამუშაოს შედეგების შესახებ მოკლე ანგარიში შეიტანოს თავის ყოველწლიურ მოხსენებაში, რომელსაც 24 – ე მუხლის შესაბამისად ამზადებს.
მუხლი 21
1. ამ მუხლის შესაბამისად ამ კონვენციის ყოველ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს განაცხადოს, რომ იგი ცნობს კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და განიხილოს ცნობები, რომლებიც ეხება ერთი მონაწილე სახელმწიფოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ მეორე მონაწილე სახელმწიფო არ ასრულებს ამ კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს. ასეთი ცნობები ამ მუხლში ჩამოყალიბებული პროცედურების შესაბამისად მიიღება და განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარადგინა მონაწილე სახელმწიფომ, რომელმაც გააკეთა განცხადება მის მიმართ კომიტეტის კომპეტენციის ცნობის თაობაზე. კომიტეტი ამ მუხლის თანახმად არ განიხილავს ცნობებს, თუ ისინი ეხება მონაწილე სახელმწიფოს, რომელსაც ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. ამ მუხლის თანახმად მიღებული ცნობები განიხილება შემდეგი პროცედურით:
a) თუ რომელიმე მონაწილე სახელმწიფოს მიაჩნია, რომ მეორე მონაწილე სახელმწიფო არ ასრულებს ამ კონვენციის დებულებებს, შეუძლია წერილობით აცნობოს ეს საკითხი აღნიშნულ მონაწილე სახელმწიფოს. ამ ცნობის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში მისი მიმღები სახელმწიფო ცნობის გამომგზავნ სახელმწიფოს ასევე წერილობით წარუდგენს ახსნა-განმარტებას ან ნებისმიერ სხვა განცხადებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უნდა შეიცავდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია და მიზანშეწონილია, შიდა პროცედურებს და ზომებს, რომლებიც მიიღეს ან და შეიძლება მიიღონ;
b) თუ საკითხის გადაწყვეტა ვერ აკმაყოფილებს ორივე მონაწილე სახელმწიფოს მიმღები სახელმწიფოს მიერ თავდაპირველი ცნობის მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში, ნებისმიერ მათგანს აქვს უფლება ეს საკითხი გადასცეს კომიტეტს და ამის თაობაზე აცნობოს კომიტეტს და მეორე სახელმწიფოს;
c) კომიტეტი ამ მუხლის თანახმად გადაცემულ საკითხს განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, როცა დარწმუნდება, რომ მიღებული იყო ყველა შიდა ხელმისაწვდომი ზომა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების შესაბამისად. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ასეთი ზომების მიღება გაუმართლებლად ჭიანურდება ან ვერავითარ ეფექტიან დახმარებას ვერ გაუწევს პირს, რომელიც ამ კონვენციის დარღვევის მსხვერპლია;
d) ამ მუხლის თანახმად ცნობების განხილვისას კომიტეტი აწყობს დახურულ სხდომებს;
c) კომიტეტი c) ქვეპუნქტის დებულებათა დაცვით კეთილ მომსახურებას უწევს შესაბამის მონაწილე სახელმწიფოს ამ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების პატივისცემის საფუძველზე საკითხის მეგობრულად გადაწყვეტის მიზნით. ამისათვის კომიტეტს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში შექმნას სპეციალური შეთანხმებული კომისია;
f) ამ მუხლის შესაბამისად მისთვის გადაცემული ნებისმიერი საკითხის გამო კომიტეტს შეუძლია მოუწოდოს b) ქვეპუნქტში აღნიშნულ მონაწილე სახელმწიფოებს წარმოადგინონ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია;
g) შესაბამის მონაწილე სახელმწიფოებს, რომლებიც აღნიშნულია b) ქვეპუნქტში, აქვთ კომიტეტში საკითხის განხილვისას წარმომადგენლობის და წერილობითი ან ზეპირი წარდგინების შეტანის უფლება;
h) კომიტეტი b) ქვეპუნქტის შესაბამისად შეტყობინების მიღების დღიდან თორმეტი თვის განმავლობაში წარადგენს ცნობებს:
i) თუ მიღწეულია გადაწყვეტილება e) ქვეპუნქტის დებულებათა ფარგლებში, და კომიტეტი თავის ცნობაში კმაყოფილდება ფაქტების და მიღწეული გადაწყვეტილების მოკლედ ჩამოყალიბებით;
ii) თუ გადაწყვეტილება e) ქვეპუნქტის დებულებათა ფარგლებში მიღწეული არ არის, და კომიტეტი თავის ცნობაში კმაყოფილდება ფაქტების მოკლე ჩამოყალიბებით, ცნობას თან ერთვის წერილობითი წარდგინებანი და შესაბამის მონაწილე სახელმწიფოთა ზეპირ განცხადებათა ჩანაწერი.
ყოველ საკითხზე ცნობა ეგზავნებათ შესაბამის მონაწილე სახელმწიფოებს.
2. ამ მუხლის დებულებანი ძალაში შედის, როცა ამ კონვენციის ხუთი მონაწილე სახელმწიფო გააკეთებს განცხადებას ამ მუხლის I პუნქტის შესაბამისად. ასეთი განცხადებანი შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც მათს ცალებს უგზავნის დანარჩენ მონაწილე სახელმწიფოებს. განცხადების უკან გატანა შეიძლება ნებისმიერ დროს გენერალური მდივნის სახელზე შეტყობინების გაგზავნით. განაცხადების უკან გატანამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ნებისმიერი საკითხის განხილვას, რომელსაც შეიცავს ამ მუხლის შესაბამისად უკვე გადაცემული ცნობა . ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფოს არავითარი შემდგომი ცნობა ამ მუხლის შესაბამისად არ მიიღება გენერალური მდივნის მიერ განცხადების უკან გატანის თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ, თუ შესაბამისმა მონაწილე სახელმწიფომ ახალი განცხადება არ გააკეთა.
მუხლი 22
1. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს ამ მუხლის შესაბამისად შეუძლია ნებისმიერ დროს განაცხადოს, რომ იგი ცნობს კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და განიხილოს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ იმ პირთა ცნობები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი მონაწილე სახელმწიფოს მიერ კონვენციის დებულებათა დარღვევის მსხვერპლი არიან, ან მათი სახელით შემოსული სხვა ამგვარი ცნობები. კომიტეტი არავითარ ცნობებს არ იღებს, თუ ისინი ეხება მონაწილე სახელმწიფოს, რომელსაც ასეთი განცხადება არ გაუკეთებია.
2. კომიტეტი ამ მუხლის თანახმად მიუღებლად თვლის ნებისმიერ ცნობას, რომელიც ანონიმურია, ან, მისი აზრით, არის ასეთი ცნობის წარდგენის უფლების ბოროტად გამოყენება ან შეუთავსებელია ამ კონვენციის დებულებებთან.
3. მე-2 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით კომიტეტი ამ მუხლის შესაბამისად მისთვის წარდგენილ ყველა ცნობას ატყობინებს ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა განცხადება I პუნქტის თანახმად და რომელიც თითქოს არღვევს კონვენციის ამა თუ იმ დებულებას. ექვსი თვის განმავლობაში ცნობის მიმღები სახელმწიფო კომიტეტს წარუდგენს წერილობით ახსნა-განმარტებას ან განცხადებას, რომელიც აზუსტებს საკითხს და ნებისმიერ ღონისძიებებს, რომლებიც შეეძლო მიეღო ამ სახელმწიფოს.
4. ამ მუხლის შესაბამისად მიღებულ ცნობებს კომიტეტი განიხილავს მთელ იმ ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც მას წარუდგენენ მოცემული პირი ან მისი სახელით და შესაბამისი მონაწილე სახელმწიფო.
5. კომიტეტი ამ მუხლის თანახმად არ განიხილავს არავითარ ცნობას რომელიმე პირისაგან, თუ იგი არ დარწმუნდება, რომ:
a) იგივე საკითხი არ განხილულა ან არ განიხილება საერთაშორისო გამოძიების ან რეგულირების რომელიმე სხვა პროცედურით;
b)მოცემულმა პირმა ამოწურა სამართლებრივი დაცვის ყველა შიდა არსებული ზომები; ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევებში, როცა ამ ზომების გამოყენება გაუმართლებლად ჭიანურდება ან ვერავითარ ეფექტიან დახმარებას ვერ გაუწევს პირს, რომელიც კონვენციის დარღვევის მსხვერპლია.
6. ამ მუხლის მიხედვით ცნობების განხილვისას კომიტეტი აწყობს დახურულ სხდომებს.
7. კომიტეტი თავის აზრს აცნობებს შესაბამის მონაწილე სახელმწიფოს და მოცემულ პირს.
8. ამ მუხლის დებულებები ძალაში შედის, როცა ამ კონვენციის ხუთი მონაწილე სახელმწიფო გააკეთებს განცხადებას ამ მუხლის I პუნქტის შესაბამისად. ასეთი განცხადებანი შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც მათს ვალებს უგზავნის დანარჩენ მონაწილე სახელმწიფოებს განცხადების უკან გატანა შეიძლება ნებისმიერ დროს გენერალური მდივნის სახელზე შეტყობინების გაგზავნით. განცხადების უკან გატანა ზიანს არ უნდა აყენებდეს ნებისმიერი საკითხის განხილვას, რომელსაც შეიცავს ამ მუხლის შესაბამისად უკვე გადაცემული ცნობა, ნებისმიერი პირის მიერ ან მისი სახელით გაგზავნილი არავითარი შემდგომი ცნობა არ მიიღება ამ მუხლის შესაბამისად გენერალური მდივნის მიერ განცხადების უკან გატანის თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ, თუ შესაბამის მონაწილე სახელმწიფოს ახალი განცხადება არ გაუკეთებია.
მუხლი 23
კომიტეტის და სპეციალური შემთანხმებელი კომისიის წევრებს, რომლებიც შეიძლება დაინიშნონ 21-ე მუხლის I პუნქტის e) ქვეპუნქტის თანახმად, აქვთ იმ ექსპერტთა შეღავათების, პრივილეგიებისა და იმუნიტეტის უფლება, რომლებიც მოქმედებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დავალებით, როგორც ეს გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენციის შესაბამის კარებით.
მუხლი 24
კომიტეტი მონაწილე სახელმწიფოებს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას წარუდგენს ამ კონვენციის შესაბამისად თავისი მუშაობის თაობაზე ყოველწლიურ მოხსენებას.
ნაწილი III
მუხლი 25
1. ეს კონვენცია ღიაა ყველა სახელმწიფოსათვის ხელმოსაწერად.
2. ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, სარატიფიკაციო სიგელები შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
მუხლი 26
ეს კონვენცია ღიაა ყველა სახელმწიფოსათვის შესაერთებლად. შეერთება ხდება შეერთების თაობაზე საბუთის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შესანახად ჩაბარების გზით.
მუხლი 27
1. ეს კონვენცია ძალაში შედის მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების თაობაზე საბუთის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შესანახად ჩაბარების თარიღიდან ოცდამეათე დღეს.
2. თითოეული სახელმწიფოსათვის, რომელიც დაარატიფიცირებს ამ კონვენციას ან შეუერთდება მას მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების თაობაზე საბუთის შესანახად ჩაბარების შემდეგ, ეს კონვენცია ძალაში შედის მისი სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების თაობაზე საბუთის შესანახად ჩაბარების თარიღიდან ოცდამეათე დღეს.
მუხლი 28
1. ნებისმიერ სახელმწიფოს ამ კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიკაციის, ან მასთან შეერთების დროს შეუძლია განაცხადოს, რომ იგი არ ცნობს მე –20 მუხლით განსაზღვრული კომიტეტის კომპეტენციას.
2. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს, რომელიც გააკეთებს შენიშვნას ამ მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, შეუძლია ნებისმიერ დროს უკან წაიღოს იგი, რაც უნდა შეატყობინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
მუხლი 29
1. ამ კონვენციის ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია შესთავაზოს შესწორება და წარუდგინოს იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. გენერალური მდივანი შემოთავაზებულ შესწორებას უგზავნის მონაწილე სახელმწიფოებს თხოვნით, რომ აცნობონ, უჭერენ თუ არა მხარს მონაწილე სახელმწიფოთა კონვენციის მოწვევას ამ წინადადების განხილვისა და კენჭისყრის მოწყობის მიზნით. თუ ასეთი წერილის გაგზავნის დღიდან ოთხი თვის განმავლობაში მონაწილე სახელმწიფოთა სულ ცოტა ერთი მესამედი მხარს დაუჭერს ასეთ კონფერენციას, გენერალური მდივანი იწვევს მას გაერთიანებული ერების ორგანიზაცის ეგიდით. ნებისმიერ შესწორებას, რომელსაც მიიღებს კონფერენციაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობა, გენერალური მდივანი წარუდგენს ყველა მონაწილე სახელმწიფოს დასამტკიცებლად.
2. ამ მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად მიღებული შესწორება ძალაში შედის მას შემდეგ, რაც ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეატყობინებს, რომ მიიღეს ეს შესწორება თავისი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად.
3. როცა შესწორება ძალაში შედის, იგი სავალდებულოა ყველა მონაწილე სახელმწიფოსათვის, რომლებმაც იგი მიიღეს, ხოლო სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის სავალდებულოა ამ კონვენციის ის დებულებანი და ნებისმიერი წინა შენიშვნები, რომლებიც მათ მიიღეს.
მუხლი 30
1. ორ ან მეტ მონაწილე სახელმწიფოთა ნებისმიერი დავა ამ კონვენციის განმარტების ან ამოყენების გამო, რომელიც ვერ რეგულირდება მოლაპარაკების გზით, ერთ-ერთი მათგანის თხოვნით გადაეცემა არბიტრაჟს. თუ არბიტრაჟში თხოვნის შეტანის თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას არბიტრაჟის ორგანიზაციის თაობაზე, ერთ-ერთი ნებისმიერი მხარის თხოვნით დავა შეიძლება გადაეცეს საერთაშორისო სასამართლოს სასამართლოს სტატუსის შესაბამისად.
2. ყოველ სახელმწიფოს ამ კონვენციის ხელმოწერის ან რფტიფიკაციის, ან მასთან შეერთების დროს შეუძლია გააკეთრს განცხადება, რომ იგი სავალდებულოდ არ მიიჩნევს ამ მუხლის 1 პუნქტის დებულებებს. სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის ამ მუხლის 1 პუნქტის დებულებები სავალდებულო არ იქნება იმ ნებისმიერი სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც ასეთი განცხადება გააკეთა.
3. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს, რომელიც გამოთქვამს შენიშვნას ამ მუხლის მე –2 პუნქტის შესაბამისად, შეუძლია ნებისმიერ დროს უკან წაიღოს თავის შენიშვნა, რაც უნდა შეატყობინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
მუხლი 31
1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია ამ კონვენციის დენონსირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის წერილობითი შეტყობინების გზით.დენონსაცია ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.
2. ასეთი დენონსაცია მონაწილე სახელმწიფოს არ ათავისუფლებს ამ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისაგან ნებისმიერი მოქმედებისა და დაუდევრობისათვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა დენოსაციის ძალაში შესვლამდე, და დენონსაცია არანაირ ზიანს არ აყენებს ნებისმიერი საკითხის განხილვის განგრძობას, რომელსაც კომიტეტი განიხილავდა დენოსაციის ძალაში შესვლამდე.
3. რომელიმე მონაწილე სახელმწიფოსათვის დენოსაციის ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ კომიტეტი არ იწყებს ახალი საკითხების განხილვას, რომლებიც მოცემულ სახელმწიფოს ეხება.
მუხლი 32
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ამ ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოს და ყველა სახელმწიფოს, ვინც ხელი მოაწერა ამ კონვენციას ან შეუერთდა მას, აცნობებს:
a) ხელმოწერას, რატიფიკაციას და შეერთებას 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად;
b) ამ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს 27-ე მუხლის შესაბამისად და ნებისმიერი შესწორების ძალაში შესვლის თარიღს 29-ე მუხლის შესაბამისად;
c) დენონსაციებს 31-უ მუხლის შესაბამისად.
მუხლი 33
1. ეს კონვენცია, რომლის ინგლისური, არაბული, ესპანური, ჩინური, რუსული და ფრანგული ტექსტები თანაბრად ავთენტიკურია, შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ამ კონვენციის დამოწმებულ ეგზემპლარს უგზავნის ყველა სახელმწიფოს.