[pirveli.com.ge]
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ყოფილი დეპუტატი კობა ხაბაზი ძველი თბილისის რაიონის პოლიციაში დაკითხვაზე გამოცხადდა.
"არ ვიცი რა საკითხზე მოხდება ჩემი დაკითხვა. დღევანდელი ხელისუფლებისგან არაფერი გამიკვირდება, იმიტომ, რომ დღეს საქართველოშია ხელისუფლება, რომელიც გიგი უგულავას იბარებს ადამიანების დასაქმებაზე, მე მიბარებენ, სავარაუდოდ, ან რატომ მივდიოდი პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ან რატომ მივდიოდი ბიბლიოთეკაში. პარადოქსების ქვეყანაა. მე მგონი, მსოფლიოში, ბიბლიოთეკაში რატომ მიდოდიო, არავინ არ ჰყავთ დაკითხვაზე დაბარებული ჩემს გარდა", - განაცხადა ხაბაზმა.
მისი დაკითხვა პოლიციის სამმართველოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი გიგი უგულავა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები - გიორგი კანდელაკი, ლევან ბეჟაშვილი და კობა ხაბაზი 8 თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს დაკითხვაზე დაიბარეს.
გიგი უგულავა დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს და გამომძიებლებს 15:00 საათზე მერიაში ეპატიჟება. ასევე, დაკითხვაზე მისვლას არ გეგმავენ მოქმედი დეპუტატები – გიორგი კანდელაკი და ლევან ბეჟაშვილი. ისინი ერთიან პოზიციას "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დაგეგმილ პრეს-კონფერენციაზე დააფიქსირებენ.