[მედიანიუსი]
თბილისის მერია თბილისის მერის გიგი უგულავას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.
ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„მიუხედავად თბილისის მერის მხრიდან გამოცხადებული მზადყოფნისა, პასუხი გაეცა გამოძიებისათვის, ყველა მათთვის საინტერესო შეკითხვაზე, გამომძიებლებმა არ ისარგებლეს ამ საშუალებით და არ დაკითხეს თბილისის მერი. აქედან გამომდინარე ერთმნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერის დაბარება, არა საქმეზე სიმართლის დადგენის მიზნით, არამედ მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლისა და დაშინების მიზნით განხორციელდა“,–ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არანაირი აუცილებლობა თბილისის მერის დაკითხვისა არ არსებობს, ვინაიდან გამოძიებას გააჩნია უამრავი ვიდეო და ფოტო მასალა, სადაც ნათლად ჩანს საქართველოს პრეზიდენტის მოსასმენად მისული ადამიანების წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები და ამ ყველაფრის საპასუხოდ პოლიციელების დანაშაულებრივი უმოქმედობა.
თბილისის მერი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას გამოძიებისთვის საინტერესო ნებისმიერ შეკითხვას წინასწარ შეთანხმებულ დროს, თბილისის მერიაში უპასუხოს, თუ გამოძიება ამ და სხვა შემთხვევაშიც არ იქნება გამოყენებული როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი.