მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
უჩა ნანუაშვილი: "აუცილებელია ყველა საჭირო ღონისძიება გატარდეს, რომ არსებული მდგომარეობა ფართო მასშტაბის დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს" - 11 თებერვალი 2013

[pirveli.com.ge]

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, ყველა საჭირო ღონისძიება გაატარონ, რომ დღეს ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობა უფრო ფართო მასშტაბის დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.

ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო დროს სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. კერძოდ, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, მხარეთა შორის კოჰაბიტაციის მცდელობის მიუხედავად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში რამდენიმე სამწუხარო მომენტი გამოიკვეთა. აშკარაა, რომ სახელმწიფოში პოლიტიკური წრეების უკიდურესი პოლარიზაცია შეიმჩნევა, რასაც საზოგადოებაში გარკვეული არაპოზიტიური განწყობა შემოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისათვის, ბევრი დადებითი გადაწყვეტილება მისასალმებელია, მინდა, აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში ასევე თვალშისაცემად გახშირდა სხვადასხვა ნიადაგსა თუ საფუძველზე სიძულვილის ენის ტირაჟირება. ადგილი ჰქონდა როგორც რელიგიურ, ისე პოლიტიკურ ნიადაგზე პირთა შორის შეხლა-შემოხლას. ამას თან ერთვის საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესები. რიგ შემთხვევებში ისმის მოწოდებები ძალადობის შესახებ და შესაძლოა, იკვეთებოდეს ხელოვნური დაძაბულობის მაპროვოცირებელი ქმედებებიც. მიმაჩნია, რომ ზემოხსენებული სიტუაცია და ქვეყანაში ძირითად ორ პოლიტიკურ ძალას შორის არსებული საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა საფრთხის შემცველია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობისთვის. მე, როგორც საქართველოს სახალხო დამცველი, მოვუწოდებ ერთი მხრივ თითოეულ საჯარო მოხელესა თუ თანამდებობის პირს გააცნობიერონ მათზე დაკისრებული მოვალეობები და პასუხისმგებლობები, ხოლო მეორე მხრივ, მივმართავ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჯგუფებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ თავიანთი, თუნდაც რადიკალურად განსხვავებული პოზიციების გამოხატვის ფორმებს. აუცილებელია ყველა საჭირო ღონისძიება გატარდეს იმისთვის, რომ დღეს ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობა უფრო ფართო მასშტაბის დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს, ხოლო პოლიტიკური პროცესები დიალოგის რეჟიმს უნდა დაუბრუნდეს. ორივე პოლიტიკური ძალის, პირველ რიგში, ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა ქვეყნის უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნვა. ყველა პოლიტიკური ძალა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოს თითოეული მოქალაქე, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა მაქსიმალურად შევეცადოთ მიმდინარე პრობლემების ცივილიზებული გზებით გადაჭრას, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი შესაძლო კონფრონტაცია, ძალადობა და სიძულვილის ენის ტირაჟირება, რამაც შესაძლოა, რისკის ქვეშ დააყენოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და დემოკრატიული პროცესების განვითარება", - აღნიშნულია განცხადებაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია