მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარე პრესკონფერენცია პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დებატებში გადაიზარდა - 11 თებერვალი 2013

[pirveli.com.ge]

პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარე პრესკონფერენცია პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დებატებში გადაიზარდა.

მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე 8 თებერვალს განვითარებული მოვლენების შესახებ, ასევე საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებზე ზეწოლის თაობაზე ისაუბრა და მაგალითად ფოთის ყოფილი მერი გოჩა ლემონჯავა მოიყვანა.

"ამისთვის შევიკრიბეთ აქ? რისთვისაც შევიკრიბეთ იმაზე ვისაუბროთ", - მიმართა მას პარლამენტის თავმჯდომარემ, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ის თემებია, რაც საზოგადოებას აინტერესებს. დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტს ჰკითხა, "ტელედებატებში არიან თუ არა", რაზეც სააკაშვილმა უპასუხა: "თუ გნებავთ, ტელედებატებშიც ვართ".

საუბარი შეეხო პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტში მივა მხოლოდ ქუთაისში და თუ პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხი დადგება ეს იქნება კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობა.

"თქვენ რა თქმა უნდა, ქუთაისში გელოდებით იმიტომ, რომ იმ დროისთვის, როდესაც პარლამენტი შეიძლება, დედაქალაქში იყოს გადმოტანილი - ნოემბერში, დეკემბერში, თქვენ პრეზიდენტი აღარ იქნებით. გარდა ამისა, იმ პარლამენტის შენობის ჭკუაზე მოყვანას, რომელიც დაგვიტოვეთ, 6 თვე სჭირდება. პრეზიდენტთან დებატებში არ შევალ, თუმცა თუ საჭირო იქნება, რატომაც არა - შემიძლია, ვისაუბრო 8 თებერვალზეც, 26 მაისზეც, 7 ნოემბერზეც, მაგრამ მე აქ ვარ, არა ჩემი, მიხეილის, ბიძინას მომავალზე სასაუბროთ, არამედ ქვეყნის მომავალზე. მე აქ მოვედი საქმის ინტერესებიდან გამომდინარე და მივდივარ ასევე საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. მიხეილ სააკაშვილს, როგორც ოპოზიციის ლიდერს მეტი საუბარი შეუძლია, მათ შორის, დაუსაბუთებელი საუბარიც, ისევე როგორც მე შემეძლო, როდესაც ოპოზიციაში ვიყავი, მაგრამ ჩვენ ახლა ვართ ხელისუფლებაში და მეტად საპასუხისმგებლო თემების გადაწყვეტა გვიწევს. დღევანდელმა შეხვედრამ გამოაჩინა, რომ არის გარკვეული პერსპექტივა ამა თუ იმ საკითხზე შეთანხმებისა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ, აღნიშნა, რომ კარგი ამბავი გაიგო იმის თაობაზე, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მაინც არ იგეგმება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა.

"მიუხედავად ჩვენი შეხლა-შემოხლისა და ეს დემოკრატიის დამახასიათებელია, მე მზად ვარ, მივმართო პარლამენტს და ვფიქრობ, თავიდანვე უარი რომ არ გეთქვათ, გუნდისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ იმ თემებზე, რაც აქ დააყენეთ განხილვა პარლამენტში ყოფილიყო და მომხდარს თავიდან ავიცილებდით. მე არ ვარ მხოლოდ ოპოზიციის ლიდერი, პირველ რიგში, მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და რაზეც ვსაუბრობთ პარლამენტის ადგილსამყოფელი, საგარეო კურსის განსაზღვრა არის ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები და მზად ვარ, ამაზე დისკუსია გავაგრძელოთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ დახურულ კარს მიღმა ისინი უფრო ნაკლებს კამათობენ, თუმცა ჟურნალისტების დანახვისას ყველას თავისი პოზიციის გამყარების სურვილი უჩნდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ დასძინა, რომ რადგან დღეს მასპინძელი მიხეილ სააკაშვილია ბოლო სიტყვა მას ეკუთვნის, თუმცა როცა ის პარლამენტში მივა, პირიქით იქნება.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია