[მედიანიუსი]
მევახშეებს მკაცრი სამართლებრივი რეგულაცია დაუწესდებათ.
ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისში, სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”-ში დიპლომატიურ კორპუსთან და მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. მინისტრმა მათ უწყების სამთვიანი საქმიანობის შედეგები გააცნო.
წულუკიანის თქმით, დღეს ეროვნულ ტრაგედიად არის ქცეული იმ ოჯახების საკუთარი საცხოვრებლებიდან გასახლება, რომელთაც საცხოვრებელი სახლები იპოთეკით ჰქონდათ დატვირთული, მაგრამ ვალი ვერ გადაიხადეს.
მისი განმარტებით, აღსრულების ეროვნული სააგენტო მოვალეა აღასრულოს შესაბამისი გადაწყვეტილება, თუკი იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი კრედიტორის საკუთრება გახდა, თუმცა ეს იუსტიციის სამინისტროს ყველაზე მტკივნეული თემაა.
“ამგვარი შემთხვევების შესამცირებლად მუშაობა ორი მიმართულებით დავიწყეთ. უპირველესად, იპოთეკის არსზე მოსახლეთა ცნობიერება უნდა ამაღლდეს. რამდენიმე დღეში ტელეარხებზე გავრცელდება სარეკლამო რგოლი, რომელიც იმ უბედურებას წარმოაჩენს, რასაც ოჯახის ბინიდან გასახლება ჰქვია. სარეკლამო რგოლი მოუწოდებს მოქალაქეებს, ათასჯერ დაფიქრდნენ, ვიდრე ბინის იპოთეკით დატვირთვით ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. მეორე მხრივ, მევახშეებს დაუწესდებათ მკაცრი რეგულაცია, რათა სხვადასხვა ხელშეკრულების გაფორმება არ იყოს ისეთი ადვილი, როგორიც დღეს არის”, _ აღნიშნა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი მან მთავრობის სხდომაზე გაიტანა.
იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მისი უწყების ერთ-ერთი მტკივნეული რეფორმაა.