[pirveli.com.ge]
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ქვეყანაში სეზონური გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს".
ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ბრიფინგი თავიდანვე მინდა, მოსახლეობასადმი იმ მესიჯით დავიწყო, რომ გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს. სეზონური გრიპის ქვეყანაში გავრცელების წლევანდელი ფონი შარშანდელს არ სჭარბობს და მართალია, ბოლოს 3 კვირის განმავლობაში ზრდის დინამიკა აღინიშნება, მაგრამ ის ჯდება იმ ფარგლებში, რაც დაახლოებით, ბოლო 2 წლის განვალობაში ყოველწლიური დინამიკა გახლავთ. მოგეხსენებათ, რომ გრიპის გავრცელება ევროპის კონტინენტზე ყოველი წლის მე-40 კვირიდან იწყება და დაახლოებით, მომავალი წლის მე-20 კვირას მთავრდება. რა თქმა უნდა, ეს სხვადასხვა ქვეყნაში სხვადასხვანაირად ვითარდება. ჩვენთან ზრდის დინამიკა ბოლო 3 კვირის განმავლობაში დაფიქსირდა", - განაცხადა გამყრელიძემ.