[მედიანიუსი]
საზოგადოებრივი მოძრაობა `გადაარჩინე სიცოცხლეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი იური ვაზაგაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმის გამოძიება ნელი ტემპით მიმდინარეობს.
როგორც ვაზაგაშვილმა დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი პროკურატურის მუშაობით მაინც კმაყოფილია, რადგან ეს უწყება დემოკრატიულად მუშაობს და ცდილობს სასამართლოზე მყარი არგუმენტებით წარსდგეს.
ვაზაგაშვილი მისი 22 წლის შვილის მკვლელობაში პოლიციის რამდენიმე ექს-მაღალჩინოსანს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თავისი სიმართლის დამტკიცება თვითმხილველების ჩვენებებითა და სხვადასხვა სამხილით შეუძლია.
ვაზაგაშვილის თქმით, ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ სადაც დღეს იუსტიციის სახლი მდებარეობს, მისი შვილის და ხუბულოვის ლიკვიდაციის ბრძანება კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ გასცა. ოფიციალური ვერსიით, ხუბულოვი და ზურაბ ვაზაგაშვილი ავტომანქანით ერთ-ერთი სახლის დასაყაჩაღებლად მიდიოდნენ, გზაში მათ პოლიცია აედევნათ და ორმხრივი სროლის დროს ორივე დაიღუპა. საქმის ოფიციალური მასალების მიხედვით, ვაზაგაშვილი და ხუბულოვი სამართალდამცველებს მანქანის უკანა საქარე მინიდან ესროდნენ.
"მე ხელთ მაქვს ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მანქანის უკანა საქარე მინა დაზიანებული არ არის. რანაირად შეიძლება 14 ტყვია ისროლო ისე, რომ საქარე მინა არ დააზიანო? ასევე არსებობს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ამბობენ, რომ ბიჭებს იარაღი არ ჰქონიათ და ის მას შემდეგ ჩაუდეს, რაც ჩაცხრილეს", - განაცხადა იური ვაზაგაშვილმა და ჟურნალისტებს ზემოხსენებული ფოტო უჩვენა.
მისივე თქმით, 2006 წელს, როდესაც აღნიშნული მკვლელობა მოხდა, შსს-ს წარმომადგენელმა შოთა ხიზანიშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ პოლიციელებმა წინასწარ იცოდნენ, თუ რომელი სახლის დასაყაჩაღებლად მიდიოდნენ ხუბულოვი და ვაზაგაშვილი.
"შემდეგ ინგა გრიგოლიამ მას ჰკითხა, კი მაგრამ თუ ეს იცოდით, იმ სახლთან რატომ არ ჩაუსაფრდითო, რაზეც მან უპასუხა, რომ სახლთანაც იყვნენ ჩასაფრებულები. შემდგომში მე მოვიპოვე საქმის მასალები, სადაც გარკვევით წერია, რომ ხუბულოვი და ვაზაგაშვილი ერთ-ერთი დაუდგენელი სახლის გასაძარცვად მიდიოდნენ და პროკურორი გამომძიებელს ავალებს გაარკვიოს, რომელ სახლზეა ლაპარაკი. რანაირად შეიძლება ეს, ხალხო, ნუთუ ეს ტყუილი არ არის საკმარისი?!", - აღნიშნა ვაზაგაშვილმა.
მისივე თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2006 წელს პოლიციელების მიერ შეთითხნილი საქმე იუსტიციის იმდროინდელმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა დაიწუნა და თავიდან დააწერინა.
"გადაარჩინე სიცოცხლის" დამფუძნებლის განცხადებით, მისი შვილი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, რაც შეეხება ალექსანდრე ხუბულოვს, მას არასრულწლოვანობის პერიოდში ჰქონდა სასჯელი მოხდილი.
"საშკა ხუბულოვს ორი შვილი დარჩა, რომელთაგან დღეს ერთი 7 წლისაა, ხოლო მეორე 9 წლის. ნეტავ ზურასაც დარჩენოდა შვილი", - განაცხადა მან.
ვაზაგაშვილი ყველა იმ ჩინოსნის დასჯას მოითხოვს, ვინც, მისი თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანების მკვლელობაში რაიმე სახის მონაწილეობა მიიღო.