მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დავასრულოთ ლაპარაკი, რომ ვიღაც, სადღაც და ოდესღაც ცუდად მოიქცა – ანდრო ბარნოვი - 15 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი თავდაცვის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე ზურაბ აგლაძის კანდიდატურას შესაფერისად მიიჩნევს და მზადაა მას თავისი გამოცდილება გაუზიაროს.

როგორც დღეს პრესკონფერენციაზე ბარნოვმა აღნიშნა, ზურაბ აგლაძეს ის პირადად არ იცნობს, მაგრამ თავდაცვის სისტემაში მუშაობისას ხშირად გაუგია მისი სახელი, როგორც ერთ–ერთი გამორჩეულად განათლებული და მოტივირებული ოფიცრის. „ვფიქრობ, ეს არის კარგი საკადრო გადაწყვეტილება. მოვისმინე ბატონი ზურაბის კომენტარი და მიხარია, რომ მისი ხედვა ემთხვევა იმ პრინციპებს, რაც თავიდანვე ჩაიდო ეროვნული თავდაცვის აკადემიის საფუძველში და რაც წარმოადგენდა პირადად ჩემს ხედვასა და რწმენას აკადემიაში მუშაობის პერიოდშიც და დღესაც. ამიტომ, მინდა აქვე გამოვხატო ჩემი სურვილი, რომ შევხვდე ბატონ ზურაბს და ვისაუბროთ საქმიანი, ადამიანური და პროფესიული ურთიერთობის შესაძლებლობის შესახებ. მე მზად ვარ, ჩემი ყველა საერთაშორისო კონტაქტი, საკადრო რესურსი, ცოდნა და გამოცდილება მთლიანად გავუზიარო აკადემიის ახალ ხელმძღვანელობას და მწამს, რომ ეს შეიძლება გამოდგეს საუკეთესო მაგალითად იმისათვის, თუ როგორ არის შესაძლებელი არა მარტო თანაარსებობა, არამედ – რეალური თანამშრომლობა მაშინ, როდესაც საქმე ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება.“ –აცხადებს ბარნოვი.

მისივე თქმით, პოლიტიკური დაძაბულობა, საზოგადოების პოლარიზაცია და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე ის გარემოებებია, რაც ყველაზე მეტად უშლის ხელს დიალოგს და არ ტოვებს სივრცეს განვითარებაზე მიმართული პროცესებისთვის.

„ჩვენ არ უნდა გამოვეკიდოთ შურისგებას და არ უნდა მივცეთ გასაქანი რევანშიზმს, უნდა დავასრულოთ ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაც, სადღაც და ოდესღაც ასევე ცუდად მოიქცა. მე ვსაუბრობ დიალოგის შესახებ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი თემების ირგვლივ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას – როგორც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, ასევე საზოგადოებას, რომ ვილაპარაკოთ აწმყოსა და მომავლის შესახებ, ვიმსჯელოთ განვითარების გეგმებზე, უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი კონსენსუსი და ვიმოქმედოთ მის შესაბამისად. ნაციონალური მოძრაობა სხვა არაფერია, თუ არა მოძრაობა ეროვნული მიზნების განსახორციელებლად და ეს მოძრაობა ეკუთვნის არა მხოლოდ ერთ პარტიას, არამედ – მთელს ერს. მივმართავ ოპონენტებს: დიახ, თქვენ ხართ ნაციონალური მოძრაობის ნაწილი, ისევე როგორც ჩვენ ვართ ქართული ოცნების ნაწილი. ჩვენ ვართ ერთი ხალხი და გვაქვს ერთი მიზანი, საერთო რესურსები და საერთო ამოცანები“ –განაცხადა პრესკონფერენციაზე შიდა ქართლის გუბერნატორმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია