მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თუ მრევლი გაიზარდა და მეჩეთის მშნებლობა სურს, ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს - მურმან დუმბაძე - 15 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ბათუმში, იუნკრების საფლავის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზიზიეს სახელობის მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, საქართველოს მთავრობის მიერ ოშკის და იშხანის რესტავრაციასთან დაკავშირებით თურქეთში მიღწეულ შეთანხმებას, დიპლომატიურ გამარჯვებად მიიჩნევს.

იგი ასევე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა იგეგმება. დუმბაძის თქმით, საკულტო ნაგებობის მშენებლობას არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ ექნება, სამლოცველო აშენდება ქართველი მუსლიმანების სურვილით საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და დახმარებით.

"დღევანდელმა მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირდაპირ დაადასტურა, რომ პოლიტიკური ხელშეკრულების შედეგად ბათუმში არავითარი მეჩეთის მშენებლობა არ იგეგმება. სიტყვა-სიტყვით წერია, რომ არავითარი ნაცვალგება არ იქნება. ნაცვალგება რას ნიშნავს?! როდესაც იქით რაღაც უნდა გაკეთდეს და სანაცვლოდ აქეთაც კეთდება რაღაც. ასეთი რამ ხელშეკრულებაში არ იდება. რაც ყველაზე მთავარია, საკულტო ნაგებობის აშენება პოლიტიკის შედეგი არ იქნება. ძალიან მისასალმებელია ის ფაქტი, რომ იშხანი და ოშკი გადარჩება, ანუ თურქეთის სახელმწიფომ აღიარა, რომ ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არამარტო ქართველთა ინტერესში შედის, არამედ ეს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიცაა და თურქეთსაც უნდა აწყობდეს, რომ ეს ძეგლები გადარჩეს. რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, მისი რესტავრაციის პროცესში ქართველი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან. საბოლოოდ დაისვა წერტილი იმ ყბადაღებული თეორიის შესახებ, რომ თურქეთის სახელმწიფო პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე ავალდებულებს საქართველოს ოშკისა და იშხანის გადარჩენის სანაცვლოდ, აქ აშენდეს აზიზიეს სახელობის მეჩეთი. პირდაპირ ჩაიწერა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის მიერ, რომ მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით არავითარი ნაცვალგება არ არის აღიარებული", - განაცხადა დუმბაძემ და უარყო გავრცელებული მოსაზრება, რომლის მიხედვითაც იგი ბათუმში მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი იყო.

"მეჩეთის მშენებლობის საკითხი ბათუმში საკმაოდ დიდი ხანია დგას. საქართველოს და აჭარის რეგიონულ მთავრობას მუსულმანთა გარკვეულმა ნაწილმა მიმართა წერილობით, ასეთი მიმართვა დაფიქსირებულია და აჭარის რეგიონული მთავრობა და მუნიციპალიტეტის საკრებულო მეჩეთის წინააღმდეგი არ არის. იმიტომ, რომ თუ მრევლი გაიზარდა და მეჩეთის მშნებლობა სურს, მეჩეთი უნდა აშენდეს. ამის წინააღმდეგი არავინ არის. ჟურნალისტები ხშირად მეკითხებიან, რომ თქვენ მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი ხართო? ვერ ვიქნები მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი… უფრო მეტიც, 90-იანი წლების დასაწყისში ფინანსურად პირადად მაქვს მონაწილეობა მიღებული იმ მეჩეთის რესტავრაციაში, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა ბათუმში და დღემდე ფუნქციონირებს. ეს ჩანაწერითაც არის დაფიქისრებული… ფინანსურად მე მივიღე ამ პროცესში მონაწილეობა, ამიტომ მე მეჩეთის აშენების წინააღმდეგი ვერ ვიქნები. მინდა გითხრათ, რომ ერთი მეჩეთის მშენებლობა ბათუმთან მდებარე ერთ-ერთ სოფელში ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. ბათუმში მეჩეთის აშენება არის შესაძლებელი, თუ ამას ქართველი მუსულმანი საზოგადოება მოისურვებს. თუ ბათუმში მეჩეთი აშენდება, ეს არ იქნება პოლიტიკის შედეგი, ეს არ იქნება ნაცვლაგების პრინციპის გამო აშენებული მეჩეთი. თუ ქართველ მუსულმანებს სურთ მეჩეთის მშენებლობა, მათ უნდა მიმართონ აჭარის რეგიონალურ მთავრობას და საქართველოს მთავრობა მათ წინააღმდეგობას არ გაუწევს. აშენდება თუ არ აშენდება მეჩეთი, ეს იქნება ქართველი მუსულმანების სურვილზე დმაოკიდებული, ჩვენ წინააღმდეგობას არ გავუწევთ", - განაცხადა დუმბაძემ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია