[მედიანიუსი]
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – თბილისის" თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილი თბილისის მერს გიგი უგულავას შპს "სინათლის ქალაქის" ლობირებასა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ადანაშაულებს.
მუსხელიშვილი თბილისის საკრებულოს წევრებს მოუწოდებს, თბილისის მერიის მიერ შპს ,,თბილქალაქგანათების“ ლიკვიდაციის სქემით და მისი შპს "სინათლის ქალაქის" ჩანაცველბის მაქინაციური სისტემით დაინტერესდნენ.
როგორც გიორგი მუსხელიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ყოფილი "თბილქალაქგანათების" ბაზაზე არსებული "სინათლის ქალაქის" სამსახური ის ერთ-ერთი სტრუქტურაა, რომელიც ქალაქის მერმა, გიგი უგულავამ "ნაციონალური მოძრაობის" თარგს მოარგო, მონოპოლისტ კომპანიად აქცია და პარტიული აქტივის დასაფინანსებლად გამოიყენა.
"სქემა, რომლითაც საქალაქო სტრუქტურა გიგი უგულავამ "ნაცმოძრაობის" ბიუჯეტად აქცია, შემდეგნაირად გამოიყურება: გიგი უგულავამ ,,თბილქალაქგანათების" მიმართ უკანონო საქმიანობა 2010 წლის შემოდგომიდან, მიზანმიმართულად გაააქტიურა, გაანადგურა რა შპს ,,თბილქალაქგანათება", როგორც იურიდიული პირი, წაართვა ქალაქგანათებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო მექანიზმები და სხვა ქონება, გამოაცხადა შპს–ს ლიკვიდაციის პროცესი, რომელიც დღემდე მიმდინარეობს, აკრძალა ტენდერებში ამ კომპანიის მონაწილეობა და მის საფუძველზე სახელდახელოდ დააფუძნა ახალი მუნიციპალური საწარმო – შპს ,,სინათლის ქალაქი", რომელიც მაღალანაზღაურებადი ზონდერებით და პარტიული აქტივისტებით, შემდგომში კი ყოფილი პარლამენტარებითა და მათი ოჯახის წევრებით დააკომპლექტა“, – აღნიშნულია მუსხელიშვილის განცხადებაში.
მისივე ცნობით, ,,თბილქალაქგანათებიდან" ფაქტობრივად, გამოძალვისა და უკანონოდ მიღებული მოძრავი ტექნიკისა და ქონების ხარჯზე წარმოქმნილი შპს ,,სინათლის ქალაქი" გიგი უგულავამ პირდაპირ მონოპოლისტად აქცია ამ სფეროში.
„დაარსების დღიდან პირადად მერმა და მის მიერ დანიშნულმა სატენდერო კომისიამ 2011–2013 წლებში ჩატარებულ ათეულობით მილიონიან ტენდერებში უპირატესობა 20–დან 19 შემთხვევაში მიაკუთვნა სწორედ შპს ,,სინათლის ქალაქს". ხოლო ყველა სხვა სამეწარმეო ერთეულს შეგნებულად აეკრძალა "თბილქალაქგანათების" ექსპლუატაციის მომსახურებისა და ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ტენდერებში მინაწილეობა, ვინაიდან შპს ,,სინათლის ქალაქისგან~ განსხვავებით ისინი მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, ჰქონოდათ დედაქალაქის მერისგან ნაბოძები ძვირადღირებული ამწე–კოშკურები, ყველგანმავალი და სხვა ძვირადღირებული ტექნიკა. აღნიშნული ქმედებები სამწუხაროდ ქალაქის მთავრობისა და უშუალოდ გიგი უგულავას მხრიდან დღემდე გრძელდება",-“,–აცხადებს საკრებულოს დეპუტატი.
გიორგი მუსხელიშვილი ამ ფაქტებთან დაკავშირებით, კანონდამცველ ორგანოებს სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს.