[მედიანიუსი]
თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა. ასოციაციის დამფუძნებელი მსხვილი ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა ასოციაციის მიზნებზე ისაუბრეს და დარგში არსებული პრობლემები წამოჭრეს.
როგორც შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილე ლევან ბაღდავაძემ განაცხადა, ასოციაციის პირველი მნიშვნელოვანი წამოწყება არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების რეგულაციის გაუქმების ან შეცვლისკენ არის მიმართული. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანებით მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები, მათ შორის მინერალური და მტკნარი წყლები. სავალდებულო მარკირება ხორციელდება ბოთლის, ქილის ან კასრის გვერდზე, თავსახურზე ან ტარის ძირზე. განსაზღვრულია მარკირების ნომინალური ღირებულებაც არაალკოჰოლური სასმელისა და მინერალური და მტკნარი წყლისათვის. ელექტრონულ მარკირებას შვეიცარიული კომპანია “SICPA”, რომელსაც მოქმედი რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი მომსახურების საფასურს გადაუხდის.
ლევან ბაღდავაძის თქმით, ეს მომხმარებელზე უარყოფითად აისახება, რადგან პროდუქცია გაძვირდება. ასევე გაძვირდება პროდუქციის საექსპორტო ფასი. მსგავსი ტიპის პროდუქციისათვის კი ფასების თუნდაც უმნიშვნელო ზრდა მაშინვე იწვევს რეალიზაციის შემცირებას.
როგორც სააქციო საზოგადოება „იბერია რეფრეშმენტსის“ (პეპსის) კომერციულმა დირექტორმა ლევან კასრაძემ აღნიშნა, კომპანიები ფინანსური აღრიცხვიანობის წინააღმდეგნი არ არიან, მაგრამ აღნიშნული რეგულაციის ამოქმედებით კომპანიებს ნაკლები შემოსავალი დარჩებათ და ბიუჯეტშიც გადასახადების სახით ნაკლებს შეიტანენ, ანუ ბიუჯეტს ფული მოაკლდება და თანხა მხოლოდ შვეიცარიულ ფირმაში წავა.
მისი მოსაზრებით, ეს თვით კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან ეს არის დამატებითი, მეექვსე გადასახადი. კონსტიტუციით კი 2013 წლის ოქტომბრისათვის საქართველოში უნდა არსებობდეს მხოლოდ ხუთი სახის გადასახადი. არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება მექვსე ტიპის გადასახადად გვევლინება.
არააქციზური საქონლის მარკირებას შპს „აქვა გეოს“ (სნოს) გენერალური დირექტორი დავით გიგაიაც ეწინააღმდეგება. მისი თქმით, მწარმოებელი ნაკლებ შემოსავალს მიიღებს, მისი საქმიანობა მომგებიანად ვეღარ მიიჩნევა და ეს დარგის განვითარებას შეაფერხებს.
როგორც შპს „კოკა-კოლა ბოთლერ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა მენეჯერმა ვახტანგ ლაღიძემ აღნიშნა, კომპანიებს ფინანსთა სამინისტრომ თავიდან განუმარტა, რომ ამ სიახლის დანერგვა ფალსიფიკაციასთან ბრძოლის წინაღმდეგ იყო მიმართული. თუმცა, ლაღიძის მოსაზრებით, ბოლო წლების ფალსიფიკაციის შემთხვევებმა იკლო და მასთან ბრძოლისათვის ეს მეთოდი გაუმართლებელია.
„პირიქით, ეს ფალსიფიკაციის ხელშემოწყობი აღმოჩნდება, რადგან შესაფუთი მასალა წინასწარ იქნება მარკირებული. ეს კი ბიუჯეტისათვის დარტყმა იქნება და ფალსიფიკაციასთან ბრძოლას გამორიცხავს“, _ აღნიშნა ვახტანგ ლაღიძემ.
სააქციო საზოგადოება „წყალი მარგებელი“ (ნაბეღლავის) გენერალურ დირექტორ ავთანდილ სვიმონიშვილის განმარტებით, კომპანიებმა ახალი რეგულაციის გადახედვის თხოვნით ფინანსთა მინისტრს ორი წერილით მიმართეს, რაც უპასუხოდ არის დარჩენილი.
„გვინდა საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში და ჩვენი არგუმენტები გავაცნოთ, თუ რატომ ექნება ამ რეგულაციას ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შედეგი“, _ აღნიშნა ავთანდილ სვიმონიშვილმა.
არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციაში შემავალი კომპანიები მზადყოფნას გამოთქვამენ შეხვდნენ ფინანსთა მინისტრს, სამინისტროს წარმომადგენლებს და საკუთარი პოზიცია და არგუმენტები დაწვრილებით გააცნონ. ისინი იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებების გზით როგორც სახელმწიფოს, ისე კომპანიებისა და მომხმარებლებისათვის მისაღებ შეთანხმებას მიაღწევენ.
ცნობისათვის: არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო მარკირებას მიმდინარე წლის მარტიდან უნდა დაექვემდებარონ. თუმცა როგორც კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, უალკოჰოლო სასმელებზე ელექტრონული მარკირება არც წამყვან განვითარებულ და არც განვითარებად ქვეყნებში არ ხდება.