[მედიანიუსი]
შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ირაკლი ფირცხალავას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის ზაფხულში ვახტანგ კომახიძის ჯგუფი თბილისში ბუტა რობაქიძის საქმეზე არსებული სკანდალური ვიდეოკადრების გაყიდვას ცდილობდა, ბოდვას უწოდებს.
როგორც კომახიძემ “მედიანიუსს” განუცხადა, იგი უკვე სამი წელია საქართველოში არ იმყოფება და ამ პერიოდში რაიმე კადრების მოძიება არ უცდია. ამასთან, კომახიძე ამბობს, რომ არავითარი მისი ჯგუფი თბილისში არ მოქმედებს.
შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თავის დროზე ჟურნალისტური გამოძიება აქვს ჩატარებული, აცხადებს, რომ ფირცხალავას განცხადება ისედაც არალოგიკურია. თუ შსს-ს იმ მაღალი თანამდებობებს პირებს ჰქონდათ ისეთი ვიდეო-მასალა, რომელიც მათ რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით თავის გამართლებაში დაეხმარებოდათ, რატომ უნდა გადაეცათ იგი მისთვის გასაყიდად და რატომ არ უნდა გამოექვეყნებინათ თვითონ, როდესაც ეს მათ ინტერესებში შედიოდა?!
ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ფირცხალავას მისი სახელის ნეგატიურ კონტექსტში ხსენება პირადი შურისძიების მიზნით დასჭირდა, რადგან მის მიერ მომზადებულ ორ ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელთაგან ერთი ბუტა რობაქიძის, ხოლო მეორე ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეს ეხება, შსს-ს იმდროინდელ მაღალჩინოსანს _ ირაკლი ფირცხალავას საკმაოდ მძიმე ბრალდებების ქვეშ აყენებს.