[მედიანიუსი]
2004 წლის 24 ნოემბერს მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის მეგობარი გიორგი მიქაბერიძე, რომელიც დიდუბის ეკლესიასთან სამართალდამცველებმა რობაქიძესთან ერთად დააკავეს, კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დაკავებულებს მანქანაში “კალაშნიკოვის’ სისტემის ავტომატი და “ნაგანის” ტიპის პისტოლეტი ჰქონდათ.
როგორც მიქაბერიძემ დღეს პრაიმტაიმის პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, იარაღი პოლიციელებმა მათ მას შემდეგ ჩაუდეს, რაც რობაქიძე მოკლეს. ამის შემდეგ კი წინასწარ დადგმული სცენა გადაიღეს.
“ამას ის ჟურნალისტიც ადასტურებს, რომელიც იქ იმყოფებოდა. ჩვენ ვიყავით უდანაშაულოები. ბუტა უმიზეზოდ მოკლეს", - აცხადებს მიქაბერიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს ეთერით გავრცელდა კრიმინალური პოლიციის ყოფილი შეფის, რობაქიძის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ირაკლი ფირცხალავას მიერ მიწოდებული ვიდეოკადრები, რომელშიც ამ უკანასკნელის მტკიცებით, დაუმონტაჟებლად უწყვეტ რეჟიმშია ასახული 2004 წლის 23 ნოემრბის ღამეს დიდუბის ეკლესიასთან მომხდარი ინციდენტი. კადრში ჩანს, რომ პოლიციელები დაკავებულების მანქანიდან ავტომატს იღებენ და აცხადებენ, რომ ისინი მათ წინააღმდეგობას უწევდნენ. რობაქიძის ოჯახი აცხადებს, რომ ეს ვიდეომასალა ფაბრიკაციაა და დაკავებულებს იარაღი არ ჰქონიათ.