[მედიანიუსი]
საქართველოს მთავარი პროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალის ავთენტურობას დაადგენს.
როგორც ტელეკომპანია ,,იმედთან” სატელეფონო საუბარში საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ვიდეომასალის შესახებ აქამდე მათთვის ცნობილი არ ყოფილა.
,,უპირველეს ყოვლისა, ვიდეომასალის ნამდვილობას დავადგენთ, ხოლო თუ ის ნამდვილი აღმოჩნდება, შემდგომ შევადარებთ ჩვენი გამოძიების შედეგად დადგენილ ფაქტებს. თუ აცდენაა გამოძიებაში, მოხდება ამ ვიდეომასალის გათვალისწინებით შესაბამისობაში მოყვანა და ზოგადად ეს ვიდეომასალა საშუალებას მოგვცემს, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს, რაც ჩვენი მიზანიცაა”, _ აცხადებს კბილაშვილი.
მისი თქმით, ისინი საგამოძიებო მოქმედებას დაუყოვნებლივ განახორციელებენ, თუმცა იმის პროგნოზირება ექსპერტიზა რამდენ ხანში დაადგენს ვიდეომასალის ავთენტურობას, ახლა გაუჭირდება.
,,ჩვენ ძალღონეს არ დავიშურებთ, რომ ეს გზა სწრაფად იყოს გავლილი. წინასწარ ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ მოხდება შედარება და ზუსტად ის ითქმება, რაც დადგინდება. თუ გამოირკვევა, რომ ცრუ ჩვენებაა მიცემული, ერთიდან ათის ჩათვლით ყველას, ვინც ეს გააკეთა, გამოვამჟღავნებთ. მთავარი აქ ის არის, რომ ამ პროცესმა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ამ თემის, კარგი გაგებით, გამწვავებამ, შედეგად მოიტანა ის, რომ სადღაც მიმალული ვიდეომასალები უკვე დღის სინათლეზე გამოჩნდა. ის არის აქ მნიშვნელოვანი, რომ ამ გამწვავებამ სიმართლისკენ უფრო დიდ ნაბიჯებით წაგვწია წინ. რა შედეგიც დადგება, ვისი პასუხისმგებლობაც მას მოჰყვება ზუსტად ის დაისჯება და ის იქნება პასუხისგებაში მიცემული”, _ აღნიშნავს კბილაშვილი.
დღეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა. კადრები ტელეკომპანია ტელეკომპანიებმაც გაავრცელეს.