[მედიანიუსი]
მთავარი პროკურატურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის მიმართვას განცხადებით გამოეხმაურა , სადაც ნათქვამია, რომ პროკურატურა თბილისის საკრებულოს თანამშრომლებს დაკითხვებზე თვის ბოლო პარასკევს – საკრებულოს სხდომის დღეებში აღარ დაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი ხვიჩა სანაია და გელა ომანიძე ფინანსურ პოლიციაში და პროკურატურაში დღეისთვის იყვნენ დაბარებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კი საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა მთავარ პროკურორს დღესვე მიმართა.
"უკანასკნელი თვეების განმავლობაში სისტემატური ხასიათი მიიღო თქვენი საგამოძიებო უწყების მხრიდან თბილისის საკრებულოს წევრების მოწმის სტატუსით დაბარებამ. საგულისხმოა, რომ დაბარება ხდება სწორედ საკრებულოს სხდომების დროს. გაცნობებთ, რომ თბილისის საკრებულოს სხდომები იმართება ყოველი თვის ბოლო პარასკევს და საკრებულოს წევრების უპირველესი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა მონაწილეობა მიიღონ სხდომაში, რათა ეფექტურად და პოზიტიურად გადაწყდეს თბილისის და თბილისელების წინაშე არსებული პრობლემური საკითხები", - აღნიშნულია ზაალ სამადაშვილის განცხადებაში.